Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოდერატოდან სიკვდილამდე

21 თებერვალი 2017

დიდი აურზაური, ლიტერატურული აჟიოტაჟი, ჟრიამული და ურთიერთსაწინააღმდეგო რეცენზიები მოჰყვა 1958 წელს გამოქვეყნებულ „მოდერატო კანტაბილეს“. ზოგი ხმალალესილი კრიტიკოსი აცხადებდა, შეუძლებელია, ამას წიგნი ვუწოდოთო; ზოგიც გულანთებული წერდა, „მოდერატო კანტაბილე“ ყველაზე სრულყოფილი შედევრია მათ შორის, მადამ დიურასს რომ დაუწერიაო. „მოდერატო კანტაბილე“ იშვიათი წიგნია! ამ გამორჩეულმა ნაწარმოებმა ახალი გზა იპოვა რომანის თვალუწვდენელ უდაბნოში!“,-წერენ კლოდ დელმონი და კლოდ მორიაკი. რეცენზიებმა ააჭრელა „ლ’ეურ დე პარი“, „ფიგარო“, „ლიბერასიონი“, „რივაროლი“, „კრიტიკ ლიტერერი“, ,,მერკურ დე ფრანსი“ და სხვა გამოცემები. დომინიკ ორი პლატონის გამოქვაბულის მითს ადარებს ამ მცირეტანიან ნაწარმოებს; კლოდ რუას თქმით, „მოდერატო კანტაბილე’’ ბელა ბარტოკისგან ხელმეორედ დაწერილი „მადამ ბოვარია“; „მოდერატო კანტაბილე“ ერთგვარი საცდელი რომანია“,-წერს რობერ პულე; მადლენ ალენსის რეცენზიის თანახმად, ამ რომანის განსხვავებული სტილი და ენა ნეტარ სიმშვიდეს უკარგავს ადამიანს; აიძულებს, ეჭვის თვალით შეხედოს ყოველივეს და სიღრმისეულად გაიაზროს ყოველი სიტყვა, ყოველი ჟესტი. „მოდერატო კანტაბილე“ ერთგვარი ესეა და არა დასრულებული ნაწარმოები“,-წერს ჟან მისტლერი. მორის ნადოს თქმით, დიურასი ბრწყინვალედ ფლობს დასკვნის „არგამოტანის“ ხელოვნებას. გაეტან პიკონი „მერკურ დე ფრანსში“ მრავალ გვერდს უთმობს დიურასის შემოქმედებას და განსაკუთრებით, „მოდერატო კანტაბილეს“.

რა აქვს ასეთი ამ რომანს, თითქმის ერთნაირად რომ მონუსხა მკითხველებიც და კრიტიკოსებიც? დიურასის თხელტანიან რომანში, „სკვერი“ (1955 წელს გამოქვეყნდა), უკვე იგრძნობა ავტორის სწრაფვა განსხვავებული, არატრადიციული სტილისადმი. „მოდერატო კანტაბილეს“ მთავარ გმირს, პორტისა და სანაპიროზე ჩამწკრივებული ქარხნების დირექტორის მეუღლეს, ანა დებარეს, სული ეხუთება მოსაწყენ, პროვინციულ ქალაქში; თავადაც ვერ მიმხვდარა, რატომ დასცა თავზარი სრულიად უცნობი ქალის კივილმა და სისხლით მოთხვრილი მისი ცხედრის დანახვამ. მონუსხული და გრძნებით შეკრული, ყოველ ცისმარე დადის იმ კაფეში, სადაც ეს საზარელი დანაშაული მოხდა; უამრავ შეკითხვას უსვამს შემთხვევით გაცნობილ მამაკაცს. მოჯადოებული, ღვინით თრობის შლეგ სურვილს შეუპყრია; გაუნელებელ, დაუცხრომელ წყურვილს, რომლის მოკვლასაც ვერაფერი შესძლებს ამქვეყნად. სანამ ანა დებარე მომაბეზრებელი შეკითხვებით აწამებს დანაშაულის ადგილზე ნანახ უცნობ მამაკაცს, მისი ჯიუტი შვილი ქუჩაში თამაშობს. ბავშვს არ სურს, დაიმახსოვროს, რომ „მოდერატო“ ნიშნავს ნელს, ,,კანტაბილე’’ კი სასიმღეროს. ქალმა არ იცის, რას დაეძებს იქ, იმ უცნობ ადგილას, რა სურს ამ მამაკაცისაგან, რას ელის, რას ითხოვს... სიზმრისეულ ჩვენებებს, ზმანებებსა და აუხდენელ ოცნებებს გამოდევნებული, ეულად დაეხეტება ამ მიყრუებული ქალაქის უსახურ ქუჩებში; შვებას ჰპოვებს მოკლული ქალის სისხლით გაჟღენთილ იმ კაფეში, სადაც შლეგი მწყურვალივით ეწაფება გრილ ღვინოს. რა იცის ამ ორმა პერსონაჟმა ერთმანეთზე? თითქმის არაფერი. ერთი შეხედვით, კაცმა იცის, რომ ქალს ანა ჰქვია, ქარხნების დირექტორის მეუღლეა და ზღვისპირა ბულვარში ცხოვრობს. ქალმა კი იცის, რომ კაცს შოვენი ჰქვია და სწორედ იმ ქარხანაში მუშაობს, რომლის მეპატრონეც მისი ბურჟუა ქმარია. ანა დებარეს ქერა თმა აქვს, შოვენს კი ცისფერი თვალები. ესაა და ეს. დიურასი არაფერს აღწერს მეტად. მკითხველმა მადამ დებარეს შვილის სახელიც კი არ იცის, თუმცა, რომანის კვალდაკვალ, ბევრ რამეს შევიტყობთ ანას შესახებ. შოვენი დაუნდობლად ეუბნება სიმართლეს: „ყოველთვის უხეშად ერეოდნენ თქვენს ცხოვრებაში, უდიერად გეპყრობოდნენ და გაკონტროლებდნენ... მოსვენებას არ გაძლევდნენ...“ ანა დებარე შეკრთება, როგორღაც, დამნაშავესავით გაიბრძოლებს, მაგრამ მაინც დანებდება ამ უცნობის ულმობელ განაჩენს. მუდამდღე სახლში გამომწყვდეული ამ ქალის ერთადერთი ნუგეშია ქალაქში სეირნობა, პიანინოს გაკვეთილებზე შვილის ტარება და სახლის წინ სეირნობა, უზარმაზარ მესრამდე ბოლთის ცემა. ეს გისოსები კიდევ ერთი პირდაპირი ალუზიაა იმისა, რომ ქმრის სახლი ანას საპყრობილეა; ცოტა ხნით დააღწევს ხოლმე თავს ტყვეობას და კაფეში მიდის, იქ, სადაც ფეხის დადგმა ეკრძალებათ მისთანა ქალებს, ქმრის მორჩილ ცოლებს, თავდადებულ დედებსა და მაღალი წრის ბანოვნებს.

