Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე ვარ ჩვენ

28 დეკემბერი 2016

ცნობილი თანამედროვე ნეიროლოგი და ფსიქოლოგი, ცნობიერების მკვლევარი სტანისლას დეიანი თავის საინტერესო, თუმცა ცოტა არ იყოს იოლი გზით მიმავალ წიგნში - „ცნობიერება და ტვინი“ - დასაწყისიდანვე იყენებს იმ საკმაოდ გავრცელებულ, შეიძლება ითქვას, უკვე პარადიგმატულად ქცეულ თვალსაზრისს, რომლის თანახმად ტვინში სხვადასხვა ინფორმაცია გამუდმებით ეჯიბრება ერთმანეთს, კონკურენციაშია ერთმანეთთან, რათა ცნობიერებაში მოხვდეს. ამის თვალსაჩინო მაგალითად ითვლება, ეგრეთ წოდებული, ბინოკულარული ილუზია. იგი მაშინ ჩნდება, როცა მარტივ ექსპერიმენტულ პირობებში ორივე თვალი ცალ-ცალკე ხედავს ერთმანეთისგან განსხვავებულ, დაუკავშირებელ სურათებს; რის შედაგადაც ადამიანის ცნობიერებაში იქმნება არა სურათების მოსალოდნელი, გადღაბნილი ნაზავი, არამედ სურათების თანმიმდევრული მონაცვლეობა, როდესაც ადამიანი ცნობიერად ხედავს ხან მხოლოდ ერთ, ხან კი მხოლოდ მეორე სურათს. ამ ილუზიის ასახსნელად ტრადიციულად მიმართავენ ჰიპოთეტურ კონკურენციას სხვადასხვა თვალის მიერ დანახული განსხვავებული სურათების შესატყვის ორ ინფორმაციას შორის. მიაჩნიათ, რომ რადგან ორივე სურათი გამუდმებით თვალწინაა, ამიტომ კონკურენცია არ ნელდება და ხან ერთი სურათი იკრებს საკმარის ძალას ცნობიერებაში მოსახვედრად, ხან მეორე. დეიანიც ასე ფიქრობს.

მე კი მგონია, რომ ამ ილუზიის ასახსნელად მოხმობილი ჰიპოთეზა არაა საკმარისად განვითარებული და რადიკალური, რადგან არ ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ცნობიერებაში ადგილის დასაკავებლად შეიძლება იბრძოდეს არამარტო ორი „სურათი“, არამედ მათი დამნახავი, ცნობიერად აღმქმელი, სულ მცირე, ორი სუბიექტი. ორი სურათი ეჯიბრება ერთმანეთს ცნობიერებაში მოსახვედრად, თუ ამ სურათების „შესატყვისი“ სუბიექტები ეპაექრებიან ერთმანეთს, რათა გამარჯვებული გახდეს ცნობიერების სუბიექტი? იქნებ კიდევ უფრო „უარესადაა“ საქმე და შეჯიბრი მიმდინარეობს არა ცალკე სურათებს ან ცალკე სუბიექტებს შორის, არამედ სუბიექტ-ობიექტის წყვილებს შორის? თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთს ეჯიბრება ორი აწმყო, რადგან ჩემი ჰიპოთეზით ცნობიერება და სუბიექტი არის აწმყოს განშტოებები. თუმცა, ამ კონტექსტში, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ცნობიერება და სუბიექტი წარმოადგენს აწმყოს პოლუსებს.

მაგრამ აქ ჩნდება აშკარა დაბრკოლება, რადგან ნათელი არაა, თუ სხვადასხვა აწმყოებს შორის კონკურენციის ან შეჯიბრის მიზანი რა უნდა იყოს. როგორც ვთქვი, თანამედროვე ნეირომეცნიერების კონვენციურ ნარატივში ასეთი მიზანი არის ცნობიერებაში მოხვედრა, რისთვისაც ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა არაცნობიერი შინაარსები, რომელთაგან მხოლოდ ერთი შეაღწევს ცნობიერების სფეროში. მაგრამ ჩემს ჰიპოთეზაში ცნობიერება რაღაცნაირად დამოუკიდებელი სივრცე კი არაა, რომელშიც ადგილის დაკავება ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ, თუმცა კომპლექსურ შინაარსს შეუძლია. მე განსხვავებულად ვვარაუდობ, რომ ცნობიერება და მასთან ერთად სუბიექტი არის აწმყოს განშტოებები, უფრო ზუსტად კი, გარკვეული აზრით, ურთიერთდაპირისპირებული პოლუსები საერთო აწმყოს სფეროში. 

