Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენიალური ჩარლზ დარვინი

11 დეკემბერი 2016

გავიმეორებ, რომ მხოლოდ უწყვეტ პროცესს აქვს და მხოლოდ უწყვეტი პროცესის აღქმაში არსებობს და გამოიყოფა უახლოესი წარსული და უახლოესი მომავალი, ანუ აწმყო. მე ხომ აწმყო განვსაზღვრე, როგორც შუალედი უახლოეს წარსულსა და უახლოეს მომავალს შორის როგორც ფიზიკურ, ობიექტურ რეალობაში, ასევე აღქმის სუბიექტურ რეალობაში. სტატიკური, უძრავი კადრების წყვეტილი, დისკრეტული რიგი, რაც გინდა ხშირი იყოს, განსაზღვრების ძალითაა მოკლებული სწორედ სავსე შუალედებს. სტატიკური კადრების დისკრეტულ რიგში შუალედები, შეიძლება ითქვას, ცარიელია, უფრო ზუსტად, არანაირად არაა გამოხატული და, ამ თვალსაზრისით, არც არსებობს. აწმყო არის გამოხატული შუალედი. 

ამავე დროს, ვფიქრობ, მომავალში თანდათან შევძლებ იმის ჩვენებას, რომ ცნობიერება და აღქმის სუბიექტი აწმყოს „განშტოებებია“; რომ ცნობიერება და სუბიექტი აწმყოში იგულისხმება და სათანადო პირობებში ორივე ვითარდება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ორი ფენომენის სახით, რომელიც, თუ დავუკვირდებით, არასოდესაა მთლიანად მოწყვეტილი აწმყოს, უახლოესი წარსულისა და უახლოესი მომავლის შუალედს.

ცნობიერებისა და სუბიექტის თაობაზე ჩემი ეს შეხედულება, ვფიქრობ, იძლევა საკმაოდ მკაფიო და შემოწმებად კრიტერიუმს, რომლის მეშვეობით შეგვიძლია იმის დადგენა, აქვს თუ არა ამა თუ იმ ცოცხალ არსებას, მეტიც, ახასიათებს თუ არა ამა თუ იმ ბიოლოგიურ სახეობას ცნობიერება და, მასთან ერთად, შინაგანი - ცხადია, შინაგანი - სუბიექტი, რომელიც აცნობიერებს და განიცდის, ხედავს და გრძნობს. ჩემი ვარაუდი ასეთია: ცოცხალ არსებას აქვს ცნობიერება და ცნობიერების სუბიექტი, თუ იგი აღიქვამს უწყვეტ მოძრაობას, როგორც უწყვეტს და არა როგორც განცალკევებული, უძრავი კადრების რიგს. სხვა სიტყვებით, თუ ორგანიზმი ფიზიკურ სამყაროში მიმდინარე პროცესს რომელიმე სახის სენსორული ინფორმაციის საფუძველზე აღიქვამს როგორც უწყვეტ პროცესს, ასეთ შემთხვევაში მას, ორგანიზმს, აქვს ცნობიერება! 

ცნობილია, რომ ცნობიერების დასადგენად რამე კონკრეტული კრიტერიუმი მეცნიერებას ჯერ არ გააჩნია. საკმაოდ პოპულარულია და იმედის მომცემი ჰგონიათ ჯულიო ტონონის მიერ შემოთავაზებული, ეგრეთ წოდებული, ინტეგრირებული ინფორმაციის მათემატიკური სიდიდე, ოდენობა. მაგრამ მათემატიკურობის მიუხედავად ეს თვალსაზრისი არაცნობიერი ინფორმაციიდან ცნობიერების წარმოშობის არსებითად არანაირ ახსნას არ იძლევა. ამის გამოა, რომ ჯულიო ტონონი და მასთან ერთად კრისტოფ კოხიც ცნობიერების ასახსნელად პანფსიქიზმში იძირებიან, რაც ნიშნავს ცნობიერების მიწერას ნებისმიერი, უმცირესი ფიზიკური ფენომენებისათვისაც კი. ამ აშკარად არამეცნიერული ჰიპოთეზის თანახმად ადამიანის ტვინი წარმოადგენს რთულ მექანიზმს, რომელშიც მისი შემადგენელი ფიზიკური ელემენტების კუთვნილი პატარ-პატარა ცნობიერებები იმგვარად იკრიბება და ერთიანდება, ისეა ინტეგრირებული, რომ შედეგად მიიღება ადამიანისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, დიდი ცნობიერება. 

რომ სენსორული ინფორმაცია დისკრეტულია, რომ ინფორმაციის დამუშავება ტვინის მიერ დისკრეტული პროცესების მეშვეობით ხდება, ამაში გვარწმუნებს ნეირონების წყვეტილი, დისკრეტული ფუნქციონირება. ნეირონი ხომ სიგნალებს იღებს და გადასცემს დისკრეტული ელექტრო-ქიმიური პორციების სახით. თუმცა, ამასთანავე, ნეირონების დიდი ჯგუფების სინქრონული მოქმედება გამოიხატება სხვადასხვა სიხშირის რხევებით. ცნობიერების, უფრო ზუსტად, ვიზუალური ცნობიერების ნეირონული კორელატის როლში ეს რხევები, კერძოდ გამა რხევები, ცნობიერების მეცნიერული კვლევის გარიჟრაჟზე (1990 წელს) ივარაუდეს ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრენსის კრიკმა და იმავე კრისტოფ კოხმა.

