Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ნაცრისფერი ზონის” ვენდენტა, ანუ ტრამ(პ)ალის მგლის და კულტურ-კლი(ნ)ტორის ორთაბრძოლა

08 დეკემბერი 2016

გასაოცარია, მაგრამ ამ წყვილის ასე გაბერილი და მსოფლიო მნიშვნელობის დონემდე აყვანილი ჭიდილი, სრული აზრობრივი სიხისტისა და მოარული სოციალური ცნება/ტერმინების სიცოცხლე მოკლებულ ენობრივ დონეზე განიხილება. ის მოვლენა კი, რომლის კონტექსტშიც ეს არჩევნები მხოლოდ სიმპტომური ნიშანია, სამყაროს ყველაზე ზე-მაშტაბური ვიტალური პროცესის ამსახველია; ბევრად დიდის, ვიდრე რაიმე პოლიტიკური მოვლენა ან ვითარება აქამდე არსებობდა. ამიტომ ამ არჩევნების სტერეოტიპების საშუალებით განხილვა, ანუ დროსა და სივრცეში კონკრეტულ/ადგილობრივ, სოციალურ/პოლიტიკური წარმოდგენების ჩარჩოებში მოქცევა, სწორედ სიცოცხლის ყველაზე ცხოველმყოფელად ამსახველი ფაქტის მკვლელობაა ენით, ენაში და მხოლოდ ენისთვის. 

ამ მოვლენასთან კავშირში სერიოზული ფილოსოფოსების შეგნებული განცხადებები თვალში არ მომხვედრია - მხოლოდ ჟიჟეკის უსუსური, არაფრის მთქმელი და სუზან ზონტაგის სამარცხვინოდ ბრტყელი შეფასება წავიკითხე, თანაც ძალიან უსიამოვნო, პროვოკაციული დაბოლოებით.   

თუ მომხდარის ყველაზე ზუსტად დახასიათდება მოვინდომეთ, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეს მოვლენა კურიოზული და გამაოგნებლად ამბივალენტურია: ანუ, სრულყოფილი დემოკრატიული პროცედურით, სრულიად არადემოკრატიული ფასეულობების მატარებელი პრეტენდენტი იქნა არჩეული; რა შეიძლება იყოს უფრო სახალისო?! 

სახელმწიფოში დემოკრატიის ყველაზე აშკარა წარმატების მანიშნებელმა - დემოკრატიული არჩევნების მექანიზმმა, თავის მშობელ დემოკრატიულ სულისკვეთებას ვერაფერი შესძინა შესაშური!

არის კი დემოკრატიული სულისკვეთების სურვილი სათავეში ბრიყვი ექსცენტრიკი დგომა? არა. არის კი სოციალისტური მოძღვრების ეთიკის სურვილი ქვეყანაში ტოტალიტარიზმის დამყარება? არა. არადა, ასეთი შედეგები განუწყვეტლივ იჩენს თავს, ჩვენს ახალ ისტორიაში. აქედან მაქსიმა: ჰუმანური იდეა განსხეულების პროცესს ვერ ახორციელებს, რადგან - კეთილი არაკეთილ საზოგადოებაში კეთილის მეშვეობით სიკეთეს ვერ ამკვიდრებს, ძალადობით კი, კეთილი თვითონ აუქმებს სიკეთის არსს - ესე იგი, საკუთარ თავს.

ასეთია დღესდღეობით სამყაროს ხარისხი და ამასთან გვიწევს საქმის ჭერა. 

მაგრამ არჩევნებს დავუბრუნდეთ, რომელმაც გ ო ნ ი ე რ თვალს შვებაც მოჰგვარა: - კიდევ ერთხელ და, მგონი, ახლა საბოლოოდ გაქარწყლდა კონსპირაციული თეორიების და ისთებლიშმენტის ზე-სიმძლავრის მითი. ანუ, ზე-სტრუქტურების აღვირაშვებული ზე-გავლენების არსებობის ზღაპრები (ჩვენებურად/ქართულად: “მიდი რა ყველაფერი ჩაწყობილია”). ეს ბევრს მეტყველებს და ამ მოვლენის ძალიან პოზიტიური მხარეა! არჩევნები მოიგო ტრამალის მგელმა (უკმეხმა „ქუჩის ბიჭმა“) და არა საბავშვო ბაღის სამაგალითო/წესიერმა გოგონამ, რომელიც კეთილსინდისიერად წარმოადგენდა ბაღის ადმინისტრაციისა და დამფინანსებლების ერთიან ნებას.

