Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მკვიდრი სინამდვილე

14 მარტი 2017

რელიგია გახრწნილია. აუცილებლად ასეა ყველგან და ყოველთვის. მაგრამ რელიგია მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რასაც ცოტა უფრო აკადემიურად შეიძლება დაერქვას ფაქტის დეგრადაცია და ამ პროცესის შედეგად მიღებული დეგრადირებული ფაქტი. ფაქტის დეგრადაციასთან საქმე გვაქვს, როდესაც ხდება რეალური ფაქტის გადაკეთება მისი დამახინჯების ან შელამაზების გზით; ან ხდება ფაქტის მთლიანად შეთხზვა, გამოგონება. დეგრადაციის შემდეგ საფეხურზე ფაქტი გასაღებულ უნდა იქნეს, როგორც დაუმახინჯებელი და შეუთხზველი. ფაქტის დეგრადაცია არ დასრულდება, თუ მას ვინმე არ გაიზიარებს, არ მიიღებს, როგორც ნამდვილს და გაუყალბებელს.

ამრიგად, ფაქტის სრულ დეგრადაციას აქვს სამი საფეხური: შეთხზვა-დამახინჯების, გასაღება-გავრცელებისა და მიღება-დაჯერების. შესაბამისი ფუნქციების თანაბრად განაწილების შემთხვევაში ფაქტის დეგრადაციას უნდა ჰყავდეს სამი შემსრულებელი: ყალბი ფაქტის ავტორი, ყალბი ფაქტის გამავრცელებელი და ყალბი ფაქტის მიმღები. ცხადია, რომ სამივე ეს როლი ერთმა და იმავე პერსონამ შეიძლება შეასრულოს, რომელიც თვითონ ამზადებს ნაყალბევ ფაქტს, შემდეგ თავისივე თავს თვითონ ატყობინებს მას და, ბოლოს, თვითონვე იზიარებს და იჯერებს ამავე ფაქტს გამარჯვებული შეძახილით - „აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!“ ასეთია, ვფიქრობ, სამ სახსარზე შეკრული წრე, რომელიც ინსტიტუციონალიზებულმა რელიგიამ თავის მსახურშიც და მიმდევარშიც უნდა დანერგოს და განავითაროს. სხვა სიტყვებით, ასეთია მორწმუნე ადამიანის მენტალური და მრგვალი ჩარჩო, რომელიც მის აზროვნებასა და გრძნობას შემოსაზღვრავს და წარმართავს, სავალდებულო შესრულებით იქვემდებარებს.

რწმენაში გაწაფული ადამიანი რწმენის ამგვარ წრეს ჰოლაჰუპივით ატრიალებს თავისი გონების წელზე. ამიტომ მაგონებს, ვთქვათ, მართლმადიდებელი მრევლი ცირკის არენაზე ჰოლაჰუპებში გაყრილ, მოწადინებულ გიმნასტებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ოსტატურად, ზოგჯერ კი სულაც მოუქნელად, ასრულებენ ერთსა და იმავე ნომერს სრულებით ცარიელ დარბაზში, მხოლოდ წარმოსახვითი მაყურებლის თვალწინ. ზოგჯერ ეს მორწმუნეები თვითონ განასახიერებენ ჰოლაჰუპს, რომელიც ტაძრის გარშემო ბრუნავს სადღესასწაულო აღმაფრენით გაქანებული. ვინც ფაქტის დეგრადაციის რომელიმე სტადიაზე მონაწილეობს, თვითონ ხდება ასეთი ფაქტის მატარებელი, როგორც არსებობენ ამა თუ იმ ბუნებრივი ენის მატარებელი ადამიანები. თუმცა აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ვთქვათ, ქართული ენის მატარებელი, ანუ ამ ენის მცოდნე, ამ ენაზე მოფიქრალი და მოლაპარაკე, მკითხველი და მწერალი ადამიანი თვითონ არასოდეს გარდაიქმნება ქართულ ენად, არ უიგივდება არც მთლიანად ქართულ ენას და არც რომელიმე ენობრივ აქტს, რომელსაც იგი ქართულ ენაზე შეიძლება ასრულებდეს. სამაგიეროდ, ვინც ფაქტის დეგრადაციაში მონაწილეობს მისი დამახინჯების, გავრცელების ან გაზიარების საფეხურზე, თვითონვე ხდება დეგრადირებული ფაქტი.

