Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განტევების ვაცი

16 იანვარი 2017

მოგეხსენება, რომ ოთხის კვადრატული ფესვი არის რიცხვი, რომელიც კვადრატში აყვანის, ესე იგი, თავის თავზე გამრავლების შედეგად იძლევა ოთხს. ასეთი რიცხვი კი ორია - მინუს ორი და პლიუს ორი, რადგან უარყოფითი რიცხვების ერთმანეთზე გამრავლების შედეგი იძლევა დადებით რიცხვს ზუსტად ისევე, როგორც  დადებითი რიცხვების ნამრავლი. შესაბამისად, მინუს ორი გამრავლებული მინუს ორზე ისევე უდრის ოთხს, როგორც პლიუს ორი გამრავლებული პლიუს ორზე. ეს კი ნიშნავს, რომ კვადრატული ფესვი ოთხიდან არის ორი რიცხვი - მინუს ორი და პლიუს ორი.

ეს ელემენტარული არითმეტიკა ანალოგიის განსამარტავად დამჭირდა, თორემ მკითხველის ცოდნაში, ცხადია, ეჭვი არ მეპარება. ანალოგია კი ასეთია: აწმყოს ორი ამონახსნი აქვს, ორი კვადრატული ფესვი, დადებითი და უარყოფითი. აწმყოს დადებითი ფესვი არის ცნობიერება, ხოლო აწმყოს უარყოფითი ფესვი არის სუბიექტი, მე. სხვა სიტყვებით, ცნობიერება არის აწმყოს ფუნქცია, ასევე სუბიექტიც არის აწმყოს ფუნქცია. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ როცა შენ იღვიძებ, ამ დროს შენი ტვინი ამოხსნის მარტივ განტოლებას, თუ რას უდრის აწმყოს კვადრატული ფესვი; ამოხსნის ანუ თავის თავში მიაგნებს და გამოწერს ორივე ამონახსნს - შენს ცნობიერებას და შენ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შენ და შენი ცნობიერება ხართ შენი ტვინის მიერ ამოხსნილი ელემენტარული განტოლების პასუხები - ერთი უარყოფითი, მეორე კი დადებითი.

ეს ყველაფერი მეტაფორებია. მაგრამ თუ ანალოგიას გავაგრძელებ, უნდა ისიც ვთქვა, რომ გაღვიძებისას ტვინში აწმყო ჩნდება ჰალუცინაციის სახით, ანუ როგორც ისეთი რამ, რასაც ტვინმა გარკვეული ინტერპრეტაცია, ახსნა უნდა მოუძებნოს, როგორც რომელიმე რეალურ ორგანოს თავის სხეულში. სწორედ ეს ინტერპრეტაცია არის აწმყოს, როგორც განტოლების, ამოხსნა, რომლის შედეგი ორია - ცნობიერება და მისი სუბიექტი. მაგრამ ეს ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ერთხელ ამოხსნაა საკმარისი გაღვიძებიდან დაძინებამდე, როცა ჰალუცინაციური აწმყო გაქრება. იმედია, მოგეხსენება, მკითხველო, რომ ჩემი ჰიპოთეტური ვარაუდით აწმყოს ჰალუცინაცია ყოველ წამს, მეტიც, წამში რამდენჯერმე ჩნდება და ქრება. შესაბამისად, ტვინი ყოველი ფიზიკური წამის განმავლობაში არაერთხელ პასუხობს ერთსა და იმავე კითხვას: რას უდრის კვადრატული ფესვი აწმყოდან?

და რამდენადაც ღვიძილის განმავლობაში ცნობიერებასაც ინარჩუნებ და სუბიექტის სახითაც არსებობ, ეს ნიშნავს, რომ შენი ტვინი დაბეჯითებით და დაუზარებლად ამოხსნის ერთსა და იმავე განტოლებას, ანუ თავის თავს მონოტონურად განუმარტავს ამ მფეთქავ, მოციმციმე ჰალუცინაციას, აწმყოს. თუკი ასეა, თუ ამონახსნები ერთი და იგივეა, რატომ იცვლება გამუდმებით ცნობიერების შინაარსი და რატომ იცვლება თითქმის ყოველწამიერად სუბიექტის ბიოგრაფია, რომელიც არასოდესაა ზუსტად ისეთი, როგორიც თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ იყო?  ამის პასუხად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ტვინი, როგორც ჩანს, ყოველ ჯერზე თავის ყოველ ახალ ამონახსნს, თუნდაც ფორმალურად ერთსა და იმავეს, ახალ-ახალ მასალაზე ჩაიწერს - ხელისგულზე, კედელზე, ქაღალდის ნაგლეჯზე, შუშაზე და სხვა ყველაფერზე, რასაც მას გამუდმებით აჩეჩებს გარემომცველი ფიზიკური სამყარო, საზოგადოება და თავისივე სხეული.

