Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე რა მაღელვებს

14 თებერვალი 2017

უძირო ზეცა და ყველაფერი ის, რასაც აღქმულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამოვარჩევ.

„ცნობიერების სამყარო გარდაუვლად შეზღუდვების, გზის ჩამკეტი კედლების სამყაროა. ის, საჭიროებიდან გამომდინარე, ცალმხრივია, და ეს ცნობიერების რაობის შედეგია. ცნობიერებას ერთდროულად კონცეფციების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის აღქმა შეუძლია. ყველა დანარჩენი მხედველობიდან შორს, ჩრდილში უნდა მოექცეს. მათი რაოდენობის ერთდროული გაზრდა იწვევს ცნობიერების დაბინდვას, არეულობას, რომელიც დისორიენტაციამდე მიდის”. (სუძუკი)

გარშემო უამრავი რამ ხდება, ჩვენ კი მხოლოდ იმას აღვიქვამთ აქცენტირებულად და ფოკუსირებულად, რაც ჩვენი ფსიქიკის აჩრდილებში, აზროვნების კომპლექსში, შიშის ასორტიმენტში, ემოციურ ფიქსაციებშია ჩატვირთული. ვხედავთ და ვგრძნობთ მხოლოდ იმას, რის ხედვა და რის გრძნობაც შეგვიძლია. ხან უმძიმესი ტრაგედია არ შეგვატოკებს, ხან წვრილმანზე დავღვრით ცრემლს. არც არსებობს წვრილმანი და მსხვილმანი, როცა საქმე სუბიექტურ განცდაზე წაბორძიკებას ეხება.

საინტერესო წიგნი ის წიგნია, რომელიც ჩვენს გრძნობებს, კითხვებს პასუხობს, რომლის პერსონაჟის განცდა ჩვენსას ჰგავს; ფილმი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა, ის ფილმია, რომელიც ჩვენს შინაგან პრობლემებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე ჰყვება. ყოველი გენიალური წიგნი, ფილმი, რომელშიც ჩვენი პიროვნების წილი არაფერია, დახურული წიგნი და შეწყვეტილი ფილმია.

„და მონადირემ დაკოდა შველი”… გადაურბინა ინფორმაციამ ბრაკონიერის მიერ მოკლული შველის შესახებ სოციალურ ქსელს. „ნაძირალა! შვლის ნუკრის ნაამბობი მაინც არ წაუკითხავს!? - ამბისგან შეძრულთა უმეტესობამ  ვაჟა-ფშაველას გენიალური მოთხრობა ამოწია ემოციური მეხსიერებიდან.

სილამაზე ბონუსია, ულამაზესი შვლის მოკვლა მეტ ბოროტებად ფორმდება ჩვენს აღქმაში, ვიდრე „უშნო” გარეული ღორის, მაგრამ ხბო შველზე არანაკლებ ლამაზია და ნაკლებად დასტირიან, რადგან ისევ და ისევ, ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირება, ფსიქიკის კავშირები ემოციებთან, ბავშვობაში რომ „ბემბიმ” ან „შვლის ნუკრის ნაამბობმა” მოგვგვარა და სიყვარულის უნარი გაზარდა კონკრეტული არსების მიმართ.

ქალზე, რომელზეც ამბობენ, რომ ქმარი და შვილი მოკლა, ამბავი რომ ცხელი იყო, აზრი არ გამომითქვამს. აღვიქვი, როგორც კრიმინალური ქრონიკის ერთ-ერთი ცნობა, ერთ-ერთი ბრუტალური დანაშაული. ჩემში ამბავს მნიშვნელოვანი ძვრა არ მოუხდენია.

ადამიანებმა მისაყვედურეს კიდეც გულგრილობის გამო. საყვედურმა თემასთან მეტი ყურადღებით დამაბრუნა.

ქალი, რომელზეც ამბობენ, რომ ქმარი და შვილი მოკლა, არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი. მისი ამბის განსაკუთრებით ხმაურიან ამბად ქცევას მედიის არაკორექტულმა დამოკიდებულებამაც შეუწყო ხელი, თუმცა მედია ხშირადაა არაკორექტული და ხშირად სჩვევია მოსახლეობის ფსიქიკის ისტერიულ ბირთვზე ჭარბი ზემოქმედება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ამბავი იწვევს ისტერიას, ზოგიერთი ნაკლებს. აგერ ახლახან ახალგაზრდებმა ქალი მოკლეს და კიდეც მიირთვეს. არ მოგვეწონა, მაგრამ განსაკუთრებით არ გვიღელვია. როგორც ჩანს, ჩვენს შორის მთვლემარე კანიბალი ნაკლებია და ამიტომაც ემოციურად ბოლომდე ვერ შევიგრძენით დანაშაულის სრული საშინელება. ის ერთგვარად ფანტასტიკურ ამბად გაფორმდა ცნობიერებაში.