*  *  *                                                                                                                                                                

აწმყო არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯერ კიდევ არა-წარსული, ანუ არის უახლოესი მომავალი უახლოესი წარსულისთვის. სწორედ ამ სიახლოვის და ენის კონცეპტუალური მოუქნელობის გამო, მგონი, ადვილად შეიძლება გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ აწმყო არის უახლოესი მომავალი. მართლაც, როცა აწმყოს ესა თუ ის შინაარსი უახლოესი წარსული ხდება, ნათელი ეფინება იმას, რომ სულ ცოტა ხნის წინ აწმყო მთლიანად იყო უახლოესი მომავალი მაშინდელი წარსულისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, ისიც ნათელია, რომ აწმყო არსებითად არის მომავალი, სახელდობრ, უახლოესი მომავალი.

და ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ ჩემი ცნობიერების, ვთქვათ, ჩემი გრძნობადი აღქმის შინაარსი უმეტესად წარსულს ეკუთვნის, რადგან გარე სამყაროდან სინათლის ფოტონების, ჰაერის რხევის ან სხვა რამე მატერიალური მედიუმის, შუამავლის გზით ჩემს გრძნობის ორგანოებამდე ინფორმაციის მოღწევას მცირე, მაგრამ მაინც დრო სჭირდება, რომლის განმავლობაში სამყაროს ის მდგომარეობა, რომლის შესახებ ინფორმაცია მოსწვდა ჩემს სხეულს, უკვე წარსულშია, უკვე იყო. ამას თუ დავამატებთ დროს, რომელიც ჩემი ნერვული სისტემისა და ტვინის მიერ გრძნობის ორგანოებით მიღებული სიგნალების გადამუშავებისთვისაა აუცილებელი, დროში ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება. ამრიგად, სამყაროს სურათი, რომელიც საბოლოოდ ყალიბდება ჩემს გონებაში და, მით უმეტეს, აღწევს ჩემს ცნობიერებას, ასახავს სამყაროს იმ მდგომარეობას, რომელიც უკვე ჩაბარდა თუნდაც საკმაოდ ახლო, მაგრამ მაინც წარსულს. ამრიგად, გონებასა და ცნობიერებაში მოქცეული შინაარსი, რომელსაც რეალობის ასახვისა და გამოხატვის პრეტენზია აქვს, სინამდვილეში წარმოგვიდგენს, განეკუთვნება უკვე წარსულ მდგომარეობას მაშინაც კი, როცა ისეთ, ერთი შეხედვით, უშუალო აღქმასთან გვაქვს საქმე, როგორიცაა ადამიანის მიერ საკუთარი გრძნობების აღქმა და გაცნობიერება. ასე რომ, გარკვეული აზრით, სრულიად სამართლიანად ამბობს დევიდ იგლმენი, რომ ჩვენ წარსულში ვცხოვრობთ.

მაგრამ აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ ჩვენ წარსულში ვცხოვრობთ მხოლოდ ჩვენი ცნობიერების შინაარსების წარსულობის აზრით. რადგან თავის ნებისმიერ შინაარსს ცნობიერება ყოველთვის თან ახლავს აწმყოში „განხორციელებული“ უახლოესი მომავლის სახით, ამიტომ ობიექტური რეალობის ამსახველ ნებისმიერ სურათში თავად ცნობიერება კადრს გარეთ რჩება. რის გამოც ის, ცნობიერება, არასოდეს შეიქნება ობიექტური დაკვირვების საგანი (და მისი არც წინასწარ გამოთვლა მოხერხდება, როგორც შეიძლება გამოითვალო სისტემის მომდევნო მდგომარეობები). სხვა სიტყვებით, იმისთვის, რომ რამე გახდეს მესამე პირის პოზიციიდან, ანუ ობიექტური დაკვირვების საგანი, ის უნდა გადაეცეს, ჩაბარდეს წარსულს, უნდა დაბინავდეს უახლოეს წარსულში. მაგრამ თუ ცნობიერება ყველგან და ყოველთვის არის უახლოესი მომავალი, თვითონ ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოექცევა ობიექტური დაკვირვების ტრადიციულ თვალსაწიერში.

