Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირენ ნემიროვსკი - დაუსრულებელი სიმფონიის დიდოსტატი

21 მარტი 2017

მეტად ტრაგიკული, რთული და ეკალბარდით მოსილი გამოდგა ირენ ნემიროვსკის ცხოვრების გზა, გულისმომკვლელიც და ამავდროულად, წარმტაციც. დღესდღეობით ისაა ერთადერთი მწერალი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული ჯილდო - „რენოდო“.

ირენ ნემიროვსკი დაიბადა 1903 წლის 24 თებერვალს კიევში, უკრაინაში, ებრაელი ბანკირის ოჯახში. მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა, ლეონიდ ნემიროვსკი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უმდიდრესი ფინანსისტი იყო მთელ რუსეთში. პატარა ირენს ფრანგი გუვერნანტი ზრდიდა და ამიტომაც, ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა ეს ენა. ბოლშევიკური ტერორი რომ გაჩაღდა, მის ფინანსისტ მამას აღარ დაედგომებოდა პეტერბურგში. გაგულაგებისაგან თავის გადასარჩენად, მთელი ოჯახი გაიხიზნა ფინეთში, მერე კი შვედეთში. 1919 წელს საფრანგეთში დასახლდნენ. სწორედ პარიზში გადაწყვიტა ირენმა, ლიტერატურისათვის მიეძღვნა თავი. იგი მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო, ბრწყინვალე ნიჭით დაჯილდოებული, ენციკლოპედიური ცოდნითა და ფენომენალური ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამორჩეული. სრულყოფილად ფლობდა რვა ენას. შესანიშნავად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას. დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან მწერლად და სიტყვის ოსტატად ითვლება, კალმის ვირტუოზად.

ირენ ნემიროვსკის ბიოგრაფიას მტკივნეულ რეფრენად გასდევს დედისადმი ზიზღი, დაძაბული ურთიერთობა მასთან... ქალბატონი ფანი ნემიროვსკი მეტად გულგრილი იყო მისდამი. არასოდეს დაინტერესებულა შვილის აღზრდით. მაღალი წრის ბანოვანი გახლდათ და ორ გუვერნანტს მიანდო ქალიშვილის აღზრდა-განათლება. მწერალმა ზედმიწევნით ზუსტად ასახა თავის რომანებში ეს გადაუჭრელი კონფლიქტი, გაუნელებელი ჯანყი და ნაგემები სიმწარე, რომელმაც საუკუნო დაღი დაასვა.

მის პირველ ნაწარმოებს, „დავიდ გოლდერს“, დიდი ხმაური მოჰყვა ლიტერატურულ წრეებში. ფრანგულმა კრიტიკამ დადებითად შეაფასა დამწყები მწერლის პირველი რომანი. ირენი მალევე დაუმეგობრდა ცნობილ მწერლებს, მსახიობებს, მხატვრებს, პოეტებს. მის ნაცნობებს შორის იყვნენ: ტრისტან ბერნარი, ჟან კოქტო, ანრი დე რენიე...

აღსანიშნავია ისიც, რომ როცა ებრაელებს ჩამოერთვათ მუშაობისა და შემოქმედების უფლება, დაუფარავად ანტისემიტური ლიტერატურული ჟურნალი, „გრენგუარი“, მაინც აქვეყნებდა ნემიროვსკის ნაშრომებს, თუმცა, ფსევდონიმით. დაბნეულობასა და გაოგნებასაც კი იწვევს ის ფაქტი, რომ ებრაელი ავტორი ასეთ გამოცემასთან თანამშრომლობდა, თანაც, ძალზე აქტიურად (ვიშის რეჟიმის პირობებში). ფაშისტური კანონების გამოქვეყნების შემდეგ, ირენი ყვითელი ვარსკვლავით გაწყობილ სამოსს იცვამდა.

1942 წლის 13 ივლისს ირენ ნემიროვსკი დააპატიმრა ჟანდარმერიამ ისი-ლ-ევექში. მისმა ქმარმა, მიშელ ეპსტეინმა, ცა და მიწა შეძრა; ყველა ღონე იხმარა მეუღლის გადასარჩენად; დახმარებას სთხოვა ცნობილ გამომცემლებსა და მწერლებს, მაგრამ ამაოდ.

15 ივლისს, ირენ ნემიროვსკიმ ბარათი მისწერა მიშელს, თუმცა ერთხელაც კი არ დაუჩივლია, არ წამოსცდენია ბედის სამდურავი. 17 ივლისს, მწერალი ათასამდე ებრაელთან ერთად გაამწესეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. ქალმა სულ რაღაც ერთი თვე დაჰყო იმ სიკვდილის სამეფოში და 1942 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა, თხუთმეტ საათსა და ოც წუთზე (საკონცენტრაციო ბანაკის ჩანაწერების თანახმად).

მიშელ ეპსტეინი, რომელიც ცოლის დახსნას ლამობდა, ნაცისტებმა შეიპყრეს და გაზის კამერაში უკრეს თავი 1942 წლის 6 ნოემბერს. დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მიშელმა თავის უფროს ქალიშვილს, დენიზს, გადასცა ხელნაწერებით გატენილი ჩემოდანი და სთხოვა, მუდამ თან ატარე, წუთითაც არ მოაშორო თვალიო.