ის რომ ისტებლიშმენტმა და მის უკან “ბნელმა” ძალებმა არ, ან ვერ გამოიყენეს საკუთარი უზარმაზარი მანქანა, ანუ მანქანამ თავისი კანდიდატის წარმატების ამოცანა ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი(!), ვერ ან არ უზრუნველყო - ამ ფაქტისთვის ამერიკის სახელმწიფოებრივი სისტემა და აპარატი მხოლოდ კომპლიმენტს იმსახურებს. 

და რა მოხდა სინამდვილეში და ზოგადად?      

მხოლოდ ვიღაც, ბრტყელი ცნობიერების მსხვერპლი, ან ძალიან ცბიერ/მიზანდასახული იდეოლოგისტი (ჩომსკის ტიპის) თუ გააკეთებს ასეთ დასკვნას: გაიმარჯვა “ხალხმა” - “ხალხს” ყელში ამოუვიდა “ნეოლიბერალების” თარეში, “ისთებლიშმენტის” გამყიდველური პოზა და კორპორაციების ბატონობა… 

მოდით ასეთი უბრალო, ან “მელია გონების” პატრონს ვკითხოთ - ვინ არის ტრამპი? სწორედ ტრამპი არ არის “ინსტინქტზე დაფუძნებული ნეოლიბერალიზმის უწარმატებულესი წარმომადგენელი? - ერთ-ერთი იმათგანი, რომელმაც “გონებაზე და კეთილმყოფელობის სურვილზე დამყარებულ, ძირეულ/ისტორიული ტიპის ლიბერალიზმს რეპუტაცია შეულახა?! ესე იგი, ეს როგორ გამოდის - არჩევნებმოგებული ოლიგარქისა და გავეშებული “ნეოლიბერალი” ტრამპის გაპრეზიდენტება, თურმე ნეოლიბერალიზმის ყელში ამოსვლის მოწმობაა? რაღაც ვერა ვართ ლოგიკაში გამართული. 

ახლა კი მთავარი დავსვათ კითხვა: რა, ან ვინ არის “ხალხი”? - ვინც, ასე ვთქვათ არჩევანი გააკეთა. რა სოციალური წარმონაქმნია ეს “ხალხი” და რა სოციალური მახასიათებლების მატარებელია ეს სიტყვა დღეს - ოღონდ არა როგორც ცნება, არამედ როგორც კონკრეტულობა. 

მოდით ეს კითხვა ჩვენ გარემო მაგალითზე გავხადოთ თვალსაჩინო - რადგან მთელი დასავლური საზოგადოება, როგორც სტრუქტურა, ერთ ყაიდაზეა მოჭრილი.

იყო თუ არა თქვენ გარშემო, ან თუნდაც უშორეს დისტანციაზეც კი ვინმე, ვინც ტრამპს უჭერდა მხარს? არა. არც ჩემ გარშემო, არც ჩემს მეგობრებ/ნაცნობებში, მეგობრების მეგობრებში, კოლეგებში, სტუდენტებში არ ყოფილა ტრამპის მხარდამჭერი არც გერმანიაში და არც საქართველოს ციფრულ სივრცეში. არც ჩემს შვილ ანნას, მის მეგობარ ფლორიანს და თამუნას (ჩემს მეუღლეს) გაუგიათ ნიუ-იორკში ვინმე ახლობელ/შორეულისგან, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების სურვილი ჰქონოდა. არადა, როგორც ვიცით, ამ თემებზე გაცხოველებული დისკუსიები მიმდინარეობდა და ხედვადობა მაღალი იყო. უკლებლივ ყველას უკიდურეს სიშორეზეც კი კულტურულ გარემოში ერთნაირი შეფასება ჰქონდა: ტრამპი - ავანტიურისტი, პოლიტიკურ/კულტურულად ბრმა, ამორალურ/ჩარჩენილი ხამი/გოიმი.