ასე რომ, სად უნდა მოხვდეს, რას უნდა მიაღწიოს გამარჯვებულმა აწმყომ? როგორც ჩანს, უნდა ვივარაუდოთ თვითონ (ყოველი) აწმყოს ორი შესაძლო მდგომარეობა - ჩანასახობრივი და განვითარებული. ეს უკანასკნელი არის რეალური აწმყო, რომელიც მოიცავს ჩვენს ცნობიერებას და თავად ყოველი ჩვენგანის მეს, როგორც სუბიექტს. ესაა აწმყო, რომელშიც უშუალოდ ცხოვრობ, რომელსაც უშუალოდ იცნობ შენი ცნობიერი ცხოვრების ყოველ მომენტში. გავიმეორებ, რომ ესაა რეალიზებული, „ზრდასრული“ აწმყო, რომლის გარდა უნდა დავუშვათ მისი უფრო ადრინდელი, გარდამავალი, ჩანასახობრივი მდგომარეობა. ამის შემდეგ უფრო ადვილი წარმოსადგენია, რომ ყოველი რეალიზებული აწმყო წარმოშობს ჩანასახოვან აწმყოთა მთელ თაობას, სწორედ რომლის წევრებს შორის მიმდინარეობს შეჯიბრი და ბრძოლა არსებობისთვის, რათა რომელიმე ერთმა მათგანმა მიაღწიოს განვითარების უფრო მაღალ საფეხურს და გადაიქცეს მომდევნო რეალურ აწმყოდ, რომელიც თავის თავში მოიცავს და გააერთიანებს თავის ორ პოლუსს, მომდევნო ცნობიერებასა და სუბიექტს.

აწმყოს სრულად რეალიზებული, ზრდასრული მდგომარეობა, ცხადია, ერთადერთი უნდა იყოს, რათა ჯილდოდ გამოდგეს და, თანაც, დაემთხვეს ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას, რომელიც ყოველწამიერად იმაში გვარწმუნებს, რომ ყოველთვის ერთ, მეტიც, ერთადერთ აწმყოში ვართ; თუ, რა თქმა უნდა, ცნობიერების რომელიმე განსაკუთრებულ, ფანტასტიკურად  შეცვლილ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით. მაგრამ აწმყოს ორი ჰიპოთეტური - ჩანასახობრივი და ზრდასრული - მდგომარეობა აქვე უნდა დავაზღვიოთ გაუმართლებელი პერსონიფიკაციისა და სუბსტანციალიზაციისგან, რისკენაც, მოგეხსენება, ქრონიკულადაა მიდრეკილი ჩვენი მითოლოგიური აზროვნება. ამიტომ უნდა დავუშვათ უწყვეტი გადასვლა აწმყოს ორ ფორმას, ორ მდგომარეობას შორის, როცა კონკურენციაში გამარჯვებული აწმყოს ჩანასახი განვითარებისა და რეალიზებულ აწმყოდ გარდაქმნის შესაძლებლობას იძენს; ხოლო დამარცხებულები ერთხელ და საბოლოოდ იღუპებიან.

ესაა ბუნებრივის გადარჩევის ანალოგიური პროცესი, რომელიც ჩანასახ აწმყოებს შორის უძლიერესს გადაარჩენს და ანადგურებს სუსტს. მაგრამ სადაა მემკვიდრეობითობა, რომელიც გამარჯვებულის ძლიერ თვისებებს მის შთამომავლობას, აწმყოთა მომავალ თაობას გადასცემს? და კიდევ, ევოლუციის დარვინისეულ თეორიასთან პარალელის გასავლებად ასევე აუცილებელია ყოველი ახალი თაობის ჩანასახოვან აწმყოებში შემთხვევითი ცვლილებების წარმოშობა. რაც შეეხება გამარჯვების განმაპირობებელ ძლიერ თვისებას, ის უნდა იყოს წინამორბედ რეალიზებულ აწმყოსთან შესატყვისობა, რაც გულისხმობს მკვეთრი ნახტომის გარეშე მის „გაგრძელებას“.

