Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაუკრეფავი მანდარინები

09 იანვარი 2017
  • რა  მოსაწყენია ცხოვრება!
  • ჰო, მოსაწყენია - ვპასუხობ.
  • შენ მუშაობ, სწავლობ...

ვჩერდები. ეზოში ვსხედვართ და სახეს მზეს ვაფიცხებთ. იანვრის, ახალი წლის თბილ მზეს. ანა ჩემი მეზობელია სოფელში. საახალწლოდ ბევრი იშრომა, კარგი სუფრა ჰქონდა წელს. მცირე სესხი ავიღეთო ოჯახმა ახალი წლისთვის, რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინაო, წელიწადში ერთხელაა ეს დღე. უკვე 5 იანვარი იყო. ყველაფერი ჩაწყნარდა, სადღესასწაულო საჭმელიც მოძველდა, მაცივარში უსიამოვნო სუნი აიკიდა და გადავყარეო, მითხრა ანამ. ყველამ ერთმანეთს მიულოცა ახალი წელი. რაც მთავარია, ხვავი და ბარაქა უსურვეს მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, მართლაც მთელი გულით. მეკვლეს საგანგებოდ არჩევენ გურიაში. წარმატებული თუ წარუმატებელი წლის პასუხისმგებლობა მერე მასსა და მამალს შორის რომ გადაანაწილონ.

ანას  2-ში მეზობლის ქალები ესტუმრნენ. მანამდე ვერ მოვახერხეთო შეკრება, ჩვენი კაცების გადამკიდე, ვინ იცის რომელი გზააბნეული, შემთვრალი სტუმარი შემოაღებს  კარს. სუფრა უნდა აალაგო, ჭურჭელი დარეცხო, მერე ისევ დაალაგო. კარგად მოილხინეს, დათვრნენ, ერთმანეთი დალოცეს ქალებმა.  წელიწადში ერთხელ ჩვენც ხომ უნდა მივცეთ თავს უფლება, სუფრასთან კაცების გარეშე დავსხდეთო.  ბევრი ილაპარაკეს,  კაცებზე იხუმრეს, იცეკვეს.

მომავალი შეკრება ალბათ  8 მარტს იქნება. ეს დღე განსაკუთრებით უყვართ სოფელში ქალებს, თავიანთი დღეა და იმიტომ. რომელიმე მეზობელთან შეიკრიბებიან, დააცხობენ ნამცხვრებს, გააკეთებენ სხვადასხვა საჭმელს, მერე დაღლილები მაინც მხიარულად მიუსხდებიან სუფრას. ალბათ საღამოს კაცები მაინც შეუერთდებიან, მერე ჩუმად ბავშვებიც შემოიძურწებიან. ქალები ცოტას ჩაიჩოჩებენ სკამებზე, მერე კი  სულაც ადგებიან, ადგილს დათმობენ. ისე როგორც 2 იანვარს, საღამოს რომ ვერ მოითმინეს კაცებმა და მოაკითხეს ცოლებს. ბოლოს შემთვრალები და მხიარულები ერთმანეთს ემშვიდობებიან. ანა ალაგებს, უამრავი ჭურჭელი გროვდება, რეცხავს. კმაყოფილია. ჩვენთან ქალები არასოდეს აღიარებენ, რომ იღლებიან.

***

რა იქნებოდა ჩემს ეზოშიც ყოფილიყო ერთი დიდი ხე - ამბობს პატარა გიორგი. თუმცა ამას, გიოს გარდა, კიდევ მთელი სოფელი ნატრობს. ამისი ბედი ბევრს არ დაურჩა სოფელში,  ერთი-ორის გარდა. მათ ეზოებში, ძირგამხმარი მანდარინებისა და ხეჭეჭური მსხლის გარდა, არაფერია. ასწლოვან, დიდ ხეებზე კი სოფელში ძებნაა გამოცხადებული. უკვე ყველა ხეს ეჭვის თვალით უყურებენ, ვაითუ იმ „ერთს“ მოეწონოს, იყიდოსო. ვიღაცას ოჯახშიც მიაკითხა ხეების მყიდველმა, მაგრამ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. ჩაის ფაბრიკიდან ირგავსო ერთ დიდ ხეს თავის მამულში ის კაცი.

