Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანი, რომელშიც ვცხოვრობთ

30 ოქტომბერი 2016

დაუსრულებელი პოლიტიკური სისულელეებით  დაღლილებს ბოლო დროს იმდენი აბსურდული ამბავი გადაგვხდა თავს, რომ ოქტომბრის საკმარისად შთამბეჭდავი საარჩევნო სტრიპტიზიც კი უძლურია, გასაგები ენით აღწეროს ჩვენი  პოლიტიკური ველი. უფრო ზუსტად, გვაგრძნობინოს მგრძნობიარე „პოლიტიკური კანი“, რომელსაც შევეჩვიეთ და რომელშიც დიდი ხანია ვცხოვრობთ. ან იქნებ, გვეჩვენება, რომ ვცხოვრობთ?!

პირველი და ყველაზე მკაფიო შეგრძნება, რაც 8 ოქტომბრის შემდეგ გამიჩნდა, იყო საყოველთაო იმედგაცრუება და სიცარიელე. რასაც ვერც ამ „ველს“ შემორჩენილი ინაშვილ-თარხან-მოურავის ირგვლივ შეთხზული უსარგებლო ანეკდოტები ამოავსებს და ვერც ოდესა-თბილისის პოლიტიკური ბორნის ირგვლივ გაჩაღებული, შიდანაციონალური გარჩევები. მოულოდნელი და გასაკვირი აღარაფერი დარჩა - არც მსოფლიო ბანის გამოჩენა-გაქრობის ფოკუსი, არც რესპებისა და „გირჩის“ უსიხარულო დასასრული და არც მგრძნობიარე ალასანიას  მოულოდნელი გაქცევა.

თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი მაინც პოლიტიკური არჩევანისა თუ პოლიტიკური ვნებათაღელვის მიღმა დარჩენილი ადამიანები არიან, რომელთა დაკარგულ-გაფლანგული ხმები აღარც ხელისუფლებას ახსოვს და არც უკვე „წაშლილი“ პარტიების ლიდერებს.

გაბერილი და ზედმეტად შთამბეჭდავი დაპირებებით ამომრჩეველმა, საბოლოოდ, ვერაფერი მიიღო, ოპტიმისტურ-ეკონომიკური დაცინვისა და ლარის სავალუტო კურსის კოშმარის გარდა. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დადებითი შეფასება დაიმსახურა, რაც „ოცნების“ პატარა სიხარულისა და ლეგიტიმაციისათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

ვაღიაროთ, რომ ცხოვრებამ (ამ შემთხვევაში, არჩევნებმა) კიდევ ერთხელ დაადასტურა - უფლებებს არ იძლევიან, უფლებებს მოიპოვებენ! ამ, ერთი შეხედვით მარტივი შეხედულების შინაარსი კი მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა დემოკრატიის პრინციპები საზოგადოებრივ და სოციალურ კანონებთან ერთად ყალიბდება და ვითარდება. ამავე დროს უფლებისთვის ბრძოლა მხოლოდ გაბედულებას, საქმეს, რწმენას, გონივრულ ეჭვს, საფუძველს, განვითარებას უნდა ემყარებოდეს.

ამბოხი რუტინის წინააღმდეგ თავად პოლიტიკური სისტემის გასაჯანსაღებლად არის აუცილებელი, თუმცა უფლებები (მათ შორის, თავისუფალი არჩევნების უფლებაც) მხოლოდ მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანი მათ ბრძოლისა და აღიარების შემდეგ მოიპოვებს. ამის შემდეგ დგება სამართლის, სოციალური წესრიგისა და ლეგიტიმაციის ეტაპები.

მაგრამ შევეშვათ დემოკრატიის განვითარების თეორიებს, რომელიც იმედია, გამარჯვებული „ქოცთა“ რაზმის არაფორმალური მმართველისთვის მხოლოდ წამახალისებელ-შთამაგონებელი  არ აღმოჩნდება. ისევე, როგორც წლების წინ, ამჯერადაც არქეტიპული  არჩევანის  წინაშე აღმოვჩნდით - ცუდსა და უარესს შორის! ასე იყო, მაგალითად, 2000 წელს, როდესაც ამომრჩეველს დემოკრატიული იმიჯის მქონე ედუარდ შევარდნაძესა  და „ფეოდალური აჭარის“ მმართველს, ასლან აბაშიძეს შორის მოუხდა არჩევანის გაკეთება.