ნებისმიერი ამბავი, რომელიც ჩვენამდე მოდის, მაშინ ხდება ჩვენი ფსიქიკის შემაზანზარებელი, როდესაც თვითიდენტიფიკაციის, რაიმესთან ასოცირების ელემენტი ჩნდება, როცა მასში ჩვენი განდევნილი ფიქრი ურევია. ყოველ ამბავს, რომელმაც აგაღელვათ, კარგად და ყველა მხრიდან დააკვირდით, სად ხართ „თქვენ”? მერე თუ შეძლებთ, დეტალებსაც დააკვირდით, - რა ფორმით, რა შიშის და რა განდევნილი აზრების გამო.

მედეას, რომლის შესახებ უამრავი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შექმნილა, მითის მიხედვით, შვილები არ მოუკლავს, კორინთელებმა მოუკლეს, როცა შური იძია იასონზე და მისი ახალი სიყვარულის ობიექტი მოწამლა. თუმცა ევრიპიდეს გენიალურმა ტრაგედიამ დააკანონა მედეას, როგორც შვილების მკვლელი დედის სახე.

ტერმინი „მედეას კომპლექსი” ფსიქიატრიაში ედვარდ შტერნმა დაამკვიდრა - „დედის მიერ თავისი შთამომავლების სიკვდილის სურვილი, ჩვეულებრივ, მამის მიმართ შურისძიების მიზნით”.

რატომ გახდა „ნამდვილ” ამბავზე მეტად „ნამდვილი” ამბავი სწორედ ევრიპიდესეული ვერსია? იმიტომ, რომ ეს ვერსია ყველაზე მეტად აფორიაქებს არაცნობიერის ბნელ ლაბირინთებში დამალულ აჩრდილებს.

ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა დედას მოუკლავს შვილი, რომ არ ჩავთვალოთ აბორტი, როგორც გაუცნობიერებელი, ვერაღქმული მკვლელობა. მოუკლავთ ფსიქიკური მძიმე მდგომარეობისას…

ან არ მოუკლავთ, არც მოკლავენ, მაგრამ წამლეკავი, უჩვეულო შინაარსის შიში უგრძვნიათ.

ობსესიურ კომპულსიური ნევროზის მქონე დედების აკვიატებულ ფიქრთა შორის საკმაოდ ხშირია შიში „არაფერი დავუშავო შვილს” , „არ მოვკლა შვილი”. საბედნიეროდ, ამ ფიქრს სისრულეში მოყვანა არ უწერია.

გაფართოებული სუიციდისას ჩნდება აზრი „მხოლოდ მე არ მოვიკლავ თავს, მოვკლავ შვილებსაც, რომ ავარიდო ისინი ჯოჯოხეთს, სახელად სიცოცხლეს”. განხორციელების საფრთხე რეალურია. შინაარსი სხვა - აქ შურისძიება არ არსებობს, ზრუნვაა. გახსოვთ ალბათ, გებელსის ცოლმა თავისი ხუთივე შვილი დახოცა და მხოლოდ შემდეგ მოიკლა თავი. მის წარმოსახვაში, როგორც ჩანს, მის შვილებს მის შემდეგ სიკვდილზე მძიმე საფრთხე ელოდათ.

ქალი, რომელსაც ქმრის და შვილის მკვლელობა ბრალდება, გაკიცხეს, სხვა უყვარდაო…

ალფრედ ადლერის აზრით, ცოლ-ქმრული ღალატის შინაგანი მოტივი, გენეზისი ყოველთვის შურისძიებაა, მიუხედავად იმისა, გაცნობიერდება ეს როდესმე თუ არა. ადამიანები სიყვარულად, უეცარ ძლიერ გატაცებად და ათას სხვა მდგომარეობად აღწერენ,  შეძლებისდაგვარად კეთილშობილურ გამართლებას უძებიან  „მოულოდნელად” დამდგარ ფაქტს.

