Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენეთა ოკეანეში

13 დეკემბერი 2016

ხშირად მეკითხებიან: ,,როგორ მოვახერხო?“; „როგორ შევძლო?“; „ნებისყოფა რომ არ მყოფნის?!“; „მგონია, არ გამომივა და ხელს ჩავიქნევ ხოლმე“; ,,დროც არ მაქვს!“...

მაშ ასე:

1.  თავიდანვე აუკრძალეთ საკუთარ თავს ამის გაფიქრებაც კი: ,,არ გამომივა”; ,,ვერ შევძლებ”; ,,ვერ ვისწავლი”; ,,დრო არ მაქვს”; ,,ვერ დავიმახსოვრებ”; ,,ნიჭი არ მაქვს“ და ა.შ. თუკი გულით გინდათ, ყველაფერი გამოგივათ. არასოდესაა გვიან; მხოლოდ გარდაცვლილთათვისაა გვიან. მორჩით წუწუნს. ვიდრე მოძრაობთ, თვალი გიჭრით, სუნთქავთ, სიარული შეგიძლიათ, აზროვნებთ და დამოუკიდებლად არსებობა ძალგიძთ, ყოველივეს აქვს აზრი;

2. ყოველდღე შეეხეთ ენას; ყოველდღე ისწავლეთ რამდენიმე სიტყვა მაინც. თუკი არ დაგრჩათ დრო, გამოყავით 15 წუთი, აუცილებლად გადაიმეორეთ განვლილი მასალა, გრამატიკული წესები და ყოველივე აღიდგინეთ მეხსიერებაში. რაც მთავარია, ხმამაღლა და მკაფიოდ წარმოთქვით ყველა სიტყვა. ენას ერთი ცუდი თვისება აქვს - მივიწყება იცის. ამიტომაც, დღემუდამ უნდა იყოთ ჩაფლული ლინგვისტურ მიკროკლიმატში, რათა იგრძნოთ მისი ბობოქარი და შლეგი მაჯისცემა. ჯობია, ყოველდღე რამდენიმე წუთით მაინც წაიმეცადინოთ, ვიდრე ერთ დღეს გამოიჩინოთ გმირობა, სამი საათის მანძილზე არ აიღოთ თავი წიგნიდან, ზღვა მასალა ჩაიტენოთ გონებაში და მერე მთელი კვირა სათოფეზე არ გაეკაროთ სახელმძღვანელოს. ასეთი მეთოდით ვერ მიაღწევთ წარმატებას;

3. ყველა სიტყვა ისწავლეთ კონტექსტის გათვალისწინებით. არასდროს დაეძგეროთ ცალკეულ ლექსიკურ ერთეულს, თორემ დაიბნევით და ვერ მიხვდებით, რომელი ზედსართავი რომელ არსებით სახელს უნდა შეუხამოთ. ესაა საწინდარი ენის კარგად ათვისება-დაუფლებისა; მასში ერთიანად ჩაფლობისა. ამოიწერეთ ერთი სიტყვის მრავალი მნიშვნელობა და შესაბამისი მაგალითებითურთ დაისწავლეთ;

4. რაც შეიძლება, ხშირად გაიმეორეთ ნასწავლი სიტყვები ხმამაღლა, ან უტყვად, გონებაში. თუ მკაცრი სამუშაო განრიგის გამო ვერ ახერხებთ გამუდმებით ლექსიკონში ქექვას, როგორც კი გამოგიჩნდებათ თავისუფალი წუთი, ან მოხვდებით ტრანსპორტში, ან გაჩერებაზე, მეტროში, ან ავტობუსში, მყისვე შეუდექით საქმეს, რათა გაიმყაროთ ცოდნა;

5. ისწავლეთ იდიომატური ფრაზები, ხატოვანი გამოთქმანი, მზამზარეული კონსტრუქციები და რაც შეიძლება, ხშირად გაიმეორეთ ხმამაღლა. თუ გინდათ, სწორად წარმოთქვათ სიტყვები და ქართულმა აქცენტმა არ დაგძლიოთ, უყურეთ ფილმებს იმ ენაზე, რომლის შესწავლაც გსურთ. ასე ყურიც მიეჩვევა სასურველი ენის ფონეტიკას და გონებაც გავარჯიშდება. ასე ვიქცეოდი მეც, როცა ესპანური ენის შესწავლის სურვილი მწვავდა. ბავშვობიდან მიზიდავდა ეს ჯადოსნური ენა; ამიტომაც, ვიდრე 16 წელი შემისრულდებოდა, ყოველ ცისმარე დღეს, რვეულმომარჯვებული ვუყურებდი „ტელემუნდოს“, „კორალისა“ და „ვენევისიონის“ ესპანურენოვან სერიალებს, გაფაციცებით ვუგდებდი ყურს მსახიობებს, რვეულში ვინიშნავდი მათ სიტყვებს და დილიდან დაღამდებამდე ვიმეორებდი კასანდრას, რანდუს, მონიკას, ხუანის, ჰაიმეს, ჰადეს, ლუკასის, ელენას, ედუს, კამილას, მარისას, ლუის-ალბერტოს, კაპიტუს, ესტელას, ირისის, სინტიას, მილაგროსის, გვადალუპეს, დანიელის, ლულუსა და ალტაგრასია დელ ტოროს დიალოგებს;

