Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წლის დასასრული

28 ნოემბერი 2016

გუშინწინ  მინიმუმ ორი თვით დავემშვიდობე 80-წუთიან ცხელებას.

კი, ეს ნამდვილად ცხელებაა. მომენტი, როდესაც წყდები რეალობას, გარემოს აღქმაც კი სხვანაირია და იწყება ჰიმნი. უზომოდ სასიამოვნოა მომენტი, როდესაც ხვდები, რომ ამ რაღაც განსაკუთრებულის და გრანდიოზულის ნაწილი ხარ... მერე განსხვავებული ჟღერადობის გაბმული სასტვენი, შენი ნაკრები და ემოციებით დატვირთული 80 წუთი...

გუშინწინ ნისლიან ალბიონზე ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის  ბოლო 80 წუთი გვაჩუქა.  ჩვენმა მოწინააღმდეგემ, ბოლო მსოფლიო თასის ნახევრაფინალისტმა შოტლანდიამ კი, საკუთარ ქომაგს 2016-ის ბოლო გამარჯვება მიუძღვნა.

 თამაშის პირველ წუთებზე ვასკა ლობჟანიძის ლელოზე ემოციების „პერედოზი“ მივიღე, რომელიც მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გაგრძელდა.  შოტლანდიელების კლასზე, მათ შეტევებსა და ანგარიშის სხვაობაზე  შეგრძნებებდაბლაგვებულს განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია.

ყველაზე მეტად შესვენებისთვის განკუთვნილი დრო არ მიყვარს. ეს წუთები ისევე იწელება, როგორც სკოლის მოსწავლისთვის არდადეგებამდე  დარჩენილი რამდენიმე დღე. თუმცა ბავშვობაში ეს ნელი დღეებიც გადის და არდადეგების თვეებიც სწრაფად მიფრინავს. შესვენება დასრულდა და მეორე ტაიმი თითქოს სხვა ნაკრებმა დაიწყო. სხვა ტემპი, სხვა შემართება და ბურთიც დავიჭირეთ, შერკინებებშიც მივაწექით და  ემოციებიც უფრო ინტენსიური გახდა.

თუმცა პირველივე შესაძლებლობაზე სკოტებმა შეგვახსენეს, თუ რატომ არიან მსოფლიო ათეულის მეშვიდე საფეხურზე. ნათლად დაგვანახეს, რამდენად მნიშვნელოვანია სისწრაფის მომატება და ხაზში კარგი თამაში. ამის მიუხედავად, არც ფარ-ხმალი დამიყრია და არც რამე ცუდი გამივლია გულში იმ ქომაგის მისამართით, ნაკრებს წაგების გამო რომ აღარ ქომაგობს.

ცალკე სიამოვნება იყო, როცა პაუზის დროს  შოტლანდიელების ხუთმეტრიანში შერკინების დაყენებისას, ტრიბუნებიდან „საქართველო, საქართველო" რომ ისმოდა. ეს შერკინება ისევ ლობჟანიძემ დააგვირგვინა. მერე შეტევებსაც მოვუმატეთ, ფაზებიც გადავაბით, მაგრამ მოწინააღმდეგემ კიდევ შემოგვთავაზა მწარე გაკვეთილი.

საბოლოოდ შეხვედრა 43-16 დასრულდა. გამარჯვებულებს არ ასამართლებენო... დამარცხებულებს არ აცდათ არც ქება, არც შენიშვნები და არც გაუმართლებელი კრიტიკა. ატყდა სოციალურ სივრცეში ჩასაფრებული „ქომაგების“  „ეგაა თქვენი რაგბი“ და მსგავსი გამოსვლები, თუმცა კარგ ანალიზებსაც წავაწყდი. გამიხარდა ის, რომ რაგბი წარმატებასთან ასოცირდება. თუმცა გული დამწყდა, რომ მარცხის გამო ხალხი არ მოერიდა არაჯანსაღ კრიტიკას. მაგრამ ამაზე დარდიც არ ღირს - ტესტების თამაში 4 წლის წინ დავიწყეთ, ტრიბუნების სისტემატიურად  გავსება - 2 წლის წინ და რამდენიმე წლის მერე ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. მე კი ორი თვე მომიწევს იმ შეგრძნების ლოდინი, რომელსაც ვერაფერი ანაცვლებს.

„ათეულში როდის შევალთ“, „6 ერში“ როდის მიგვიღებენ“, „რუსებს ხო სახეს ვახევთ“ - საზოგადოებისთვის  ნაკრების ტესტების ეიფორიამ ოცწლამდელების ტურნე თითქოს ჩრდილქვეშ მოაქცია. არადა, პატარა ბორჯღალოსნებმა ბრიტანული ტურნეს ფარგლებში 2 შეხვედრა გამართეს. პირველ მატჩში „ალსთერს“ სძლიეს, ხოლო მეორე დაპირისპირება შოტლანდიელ ცხრამეტწლამდელებთან შედგა და 4 ქულით დავამარცხეთ მოწინააღმდეგე.  ეს ისე,  ცნობისთვის.

2017 ბევრად დატვირთული და უხვმატჩიანი იქნება. ოვალური კალენდრით კი სანაკრებო  2016 წელი დასრულებულია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^