მაგრამ მათი ვარაუდი მხოლოდ კორელაციას ეხებოდა და არა ნეირონული პროცესებისა და ცნობიერების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. რამდენადაც მახსოვს, ამ მკვლევრებს არც მაშინ და არც შემდეგ არ გააჩნდათ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა გამოეწვია კონკრეტულ ნეირონულ პროცესს ცნობიერება.

ჩემი პასუხი ამ კითხვაზე უკვე საკმარისად ნათელი უნდა გამხდარიყო მკითხველისთვის. მაინც დავაზუსტებ, რომ ტვინის მიერ გარკვეული „წყვეტილი“ ელემენტების, კერძოდ, დისკრეტული ინფორმაციის, გარდაქმნა უწყვეტ პროცესად ავტომატურად გამოიწვევს უახლოესი წარსულისა და უახლოესი მომავლის გამაერთიანებელი შუალედის ანუ აწმყოს წარმოშობას, ემერგენციას(!). მკითხველს შევახსენებ, რომ ჩემი (ვაი რომ, მხოლოდ ჩემი) ტერმინოლოგიით ესაა სკალარული ინფორმაციის გარდაქმნა ვექტორულ ინფორმაციად. აწმყო კი, ვფიქრობ, გულისხმობს ცნობიერებასაც და მის სუბიექტსაც, რომელიც როგორც ობიექტს „უპირისპირდება“ აწმყოს კონკრეტულ გრძნობად და არა მარტო გრძნობად - ადამიანის შემთხვევაში, ვთქვათ, ბიოგრაფიულ ან კონცეპტუალურ - შინაარსს.  

ერთხელ ჩოქელა მესტუმრა და მთელი დღე ჩემთან გაატარა. გინახავს ალბათ, როგორი ცახცახით დადის ჩოქელა, თითქოს მისი კიდურები ტვინიდან მხოლოდ წყვეტილ, დისკრეტულ ბრძანებებს იღებს. მიჩნდება კითხვა, რომელზეც მხოლოდ ვინმე ჩემსავით მოცლილი პალეონტოლოგი თუ გამცემს პასუხს: ოდესღაც, ასეულობით მილიონი წლის წინ, ხმელეთის პირველ ბინადარ არსებებს ხომ არ ახასიათებდა ჩემი ჩოქელას მსგავსი წყვეტილი, ცახცახით მოძრაობა ან, ახლა ვიფიქრე, ბაყაყივით ნახტომებით გადაადგილება? თუ ასეა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა მარტო გარესამყაროში უწყვეტი მოძრაობის უწყვეტად აღქმა, არამედ საკუთარი სხეულის უწყვეტი მოძრაობა განვითარების მხოლოდ გარკვეულ, საკმაოდ მაღალ საფეხურზეა ტვინისთვის მისაწვდომი; სახელდობრ მაშინ, როცა იგი, ტვინი, ცნობიერებას იძენს. აზრის ეს, ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი, მიმოხვრა მკარნახობს კიდევ უფრო გამარტივებულ კრიტერიუმს ცოცხალ არსებაში ცნობიერების დასადგენად: ცნობიერების არსებობაზე მეტყველებს არა მხოლოდ გარესამყაროში უწყვეტად მიმდინარე პროცესების ასევე უწყვეტად აღქმა; არამედ, პირველ რიგში, ცნობიერების რომელიღაც საწყის, უმარტივეს ფორმაზე შეიძლება უკვე მიუთითებდეს ორგანიზმის უნარი, ხმელეთსა და ჰაერში, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის უშუალო გავლენის მიუხედავად, იმოძრაოს უწყვეტი მოძრაობით და არა ცახცახით ან მხოლოდ იმპულსური ნახტომებით, ან მყარ ზედაპირზე სრიალით.  