6. გახსოვდეთ, რომ საათნახევრიანი გაკვეთილით არ სრულდება ენის შესწავლა. სახელმძღვანელოებში მოქცეული მწირი მასალა მარტოოდენ პირველი საფეხურია. არაფერს მოგცემთ გრამატიკისა და ლექსიკის საბაზისო დონე. ენა უძირო და უკიდეგანო ოკეანეა, რომელშიც მთელი არსებით უნდა შთაინთქათ. ხშირად წაიკითხეთ სტატიები და მხატვრული ლიტერატურა. ნუ დაიზარებთ რვეულში სიტყვების ჩაწერას და დასწავლას. არავის და არაფერს ძალუძს თქვენი ენობრივი მარაგის ისე გამდიდრება და გამრავალფეროვნება, როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატს. თუ ხელს არ მიჰყოფთ ტექსტების კითხვას, სრულყოფილად ვერ დაეუფლებით ენას;

7. ეცადეთ, თქვენს ქალაქში/სოფელში/დაბაში იპოვოთ ბიბლიოთეკა, ან წიგნის მაღაზია, სადაც აქვთ ჟურნალები, გაზეთები, წიგნები და სხვადასხვა გამოცემები იმ ენაზე, რომლის შესწავლაც გსურთ. ეწვიეთ ენისა და კულტურის ცენტრებს, დაესწარით სხვადასხვა ღონისძიებებს;

8. „მორთეთ“ თქვენი სახლი უცხოენოვანი წარწერებითა და წებოვანი ქაღალდებით. მიამაგრეთ სიტყვებით აჭრელებული ფურცლები მაცივარზე, ჭურჭლის კარადაზე, სააბაზანოს სარკეზე, კომოდზე, საწოლის გასწვრივ გოროზად აღმართულ კედელზე... ასე უფრო ხშირად შეხედავთ მათ; ენა შემოიჭრება თქვენში და დაივანებს თქვენს გონებაში;

9. შეადგინეთ თქვენი პატარა ლექსიკონი, ჩაწერეთ რვეულში, ან უბის წიგნაკში და მუდამ თან ატარეთ. როცა მოგინდებათ, ჩაიჭყიტეთ;

10. ჩამოწერეთ ყოველდღიურ საქმიანობათა სია იმ ენაზე, რომლის დაუფლებასაც მიელტვით. აღწერეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, მოგზაურობა, გარემოცვა, საყვარელი ფილმი, წიგნი, სერიალი;

11. ხშირად გადაამოწმეთ თქვენი ნაწერი ინტერნეტისა და გრამატიკის სახელმძღვანელოების დახმარებით. თვალსაჩინოებისათვის, წითელი კალმით გაასწორეთ შეცდომები. ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას, გამოვიწეროთ საინტერესო გამოცემები ჩვენთვის სასურველ ენაზე. ისარგებლეთ ამ შანსით;

12. ხშირად იკითხეთ სტატიები იმ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან რომ გაინტერესებთ და გაწუხებთ. მაგალითად, თუკი სოციალური საკითხებით, ქალთა უფლებებით, ცხოველთა დაცვით, გლობალური დათბობით, ან კინემატოგრაფიითა ხართ დაინტერესებული, ამოირჩიეთ შესაბამისი თემატიკის სტატიები, გემრიელად მოკალათდით სავარძელში და წაიკითხეთ. თავადაც კი ვერ მიხვდებით, რაოდენ სწრაფად შეივსებთ სიტყვათა მარაგს.

13. მხოლოდ სხეულს არ სჭირდება გიმნასტიკა; ლინგვისტური გიმნასტიკაც  აუცილებელია. არასოდეს მიაგდოთ ფრაზებითა და გამოთქმებით გავსებული რვეული; მტვერი არ დაედოს ამ განძს!;

14. სიარულისას, გონებაში თარგმნეთ ფრაზები და ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი სცენები. მიმართეთ იმპროვიზაციას, აამუშავეთ წარმოსახვა, დადგით თეატრალური წარმოდგენა - წაიკითხეთ ძალზე ხმამაღლა, მხურვალე პათოსით, გამოთქმით, დეკლამაციით; მოიშველიეთ ჟესტები, სიტყვები წარმოთქვით მხიარული, სევდიანი, ან მრისხანე ტონით; მიბაძეთ საყვარელი ფილმებისა და ტელესერიალების გმირებს;