შურისძიება ამ უფაქიზეს ურთიერთობაში შეიძლება რეალურად „არარსებულმა”, ღრმა არაცნობიერმა ფსიქიკურმა მიზეზმა ან ისეთმა წვრილმანმა გამოიწვიოს, როგორიცაა ნაკლები აღტაცების, ნაკლები დაცულობის შეგრძნება, თუმცა იმ ერთი ციცქნა მიზეზს მნიშვნელოვანი ემოციური დეფიციტის შექმნის ძალა ჰქონდეს პიროვნების თვითშეფასების ვარდნისთვის. სიყვარული თუ თვითშეფასებას არ უზრდის ადამიანს, მაშინ ის საწამლავად იქცევა.

წყვილს შორის ყოველთვის არ ჩნდება ღალატი სხვა სასიყვარულო ურთიერთობის სახით, მაგრამ შურისძიება შესაძლოა გაფორმდეს აკვიატებულ ფიქრად - მეშინია, არ მოვკლა შენი-ჩემი შვილი.

ნაკლებად გამბედავი არაცნობიერი ფიქრს ირიბად აყალიბებს, შეიგრძნობს ძლიერ, გადაჭარბებულ, აკვიატებულ შფოთვად „რამე არ დაემართოს შვილს”.

თუ ერთხელ მაინც მსგავს ფიქრს გონებაში აჩრდილივით გაუვლია, განხორციელებული ფაქტის შესახებ ცნობას შეუძლია ააფორიაქოს და აშალოს განცდების სკივრი. განდევნილი აზრების გაცოცხლების გამო ჩვენში ამოვარდნილი ქარიშხალი რისხვად დაატყდება განმახორციელებელს, რომელმაც აკრძალული ფიქრი ზედაპირზე ამოიტანა და შემზარავ ფაქტად ააფრიალა ცხვირწინ. დაუშვებლის დასაშვებობა დაუშვა, ტაბუ დაარღვია - თურმე ასეთი რამ მართლა შეიძლება მოხდეს.

ადამიანის ფსიქიკურ განცდაში თუ დედა როდესმე გამანადგურებელ არსებად ასოცირებულა, თუნდაც არაცნობიერში ჩალექილი, ერთხელ მოსმენილი - არ მინდოდა ფეხმძიმობა, აბორტზეც კი ვფიქრობდი… ან სხვა რაიმე სახით მოევლინა შვილს   დამარბეველად, რისხვა პიკს აღწევს, - ჩაქოლეთ, - ყვირის ჩვენს ფსიქიკაში შიშგამოცოცხლებული მსხვერპლი.

პირიქით მოხდა? მკვლელი გებრალებათ? – მიუტევე და მოგეტევება, ნუ განიკითხავ და არ იქნები განკითხული - ეს ყოველი ადამიანური „უპატიებელი” მდგომარეობის, მოსალოდნელობის  წინაშე შიშია. „ვერ ვნახე დანაშაული, რომელიც კონკრეტულ დროს მეც არ შემეძლო ჩამედინა.”  (გოეთე)

მკვლელობას არ ვამართლებ, მაგრამ… მკვლელის მიმართ საზოგადოების წამლეკავმა, დაუნდობელმა რისხვამ გამოიწვია შეძრწუნება, კერძოდ მისი გაკიცხვა შეღებილი თვალებისა და ვარცხნილობის გამო. ლანძღავენ, რომ თმა დაივარცხნა??? … ძუკნას ეძახიან, - ამ ამბით შეძრულთა შორის ბევრისთვის „ქალობის უფლების წართმევა” კონფლიქტურ გრძნობად იქცა.

„პირუტყვი! ძუკნა!” ამბობს ვიღაც ვიღაცაზე…  მაგრამ რატომღაც ტყვიასავით მოდის სიტყვა  შენს გულამდე, - „რატომ? რატომ არის (ვარ) ასეთი? შეუბრალებლებო…” იმართება პროექციული დიალოგი. სხვისთვის ნასროლი ტყვია შენ გხვდება, რადგან ყოველი სხვა ჩვენ ვართ. თითქოს სამყარო შენ (მე) გვეძახის - ძუკნა!

იქნებ ჩემი ფსიქიკის კუნჭულში მიმალული ბავშვი ვარ, რომელმაც ვაპატიე დედას, რომ „შემოვაკვდი”, იქნებ ოდესღაც მე წავახალისე დედა, რომ „მოეკლა” მამა? დაგვანებეთ თავი მე და დედას.