როგორც ვიცით, ამომრჩევლის დამოკიდებულება არჩევნის საგანთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, არასდროს არის ინდივიდუალური, დამოკიდებულება ყოველთვის კულტურულ/ტერიტორიალურია. ადამიანთა ერთობა, რომელიც მე ვახსენე, საზოგადოების იმ შრეს განეკუთნება, რომელიც კულტურულ/სოციალური დინამიკის მთავარი მატარებელია და ამ დინამიკისთვის და ამ დინამიკით არსებობს, ანუ გული აქვს მიხეული. ეს ადამიანები საზოგადოების მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე დებატებში აქტიურად მონაწილეობენ და პროგრესის შესაძლებელი ვერსიებით არიან გულწრფელად დაინტერესებული. ამ წრის ხალხს მიეკუთვნებიან: სტუდენტები, შემოქმედნი, მეცნიერები, ფილოსოფოსები, სოციალური უფლებებისთვის და ტოტალურად დემოკრატიული საზოგადოების შექმნისთვის მებრძოლი ადამიანები, ზოგადად, ასე ვთქვათ, პროგრესული სულისკვეთების მატარებელი წრე. ეს სოციალური სპექტრი ამერიკაშიც და ყველა სხვა ქვეყანაშიც ერთსულოვნად ტრამპის მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ, როგორც აქედან ჩანს, ეს საზოგადოების ვიტალურად მამოძრავებელი სპექტრი “ხალხს” არ წარმოადგენს - მათ ხომ ტრამპი არ აურჩევიათ! 

აბა ვინ არის ის სხვა “ხალხი”, ვინც ტრამპი აირჩია?

ეს “ხალხი” ხმა/სმენა წართმეული ადამიანების “ნაცრისფერი ზონაა”, რომელიც კულტურულ პროცესში მხოლოდ ფიქტობრივად მონაწილეობს, ანუ ამ პროცესში მარგინალიზირებულია. ისინი, ერთის მხრივ, საკუთარი უნიჭობის, მეორეს მხრივ კი, საზოგადოების აღნიშნული აქტიური ნაწილის მიერ “ნაცრისფერ ზონაში” არ ჩადებული ყურადღებისა და ენერგიის გამო დარჩნენ გარიყული და პრაქტიკულად არ მონაწილეობენ კულტურის დინამიკაში - ანუ სამომავლო ცნობიერების გაფორმების საქმეში. სწორედ ამიტომ “ნაცრისფერი ზონა” ჩარჩენილი და გამაგრებულია “გადარჩენა დაფუძნების ცნობიერებაში” (სადაც “აქ” და “ჩემი” - მსოფლხედვის განმსაზღვრელი ვექტორებია), ანუ სწორედ იმ ცნობიერებაში, რომლის დაძლევის უდაძაბულეს მცდელობებსაც წარმოადგენს დასავლური კულტურის (ხსენებული ვიტალურ/პროგრესული ნაწილის) აქტიურობა აგერ უკვე 150 წელია. უახლოეს წარსულში, ამ ძალისხმევებში კულტურას გვერდში დაუდგა და დღეს ყველანაირად მხარს უბამს ისთებლიშმენტი - აფინანსებს, უქმნის გარემოებებს და შესაძლებლობებს საზოგადოების ცნობიერების წინ გამწევ საქმიანობას. ისე, რომ ბლოკის - სოციალურ/კულტურულად აქტიური საზოგადოების ნაწილი + ისთებლიშმენტი მიზნები, “ნაცრისფერი ზონის” გაგებებსა და სურვილებს არანაირად არ ემთხვევა, ანუ “ხალხს” მოწყვეტილია და თანაც ეს მოწყვეტა/ნაპრალი სულ უფრო ღრმავდება და დაძაბულობა სულ უფრო იზრდება. - “ნაცრისფერ ზონას” არ ესმის, რატომ უღალატა მას ისთებლიშმენტმა, რატომ აუბა მხარი მან არა ლოკალური ინტერესების მატარებელ იდეალიზმს - რა ალიანსია ეს და რა მომავლისთვის იღვწის ის. მართლაც, საუკუნის წინ ისთებლიშმენტის წმინდა მემარჯვენეობას წყალი არ გაუვიდოდა. ახლა კი ის გლობალიზმს, ანტირასიზმს, ფემინიზმს, ანტიკოლონიალიზმს ქადაგებს და ყველა ტიპის ფუნდამენტალიზმსა და უმცირესობათა ჩაგვრას გასაკვირი ენთუზიაზმით ებრძვის - “ნაცრისფერი ზონის” პატრიოტიზმის გაგებისთვის და ტერიტორიალური ინტერესების მისეულ აღქმისთვის ეს ნამდვილად ანტინაციონალისტური პოლიტიკაა.  