სიზმარი მახსენდება, არა რომელიმე ერთი, არამედ ზოგადად სიზმრის ფენომენი, რომელიც თავისი სწორედ წყვეტილი, უფრო ზუსტად, ნახტომისებური განვითარებით გამოირჩევა. შინაარსობრივი და სიუჟეტური მთლიანობა სიზმარში ხშირად უკიდურესად პირობითია. სიზმარი თითქოს ნაუცბათევადაა შეკოწიწებული რეალურ სინამდვილეში ერთმანეთთან დაუკავშირებელი და პრინციპულად შეუთავსებელი ფრაგმენტებისგან. ისე რომ, შეიძლება ითქვას, სიზმარი არის ნაკლებად მკაცრი, არაბუნებრივად ლმობიერი ბუნებრივი გადარჩევა, რომელშიც ძველ და ახალ აწმყოებს შორის შესატყვისობის მოთხოვნა საგრძნობად შერბილებულია, ზოგჯერ მის თითქმის სრულ გაქრობამდეც კი. ამ თვალსაზრისით, სიზმარი არის მდელო, რომელზეც ჩანასახოვანი აწმყოები ლომის ლეკვებივით თამაშობენ და ცხადში გარდაუვალი, დაუნდობელი შეჯიბრისთვის ემზადებიან, იწვრთნებიან.

გავიხსენოთ, რომ სიზმარში ადამიანი ყოველთვის რამენაირი სახით თვითონ მონაწილეობს როგორც სიზმრის სუბიექტი, რომელიც სიზმრის შინაარსს აღიქვამს. ამრიგად, სიზმარში ყოველთვის გაერთიანებულია ცნობიერების სუბიექტი და შინაარსი, ანუ ის წყვილი, რომელსაც ზემოთ აწმყოს ორი პოლუსი (წინა ესეებში კი აწმყოს განშტოებები) დავარქვი. ეს საკმაოდ უდავო ფაქტი, ვფიქრობ, გამოდგება იმის გარკვეულ დადასტურებად, რომ სიზმარშიც ისევე, როგორც ცხადში, აწმყოთა უწყვეტი ჯაჭვია გაბმული. იმ განსხვავებით, რომ ჯაჭვის შემადგენელი რგოლების საკუთარი ფორმაც და ერთმანეთთან კავშირიც გაცილებით ნებისმიერია, შემთხვევითია. ხომ გინახავს, მონარდე კამათელს როგორ ათამაშებს ფუღურო მუჭში, ვიდრე დაფაზე დაყრის, გააგორებს. სიზმარიც ეგაა. თუმცა მეოცე საუკუნემ სიზმარს ფსიქოანალიზად წოდებული ცილი დასწამა.

ყოველგვარი მითოლოგიის გარეშე ჩემი ჰიპოთეზა მხოლოდ იმას ამბობს სიზმრის შესახებ, რომ მასში საკმაოდ მკაფიოდ მოჩანს ცხადის სარჩული და ფარული ნაკერები. სახელდობრ, სიზმარი, ვფიქრობ, ააშკარავებს, რომ ჩვენი ცნობიერი ცხოვრება შედგება მრავალი ძალიან ხანმოკლე აწმყოს წყებისგან; რომ სამყარო, როგორც მას აღვიქვამთ, არის მიმართულების მქონე, მაგრამ ცალკეული ცნობიერებების თანმიმდევრობა; და რომ, ყოველი ჩვენგანის მე ამ აწმყოების სუბიექტური პოლუსებისგან შედგება, ანუ მრავალი ცალკეული მეს მონაცვლეობას წარმოადგენს; რომ მე ვარ ჩვენ. ვფიქრობ, თითოეული შემადგენელი მეს ხანგრძლივობა წამის მეათასედებით იზომება იმის მიხედვით, როგორც ბენჯამინ ლიბეტმა გაზომა ადამიანის მიერ მის ტვინში არაცნობიერად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობიერების დრო. მეტიც, აქვე გამოვთქვამ კიდევ ერთ ვარაუდს, რომ ლიბეტმა სინამდვილეში გაზომა არა გაცნობიერების დრო, არამედ ცალკეული, ერთეულოვანი აწმყოსა და მისი პოლუსების - ცნობიერების შინაარსისა და სუბიექტის - ხანგრძლივობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცნობიერი ცხოვრების ყოველი წამის განმავლობაში რამდენჯერმე თავიდან ვჩნდებით და ვქრებით, თავიდან ვიბადებით და ვკვდებით ჩვენს სხეულებში.