15. თუკი მდიდარი წარმოსახვით ხართ დაჯილდოებული, თითოეული სიტყვა დაუკავშირეთ რაღაც შეგრძნებას, რომელიმე ფერს, ოცნებას, განცდას, სურნელს, გემოს, სურათ-ხატს... ასე უფრო იოლია მათი ,,დატყვევება“. „დაანაწევრეთ“ ლექსიკა და დაყავით თემატურ სვეტებად; მაგალითად, პირველში ჩაწერეთ „ხილი-საკვები-ბოსტნეული“; მეორეში - „სასტუმრო-მოგზაურობა“; მესამეში - „ჭურჭელი-თეთრული-სახლის აღჭურვილობა და მოწყობილობანი“; მეოთხეში - „ბუნება და ცხოველები“; მეხუთეში - „აეროპორტი“ და ა.შ. ამგვარად, ლექსიკური მარაგი ქაოსურად გაფანტული კი არ იქნება, არამედ მოექცევა მკაცრ სისტემაში;

16. უცხო ენა გაგიღებთ ახალი სამყაროს კარს, დაამშვენებს, გაახალისებს თქვენს ცხოვრებას; ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალს გაგიღვივებთ გულში. ენის სწავლა არ უნდა იყოს მძიმე მოვალეობა; არ უნდა გაწუხებდეთ და გტანჯავდეთ; იგი უნდა იქცეს თქვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილად და არა იმ საქმედ, რომელსაც შეასრულებთ და მერე მიაგდებთ მთელი კვირით. არც ლექსიკონი არ იკბინება და არც გრამატიკის სახელმძღვანელო. ხშირად აიღეთ და გადაიმეორეთ.

გახსოვდეთ, არ არის გვიან! არასოდეს! აი, ამის ნათელი მაგალითიც: კატო ლომბი იყო ცნობილი უნგრელი მთარგმნელი და პოლიგლოტი, რომელმაც იცოდა 16 ენა (პროფესიით ქიმიკოსი გახლდათ). სინქრონული თარგმანის პიონერად მოევლინა მეოცე საუკუნის სამყაროს; საბჭოთა ეპოქაში გაითქვა სახელი თავისი ფენომენალური შესაძლებლობების წყალობით. მასზე დაიწერა მრავალი სტატია. სიცოცხლის ბოლომდე სწავლობდა ამ 16 ენას (უნგრულს, რუსულს, ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, იტალიურს, ესპანურს, იაპონურს, ჩინურს, პოლონურს, ბულგარულს, რუმინულს, სვოლაკურს, დანიურს, ლათინურს, უკრაინულს); დაწერა წიგნები: «Путешествия переводчика вокруг света»; «Как я изучаю языки». კატო ლომბი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ენები აითვისა სასწავლო სახელმძღვანელოებისა და რაც მთავარია, მხატვრული ლიტერატურის წყალობით. ისიც იზიარებდა შემდეგ პრინციპსა და კრედოს: ,,ერთაბაშად შთაინთქით ენის ოკეანეში”. როცა რუსულს სწავლობდა, ლექსიკონის დახმარებით წაიკითხა გოგოლის ,,მკვდარი სულები” და ამგვარად აუღო ალღო ამ ენის მორფოლოგიურ და სინტაქსურ სტრუქტურას. ამქვეყნიური მოგზაურობის დასრულებამდე რამდენიმე წლით ადრე, 90-ს მიტანებულმა, გადაწყვიტა კიდევ ორი ენის შესწავლა. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შეინარჩუნა ნათელი გონება და ჩინებული მეხსიერება.

მეც ვეთანხმები ქალბატონ კატოს და აღვნიშნავ, რომ ჯობია, 6 ენას ფლობდეთ სრულყოფილად, ვიდრე 10 იცოდეთ საშუალო დონეზე. ლექსიკის მწვერვალი არაა „გამარჯობა“, „ნახვამდის“, „ვარ 26 წლის“ და „მე მქვია ალტაგრასია“. გაარღვიეთ მოჯადოებული წრე! ენა უნდა შეიპყროთ, დაეუფლოთ და გაიჟღინთოთ მისი სურნელით; უნდა თქვათ არა: ,,მე ვლაპარაკობ ფრანგულად, ესპანურად, ბერძნულად, ბრაზილიურ-პორტუგალიურად, იტალიურად და რუსულად”, არამედ ,,მე ვფლობ ფრანგულს, ესპანურს, ბერძნულს, ბრაზილიურ-პორტუგალიურს, იტალიურსა და რუსულს”.

როცა 86-ს მიტანებული კატო ლომბი შეხვდა 54 წლის მეგობარს, აღფრთოვანებით შესძახა: ,,სტივ, რა ახალგაზრდა ხართ! კიდევ რამოდენა გზა გიძევთ წინ! რამდენი ენის შესწავლას მოასწრებთ!” ამიტომაც ნუ ჩამოუშვებთ ცხვირს სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე, 25-26-27 წლის ახალგაზრდები, მოეშვით წუწუნს, ასწიეთ თავი, მოიღერეთ ყელი და შეუძახეთ თავს: ,,ჯერ კიდევ შორი გზა მიძევს წინ. არასოდესაა გვიან, არასოდეს! მე შევძლებ! უცილობლად გამომივა!”

კატო ლომბის ლინგვისტური წყალი გადმოგსხმოდეთ და დღემუდამ ლაღად გეცუროთ ენათა თვალუწვდენელ ოკეანეში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^