შეხედეთ არჩევნების რუკას - ყველა შტატმა სადაც აქტიური კულტურული ცხოვრება მიმდინარეობს, ჰილარის დაუჭირა მხარი! შეხედეთ არჩევნებში მონაწილე სოციალურ ჯგუფების სტატისტიკას, - ყველა სოციალური ჯგუფი, ვის გარშემოც აქტუალური სიტუაცია/დებატებია - სტუდენტები, ინტელექტუალები, ფერადკანიანები, ფემინიზმის წარმომადგენლები, ლგბტ წევრები, დევნილები, ემიგრანტები და სხვა - ასევე ჰილარის მხარეს იყო. 

ესე იგი, კიდევ ერთხელ - ვინ უჭერს მხარს ტრამპს და ვინ არის “ხალხი”? 

“ხალხი” არის - ტეხასელი ფერმერი/ქაუბოი, არკანზასელი კლერკი, აიოველი დიასახლისი, ვისკონსინელი მეთევზე - ადამიანები, ვინც კულტურის ყრუ-მუნჯი ნარჩენებით იკვებებიან, რომელთაც პრინციპულად ეზიზღებათ ის რაზედაც სრულიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ: თანამედროვეობის მიერ გაფორმებული ერთიანი კაცობრიობის ერთიანი მომავლის პროსპექტი და “ადამიანის” გადალახვისკენ მიმართული დინამიკა. ამაში “ნაცრისფერი ზონა” მხოლოდ მერყევ საფუძველს და შემაძრწუნებელ მომავალს ხედავს - მათი შინაგანი, არაცნობიერი ლტოლვა ხომ მხოლოდ “გადარჩენა/დამკვიდრების” პრინციპისკენაა. ხომ გახსოვთ “უდარდელ მოგზაურში” (“Easy Rider”) როგორი უმოწყალო სისასტიკით, წარბშეუხრელად, კლავენ ცენტრალური შტატების წარმომადგენელი ფერმერები მოტოციკლეტებით მოგზაურ გრძელთმიან მეამბოხეებს? აი დღეს სწორედ მან, კულტურულად ყრუ-მუნჯმა ამერიკამ გაამარჯვებინა ტრამპს. განუდგა ისთებლეშმენტს - რახან ის განახლებას და უცნობ მომავალს დაუდგა გვერდში: შემოქმედებს, მეცნიერებს, ნამდვილ მემარცხენეებს (არა იდეოლოგისტებს), ანუ კულტურულ ავანგარდს, რომლებმაც “დამკვიდრება/გადარჩენის ცნობიერების” ისტორიულად განმსაზღვრელი სოციალური იდეის დესტაბილიზაცია შეძლო და ამით უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთა და აკეთებს მომავლისთვის. - მათ ხომ საფუძველი მოურყიეს ტრადიციული კლასიკური კულტურის, მყარ/ერთმნიშვნელოვან ფასეულობებს - ადამიანი მიწას მოწყვიტეს და ჰაერში გამოკიდეს (suspention) - შანსის მოლოდინში და შანსის ხელიდან არგასაშვებად: რომ ღვთაებრივი სტუმარი მეტი აღარ გავუშვათ ჯვარზე - ღვთაებრივი სტუმრის სახე ხომ ყოველთვის თავიდან გამოსაცნობია, ამას კი “ჭეშმარიტი და მყარი ღირებულებები” უშლის ხელს. ეს ჰაერში გამოკიდება არის ის, რასაც სოციალური პროცესების ანალიზში სუსტი და პრიმიტიული გონებები “პოსტ-მოდერნულ ქაოსს” ან “პოსტმოდერნულ განცხრომას” ეძახიან. პოსტმოდერნი კი, თანმიმდევრულად აკეთებს და ახორციელებს იმას, რაც მოდერნმა დარგო და დასახა - თავგანწირვა აბსურდისთვის, ანუ შანსისთვის - ოღონდ პოსტმოდერნი ამას არა ინდივიდუალურ დონეზე (მოდერნისტულად), არამედ ახალი ორიენტაციით ახორციელებს - კომუნალური სივრცის ჩართვით და მასზე ზრუნვით. 

სწორედ აღწერილის გამო “ნაცრისფერ ზონაში”, ანუ “ხალხში” უზარმაზარი რესენტიმენტის განცდაა დაგროვილი. “ნაცრისფერ ზონას” სძაგს ყველაფერი, რაც ცნობიერების წინსვლასთან, ანუ ტერიტორიების განზავებასთან არის დაკავშირებული: ანტირასიზმი, ფემინიზმი, ლგბტ მოძრაობა, სოლიდარობა, ტოლერანტობა, გენდერული დეტრმინიზმის მიღმა გაღწევის მცდელობები, ხალხთა ერთიანობა, ლტოლვილების დახმარება და გაჭირვებულთა შველა/მიმღებლობა - ყველაფერი ეს მას სძულს. 