ნახევრად ნათქვამ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრაზებში გამოსჭვივის ანას მღელვარება და მოსაწყენი, ბურჟუაზიული სინამდვილისგან გაქცევის სურვილი. ქმართან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ნამდვილი ტანჯვა-წამებაა მისთვის. ნაწარმოებში საერთოდ არ ჩანს მისი თანამეცხედრე; მხოლოდ შოვენი ახსენებს, თუმცა, ისე, რომ მის სახელსაც კი არ წარმოთქვამს. ანას, ამ მარტოსულ და ეულ ქალს, არ უყვარს მეუღლე და მხოლოდ ზიზღს გრძნობს მისდამი. ყოველდღე თვრება ღვინით, ამ საამური, თავბრუდამხვევი ნექტრით და ცოტა ხნით ივიწყებს დედისა და ცოლის ტრადიციულ მოვალეობებს; თავისუფლდება იმ მარწუხებისაგან, ულმობლად რომ აწამებს; მონობის უღლისაგან თავის დახსნას ესწრაფვის; თავის მკერდზე მიბნეული მაგნოლიასავით ჭკნება სახლი-საპყრობილის მეორე სართულზე, თავის ოთახ-საკანში. ისღა დარჩენია ერთადერთ თავშესაქცევად და ნუგეშად, თვალმოუშორებლად უცქიროს ქარხანაში მიმავალ მუშებსა და შეყვარებულ წყვილებს, თავდავიწყებით რომ ეკვრიან გულში ერთმანეთს. თავადაც ოცნებობს სიყვარულზე; სიყვარულზეც და სიკვდილზეც; მასაც სურს, იმ უცნობი ქალივით მოკლას უცნობმა მამაკაცმა. ანა და შოვენი გასაოცრად ემსგავსებიან მოკლულ ქალსა და მკვლელს; თითქოს, აღსრულდა მათში განსხეულების მისტერია. განსვენებული გათხოვილი იყო, სამი შვილი ჰყავდა და ლოთობდა. ანაც გათხოვილია, ერთი შვილი ჰყავს და ძალიან ბევრს სვამს; ვერა და ვერ უმკლავდება ამ მწველ სურვილს. მათი ამბავი გამაოგნებელი სიზუსტითა და სიცხადით ირეკლავს უცნობი ქალისა და მკვლელის წარმოსახული სიყვარულის ამბავს; თითქოს, მასში ითქვიფება. ანა დებარე დაჟინებით სთხოვს შოვენს, დაუსრულებლად ესაუბროს იმ მკვლელობაზე. სიკვდილს დაეძებს ყველასაგან შერისხული და შეჩვენებული იმ ქალივით, მთელი ქალაქი აბუჩად რომ იგდებდა და დაუნანებლად ესროდა ჩასაქოლ ქვას.

კაფეში, დანაშაულის ადგილას, ერთმანეთს ენაცვლება ავადმყოფური თრთოლა, შვების ღიმილი, გულშემზარავი გრიმასა, ნერვული სიცილი... ბოლო აღარ უჩანს ღვინით პირთამდე სავსე ჭიქებს, ანა დებარეს შეკითხვებსა და მამაკაცის ორჭოფულ პასუხებს. ყოველდღე გაისმის ქარხნის საყვირის თავზარდამცემი ხმა, რომელიც ანასა და შოვენის გარდაუვალ განშორებას მოასწავებს. მათი სოციალური სტატუსები ცა და მიწასავით განსხვავდება ერთურთისაგან; სხვადასხვა ფენას ეკუთვნიან. ანა მდიდარი ბურჟუას ცოლია, თავზე საყრელად აქვს ფული და ფუფუნებაში ცხოვრობს; შოვენი კი ამ გაქსუებული ბურჟუაზიისაგან ექსპლოატირებული, ხელმოკლე მუშაა. ანას ვნებამ გადალახა წოდებრივი განსხვავების უხილავი კედელი და თავი გაუყადრა „მდაბიოს“. როლები იცვლება: დომინანტი კლასის წარმომადგენელი ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება ჩაგრულ პროლეტარზე.

