Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწყემსი კეთილი

16 დეკემბერი 2016

ცხადია, ნებისმიერ არსებას თავისი სიცოცხლის შენარჩუნებისა და შთამომავლობის დასატოვებლად აუცილებლად სჭირდება მრავალი ამოცანისთვის თავის გართმევა. ეს კი ნიშნავს, რომ არსების ტვინს უნდა ჰქონდეს გარემომცველი სამყაროს და საკუთარი სხეულის ისეთი რუკა თუ სურათი, რომელიც საკმარისად ადეკვატურია, ანუ  პრაქტიკულ შემოწმებასა და დაზუსტებას უძლებს. რაც ნიშნავს, რომ ცნობიერების მქონე ორგანიზმმა თავისი ცნობიერების დინამიკურ ქსოვილში უნდა ჩართოს უძრავი საგნები, ანუ უმიმართულებო ობიექტები და შესატყვისი ინფორმაცია. მაგრამ ეს გულისხმობს, რომ ტვინმა ცნობიერებაში გარკვეული საგნები ხელოვნურად უნდა შეაჩეროს, რათა მათი ობიექტური უმოძრაობა დაინახოს და გაითვალისწინოს. ამრიგად, მე აქ გამოვთქვამ თითქმის სპეკულაციურ ვარაუდს, რომ ცნობიერების მქონე არსების მიერ მოძრაობის ცნობიერად აღქმა პირველადია, ბუნებრივი და მარტივი, ხოლო უძრაობის ცნობიერად აღქმა - მეორადი და, გარკვეული აზრით, უფრო რთულიც. 

ჩართული ტელევიზორი არის ფერადი მოძრაობა უძრავ ჩარჩოში; კოცონის ალი არის წითური მოძრაობა, ვთქვათ, მიწის უძრავ და მუქ ფონზე; როცა ამ ტექსტს ვკრეფ ვორდის თეთრად გამოკვეთილ, უძრავ გვერდზე ჩემი ხელით ვქმნი შავი ნიშნების თვალსაჩინო მოძრაობას, რომელიც ნაკადივით მეპატიჟება, რომ  წამიღოს. ეს ყველაფერი მსუბუქი თავდავიწყების მაგალითებია, რომლებიც ამჟღავნებს ტვინის, გონების მიდრეკილებას, თავი მისცეს მისთვის უფრო „ბუნებრივ“, ანუ ნაკლებად შრომატევად ქმედებას, რომელიც მიმართულების მქონე მოძრაობისა და ცვალებადობის ცნობიერ აღქმას გულისხმობს. ხოლო მეტად შრომატევადი უნდა იყოს სწორედ უძრავი საგნების ცნობიერად აღქმა, რადგან, ჩემი ვარაუდით, ცნობიერად აღვიქვამთ არა უბრალოდ უძრავ, თავისთავად გაჩერებულ, არამედ ჩვენივე ტვინისა და გონების მიერ ხელოვნურად, ძალით შეჩერებულ საგნებსა და მოვლენებს. ეს ძალდატანება, ცხადია, წარმოდგება ტვინის ევოლუციურად ჩამოყალიბებული მისწრაფებიდან, გამუდმებული  შემოწმებით დაამყაროს და განამტკიცოს ობიექტურ რეალობასთან ცნობიერების პირობითი, მაგრამ პრაქტიკულად გამოსადეგი შესაბამისობა. სუბიექტური სტიქიის თანდაყოლილ დინებაში უძრავ საგანთა ხელოვნური კუნძულები იქმნება.

აქ, ვფიქრობ, დროა შევახსენო მკითხველს, რომ, ჩემი აზრით, ცნობიერებას, როგორც ჩვენს სუბიექტურ სტიქიას, იწყებს აწმყო, რომელიც, თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა მიმართულება (ვექტორული ინფორმაცია, ჩემი ტერმინოლოგიით). რაც იმას ნიშნავს, რომ მიმართულება ენიჭება ყველაფერს, რაც ცნობიერების სუბიექტურ სტიქიაში მოხვდება. ეს კი ნიშნავს მოძრაობას როგორც დროში - წარსულიდან მომავლისკენ - ასევე სივრცეში. ხოლო სივრცე, ალბათ, უნდა განვიხილოთ, როგორც აწმყოს და, ზოგადად, დროის გრძნობადი, სენსორული ინტერპრეტაცია. ცხადია, სივრცე, როგორც დროის გრძნობადი ინტერპრეტაცია, ტვინის მიერ გამუდმებით მოწმდება ფიზიკურ, ობიექტურ რეალობასთან პრაქტიკულად გამოსადეგი შესაბამისობის თვალსაზრისით. მაგრამ რას ჰქვია ახსნა? უფრო ზუსტად, ვინ ვის უხსნის? და რას უხსნის?