და თუ ცნობიერება მართლაც, ასე ვთქვათ, შევსებული შუალედის ხელოვნებაა, სხვა სიტყვებით (ვაგლახ, სრულებით უნებლიე ეროტიკულ ასოციაციებს რომ თავი დავანებოთ), თუ ცნობიერება არის უშუალოდ აწმყოს ფუნქცია, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ფრენსის კრიკი და ადრეული კრისტოფერ კოხი სწორ გზაზე იდგნენ, როცა ცნობიერების ბიოლოგიურ საფუძველს „ენცეფალოგრამაში“ ხედავდნენ. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ, ცხადია, მომავალ ესეებში თუ დავიწყებ საუბარს, რადგან ზოგი რამ, როგორც ზემოთ ვთქვი, აქ ჩემთვისაც ახალია. როცა ამ საკითხების ურთიერთდამაკავშირებელი რგოლები ცოტა მეტად გამოიკვეთება, ვიმედოვნებ, მაშინ ჩემი მომდევნო ესეებიც ნაკლებად წყვეტილი და, შესაბამისად, უფრო „ცნობიერი“ გახდება.
კიდევ ერთი ნახტომის ნება მაინც აქვე უნდა მივცე თავს. ცნობილია, რომ ცნობიერების ევოლუციური ფუნქცია დღემდე დაუდგენელია. ისიც ცნობილია, რომ დღემდე ვერ შეთანხმებულან მეცნიერები და ფილოსოფოსები, თუ რა სარგებლობა, რა ხელსაყრელი უპირატესობა უნდა მოეტანა ცნობიერებას (თუნდაც მხოლოდ) ადამიანისთვის ისეთი, რომ ბიოლოგიური ევოლუციის განმავლობაში უაღრესად მკაცრმა და მომჭირნე ბუნებრივმა გადარჩევამ ყველა ნორმალურ ადამიანში შემოინახა იგი, ცნობიერება. მართლაც, გონებას ცნობიერების გარეშეც, არაცნობიერადაც მშვენივრად შეუძლია ფუნქციონირება. ხოლო ისეთი ვარაუდი, როგორსაც ფსიქოლოგი ნიკოლას ჰამფრი გამოთქვამს - თითქოს ცნობიერმა აღქმამ განსაკუთრებით მომხიბლავი, ძვირფასი და სასურველი გახადა ადამიანისთვის თავისი ცხოვრება და არსებობა - ვფიქრობ, ბიოლოგიური ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის  პროფანაციას უფრო ემსახურება, ვიდრე ცნობიერების ფუნქციის ახსნას. 

ჩემი ვარაუდით, ცნობიერება ცოცხალ არსებას აძლევს იმის საშუალებას... უფრო ზუსტად, ცნობიერება არის ცოცხალი არსების უნარი, რომ უწყვეტად აღიქვას, ვთქვათ, მასზე მონადირე რომელიმე ვერაგი მტაცებლის თავდასხმა, ან მოსანადირებელი, გემრიელი ანტილოპას ზიგზაგებით გაქცევა. ორივე შემთხვევაში, ცხადია, აუცილებელი რეაგირების ცოტათი მაინც უკეთესი შანსი ექნება ცნობიერების მქონე ადამიანს (არსებას), იმ კონკურენტთან შედარებით, რომლის ტვინი მხოლოდ ერთმანეთისგან „დაშორებულ“, სტატიკურ ფრაგმენტებს აღიქვამს. ამრიგად, შუალედების ცოდნა გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა ჩვენი წინაპრების სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მათი ნაყოფიერი არსებობის გასაგრძელებლადაც. ხოლო თუ ცნობიერებას ევოლუციის შორეულ საფეხურებზე დავუშვებთ და მას ორგანიზმის მიერ გრავიტაციის წინააღმდეგ უწყვეტი მოძრაობის ათვისებასთან დავაკავშირებთ, ვფიქრობ, ზედმეტი ახსნის გარეშეც აშკარაა ამგვარი გაუმჯობესების სარგებლიანობა სწორედ ბიოლოგიური კონკურენციის თვალსაზრისით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩოქელას ცახცახი მხოლოდ ილუსტრაციად მოვიტანე, თორემ ამგვარი მოძრაობა აშკარად იმიტომ შენიშნა, შეინახა და გააძლიერა ბუნებრივმა გადარჩევამ, რომ ასე უფრო მეტად ჰგავს თანაც მწვანე ჩოქელა ნიავისგან შერხეულ წვრილ ტოტებს, რაც მას ნადირობასაც უადვილებს და მტაცებლისთვისაც ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

სხვაგანაც დამიმოწმებია რუდოლფო ლინასის დებულება, რომ აზროვნება არის გაშინაგანებული, ინტერნალიზებული მოძრაობა. სხვათა შორის, ლინასიც ვარაუდობს, რომ ცნობიერება წარმოიქმნება ტვინის გარკვეული უბნების გამა სიხშირის რხევებით სინქრონიზაციის შედეგად. თუმცა თუ რატომ წარმოშობს ეს მოვლენა ცნობიერებას, ამას არც ლინასი ხსნის. აქ კი ამ შესანიშნავი ნეიროლოგისა და ავტორის პარაფრაზირებით ვიტყოდი, რომ ცნობიერება, პირველ რიგში, არის უწყვეტი მოძრაობის ინტერნალიზაცია, გაშინაგანება; და რომ, ამავე დროს, შესაძლოა პირიქითაც ხდებოდეს, რომ უწყვეტი მოძრაობა, თავის მხრივ, წარმოადგენს ცნობიერების ექსტერნალიზაციას, ანუ ორგანიზმის მიერ თავისი შინაგანი ცნობიერების გარეგან გამოხატვას. მკითხველო, თუ გგონია, ზედმეტი მომდის, გაგახსენებ: ა) ევოლუცია თვითონაც სწორუპოვარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა; ბ) გენიალური ჩარლზ დარვინი ფანტაზიის მადას აღძრავს. 

ჯორჯო დე ჩირიკო, "პოეტის მერყეობა"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^