ანალოგიურად 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე, სააკაშვილის „რეფორმატორულ“ გუნდსა და შევარდნაძის ფავორიტ „მოქალაქეთა კავშირს“ შორის იდეოლოგიური დაპირისპირება მოხდა (შესაბამისად, დემოკრატიულობისა და  რეგრესულობის იმიჯით); 2012 წელს კი უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მოგვევლინენ მთავარ ანტაგონისტ ძალებად...

გასაგებია, რომ არჩევანი ცუდსა და უარეს პოლიტიკურ ძალებს შორის, გარკვეულწილად, პრეტენზიული პოლიტიკური თამაშია; ისევე, როგორც  მითიური „მესამე ძალის“ გამოძებნა-გამოგონების მცდელობა, რაც 2016 წელს კატასტროფული შედეგით დასრულდა. ამჯერად არჩევნებზე ე.წ. შუაშიტებმა არა მხოლოდ ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, არამედ სრული პოლიტიკური მარცხი განიცადეს, ხოლო პოლიტიკურმა ლიდერებმა თანამდებობები დატოვეს და თავიანთი ამომრჩეველი ბედის ანაბარა დატოვეს. რაც ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იყო.

„ქართული ოცნების“  მიერ საარჩევნო სისტემის თავის თავზე მორგების მცდელობა ნიშნავს, რომ სინამდვილეში აღარ არსებობს მძლავრი, შეძლებისდაგვარად  ობიექტური და გაწონასწორებული პოლიტიკური მისწრაფებები. აღარც დადებითი, არჩევითი ხასიათის მოქალაქეობრივი აღტყინება. არაფორმალური მმართველობის არცთუ იდუმალი ზემოქმედების შედეგად კი საერთოდ გაქრენ სხვა ადამიანები, სურვილები, სხვა გემოვნება... და პირიქით, სიძულვილის ენა, თუ ბოროტი ნება არჩევნების შემდეგ  უარყოფასა და ზიზღის გრძნობას შორის კრისტალიზდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ნეგატიური საარჩევნო გარემო წარმოადგენდა უარყოფითი ენერგიის წყაროს, რაც საზოგადოებაში გარკვეულ „ალერგიულ რეაქციას“ განაპირობებს და სურვილების ადგილს იკავებს. აქედან მომდინარეობს სხვადასხვა ვითარებით განპირობებული რეაქციებიც და არ ვიცით, რა გვსურს; სამაგიეროდ, შესანიშნავად ვიცით, რა აღარ გვინდა!

ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ამბიციები და მეორე მხრივ, „ოცნების“ ძალაუფლების ტრანსცენდენტულობა განაპირობებს მათ საბედისწერო კავშირსაც და დაპირისპირებასაც. პოლიტიკურ არჩევანსა და განსჯას ყოველთვის ახასიათებს გარკვეული ვნებათაღელვა, რომელშიც პოლიტიკისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აისახება. სწორედ ამაში მდგომარეობს არჩევნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, რომელიც თავის გამოხატულებას ჩვეულებრივ გულგრილობაში პოულობს. ზემოთქმული კი ეხება არა მხოლოდ მასას, არამედ თითოეულ ინდივიდსაც.

თუ ინდივიდიდან ისევ პოლიტიკურ მასებს დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის ერთგვარი „შავ ყუთია“, რომელშიც ყველა მიზანი, ამოცანა და სოციალური მისწრაფება ერთადაა თავმოყრილი. სწორედ მასებში უნდა ვეძიოთ სოციალური სიძულვილის, უარყოფისა და პოლიტიკური გულგრილობის ფესვები, რადგანაც  არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე უარყოფა. შესაბამისად, ფართო მასებიც, რომელთაც არ ყოფნით ძალა, თავს საერთო მიზანი დაუსახონ - უარყოფაში, ნეგატივიზმში აცნობიერებენ თავიანთ არსებას.

ის რაც „ქართული ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობას“ სინამდვილეში აერთიანება, არის ხალხისადმი დაახლოებით ერთნაირი,  ქედმაღლური, მომხმარებლურ-პატერნალისტური დამოკიდებულება: ერთისთვისაც და მეორისთვისაც ხალხი ზრუნვის ობიექტია და არა პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. მაგრამ მთავარი არა იმის შესრულებაა, რასაც სისტემა გვავალდებულებს ან გვიბრძანებს, არამედ ის, რაც შინაგანად, ინტუიციით ვიცით, რომ ჭეშმარიტებასთან ახლოა...

და მაინც, მთავარი სწორედ პოლიტიკურ ვნებათაღელვას აცდენილი თუ გადარჩენილი ადამიანები არიან, რომელთა შესახებაც ბლოგის დასაწყისში ვსაუბრობდით  და რომელთა ხმა, სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლებად გვესმის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^