ავტორი არ ყოვნდება „ზედაპირზე“ და გვიჩვენებს პერსონაჟების ერთგვარ „ქვესაუბარს“. ნახევრად ნათქვამი სიტყვებითა და ნაკლული ჟესტებით მიგვანიშნებენ ვნებათა სიმძაფრეზე, აუხდენელ სურვილებსა და ანას გულში ჩაკლულ ოცნებებზე. თითქოს, ყოველივე გარინდებულა რაღაც ავბედითის მოლოდინში; თითქოს, ეს უბედურება სულ მალე დაატყდება თავს ქალაქს და ყოველივეს მოსრავს. შოვენსა და ანას შორის ვნება იბადება და სულ უფრო და უფრო ძლიერდება, ცხოველდება, მაგრამ მაინც გადაულახავი უფსკრული აშორებთ. ქალი ურთიერსაწინააღმდეგო მისწრაფებებს შორის იხლიჩება; ვალდებულია, იყოს მოსიყვარულე, მზრუნველი დედა, მაგრამ გულის სიღრმეში სულ სხვა რამ სურს. უცნობი ქალის კივილი ეხმიანება და ეხამება მის სევდას, შინაგან, გაუმხელელ გლოვასა და მწუხარებას. მუსიკის ჰანგები კიდევ უფრო უმწვავებს მარტოობისა და მიუსაფრობის ისედაც მტკივნეულ შეგრძნებას. მოდერატო კანტაბილეს ჰანგები დაანახებს თვალისმომჭრელ სიმართლეს, სიკვდილის გარდაუვლობას, ამ საბედისწერო სიყვარულისა და დამღუპველი ვნების ფატალურობას. მორჩილი ცოლი აჯანყებამდე მიჰყავს ფარულ სურვილებს; მრისხანე ამბოხამდე; იმ ღალატამდე, რომელიც არასოდეს ჩაუდენია. ანა არად აგდებს მჩაგვრელ ადათ-წესებს, მკაცრ აღზრდას, რომელიც, როგორც ავტორი ამბობს, თავისუფლებისაკენ ლტოლვას უხშობს ქალებს, სამარადისო დაღს ასვამს. ტრადიციული, პატრიარქალური, ბურჟუაზიული საზოგადოება მოითხოვს, ანა იყოს მუდამ მშვიდი, თვინიერი, თავმდაბალი და სპეტაკი. მოკლული უცნობი ქალი ეწინააღმდეგებოდა დამკვიდრებულ წესრიგს და ქალის შემბოჭველ ადათებს; უარყო გათხოვილი ქალისა და დედის როლი, გაიჩინა საყვარელი და ა.შ. მისი უეცარი კივილი ამსხვრევს პატრიარქალურ ბორკილებს და თავდაყირა აყენებს იერარქიას. მისი სიკვდილისწინა გოდება სულით ხორცამდე შესძრავს ანა დებარეს, საღათას ძილიდან გამოაფხიზლებს. ქალის განწირული გმინვა ახსენებს ანას, როგორ დაიკივლა მშობიარობისას. სიმბოლურად დაუკავშირა ერთმანეთს სიკვდილი და სიცოცხლე. დედობას ბედნიერება და სიხარული არ მოუტანია მისთვის. ,,ეს ბავშვი მტანჯავს... ცხოვრებას მიმწარებს... სასიცოცხლო ძალას მაცლის“,-ეუბნება მასწავლებელს. უცნობ მამაკაცსაც უმხელს გულში სათუთად შენახულ კიდევ ერთ საიდუმლოს: ,,ალბათ, უმჯობესია, დედები და შვილები შორს იყვნენ ერთმანეთისაგან... ზოგჯერ მაინც... ჰო... ერთიმეორეს უნდა დაშორდნენ... უნდა დაშორდნენ... ვერაფრით ვერ ვეგუები ამ ბავშვს!“

შვილი მუდამ თან ახლავს. სანამ ქალი მამაკაცს ესაუბრება კაფეში, ბავშვი ქუჩაში ელოდება. ანა წუთითაც კი ვერ თავისუფლდება დედობის მარწუხებისაგან. შვილი დაბრკოლებაა მისთვის; მძიმე უღელი; სწორედ ის ექაჩება შინისაკენ; ღონივრად მიათრევს იმ ბნელი სატუსაღოსაკენ; უფლებას არ აძლევს, დაუსრულებლად ესაუბროს უცნობ მამაკაცს, გული გადაუშალოს, შეუხებლად მოიკლას შლეგი ვნება, პირუტყვული ჟინი და გახელებით ეძებოს ნაირფერი თავგადასავლები ამ რუხ სამყაროში. ბავშვი გამუდმებით ახსენებს, რომ იგი ცოლი და დედაა; ვალდებულია, დაბრუნდეს შინ, ქმარზე იზრუნოს. ანა დებარეს (პატრიარქალური საზოგადოების თვალში - „ოჯახის შემარცხვენელ“ და მოღალატე ქალს) გული აენთო არარადმქცევი, გამანადგურებელი და დამღუპველი გრძნობით. გარდაუვალია შოვენისა და ანას სიყვარულის ტრაგიკული დასასრული. ანაც ისევე მიექანება საბოლოო განადგურებისა და მოშთობისაკენ, როგორც მის მკერდზე დაფენილი მაგნოლია და მის სახლ-საპყრობილეში გამართულ წვეულებაზე მორთმეული ორაგული და იხვი.

