Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯადოქარი სტოკჰოლმიდან

14 ნოემბერი 2016

შემოდგომის სტოკჰოლმში, მაშინ, როდესაც დღის სამ საათზე ღამდება, როდესაც ქალაქი საშობაო განწყობით არის სავსე, და ჩრდილოეთის იმ ბნელ, ნისლიან შუადღეს გალმასტანზე, ქალაქის ხედის სანახავად ადიხარ, წარმოიდგენ, თუ როგორ სხედან ფანჯრებზე ნახევრად ჩამოშვებულ შტორებს მიღმა ხელოვნური, მზისფერი ლამპებით განათებულ ოთახებში ბავშვები, გულის ფორმის ორცხობილებს ცხელ შოკოლადს აყოლებენ და წიგნებში ძვრებიან. წიგნებში, რომლებშიც იმაზე მეტი მზეა, ვიდრე სტოკჰოლმში, მთელი წლის მანძილზე.

ვის არ უცდია ბავშვობაში პეპი გრძელიწინდასავით ბალიშზე ფეხებშემოწყობილს ძილი, წვიმაში ყვავილების მორწყვა, ანდაც, სამზარეულოს იატაკზე ნამცხვრების ცხობა.. ვინ არ ვეძებდით ეზოებში დიდ, გამოფუღრულ ხეს, რომელზეც ცხელი ყავისა და ფუნთუშების ატანა და თამაში შეგვძლებოდა.

- ისეთ წამალს ვეძებ, რომელიც ჭორფლებს უფრო მეტად დამატყობს, - ეუბნება პეპი აფთიაქარს და იმ ათასობით ბავშვს გვიკეთებდა გულს, რომლებიც ჭორფლის გამო, ბულინგის მსხვერპლნი არაერთხელ გავმხდარვართ. პეპი ანგრევდა იმ იდეალებს, რომლებსაც ადამიანები საბავშვო წიგნებიდან ეჩვევიან.

ვის არ გვიოცნებია ძაღლზე, რომელსაც მშობლები არასოდეს გვჩუქნიდნენ. ან, კარლსონზე. პროპერელიან  ჩაკურატებულ კაცუნაზე, რომელსაც ხუთერეანი მონეტები, სახურავზე სეირნობა და ფრეკენ ბოკის შემწვარი გუფთები უყვარს. ვინ არ ვეძებდით საბუხრეებს  მიღმა ოსტატურად მიმალულ პატარა სახლს, ვის არ დაგვირქმევია ბიჭუნას საყვარელი ძაღლის სახელი საკუთარი ძაღლებისათვის.

ბიჭუნა ისევე გაიზრდებოდა, როგორც ვენდი „პიტერ პენიდან.“ კარლსონს კი, პიტერივით, არაფერი შეცვლიდა. ალბათ, ახლა, სტოკჰოლმში, ვაზასტანის რომელიღაც სახლის რომელიღაც ფანჯარაზე სვანტე სვანტენსონის შვილიშვილს უკაკუნებს და უმტკიცებს, რომ მსოფლიოში ორთქლის მანქანის საუკეთესო სპეციალისტია.

იქნებ, ქვეცნობიერად, ზღვაზე ყოველი წასვლისას სანაპიროსთან იმიტომ ჩავრბოდით, რომ თეთრი გემი გვეპოვა, წარწერით „სალტკროკა I.” გემი, რომელიც უკვე 30 წელია, კვირაში სამჯერ ტოვებდა ნავსადგურს და რომელსაც ჩვენი ჩორვენთან წაყვანა შეეძლო. აი, იმ ჩორვენთან, ზამთრის პირველი ყინვიანი ღამის შემდეგ, გაყინულ გუბეებს რომ ქუსლებით ამსხვრევდა და ზაფხულიდან ზაფხულამდე ელოდებოდა პელეს, მეგობარს, რომელთანაც საუკეთესოდ ერთობოდა.

ვინ არ ვცდილობდით, გამოგვერკვია, რა იყო პრირიები, შტორები, ანდაც, როგორ გამოიყურებოდა გაბარდინის მწვანე შარვალი, რომლითაც ევა ლოტა, კალე და ანდერსი მძიმე დანაშაულებს ხსნიდნენ, ვის არ გვიბრძოლია ეზოებში წითელი და თეთრი ვარდების სახელით და არ მოგვდომებია, ევა-ლოტას ფუმფულა მამის გამომცხვარი ფუნთუშების ჭამა.

ამ სამეულში ყოველთვის მეგონა, რომ ანდერსი საუკეთესო იყო. ახლაც მგონია, რომ ევა-ლოტამ კალეს ნაცვლად ის აირჩია..

გახსოვთ, ის დღე, როდესაც ლიონებერგელმა ემილმა დაიკო იდა ფლაგშოტკზე აწია?. მისი გაწვრთნილი მეგობარი, გოჭუნაც გემახსოვრებათ. ისიც, რომ ცელქობები მაშინ გამოისყიდა, როდესაც ავადმყოფი ოსკარი ქარბუქში ექიმთან მარტომ მიიყვანა.

ლასე, ბოსე, ლიზა, ბრიტა, ანა და ულეც, ალბათ, ყველასათვის საყვარელი გმირები იყვნენ. ივან კუპალას დღეც ბუნიობაზე და მათი ავადმყოფი მასწავლებლისათვის მოდუღებული ჩაიც და კამანჩებთან ბრძოლაც..

არსებობენ მწერლები, რომლებსაც წიგნებით თავისი ქვეყნისა თუ ქალაქების მთელი მსოფლიოსათვის გაცნობა და შეყვარება შეუძლიათ. მწერლები, რომლებიც აქამდე უცნობ და უინტერესო ადგილებზე ოცნებებს გვაწყებინებენ. ასეთივეა ასტრიდ ლინდგრენი. ქალი მზით სავსე წიგნებით, რომლებმაც მკითხველის ცხოვრება შეცვალეს.

ალბათ, იქ, სტოკჰოლმში, იუნიბაკენის შესასვლელთან ისევ დგანან შვედი გოგოები. ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის სტუმრებს დარიჩინის ფუნთუშებითა და გლინტვეინით უმასპინძლდებიან და ბავშვობაში დაბრუნებას სთავაზობენ. ბავშვობაში, რომელიც ზუსტად 109 წლის წინ დაბადებულმა, კეთილმა ჯადოქარმა, ცნობისმოყვარე ბავშვებისათვის შექმნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^