აქ უნდა გავიხსენო, რომ, ჩემი აზრით, ორგანიზმში, გნებავთ, ტვინში ცნობიერება და მისი სუბიექტი ჩნდება შინაგანი ჰალუცინაციის სახით. ახლა უკვე შემიძლია დავაზუსტო, რომ ეს შინაგანი ჰალუცინაცია, უფრო ზუსტად, „ჰალუცინაციური შინაგანი სხეული“, რომელსაც ორგანიზმი და მისი ტვინი თავის თავში აღმოაჩენს, არის მანამდე უცნობი სახის, კერძოდ, მიმართულების მქონე, ანუ ვექტორული ინფორმაცია. ვფიქრობ, იგი ტვინში გარკვეული, მომავალში დასადგენი, ნეირონული მექანიზმის „უნებლიე“ მოქმედების შედეგად ჩნდება, რომელიც მანამდე იცნობს და მოიცავს მხოლოდ არაცნობიერ, მიმართულების არმქონე, სკალარულ ინფორმაციას. ასე რომ, შემიძლია დავაზუსტო და ამით რამდენადმე განვავითარო ცნობიერების ჩემი ჰიპოთეზა. ჩვენი შორეული, ბიოლოგიური წინაპრის არაცნობიერ ტვინში ოდესღაც შემთხვევით წარმოიშვა შინაგანი ჰალუცინაცია, რომელიც იყო სრულებით ახალი სახის, მიმართულების მქონე, ვექტორული ინფორმაცია, ანუ აწმყო. ცნობიერებას პირწმინდად მოკლებული ორგანიზმის ტვინში ჰალუცინაციური აწმყოს წარმოქმნა აუცილებლად შემთხვევითი უნდა ყოფილიყო, როგორც ნებისმიერი სხვა უმცირესი ცვლილებისა, რომელიც ევოლუციის განმავლობაში ინდივიდში ჩნდება და, რომელსაც ბუნებრივი გადარჩევა ყურადღებით აკვირდება. და თუ აღმოაჩენს, რომ იგი რამენაირ უპირატესობას ანიჭებს ინდივიდს სხვა ინდივიდებთან შედარებით, ასეთ შემთხვევაში, ინახავს და აგროვებს მას, ამ სასარგებლო ცვლილებას, უკვე მომდევნო თაობებში.

მაგრამ არსებობისთვის ბრძოლაში გაწაფული ინდივიდის ორგანიზმს, ცხადია, არც გარესამყაროში და არც თავისივე სიღრმეში არ უნდა გამორჩეს არცერთი მკვეთრი ცვლილება. ხოლო თუ ეს ცვლილება თანაც უცნობია, ახალია და გაუგებარი, ცოცხალი ინდივიდი აუცილებლად უნდა შეშფოთდეს, რათა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებისთვის მოემზადოს. შეშფოთება ამ შემთხვევაში გამოიხატება სიახლის შეფასებისა და გაგებისკენ მძლავრ, დაუოკებელ მისწრაფებაში, რომელიც, უნდა ითქვას, აუცილებლად მემკვიდრეობით ექნებოდა წინაპრებისგან მიღებული თავის თავში ჰალუცინაციური აწმყოს პირველად აღმომჩენ არსებას. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, რომ იგი მთელი თავისი არაცნობიერი გონების თანდაყოლილი ძალღონითა და შეძენილი გამოცდილებით შეეცდებოდა შინაგანი, ჰალუცინაციური აწმყოს თავისივე თავისთვის ახსნა-განმარტებას, გაგებინებას, ანუ ინტერპრეტაციას.

უცნაურია, მაგრამ ჩემს პირწმინდად მატერიალისტურ და ნატურალისტურ მსჯელობას იმ დასკვნამდე მივყავარ, რომ ამა თუ იმ გზით ჩვენთვის მისაწვდომი მთელი ჩვენი გარემომცველი ფიზიკური სამყარო, მასში ჩაწვეთებული ჩვენი სხეულების ჩათვლით, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე შინაგანი, სუბიექტური სამყაროს ინტერპრეტაცია. პოეტებისა და ფილოსოფოსების მიერ ნაქები ეს ჩვენი სუბიექტური სამყარო კი ჰალუცინაციაა, რომელიც იმავე ჩვენს სხეულებს ელანდება. მაგრამ არა, არანაირ გასაქანს ჩემი ეს მსჯელობა არ აძლევს საკუთარი გონებრივი სისუსტისგან აგზნებულ რელიგიას ან იდეალიზმს; რადგან, სინამდვილეში, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ შემეცნებითი, ეპისტემოლოგიური თვალსაზრისით ფუნდამენტური რეალობა არის შემთხვევითობის ველზე ბუნებრივი გადარჩევის მკაცრი შოლტით გარეკილი ბიოლოგიური ევოლუცია, რომელიც ადრე თუ გვიან მისაწვდომსა და რეალურს ხდის როგორც ფიზიკურ, ასევე სუბიექტურ სამყაროებს. ამიტომ ერთხელ მაინც როგორ არ ვახსენო ჩვენი მართლაც რომ მწყემსი კეთილი - ჩარლზ დარვინი.

პრეისტორიული მხატვრობა, ლასკოს მღვიმე, საფრანგეთი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^