დიურასს ძალუძს, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი გადააქციოს დაუვიწყარ და მტკივნეულ მოვლენად, სამარადისოდ რომ დააჩნდება ადამიანის სულსა და გულს. რომანის მოქმედება სულ რაღაც ერთ კვირას მოიცავს, მაგრამ მკითხველი ვერასოდეს დაივიწყებს ამ შვიდ-რვა დღეს; ვერასოდეს დაივიწყებს ანასა და მამაკაცის დიალოგებს, სიყვარულისა და სიკვდილის დამნაცრავ წადილს, კაფეს მეპარტონისა და ქარხნის მუშების გამქირდავ მზერას, უსახელო ბავშვს, სასოწარკვეთილ, დაქანცულ მასწავლებელს, მათრობელა ღვინოს, რადიოს თავაწყვეტილ ჰანგებს, ზღვის ლურჯ ტალღებში ჩამავალ მეწამულ მზეს, კაფეს კედლებზე წითლად აელვარებულ სხივებს, შოვენის ღვინით დაცვარულ ტუჩებს, საათის ისრების განუწყვეტელ სრბოლას, საყვირის ხმას, კაფესაკენ მომავალი კლიენტების ნაბიჯების ხმას, კაფედან ზღვისპირა ბულვარამდე ყოველ საღამოს გავლილ გზას, შოვენის ბავშვურად სუფთა და კრიალა თვალებს, ანა დებარეს საწყალობელ გმინვას, მაგნოლიის მძაფრ სურნელს, მთვარის მკრთალი შუქით განათებულ პლაჟზე მარტოდმარტო მწოლი მამაკაცის ხატებას, მის გაპობილ ბაგეს, გისოსებში გამომწყვდეული სახლი-საპყრობილის გაჩახჩახებულ ფანჯრებს, ქალის კაბაზე დაფენილ ერთადერთ მაგნოლიას, ბურჟუაზიულ, ბრწყინვალე წვეულებას (რომელიც ანა დებარეს დაკრძალვას უფრო ჰგავს), აუხდენელ ნატვრას, მიუწვდომელ იდეალს, ერთადერთ შეხებას, ერთადერთ კოცნას, ხელებისა და ტუჩების სასიკვდილო რიტუალს, სამარადჟამო განშორებას.

მარტოოდენ სიკვდილია ანა დებარესა და შოვენის სიყვარულის ხვედრი, რადგან ეს გრძნობა მკვლელობის (სიკვდილის) ნაყოფი იყო; სიკვდილისაგან იშვა, დაღვრილი სისხლი გახდა ამ ვნების საწინდარი. ანასა და შოვენის გამოთხოვება სამგლოვიარო ელფერს იძენს. „სასიკვდილო პოზაში გაშეშებული მათი ხელები“,-წერს ავტორი. ჯუდით კოფმანი, თავის სამეცნიერო სტატიაში, „მუსიკა და რომანის სიუჟეტი მარგერიტ დიურასის ,,მოდერატო კანტაბილეში“, აღნიშნავს: „ფინალის სამგლოვიარო იერი მოგვაგონებს რომანის დასაწყისში აღწერილ მკვლელობას“. მკვლელმა აკოცა მოკლულ ქალს. ანა დებარემაც უძღვნა გამოსათხოვარი, უკანასკნელი ამბორი უცნობ კაცს. „თქვენი სიკვდილი მინდა“,-ეუბნება შოვენი; ანა კი პასუხობს: „უკვე მკვდარი ვარ. აღსრულდა.“ ისინი საბოლოოდ განსხეულდნენ მკვლელსა და მსხვერპლ ქალში.

