Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისიდან ბათუმამდე

14 ნოემბერი 2016

ეს არის ამბავი იმაზე, თუ რა შეძლება მოხდეს თბილისიდან ბათუმამდე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას.

წესი #1 - არ ენდოთ მძღოლს, რომელიც გეუბნებათ, რომ მისი ტრანსპორტი გრაფიკით გადის და ერთი მგზავრიც რომ ჰყავდეს, 15 წუთში დაიძვრება.

მას შემდეგ, რაც გავიდა 3X15 წუთი, დიდუბიდან გავედით. ალილუია, ღამის 10 საათია, სადღაც 3-ისთვის ჩავალ, გამოვიძინებ, დილით ოჯახის წევრებსაც ვნახავ და კონფერენციასაც დროზე ჩავუსწრებ.

დიდუბეში ვჩერდებით, მძღოლი საწვავს ასხამს, შემდეგ წამიერად  კარს აღებს, შემოგვძახებს, რომ ცოტა ხნით მგზავრებს უნდა დაელოდოს და ისევ მიგვიჯახუნებს. ვერაფერს ვამბობთ. ზუსტად ნახევარ საათში მოდის ორი ქალი, კარგები და ლამაზები, მხიარულები და მთვრალები.  სხდებიან მძღოლის გვერდით. დავიძარით. თავს ვიმშვიდებ, ნახევარ საათს არაუშავს, იქნებ ძილიც მოვასწრო გზაში.

მუსიკას ხმას უწევენ. ჩემი ყურსასმენი ვეღარ უმკლავდება ხმაურს და ვიხსნი. ახლად ამოსული ქალები ხმამაღლა საუბრობენ და სვამენ, ვხედავ რომ სიგარეტს მოუკიდეს, მძღოლმაც მოუკიდა. მოწევა რომ დაასრულეს, ვთხოვე, რომ აღარ მოეწიათ, რადგან ასე მგზავრობა არ შემიძლია.

არგუმენტი #1.

„გოგონი, წინა ადგილი იმიტომ დავჯავშნე, რომ არ შემიძლია მოწევის გარეშე. მე ყველა 10 წუთში უნდა მოვწიო. აი ფანჯარაც ჩამოვწიე“.

არგუმენტი#2.

„აგნესას აგერ ჩიყვი აქვს და არ შეუძლია მასაც სიგარეტის გარეშე“.

არგუმენტი #3.

აგნესა:

„მძღოლს არ აქვს უფლება რომ მოწიოს? ყველა მძღოლი ეწევა. ეს ასეა“.

არგუმენტი #4.

მძღოლი:

„ხო, ხო მე უნდა მოვწიო, აბა რა. რომელი მძღოლი არ ეწევა, გეკითხა დიდუბეში ეგ, ახლა გვიანია“.

ჩემდა გასაკვირად, ვუხსნი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტია და აქ მოწევა არ შეიძლება და თუ გაგრძელდება, მაშინ სხვა ტრანსპორტში გადამსვან.

აგნესა და მეორე ქალი (შემდეგში სალომედ წოდებული) გაღიზიანდნენ. სალომე მთვრალი იყო მინის ლუდის ბოთლი პირდაპირ გზიდან ისროლა გაბრაზებულმა და მომიტრიალდა.

„იაღოველი ხარ გოგო შეენ? - როგორც ჩანს, მისი აზრით, ძალიან ცუდი რამ მითხრა.

ვიღაც ქალი მეშველება და ამბობს, რომ ბავშვი ჰყავს და მასაც აწუხებს. სალომე კვლავ იგინება (ჩემი მისამართით).

ხაშურამდე 2-ჯერ გააჩერებინა მოსაწევად.

ერთი ხანშიშესული ქალი მეუბნება, რომ:

„ამდენ გაჩერებას სჯობს ტრანსპორტში მოწიონ. მოწიეთ ერთი და ჩავალთ დროზე“.

როგორც ჩანს, სალომეს თანდათან სიბრაზე ემატება, მეც. ბოლო გაჩერების შემდეგ, ცოტა გამოფხიზლებული და ძალიან გაბრაზებული მომიტრიალდა (კვლავ მემუქრება და მლანძღავს). ვხვდები, რომ ასე ვერ გაგრძელდება მგზავრობა. მძღოლს მოვთხოვე გაეჩერებინა და სხვა ტრანსპორტი ეშოვა ჩემთვის.

მძღოლს არ უნდოდა ზედმეტი პრობლემა. მძღოლს 20 ლარის დაკარგვაც არ უნდოდა.

ვთქვი, პოლიციაში დავრეკავ-მეთქი. ამან სრულად დააკარგვინა სალომეს კონტროლი, სიტყვიერი შეურაცხყოფიდან ფიზიკურზე გადმოვიდა. ხაშურის ცენტრში პატრულის მოსვლამდე სამარშუტო ტაქსის მგზავრებმა „მგელობანა“ ვითამაშეთ. აგნესა ღონიერი აღმოჩნდა, შეძლო სალომეს შეკავება.

სხვა მგზავრები  მთხოვდნენ, რომ არ დამერეკა პოლიციაში, რომ უკან დავმჯდარიყავი და ისინი გააკავებდნენ მას.

„გავუძლოთ რამდენიმე საათი, რად გვინდა ახლა პოლიცია. დაჯექი, ჩემო დაია, უკან“- მეუბნება ახალგზარდა ბიჭი და M&M-ს მთავაზობს.

„ქმარი მირეკავს, რა ვუთხრა“, - მსაყვედურობს ქალი და სადღაც შორს მირბის, ხმა რომ არ გაიგოს ქმარმა. 

პატრულს ჩვენი მძღოლი მხრების აჩეჩვით ეუბნება, რომ:

„ააარაფერი დამინიხავს ძმაოო“.

ყველანი მივდივართ ხაშურის პოლიციაში. ფიზიკური თავდასხმის მცდელობის გამო აკავებენ სალომეს. იგი არ ჩერდება, იგინება და მემუქრება, პოლიციელებს კი ეუბნება, რომ ყველას დახსნის, რომ მას კარგი პატრონი ჰყავს.

სხვა მგზავრები გაბრაზებული მიყურებენ, ბრაზობენ, რომ არ მოვითმინე. ოჯახის ქალებს რა უნდათ პოლიციაში შუაღამით. ერთის ქმარი გამუდმებით რეკავს.  მძღოლიც შურაცხყოფილია, პოლიციაში რომ მოხვდა. სალომე და აგნესა ხომ საერთოდ...

ყველამ მისცა ჩვენება, ყველას უთხრეს, რომ ისინი დანაშაულს ხელს უწყობდნენ, რადგან არ აპირებდნენ პოლიციის გამოძახებას და ამას მეც მიკრძალავდნენ.

მძღოლი დაჯარიმდა.

მძღოლი: „ეს ერთი მაპატიეთ პატივცემულო!“

სალომე და აგნესაც დააჯარიმეს. სალომე დააკავეს.

მძღოლს გზის თანხაც გამოვართვი, გაბრაზებულმა მომიგდო. ვთქვი, რომ მათთან ერთად აღარ გავაგრძელებდი გზას. 

ღამის 3 საათზე ხაშურის ცენტრში მე და პოლიციელი ველოდეთ სამარშუტო ტაქსის. საბედნიეროდ, გამოიარა. სრულიად დამშვიდებული და ამასთან გაოგნებული  ვჯდები. მადლობას ვეუბნები პოლიციელს.

დავიძარით. თვალები დავხუჭე, აქ უკეთესი მუსიკაა.

რაღაც სუნმა შემაწუხა.

მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^