ყოველ ამათგანზე ტვინმა ორი ჩანაწერი უნდა გააკეთოს ორი ამონახსნის შესაბამისად. ერთი ჩანაწერი, ცნობიერების შესაბამისი, უახლოესი წარსულის გამომეტყველებაა, ხან მომღიმარი, ხანაც შუბლშეჭმუხნული. ხოლო მეორე ჩანაწერი, რომელიც სუბიექტს, შენს მეს, შეესატყვისება, უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველებაა. ეს განსხვავება მეხსიერებასა და წინასწარმეტყველებას შორის, ვფიქრობ, არსებითია ტვინისა და მისი გონების ჯანსაღად ყოფნისთვის. ამიტომ მეჩვენება, რომ მთელი ამ ჩემი ჰიპოთეზის მიერ გამოთქმული ერთ-ერთი, თითქმის სარწმუნო, მეცნიერული ვარაუდი ის იქნება, რომ მოსალოდნელია, არსებობდეს ფსიქიკური დაავადება ან დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც გამოიწვევს თავისებური დაუდევრობით შეპყრობილი ტვინის მიერ ჩანაწერების არევა, გადანაცვლება, რის შედეგადაც აწმყოს დადებითი ფესვის ანუ ცნობიერების ადგილზე რეგულარულად ჩაიწერება აწმყოს უარყოფითი ფესვი ანუ სუბიექტი, და პირიქით. ამგვარად არეულ გონებაში ადგილებს ცვლიან წარსული და მომავალი, მეხსიერება და წინასწარმეტყველება, ცნობიერება და სუბიექტი.

თუმცა ამაშიც შეიძლება გამოიხატოს, ეს მაინც უფრო მეტია, ვიდრე მიზეზისა და შედეგის არევა და გადანაცვლება, რასაც ზოგჯერ შიზოფრენიის საფუძველში ხედავენ. არამედ ეს უფრო ჰგავს მდგომარეობას, როცა ადამიანი ხელთათმანივით ან პალტოსავით ამოტრიალებულია და მთელი თავისი სარჩულით გადაფენილია სამყაროსა და სხვა ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ სარჩულის ნაკეცებში, როგორც ყავის ნალექში, ხალისით ხედავენ იმას, რაც თვითონ სურთ და აწყობთ, რომ დაინახონ. ასეთი ცხოვრება ყველაზე მეტად ჰგავს ცილისწამებას, რომელსაც ადამიანი თავის თავს გამოუწერს, გარკვეული აზრით, არცთუ უნებლიეთ, არამედ უბრალო დაუდევრობით დაავადებული თავისივე ტვინის კარნახით.

ეს ალბათ უსიამოვნო მდგომარეობაა. მით უფრო, რომ რადგან სუბიექტის ადგილს მისივე ცნობიერება დაიკავებს, რადგან მომავალს წარსული შეცვლის, წინასწარმეტყველებას კი მეხსიერება, ამიტომ ყოველი ახალი ნაბიჯი ძველი აღმოჩნდება, უკვე გადადგმული. ასეთ შემთხვევაში წარსული იქნება გამოუვალი ლაბირინთი, რომელიც მოუხელთებელია, გამუდმებით იცვლება და იკლაკნება, რადგან მომავლის ველზეა დაგეგმილი და აგებული. ხოლო წარსულში გაჩენილი ფორმების დაბეჯითებით გამეორება შეიქნება სუბიექტის აკვიატება, რომელსაც მისი ტვინი, თითქოს საკუთარი დაუდევრობის შესანიღბად ან გასამართლებლად, დაჟინებულ წესად გაიხდის და განუხრელად გადაიტანს აწმყოდან აწმყოში. ამასთანავე, ზოგჯერ მაინც, თვითონ ტვინი ვერ გაურბის იმის აღიარებას, რომ აშკარად შეცდომას უშვებს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს. ამის შედეგად, რათა თავისი შეცდომა თანაც აღნუსხოს - არ გამორჩეს და არ დაავიწყდეს - ტვინი ცუდ განცდებს დააკისრებს სუბიექტს, პიროვნებას, რომელიც „სხვის“ მაგივრად აგებს პასუხს, როგორც განტევების ვაცი.

ბოლოს კი თერაპიული განზრახვით ვიტყვი, რომ ასეთი ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანისთვის შეიძლება სასარგებლოც კი იყოს მოგონილი ღმერთით და შეთხზული წინაპრებით დასახლებულ ჩვენნაირ საზოგადოებაში ცხოვრება იმიტომ, რომ აქ იგი გვერდიდან შეძლებს დააკვირდეს თავისი სნეულების არა გამაღიზიანებლად კრიტიკულ, არამედ სასაცილოდ კარიკატურულ განხორციელებას ეკლესიასა და პოლიტიკაში.

ვინსენტ ვან გოგი, ავტოპორტრეტი შეხვეული ყურით და ჩიბუხით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^