იესომ არ ჩააქოლინა მაგდა-ლინელი.

განგაშის მდგომარეობისას გაქცევას ნაჩვევმა ადამიანებმა, ფსიქიკაში დაძრული საშინელებისგან თავის დასაღწევად, ჩვეულებისამებრ განდევნეს აზრი, უარყვეს ფაქტი და დაუშვებლად გამოაცხადეს: დედა როგორ მოკლავდა შვილს? არ მჯერა, აბრალებენ!

როგორც გერმანელმა მწერალმა კრისტა ვოლფმა არ მოინდომა მედეა შვილების მკვლელი ყოფილიყო და პირველად მითს დაუბრუნდა თავის ნაწარმოებში.

ბნელ ლაბირინთში გავისეირნეთ და ალბათ ფიქრობთ, რაში გვჭირდებოდა ამაზე ფიქრი? მხოლოდ იმაში, რომ ოდნავი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი გეომეტრია აქვს ჩვენს გონებას. სამყაროდან როგორ ვარჩევთ და როგორ ვასწორებთ ფოკუსს მოვლენაზე, მაშინ როცა უამრავი სხვა რამ ფოკუსს მიღმა, ბუნდოვან ფონად რჩება, ზოგჯერ საერთოდაც აღუქმელი.

გამოსავალი რა არის? გამოსავალი კრიზისისას უნდა ვეძებოთ. აქ კრიზისი აღწერილი არაა. ეს ცნობიერების ჩვეულებრივი  კავშირებია. მთავარია, ღრმად შესახები მოვლენები ისე ხშირად არ დაგვეჯახოს, რომ გადამუშავება შეუძლებელი გახდეს.

იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანის ფსიქიკას უფრთხილდებიან, არსებობს მედიასტანდარტი და სხვა პროფესიული ეთიკის მკაცრი კონტროლი. ჭარბი ნეგატიური გამღიზიანებლისგან რადგან არავინ გვიცავს, ჩვენით უნდა გავემიჯნოთ დროულად, რომ ზედმეტი სტრესი არ მიაყენონ ჩვენს ცნობიერებას და არ გვამყოფონ მუდმივ შფოთვით მდგომარეობაში.

სწორედ ამ მოსაზრებით ვეწინააღმდეგებოდი ძალადობის ამსახველი რეალური კადრების ზღვარგადასულ ჩვენებას. არა აქვს მნიშვნელობა, მსხვერპლთან მოახდენს აღმქმელი იდენტიფიკაციას, თუ მოძალადესთან, ის მაინც ზიანდება, მით უმეტეს, რომ მოძალადის და მსხვერპლის ფსიქოლოგიას ძალიან თხელი ტიხრები აქვს, ერთმანეთში ზიარი ჭურჭელივით გარდამავალი.

ნეგატიური ინფორმაციის ათვისებისგან თავის დაზოგვა არ ნიშნავს რეალობისთვის თვალის არიდებას. ზომიერება, ბალანსი სულიერი წონასწორობის შენარჩუნების გზაა. მით უმეტეს, თუ მივხვდით, რომ რაიმემ ზედმეტად ჩაგვითრია, იმასაც თუ მივხვდით, რომ ჩაღრმავების შემდეგ დაუზიანებლად დისტანცირება შეუძლებელია, სჯობს ჩვენით განვერიდოთ ყველა სტანდარტის დარღვევით მოწოდებულ ათას საწამლავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ვაიმე დედა, ვაიმე შევჩენკო - 2

ჰოდა ასე: ვზომოთ კუკავას, გუგავას, ზალიკოს, ხოშტარიას და სხვათა პოლიტიკური მესიჯები და ამასობაში ლამბერსექსუალ კალაძის მ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სინდისი, აზროვნება, თავისუფლება

„9/22/2017“ კალენდარი ეკლესია არის კოლექტიური პრეზერვატივი. მასში თავშეფარებულ ადამიანებს იგი ჯგუფურად იცა ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

მესაზღვრე

ვიდრე ჩვენს თავში ერთმანეთის დახმარებით არ გამოვძებნით და გამოვზრდით საკუთარ ძალებს, მანამდე თაღლითების სამკალი იქნება ჩ ...

მეტი

^