Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალები, რომლებსაც ქალები სძულთ

09 მარტი 2017

არიან ქალები, რომლებიც კონსერვატიულ ოჯახებში იზრდებიან. ოჯახებში, სადაც ყველაფერს კაცი წყვეტს, სადაც მას შეუძლია ოჯახის წევრი ქალების დამცირება. ამ უკანასკნელს კი ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს. ასეთ ოჯახებში გაზრდილი ქალები ფიქრობენ, რომ ოჯახში შემომტანი კაცია, რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილებასაც კაცი იღებს, რომ არ შეიძლება კაცზე ჭკვიანი, ნაკითხი და განათლებული იყოს. მას არ აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უფლებაც, რადგან ეს „კაცის საქმეა”. 
 
ასეთ ოჯახებში გაზრდილი ქალები დარწმუნებული არიან, რომ საუკეთესო განათლება, სამსახურებრივი პოზიციები, უზრუნველი მომავალი კაცებისაა, მათზე დგას მსოფლიო. ამ ქალებს არ უყვართ საკუთარი პირველი შვილი გოგონები, რადგან ბიჭს ელოდნენ და ახლა თავს იმით ინუგეშებენ, რომ სიბერეში მომვლელი დასჭირდებათ. ეს მომვლელი კი გოგო იქნება, რადგან „ბიჭი მაინც ბიჭია”. ასეთ ქალებს სჯერათ, რომ პოლიტიკა კაცების საქმეა და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე კამათში ჩარევის უფლება არ აქვთ, რადგან მათ „ჭკუა არ მოეკითხებათ” და „კაცებმა უკეთ იციან”. ასეთი ქალები ბევრნი არიან. ისინი ძნელად, ან საერთოს არ იცვლებიან. 

ასეთ ქალებს სძულთ თავისუფალი ქალები. ისეთი ქალები, რომლებიც საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას საჯაროდ არ ერიდებიან; ქალები, რომლებსაც ლამაზად ჩაცმა, მაკიაჟის გაკეთება და საკუთარი თავის სიყვარული, თანაბარი წარმატებით შეუძლიათ; სძულთ, რადგან ჰგონიათ, რომ პატიოსანი ქალი გარეთ ქმრის გარეშე არ უნდა ჩნდებოდეს, თავჩაღუნული უნდა შრომობდეს, კოჭებამდე კაბა უნდა ეცვას, ზედმეტი ლაპარაკით ქმარს არ უნდა აწუხებდეს, ოჯახზე უნდა იყოს გადამკვდარი და თავს არ უნდა უვლიდეს. 

ასეთი ქალების საზოგადოება ძალადობს უმცირესობაში მყოფ ქალებზე. ძალადობს მორალურად, ფსიქოლოგიურად. ძალადობს ყველა დასაშვები და დაუშვებელი ფორმით, რადგან განსხვავებულის მიმღებლობა არ აქვთ. 

ქალებს სძულთ წარმატებული ქალები; ქალები, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ, რომლებიც მათ მამაკაცთან თანასწორობას ასწავლიან და თანაბარუფლებიანობაზე ესაუბრებიან. ის ქალებიც სძულთ, რომლებიც ეუბნებიან, რომ არ არსებობს პროფესიები ქალებისა და კაცებისათვის. რომ მანქანის ტარება ქალსაც და კაცსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია და, ბიოლოგიური აგებულების გარდა, გოგოსა და ბიჭ შვილებს შორის განსხვავება არ არის. 

არიან განსხვავებული ქალებიც, რომლებსაც თანასწორობის იდეა თავისებურად ესმით და საკუთარ თავში ყველაფერ ფემინურს ახშობენ; ქალები, რომლებსაც მკერდისა და სხეულის ზედმეტი თმისგან გათავისუფლება (მიუხედავად იმისა, რომ ასე მამაკაცებიც ხშირად იქცევიან), ესთეტიკური ფაშიზმი ჰგონიათ და, ამის გამო, სხვებს აბულინგებენ; ქალები, რომლებსაც არ აქვთ კაცების მიმღებლობა და გენდერულ თანასწორობად მათი უფლებების რადიკალურ შეზღუდვას მიიჩნევენ; რომლებიც მზაობის არქონის მიუხედავად, სხვებს პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ; და არ ან ვერ ხვდებიან, რომ მათ პოზიციას არაფერი აქვს საერთო თანასწორობის იდეასთან. დაცვის ნაცვლად, თანაბარი უფლებების სახელით უწევენ დისკრიმინაციას საკუთარი სქესის წარმომადგენლებს და სინამდვილეში არაფრით განსხვავდებიან იმ კაცი მოძალადისაგან, რომელსაც ებრძვიან. 

ასეთ ქალებსაც სძულთ ტრადიციულ ოჯახურ გარემოში გამომწყვდეული ქალები. სძულთ, ეზიზღებათ, რადგან მათი გადმოსახედიდან წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ქალს არ გააჩნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და მეტის გაგების სურვილი; როგორ შეიძლება, არ გაუჩნდეს საკუთარი პოზიციების დაცვისა და იმ გარემოს წინააღმდეგ პროტესტის სურვილი,  რომელიც გასაქანს არ აძლევს. 

ასეთი ქალებიც ძალადობენ მათგან განსხვავებულ ქალებზე. ძალადობენ ფსიქოლოგიურად და მორალურად. აბულინგებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მათთან მუშაობის სურვილს ნაკლებად იჩენენ, რადგან განსხვავებულის მიმღებლობა არც მათ აქვთ.

ახლახან რვა მარტი იყო... მანამ, სანამ ქალებს ერთმანეთი სძულთ, ყოველი სარვამარტო აქცია, ყოველი ტრენინგი და შეხვედრა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ, ყოველი ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვა, ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და სამოქალაქო აქტივიზმი უშედეგო იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მარტი
24 მარტი

ვინ არის ყველაზე კულტურული

როგორც უკვე იცით, ქართულ ტრადიციულ სუფრას (პურობას) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.& ...
23 მარტი
23 მარტი

მარცვლები

დეგრადირებული არის ფაქტი, რომელიც ისეა გაზავებული ინტერპრეტაციაში, რომ ემპირიულად მიუწვდომელი ან იდეოლოგიურად დაუშვებელი ...
23 მარტი
23 მარტი

Say Cheese, ანუ ქართულად „ციიიცქა“

სხვათა შორის, ჩვენი ლაბრადორის მეტისი, რომელიც აღმა-დაღმა დაეხეტებოდა პავლოვისა და ტაშკენტის კვეთაზე და ძაღლებისა და ჩვე ...

მეტი

^