ის, რაც “ნაცრისფერ ზონას” სურს, უყვარს და ეიმედება, ეს ძლიერი დაკუნთული ფეხებია, მიწაზე მყარად მდგარი და(!), რაც მთავარია… რაც ამ ფეხებს შორისაა, შთამბეჭდავად უნდა იყოს გამაგრებულ/გაბშტრიკინებული! - …აი მგრძნობელობით და ელასტიურობით ნაქები კლი(ნ)ტორ/ბუნდოვანებები კი მხოლოდ შიშის მომგვრელი მტერია მათთვის. ეს ის, უძველესი ფეხმოკიდება გადარჩენის პირუტყვული ინსტინქტია ადამიანში, რომლითაც ის დაიბადა, რომელმაც მას ემსახურა - ათრია და გაატარა ისტორიის უღრანი ტყეები, ბოლოს კი, სინათლის გამოჩენისას, თავისი მისია ამოწურა. ეს მისიაამოწურულობა ჯერ მხოლოდ ცნობიერდება, მტკივნეულად, ტრავმატულად და უგნურების მარადი თანხლებით. 

გუშინ, ძველი ცნობიერების რევანშის პიკი “ბრექსიტი” იყო, დღეს ტრამპია, რომელმაც უკვე აიწეპა ყველა ტიპის ფაშისტური განწყობების მქონე ტერიტორიალიზმის გამომხატველი ტერმინები (“თეთრი მუშათა კლასი”, “თეთრი ამერიკა”, “კაცი სამყაროს ბურჯი - ქალი სამყაროს დეკორაცია” და ა.შ.).

დღევანდელი გამწვავება სამომავლო და ძველი ცნობიერების ფორმებს შორის ისტორიულად უპრეცენდენტოა და საზოგადოებრივი სისტემების ცვლილებებზე ბევრად დიდი და მტკივნეული პროცესია და ასევე შეუდარებლად მნიშვნელოვანი (ნიცშეანური “შუადღე” შედის თავის უფლებებში). ტრამპის “ნაცრისფერი ზონა” გაბრაზებულია - მათ არ უნდათ პატრიარქატის კასტრაციის მსხვერპლი იყვნენ - კლი(ნ)ტორინა მათ არ აწყობთ - ეს, ისედაც ძნელი ასახსნელი პროსპექტი, მათთვის გაუგებარია - თანაც მათთვის ამ “ახლის” ახსნა/განმარტებაზე დიდი ენერგია ჯერჯერობით არავის დაუხარჯავს - ზოგადად გასაგები მიზეზების გამო: 

- პროგრესულმა ცნობიერებამ (ყველა უბანზე - ხელოვნება, ფილოსოფია, მეცნიერება) 150 წელი გარღვევის ძალისხმევას მიაკლა თავი. ეს იყო, “ცნობილის” რღვევის ხარჯზე “უცნობში” გაღწევის განწირულობითა და ტრავმებით სავსე გზა და სამყაროსთვის სერიოზული და დისკურსულად დახურდავებული გაცნობიერება/განმარტებისთვის ვერავინ სერიოზულად ვერ მოიცალა. სწორედ ამიტომაა სამყაროში ასეთი სიმწირე გრანდიოზულ ცვლილებთან დაკავშირებული, ზე-გლობალური პრობლემის გააზრების შემომტანი ტექსტების. დიდ ფილოსოფოსთა ავთენტური დისკურსები, სამწუხაროდ, კვლავაც ვიწრო დისციპლინარულ ტერიტორიებზე რჩება, ანალიტიკურ კომენტარებს მხოლოდ ელის - რამაც “ნაცრისფერი ზონისთვის”, ნელ-ნელა და რუდუნებითი ძალისხმევით გასაგები უნდა გახადოს ეს სამომავლო პროექტი; დინებადი ცნობიერების ფენომენი, ანუ ახალი სამომავლო სამყარო, რომელიც ჯერჯერობით, თავისი ბუნდოვანი და მოუხელთებელი კონტურებით - შიშის ზარს სცემს ძველი, მყარი, გასაგები, მტკიცე ღირებულებების იერარქიულად გაწყობილი სამყაროს ფორმასთან გაიგივებულ ადამიანებს - რადგან მათვის თავგანწირვა წყალს გაყოლა. გადახსნილი შანსი, არასოდეს ყოფილა ფასეული - მათთვის არავის უსწავლებია ამის სიყვარული.    

