Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიზით თუ უვიზოდ?

05 თებერვალი 2017

ქართველებს ძალიან გვიყვარს ექსპერტობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე სიღრმისეული ცოდნა  არ გვაქვს და დეტალების გარკვევაც გვეზარება, მაინც ვსხდებით ფეისბუქთან, აქტუალური თემების დადებით მხარეს, მოტივირებულად ვაკრიტიკებთ და ვწერთ, რომ ეს არის რთული და კომპლექსური საკითხი, რომელსაც დელიკატური მიდგომა სჭირდება. 

ასე მოხდა ვიზის ლიბერალიზაციაზეც. მიუხედავად იმისა, რომ 30-40 ევროდ მილანსა თუ ბერლინისკენ ფრენები უკვე გვაქვს, ამ შესაძლებლობას ბევრი ადამიანი იყენებს და თვებით ადრე, კონკრეტულ რეისებზე ბილეთებიც აღარ იშოვება, ევროპარლამენტის სხდომის შემდეგ, ადამიანების ნაწილი უკმაყოფილებას ვერ მალავს.

მაგალითად, ზოგიერთმა ახლა აღმოაჩინა, რომ უვიზოდ მიმოსვლა შენგენში მხოლოდ 90 დღით დარჩენას გულისხმობს და საზღვარზე იგივე საბუთებია წარსადგენი, რაც აქამდე იყო საჭირო. ისიც, რომ სწავლისა თუ მუშაობის მსურველებს ვიზა კვლავ დასჭირდებათ. და, საერთოდ, საზღვრის გავლის პროცედურები, პრაქტიკულად, იგივე რჩება.  

უკმაყოფილოთა ნაწილს ჰგონია, რომ აქამდე ვიზა პასპორტში შენგენის ზონის უპირობო გადაკვეთის გარანტიას იძლეოდა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ კი მესაზღვრეს უფლება ეძლევა, საზღვრიდან ნებისმიერი გამოაბრუნოს (რაც მათ აქამდეც შეეძლოთ). ამ „აღმოჩენით“ აჟიტირებულები ამბობენ, რომ საკონსულოს რიგში დგომა და გარკვეული გარანტიები ურჩევნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში არასოდეს ყოფილან და არც ის დამამცირებელი პროცედურები გაუვლიათ, ვიზის რიგში რომ აწყდები. ზოგიერთი უფრო შორს მიდის და უკვირს, რატომ უხარიათ ქართველებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს.

ცინიზმს ვერ მალავს იმ ქართველების ნაწილიც, რომლებიც წლებია, ევროპაში ცხოვრობენ, ჰგონიათ, რომ ვიზის ლიბერალიზაცია თითოეული ჩვენგანს იქ არარეგალურად დარჩენისა და სამუშაოდ წასვლისთვის გვიხარია ისე, თითქოს, არალეგალურად დარჩენას ვიზით ვერ მოვახერხებდით. აქვე ქედმაღლურად იძლევიან დარიგებებს, როგორ არ უნდა მოვიქცეთ დახამებული ქართველები იმ კულტურულ ქვეყნებში, რომლებშიც ცხოვრებაც ბევრმა ისევე დაიწყო, როგორც ახლა სხვებს უწინასწარმეტყველებს.

ერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სიხარული ბევრს დახამებული ადამიანების პოზიცია ჰგონია, მიუხედავად იმისა, რომ სიხარულს ისინი უფრო გამოხატავენ, ვისაც არც ვიზის მიღების და არც ევროპაში მოგზაურობის პრობლემა აქვს.

სინამდვილეში ვიზის ლიბერალიზაციას იმაზე დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ევროპაში ნებართვის გარეშე მოგზაურობაა.  ეს არის  ბენეფიტი, რომელსაც, არამხოლოდ მეწარმეები, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქე უშუალოდ იგრძნობს. შენგენის ზონაში ვიზის გარეშე გადაადგილების უფლება, ფსიქოლოგიურ დონეზე ბევრ რამეს ცვლის. ევროპა აღარ არის ისეთი შორი და მიუწვდომელი, არც იქ წასვლა რჩება პრივილეგირებულთა ხვედრად და იმ რეგულაციებსაც ნელ-ნელა აზრი ეძლევა, ზოგიერთს რომ სასაცილოდ არ ჰყოფნის (მაგალითად, ცხოველების პასპორტიზაცია).

ვიზის ლიბერალიზაცია გზას გვიხსნის აქამდე ბევრი ჩვენგანისათვის უცნობი სამყაროსაკენ, რომელიც ძალიან შორს გვეგონა. შესაძლოა, სწორედ აქედან დაიწყოს ჩვენი პიროვნული ღირებულებების გადაფასება, რაც იმ უამრავ მენტალურ პრობლემას დაუსვამს წერტილს, ისტორიულად ჩვენი რომ არასოდეს ყოფილა. დღევანდელი 40 ევრო ხომ წინა თაობების მიერ, ყელში ამოყვანილ 37 მანეთიან ფრენებზე გაცილებით იაფია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^