მაგრამ ჩვენ ჩვენივე თავის უწყვეტობის ილუზიაში ვცხოვრობთ. ეს ილუზია დამაჯერებლად შთაგვაგონებს, რომ ყოველი ჩვენგანი ვარსებობთ რაღაც ერთი და ერთიანი, უწყვეტი მეს სახით. ვფიქრობ, ამ ილუზიის წარმოშობა და უდავო დამაჯერებლობა საკმაოდ ნათლად აიხსნება ადამიანის ტვინსა და გონებაში უაღრესად ფარულად, არაცნობიერად მიმდინარე ბუნებრივი გადარჩევის პროცესით, რომელიც გაცხრილავს ჩანასახოვან აწმყოებს და მათ შორის გამარჯვებულად ანუ არსებობის ღირსად აცხადებს იმას, რომელიც სხვებზე უკეთესად შეესაბამება და „აგრძელებს“ წინამორბედ (სრულად განვითარებულ) აწმყოს. შესაბამისად, ყოველი აწმყოს სუბიექტური პოლუსი - ძალიან ხანმოკლე და, გარკვეული აზრით, იზოლირებული მე - სწორედ იმ ნიშნითაა შერჩეული, რომ საუკეთესოდ შეესატყვისება და აგრძელებს წინამორბედ, უკვე გამქრალ მეს; შეესატყვისება ანუ იმეორებს მის ძირითად ნიშნებს და, ამავე დროს, ამჟღავნებს მცირეოდენ და შემთხვევით განსხვავებებს, რომლებიც მისი მომდევნო თაობის ჩანასახოვან აწმყოებში ვლინდება.

ბლოგის ფორმატის გამო აქ ამ საკითხების უფრო დაწვრილებით განხილვას ვეღარ შევუდგები, არამედ სხვა დროისთვის გადავდებ. მოკლე შეჯამების მაგივრად, უფრო კი მომავალი მსჯელობის შესავლად კი მაინც გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ აწმყოში მცხოვრები ანუ აწმყოს მქონე არსების - ვთქვათ, ადამიანის - სხეულისა და ტვინის მიერ ინტერიორიზებულია, გაშინაგანებულია თავად ევოლუციის, ბუნებრივი გადარჩევის პროცესი. ამის ყოველწამიერი, სინამდვილეში კი უფრო ხშირი გამოვლინება არის ცნობიერება და ის, რასაც „მე“ ჰქვია. და ეს ერთნაირად, სრულებით ლიბერალურად და დემოკრატიულად გვეხება როგორ ჩვენ, მეცნიერებსა და ათეისტებს, ასევე მათ - რწმენით გონებადაგმანულ, რელიგიურ ადამიანებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

ფიზკულტურა და მზიას ბუფეტი

ზუსტად ამ თანმიმდევრობით მახსოვს...  ორივეგან იყო დიდი შეჯიბრი. პირველ შემთხვევაში წესების დაცვით, მეორე შემთხვევა ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ვაიმე დედა, ვაიმე შევჩენკო - 2

ჰოდა ასე: ვზომოთ კუკავას, გუგავას, ზალიკოს, ხოშტარიას და სხვათა პოლიტიკური მესიჯები და ამასობაში ლამბერსექსუალ კალაძის მ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სინდისი, აზროვნება, თავისუფლება

„9/22/2017“ კალენდარი ეკლესია არის კოლექტიური პრეზერვატივი. მასში თავშეფარებულ ადამიანებს იგი ჯგუფურად იცა ...

მეტი

^