“ნაცრისფერი ზონის” რესენტიმენტისთვის ანონიმური თვითგამოხატვის ე რ თ ა დ ე რ თ ი საშუალება დღეს მხოლოდ სახალხო და საყოველთაო არჩევნები და რეფერენდუმებია - სხვაგან და ყველგან, დღეს, მათი აზროვნება და ხედვა რეგრესულ-რევანშისტული რომ არ ვთქვათ, იმბეცილურად ითვლება - რადგან სამყაროში სამომავლო/ინოვაციური ცნობიერების დამკვიდრების კონკრეტული მოთხოვნები უკვე დღის წესრიგში დგას, ისთებლიშმენტის მხარდაჭერით გამაგრებული. სწორედ ასეთ დროს და ასეთი ფორმებით (ანონიმური არჩევნები, რეფერენდუმები) ამტკიცებს “ნაცრისფერი ზონა” თავს (“ბრექსიტი” წმინდა წყლის რესენტიმენტის ფენომენია). გადარჩენა/დამკვიდრების ცნობიერება დღეს სრულ კონვულსიაშია და ისტერიული ბრძოლა აქვს გამოცხადებული უცნობი მომავლისთვის - ესაა ტერორიზმის ძირეული და ნამდვილი მიზეზი (სხვა მიზეზები ლოკალურ/მომყოლია), ასევე რუსეთის ფუნდამენტალისტური აზროვნებისა და აგრესიის საფუძველიც (ბატონ გარეწარ-დუგინის იდეოლოგიურ მოძღვრებაში ეს დიქოტომია უგნურად, მომავლის მიმართ თვალდათხრილად, მაგრამ სტრუქტურის დონეზე ცხადად აქვს დანახული).  

მოკლედ, მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის სათავეში მოვიდა კაცი - ყოველგვარი პოლიტიკური ცოდნის გარეშე, უმრავლესობის აზრით გაუნათლებელი, პრიმიტიული ენით მოსაუბრე, ზედაპირული წარმოდგენებით სამყაროზე და მოვლენებზე, არანაირი პოლიტიკური ცოდნის და უნარ/ჩვევების მქონე, ბუნებით კარიერისტ/ავანტიურისტი, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: “მე დემოკრატების იდეები უფრო მომწონს, მაგრამ რესპუბლიკელების სახელით ვიმოქმედებ, რახან მათი დარწმუნება უფრო ადვილია”(!).

აი ასეთი უპირობო ოპორტუნისტი დაიყენა სათავეში რეტროგრადთა და კონფორმისტთა ერთობამ და ეს მრავალზე მეტყველებს, მათ ისტერიკაზე და უკიდეგანო შიშებზე. “გადარჩენა/დაფუძნების ცნობიერების” საზოგადოება ხომ შიშის ნაშიერია! ის დღეს ყოველგვარ “კეთილსინდისიერებას” მოკლებული იბრძვის ყველა ტერიტორიაზე ანტიჰუმანური და ანტისამომავლო მოთხოვნების განსახორციელებლად!

იმის, რაც მოხდა კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მხარე/მიზეზი გააჩნია: ქარი და მისი პერფორმატიულ მომნუსხავი ბუნება. ქარი უყვარს რუტინაში დაძირულ ხალხს (ჩვენ კი, უკლებლივ ყველა ადამიანი, რაღაც, გარკვეული რუტინის მატარებელი ყოველთვის ვართ). უცბად ამოვარდნილი, უფიქრელი, უცბად მომსვლელი, უცბად მომგებ/გამარჯვებულ/წამსვლელი. ქარის შარმი, შტორმის შანსი/მოლოდინი, შტორმის შემდეგ განახლებული პეიზაჟის წარმოსახვითი ხიბლი, უყვარს ადამიანს (ყველას უკლებლივ - ქვეცნობიერად) - რახან პრაქტიკულად ყველა აცნობიერებს საკუთარი თავის შიგნით, დიდს და ქმედითს ვერაფერს ატარებს, ამიტომ გარედან შემოსულს ელტვის - ის, რაც მათთვის გულის შემტოკებელი გასართობია ამ მოსაბეზრებლად განმეორებად სამყაროში. ასეთი შარმი ყველაზე მომნუსხავი დაუხვეწავი, სტიქიურად ინსტინქტებს მიმყოლი ადამიანებისთვისაა: მომავალზე დაუფიქრებლობა/გაუფრთხილებლობა, “ექშენი” (ერთჯერადი ქმედება) და მერე წყალსაც წაუღია ყველაფერი - ისტერიკის ეს ფორმა  განუვითარებელი და დინამიკით არდაკავებული გონების მახასიათებელია! მაგრამ ეს ქარიც აუცილებელია სამყაროსთვის. ეს მტოკავი ნერვი, რომელიც უეცარ სიტუაციებს აჩალიჩებს და სამყაროს არადაგეგმილად ავრცობს. ეს გაუგებრობის, საჭირო და სასარგებლო ქაოსის შემომტანი ძალაა - რომელსაც თუ საბოლოოდ გონებამ არ უხელმძღვანელა, დამღუპველიც შეიძლება გამოდგეს.