ჩაის ფაბრიკას უბრალოდ ვეძახით, თორემ აბა, რა ჩაის ფაბრიკა. კარგა ხანია ქარხანა არ მუშაობს, ის ჩაის თავბრუდამხვევი სუნიც აღარ დგას ფაბრიკასთან. ადრე  ქარხნის ღობეებიდან სკოლაში მიმავალი ბავშვები ინტერესით ვუყურებდით დაპრესილი ჩაის ზვინებს. საკმაოდ ბევრ ადამიანი იყო დასაქმებული, ქარხნის გვერდით ერთი დარბაზი იყო, სადაც მუშები სადილობდნენ. სკოლის გარდა, სოფელში მხოლოდ ეს ქარხანა მუშაობდა.  ჩაის ფაბრიკის ამბავი არც ისე შორეული წარსულია. ეს ის დრო არ გეგონოთ, ტონობით ჩაის რომ კრეფდნენ და ყვაოდა საბჭოთა მრეწველობა. საერთოდაც, ახლა  ჩაიც აღარ დარჩა ჩვენს სოფელში. რაღად უნდოდათ, სარეველა ბალახივით იქცა, ვერაფერში იყენებდნენ, ტყუილად იკავებდა უზარმაზარ ფართობებს. ათხარეს და ცოტა დაიტოვეს, ისე, რომ ოჯახს ჰყოფნოდა. მოკლედ, ჩაის ფაბრიკასთან ამ დღეებში ტექნიკა ახმაურდება, მუშაობას დაიწყებენ, რომ უზარმაზარი ხე ამოძირკვონ. ინტერესით ელიან ამ ამბავს  სოფელში.

თურმე, კარგი ყოფილა გიგანტური ხეები ეზოში, გარდა იმისა, რომ ლამაზია, ასევე ჯანმრთელობისთვის ყოფილა სასარგებლო და შვილების ჯანსაღ მომავალზე ზრუნავსო ხეების მყიდველი, ამბობენ სოფელში.

სოფელში აქამდე აუხსნელ შეკითხვას, თუ რატომ იხდიდა ხეებში ფულს ეს კაცი, პასუხი გაეცა.

***

ამ ამბავზე გამახსენდა: იანვარში, ხეებზე მიმჭკნარი მანდარინი განსაკუთრებით ტკბილია.  ეს ის ნახევრად ძირგამხმარი მანდარინის ხეებია ზემოთ რომ ვახსენე. კიდევ კარგი თოვლი არ იყო, თორემ თოვლში უფრო უსიამოვნო სანახავია ხეზე შერჩენილი, ეს ტკბილი, დაჭორფლილი და დაუკრეფავი მანდარინები.

ადრე დიდი მანქანებით მოდიოდნენ მყიდველები (ოღონდაც ამ ამბავში ახლა ის არაა მნიშვნელოვანი, სად გაჰქონდათ  მაშინ მანდარინი).  ორი დღის წინ კი ერთი დანჯღრეული მანქანით მოვიდნენ და გვკითხეს, მანდარინი ხომ არ ჰქონდა ვინმეს გასაყიდი. ვანოს ცოტა კი ჰქონდა, მაგრამ მყიდველმა 10 თეთრად ვიბარებო კილოს, თან არც ისე კარგად გამოიყურებაო თქვენი მანდარინი. ხელი ჩაიქნია ვანომ. მომავალში აღარ მოვკრებო ამ დაწყევლილს, არც ძირებს შემოვუბარავო ხეებს. ჭკუა ვიხმარეო, პასუხობს მეორე, ორი წლის წინ გავყიდე ჩემი რამდენიმეტონიანი მანდარინის ბაღი. ამ კაპიკებისთვის წვალება არ ღირდა, გაუყიდავი და დამპალი მანდარინის გადაყრას ვერ ავუდიოდი მერეო.

 ჰოდა, საახალწლო ნაძვის ხეებივით დგას ეს მწვანე ხეები, ყვითელი მანდარინებით ჩვენს ეზოებსა და ბაღებში,  ალბათ მათაც ჩაის ბუჩქების ბედი ელის, მათსავით ათხრიან.

ამიერიდან დიდი ხეების ნერგებისთვის ვიზრუნებთ და დავრგავთო ჩვენს ეზოებში, ამბობენ სოფელში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^