მიუხედავად ყველაფრისა, მკითხველმა არ იცის, რა ბედი ელის ანა დებარეს: კვლავ დაბრუნდება სულისშემხუთავ სახლ-საპყრობილეში, მოკვდება, თუ მედეასავით მოკლავს შვილს, ან ქმარს. მომავალი არა აქვს მარტოსულობისა და სიკვდილისათვის განწირული ანასა და შოვენის ახალშობილ სიყვარულს. ქალი მოსაწყენ ყოველდღიურობაში ჩაფლულიყო; ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა; ნელა, მდოვრედ მიედინებოდა მისი უღიმღამო და უსიხარულო ცხოვრება, რომელიც თავისი მონოტონურობით საოცრად ჰგავდა მოდერატო კანტაბილეს მშვიდ და უნიათო ჰანგებს. ჯუდით კოფმანის თქმით, ოდესღაც, ეს ზანტი და უნიათო ჟღერადობა, ეს მდოვრე მოდერატო იყო ანა დებარეს ცხოვრების რიტმი, უწყვეტ რეფრენად რომ გასდევდა მის ყოველდღიურობას, მაგრამ უცნობი ქალის თავზარდამცემმა კივილმა უეცრად გაწყვიტა ამ ბანალურობის, ტრივიალურობისა და უგერგილობის ჯაჭვი, სამუდამოდ შეცვალა მისი ყოფა. ანა შვილის გარეშე მივიდა ბოლო, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე. თავის დღეში პირველად გაბედა კაფეში ფეხის დადგმა ამ ბავშვის გარეშე, რომელიც ასე აწამებდა; პირველად დაივიწყა დედისა და გათხოვილი ქალის მოვალეობები, მაგრამ არავინ უწყის, უწერია, თუ არა თავისუფლება. კვლავ შეხვდებიან თუ არა ანა და შოვენი? ალბათ, ქალი ვეღარასოდეს გამოაღწევს საპყრობილიდან, რადგან აუკრძალეს პიანინოს გაკვეთილებზე შვილის ტარება. იქნებ, დაამსხვრიოს მონობის ბორკილი? იქნებ, როცა უკანასკნელად გადააბიჯებს ამ კაფეს ზღურბლს და ქუჩაში გავა, ვეღარც კი მიაღწიოს სახლ-დილეგამდე? იქნებ, მოკვდეს კიდეც, სანამ ზღვისპირა ბულვარს მიუახლოვდება? იქნებ, არც აპირებს შინ წასვლას და იმ უცნობი ქალივით განუზრახავს გალოთება და ქუჩა-ქუჩა ხეტიალი?  ქალი კარისაკენ იბრუნებს პირს, თითქოს, ზღვის ტალღებში ჩამავალი მზისაკენ გაეშურება და გაეხვევა მის მეწამულ შუქში, რომელიც იმ დღის დასასრულს მოასწავებს (ან იქნებ, მისი სიცოცხლის დასასრულსაც?) ის უცნობი ქალიც ხომ სწორედ მზის ჩასვლისას გამოესალმა სიცოცხლეს? იქნებ, ისიც მნათობთან ერთად ჩაესვენოს ლურჯად მოლივლივე ზღვაში? მკითხველმა არაფერი იცის. არაფერი. არც პერსონაჟებმა. თავად ავტორმაც კი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^