ტრამპი - არადამძიმებული (არსებულ სტრუქტურებში გაბმულობის სერიოზულობით), გოიმბაზი ენერგიით, კონტრავერსულად ექსტატურ/ექსცენტრული, უბრალო ენით და მარტივი პროპოზიციებით მეტყველი, - პოპულისტი/ოლიგარქი - ანუ სააკაშვილ-ივანიშვილის ნაზავი შეიძლება სულაც უცნაური ჯოკერი გამოდგეს, თუ მართლა უგონო, მაგრამ “ნების თამაშების გამტარია”. ისე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ სპექტაკლმა მოულოდნელი მიმართულებაც აიღოს!

და კიდევ გეტყვით: პრაქტიკულად ყველა ადამიანი დღესდღეობით, ანუ ადამიანის ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე, გულის სიღრმეში კვლავაც ნაწილობრივ მემარჯვენეა - ესე იგი, შიშებით დათრგუნულ/გაფაციცებული და გადარჩენა/დამკვიდრების ვნებით შეპყრობილი სუბიექტი. ჩემი და თქვენი ჩათვლით. ის, თუ ვინმეს ცოტა გონება უჭრის და მომავლის ხედვის რაღაც უნარი გააჩნია, არ ნიშნავს, რომ შიშების მიღმა დგას - და თუ მას ფეხზე მყარად დგომას დაპირდები (რანაირი ყალბიც არ უნა იყოს დანაპირები), მასზე (და არა “სხვაზე”) ზრუნვის შენი სურვილის პროპაგანდას თავს მოახვევ, სხვისგან გამოყოფილ ბედნიერება/წარმატებას აღუთქვამ და ეტყვი, რომ “სხვა” მას არ სჭირდება, თუ მტერს დაუკონკრეტებ და ასევე ხელისშემშლელ გარემოებებზე ზუსტად მიანიშნებ - ის შენ ნამდვილად წამოგყვება. შეიძლება მეც და თქვენც წავყვეთ - “не исповедимы пути Господни” - ნათქვამია.  

ასეც მოხდა - ცოცხალ/ვიტალურმა, პერსონიფიცირებულმა სიგოიმემ დახვეწილ და მიზანმიმართულ, მაგრამ რუტინას (თუნდაც დინამიურს) ვერ გაქცეულ ტავტოლოგიურ ენობრივ სტრუქტურას მოუგო ომი.  