ვთქვათ, ზუსტად დაადგინა ნეირომეცნიერებამ ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ტვინში წარმოშობს ცნობიერებას, მის სუბიექტს და, ეგრეთ წოდებულ, სუბიექტურ სამყაროს; რას მოასწავებს ეს ცნობიერებისა და სუბიექტურობის კვლევისთვის? ამ ემპირიული და ექსპერიმენტულად შემოწმებული, თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენის შემდეგაც კი მეცნიერი შეძლებს დააკვირდეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ, ობიექტურ პროცესს. მართლაც, თუ ცნობიერება ყოველ მომენტში შესაბამისი მექანიზმის მდგომარეობას ან პროცესის ამა თუ იმ საფეხურს მხოლოდ თან ახლავს, როგორც უახლოესი მომავალი, ასეთ შემთხვევაში, თვითონ ცნობიერება უბრალოდ ვერ გადაიშლება, ვერ წარსდგება მეცნიერის თვალწინ, ვერ გახდება ვერანაირი მოწყობილობით დაკვირვების საგანი: რაც მომავალშია, ის ჯერ არ არსებობს, თუნდაც აქვე, ძალიან ახლოს იყოს.  

ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, აწმყოს, როგორც უახლოეს მომავალს, მართლაც ქმნის ტვინის ბიოლოგიური სისტემა დღემდე აღმოუჩენელი, მაგრამ რომელიღაც სრულებით მატერიალური პროცესის შედეგად. რაც იმას ნიშნავს, რომ აწმყოში, როგორც უახლოეს მომავალში, ტვინი გადაისვრის და ათავსებს სუბიექტს, მე-ს, და მასთან ერთად მის ცნობიერებას; ხოლო ცნობიერების შინაარსებად უმეტესად დაადგენს წარსულის სურათებს. ეს წარსული უახლოესია სამყაროს გრძნობადი აღქმის შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება შორეულიც იყოს, როცა გონებაში გამოჩნდება ხოლმე მეხსიერებიდან გამოხმობილი, თვეებისა და წლების წინანდელი წარსული. სწორედ ამგვარი აწმყო, ეს უახლოესი მომავალი, ვფიქრობ, უნდა იყოს შინაგანი ჰალუცინაცია, რომელიც უნებლიეთ ჩნდება ტვინის ბიოლოგიურ წიაღში, შემდეგ კი სოციო-კულტურული კულტივაციის, აღზრდა-განვითარების, ახალი ჯიშივით ხელოვნურად გამოყვანის მასალად ყალიბდება.

რამდენადაც ცნობიერება ერთადერთი პრინციპულად და აუცილებლად უდავო, უტყუარი ფაქტია, რომელიც ადამიანს ეძლევა, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი და ცოცხალი ფაქტი არის აწმყო, როგორც უახლოესი მომავალი; სხვა სიტყვებით, დაუზიანებელი და დაუმახინჯებელი ფაქტი არის სუბიექტური რეალობა, რომელიც აწმყოშია მთლიანად მოქცეული. მე იმის თქმას კი არ ვაპირებ, რომ ობიექტური, ფიზიკური სამყარო, ეგრეთ წოდებული, გარესამყარო და მასში ღუზასავით ჩაშვებული ჩემი ან შენი სხეული ნაკლებად რეალურია ან მეტად მოჩვენებითი, ვიდრე სუბიექტი და მისი სუბიექტური ცნობიერება. არა, მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ ობიექტური რეალობა, როგორც მოცემული ფაქტი (და ფაქტების ერთობლიობა), არის საგრძნობლად დეგრადირებული იმასთან შედარებით, რასაც სუბიექტურ რეალობას ვუწოდებთ.

დეგრადირებული ნიშნავს არა ნაკლებად რეალურს, არამედ გულისხმობს იმას, რომ ობიექტური რეალობა, როგორც ის ჩვენი გრძნობის ორგანოებისა და ნებისმიერი აპარატურის მეშვეობით გვეძლევა, წარმოადგენს გარკვეული გადამუშავების, ინტერპრეტაციის, სხვა თუ არაფერი, წარსულში გამყარებისა და დაფიქსირების შედეგს. ამიტომ, ვიმედოვნებ, სრულებით ნათელია, რომ ესეს პირველ ნაწილში აზრად არ მქონია რელიგიური, მორწმუნე ადამიანების ოდნავ მაინც შეურაცხყოფა ან უდიერად ხსენება. მეტიც, მეორე ნაწილში მონიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ მორწმუნეები გაცილებით  სათანადოდ და ადეკვატურად არსებობენ წარსულის მკვიდრ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენ, ურწმუნო ადამიანები, რომლებიც მეცნიერების, ფილოსოფიისა და ხელოვნების დახმარებით აწმყოში ვეძებთ შვებას. წყალი მოწანწკარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^