Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონსტიტუციის ორი მოდელი

23 იანვარი 2017

არა მხოლოდ პოლიტიკურ და ფინანსურს ელიტას, არამედ თითოეულ ჩვენგანს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ქვეყნის ბედ-იღბლის გადაწყვეტაზე, რადგან დემოკრატია მოქალაქეთა მმართველობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის. ხელისუფლება კი ამ ხალხის ან მისი მხარდაჭერის შესაბამისად შექმნილი ინსტიტუტების მიერ ხორციელდება.

თუმცა მოდერნული კონსტიტუცია და წარმომადგენლობითი დემოკრატია უკვე ნიშნავს პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებას და საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მოაზრებას, რომლებსაც ეს ინსტიტუტები ვერ დაიტევენ. ამ პირობებში მთავარი მოტივაცია ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების შექმნა უნდა იყოს, რომელიც საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესების მაქსიმალურად გამომხატველი იქნება.

ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით არსებობს კონსტიტუციის ორგვარი იდეა: ვერტიკალური და ჰორიზონტალური.

ვერტიკალურის  დანიშნულებაც ისაა, რომ ძალაუფლების კონცენტრირება გააკეთოს და ელიტა ამ ვერტიკალის სათავეში მოაქციოს. ამის შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციისთვის შემქნას ინსტიტუციური მედიუმები. ეს კონსტიტუცია მენეჯერულია, მისი ყურადღება მიპყრობილია არა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (ერთი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროცედურა არ სჭირდება და, ამდენად აპოლიტიკურია, ვინაიდან ჩართულობას გამორიცხავს), არამედ აღსრულებაზე. რაც შეეხება კონსტიტუციის მეორე ტიპს - ჰორიზონტალურს -   არსებითად ეგალიტარულია. ასეთი კონსტიტუციის მიზანია, შექმნას პოლიტიკაში მონაწილეობის ინსტრუმენტები. კონსტიტუციის ამ ტიპში წამყვანი  გადაწყვეტილების მიღების პროცედურაა, რათა ის მაქსიმალურად ინკლუზიური იყოს. იმპლემენტაცია აქ ნაკლები პრობლემაა, რადგან გადაწყვეტილების მიმღები და შემსრულებელი არსებითად ერთი და იგივეა, მაშინ როცა ვერტიკალურში ეს მკვეთრად სეპარირებულია. პირველი კონსტიტუცია ძალას ხარჯავს მიღებული გადაწყვეტილების დანერგვაზე, ხოლო მეორე შემუშავებაზე. პირველში გადაწყვეტილება მარტივად მიიღება და რთულად იმპლემენტირდება, რადგან ისინი, ვინც ეს უკანასკნელი უნდა უზრუნველყონ, არ იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული. ამიტომაც, საჭიროა მათი დარწმუნება/იძულება. მეორე შემთხვევაში კი პირიქით, გადაწყვეტილება რთულად მიიღება, მაგრამ ადვილად ინერგება.

ვერტიკალურ კონსტიტუციებს ის რწმენა უდევს საფუძვლად, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ელიტამ, რომელიც რესურსების წყალობით ახერხებს საზოგადოების ფართო ფენების მობილიზებას და მანიპულირებული მხარდაჭერის მოპოვებას, იცის რა სჭირდება ხალხს. ამ ხედვით დაწერილ უზენაეს კანონებს უამრავი ნიშნით გამოარჩევთ. ცენტრალურ დონეზე პირველ რიგში ეს არის მაჟორიტარიზმი და პრეზიდენტიალიზმი, რაც წარმომადგენლობითი ორგანოს მხოლოდ დიდი პარტიებით დაკომპლექტებას, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების არსებითი ნაწილის ერთი პირის ხელში მოქცევას უზრუნველყოფს.

საქართველოს კონსტიტუციაში პირველს მაღალი საარჩევნო ბარიერი და შერეული სისტემა უზრუნველყოფს, მეორე კი პრემიერის განუსაზღვრელ ძალაუფლებაშია ტრანსფორმირებული, რომელიც მმართველ უმრავლესობას აკონტროლებს. ხელისუფლების ვერტიკალური დანაწილების თვალსაზრისით მენეჯერიალისტური კონსტიტუციები ადგილობრივ თვითმმართველობას ძალაუფლებისგან განძარცვავენ და მართვის ბერკეტებს ცენტრალურ დონეზე ტოვებენ. საქართველოს კონსტიტუცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ამ გზას.

ამის საპირისპიროდ დემოკრატიულ პარადიგმაში დაწერილი კონსტიტუციები აქცენტს აკეთებენ მაქსიმალურ წარმომადგენლობითობაზე. საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებაში ისეთ მოდელებს უჭერენ მხარს, რომელიც მანდატებს პროპორციულად და ისე გაანაწილებს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰყავდეს საკუთარი პო ლიტიკური ინტერესების დამცველი, ამის პარალელურად კი, აძლიერებენ უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ჯგუფების ბერკეტებს, გავლენა მოახდინონ ძალთა ბალანსზე. იმის დასაზღვევად, რომ გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ მოხდეს, მონაწილეობითი კონსტიტუციები აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებს დამოკიდებულს ხდიან სხვა შტოების თანხმობაზე. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცენტრალური ხელისუფლების  კომპეტენციებიდან განტვირთვას, რადგან ივარაუდება, რომ ადგილზე ხალხმა თავად უკეთ იცის, რა სჭირდება, ვიდრე, სადღაც ცენტრში მოკალათებულმა ელიტამ. დემოკრატიულ კონსტიტუციებს ადამიანის უფლებების განზომილებაც აქვთ. ისინი მეტ აქცენტს აკეთებენ სოციალურ სახელმწიფოზე, განათლების უფლებასა და სოციალურ მხარდაჭერაზე, რადგან, ერთი მხრივ, მოქალაქეებს სჭირდებათ ცოდნა, ხოლო, მეორე მხრივ, დრო პოლიტიკაში მონაწილეობისთვის, რაც ყოველდღიური ლუკმაპურის ძებნის პარალელურად ვერ იარსებებს.

რა თქმა უნდა, ეს განმასხვავებელი ნიშნები, მხოლოდ კონტურებია და ნებისმიერ კონსტიტუციურ ინსტიტუტში შეგვიძლია ამოვიცნოთ მენეჯერიალისტური და მონაწილეობითი კონსტიტუციის ნიშნები. საქართველოს პრობლემა ის არის, რომ კონსტიტუციური რეფორმის ყველა საფეხურზე დომინირებდა პირველი პარადიგმა. ოპოზიციაც კი ამ ხედვას კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს აყენებდა. ისინი ამბობდნენ „ელიტიზმი კარგია, მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ ის არა ეფექტურობა, არამედ უზენაესი კანონის საკუთარ თავზე მორგებააო“ . ეს ტრადიცია უნდა დაირღვეს. არსებულ ვითარებაში ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება, სამოქალაქო მშვიდობასა და მონაწილეობაზე ორიენტირებული უზენაესი კანონი. აუცილებელია ისეთი კონსტიტუციის მიღება, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტას, არამედ საზოგადოების ფართო ფენებს მისცემს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^