ამ მომენტისთვის ზოგადად მსოფლიო კულტურის ყველაზე დიდი სირთულე, მაგრამ უსაინტერესოესი მომენტი, სამყაროსეული მნიშვნელობის მქონე გარდამავალ პერიოდში არსებობაა. ადამიანის ცნობიერება, როგორც ვახსენე, იმყოფება არა ეპოქალურ, არამედ ბევრდ მეტ - სამყაროსეული მეტამორფოზის სიტუაციაში. გონიერების მთავარმა მოძრაობამ - ლიმიტების მიღმა არსებულის წვდომის ავანგარდმა, ბოლო 150 წლის უზარმაზარი დაძაბულობისა და დინამიზმის ხარჯზე გაარღვია ცნობიერების ისტორიულ/ფუნდამენტური ფორმა “გადარჩენა/დამკვიდრების ცნობიერება” - დაეხსნა ბრჭყალებიდან ამ პრიმიტიულ მონსტრს, რომელსაც ადამიანი ცხოველურ დამოკიდებულებაში და მიბმულობაში ჰყავდა სამყაროში არსებობის მოდუსთან მიმართებაში - ანუ, “აქ” არსებობაზე მიჯაჭვულობაში ამყოფებდა. ნელ-ნელა ფორმდება აქამდე სრულიად უცნობი, მომავლის დინამიზმისთვის თავგანწირვის ფორმა, ანონიმურ ზეტექნოლოგიურ ცნობიერებაში ჩაღვრილობა-განწოვის შინაგანი სურვილი, ანუ ისეთი ცნობიერების ფორმა, რომელმაც უზარმაზარ და სრულიად ახალ სააზროვნო ვექტორებს გვაზიარა. ამ სამყაროსეულ მოვლენაში ადამიანის უსანუკვარესი ოცნება სრულდება: კომუნალურ დინამიკაში (არა ინდივიდუალურში - როგორც აღმოსავლეთშია) ჩაამთავროს “ადამიანის” ისტორიული ბედი და ახალ სრულიად ირაციონალურ გადახსნილობაში განზავდეს - ამისთვის მას ადამიანის “აქ” არსებობა მოაქვს შესაწირზე. ამ დინამიკაში ხელოვნების ავანგარდმა, როგორც ირაციონალურის ისტორიულმა ლიდერმა, ეს საპატიო მისია დღეს მეცნიერებას დაუთმო, რომელმაც სამყაროს საწყისის და მისი ძირის სრული ირაციონალობა აღმოაჩინა. ისე რომ, კომუნალურ დონეზე ხდება საკუთარი თავის, ანუ კულტურული იდენტურობის, მსხვერპლად მოტანა. სამსხვერპლო საგანი ცნობიერებაა - რომელიც მომავალში სინგულარობის ყოვლისმომცველ ერთიანობის ანონიმურობაში უნდა განიწოვოს - ასეთ დღესასწაულში უნდა დამთავრდეს “ადამიანი” და ეს მან ნებაყოფლობითად უნდა განახორციელოს, ამისთვის თვითშეგნებული მზადებით და მზადყოფნით.   

მოკლედ, სამყარო სრულფასოვან და სისხლსავსე ცხოვრებას ცხოვრობს და ფინიშის ხაზისთვის დამახასიათებელ უდაძაბულეს ბრძოლებშია (უზოგადეს ბინარულ წინააღმდეგობებს შორის) დღეს ჩაბმული - დიდი ამპლიტუდური რყევებით, რხევებით და გადახრებით. 

ერთ დღეს ეს დამთავრდება - მწამს, რომ სულ მალე და უცნობი სიკეთით! 

მე ასევე მწამს, რომ ტრამპის ფენომენი (თუ ის “კაცური კაცია”, მართლა ექსცენტრიკია და არ გაჰყვა პასიურად დინებას) მხოლოდ კარგს მოგვიტანს: კიდევ ერთხელ, აშკარად და შეიძლება საბოლოოდ(!) დაგვარწმუნებს, რომ “ცნობიერების  ცვლილების” დინამიკა უპირობოდ სწორია და კაცობრიობა ასაფრენ ბილიკს ადგას! კიდევ და საბოლოოდ შევიგნებთ, რომ საერთო სახალხო რეფერენდუმებმა/არჩევნებმა არაფერი შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას კ ა რ გ ი  და  პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი, როცა გადასაწყვეტი დილემა მომავალს და წარსულს ეხება რახან ასეთ დროს კონფორმიზმი “ნაცრისფერი ზონის” გვერდში დგომით ყოველთვის გაიმარჯვებს! ჯერჯერობით და ამჟამად “ნაცრისფერი ზონა” კაცობრიობის მინიმუმ 70%-ს შეადგენს და ის ყველაფერს ყოველთვის უცნობი, ანუ გადახსნილი მომავლის საწინააღმდეგოდ გაწყვეტს! ამ სიტუციამ შეიძლება საბოლოოდ მიგვახვედროს, რომ წინმსწრაფ დინამიკასთან პარალელურად უდიდესი ენერგია და დრო უნდა ჩაიდოს საზოგადოების სულიერ/მენტალური რეალობის ერთიანობის მოსაპოვებლად და ეს განათლებისა და მომავლის სურნელის შეტანით უნდა მოხდეს “ნაცრისფერ ზონაში”. და კიდევ, ბოლოს და ბოლოს უნდა გაცნობიერდეს, რომ ეს ბანალურ/პრიმიტიულად გაგებული დემოკრატიის იდეა უმაქნისია და ბევრად დრეკადი და სიტუაციონისტური პოლიტიკა გვმართებს თუ გვსურს: რომ ერთიანი, არატერიტორიალურ/დენადი ცნობიერების იდეა საბოლოოდ გახდეს ადამიანის მომავალი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^