გოგონები ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. 1942 წლის ოქტომბრის მიწურულს, რამდენიმე ჟანდარმი მიადგა ისი-ლ-ევექის სკოლას. ცხადი იყო, დენიზისა და ელისაბედის დაპატიმრება სურდათ. მასწავლებლების მოხერხებულობისა და საზრიანობის წყალობით, ორივე გადაურჩა დატუსაღებას. დები ბორდოში გაიქცნენ. მერე ყალბი დოკუმენტებისა და გამოგონილი სახელ-გვარების წყალობით დამალეს ერთ-ერთ ფრანგულ კათოლიკურ პანსიონატში. 1945 წლის მაისში, როცა ბოლო მოეღო ომსა და ანტისემიტურ ჯოჯოხეთს, ოჯახის მეგობრებმა, ცნობილმა ბანკირებმა, „ალბენ მიშელის“ გამომცემლობის წარმომადგენლებმა და ასევე, მწერალთა და ერუდიტთაგან შემდგარმა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა ნაციზმის სისასტიკეს შეწირული ბრწყინვალე კალმოსნის შვილების სწავლა-განათლების დაფინანსება.

დენიზ ეპსტეინს არც კი გაუხსნია ხელნაწერებით სავსე ის ჩემოდანი, მამამ რომ მიაბარა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ძალიან უჭირდა მისთვის ხელის ხლება. ეშინოდა - მიძინებულ ტკივილს გაუღვიძებდა დედის უკანასკნელი სიტყვების ამოკითხვა. 1942 წელს დასრულებული ნაწარმოები 2004 წლამდე ჩრდილში იყო, მტვერმოკიდებულ ჩემოდანში დამალულ-დაუნჯებული. როგორც იქნა, დენიზმა გაბედა მისი გახსნა და აღმოაჩინა, რომ სიძველისაგან გაყვითლებულ ფურცლებზე დედამისის პირადი დღიური კი არა, შესანიშნავი რომანი ეწერა. მწერალს ასეთი გეგმა ჰქონდა: ნაწარმოები ხუთ დიდ ნაწილად უნდა დაეწერა, მაგრამ საუბედუროდ, არ დასცალდა. მხოლოდ ორი მოასწრო. ეს ეპიკური შედევრი ჩაფიქრებული იყო დიდ საგად (ისევე, როგორც ტოლსტოის ცნობილი რომანი-საგა, „ომი და მშვიდობა“). ავტორს ისტორიულ მოვლენებსა და მშრალ ფაქტებზე მეტად აინტერესებს ადამიანის გულში დამარხული სურვილები და მის სულში ჩაწნეხილი ოდინდელი ვნებები. ეს ნაწარმოები ჭეშმარიტი მაგნუმ ოპუსია ირენ ნემიროვსკისა.

რომანში აღწერილია მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება და გერმანული ოკუპაცია. ერთ ფრანგულ სოფელში დაბანაკდა ნაცისტური არმია. ანჟელიეების ოჯახში შეასახლეს სიმპათიური, ქერა და ახოვანი ლეიტენანტი, ბრუნო ფონ ფალკი. ლიუსილ ანჟელიეს ქმარი ტყვედ ჩაუვარდა მტერს. პროვინციული უღიმღამობითა და მოწყენილობით გულგაწყალებული ქალი დედამთილთან ერთად ცხოვრობს. მათ აქვთ ყველაზე ლამაზი და მდიდრული სახლი მთელ სოფელში. ბურჟუაზიული ფუფუნებით ბრწყინავს მათი ჭურჭელი, ავეჯი... მათთან შეკედლებული ბრუნო ფონ ფალკი მეტად განათლებული, დახვეწილი, კულტურული, თავაზიანი, კურტუაზული და დელიკატური კაცია. ყველა სიკეთესთან ერთად, მუსიკოსი. ეს ნაძალადევი თანაცხოვრება დიდი კატალიზატორი აღმოჩნდა. ჰო, კატალიზატორი, რომელმაც ნათელი მოჰფინა ბევრ რამეს, სააშკარაოზე გამოიტანა გახრწნილი ბურჟუაზიული ოჯახის საიდუმლოებანი. სწორედ მან აუხილა თვალი ლიუსილს და მიახვედრა, რომ პატრიარქალურ ჭაობში იხრჩობოდა: იმ პერიოდში შეიტყო - ტყვედ ჩავარდნილი მისი ქმარი სულაც არ ყოფილა ისეთი კარგი კაცი, როგორიც ეგონა. საცნაურ გახდა, რომ კაცი წამდაუწუმ ღალატობდა ცოლს და უკანონო შვილიც ჰყოლია, მაგრამ სამაგიეროდ, მიაჩნდა, რომ ქმრისადმი ერთგულება ქალის ვალი იყო. მწველი ვნება იშვა ლიუსილის გულში. ეს ლტოლვა ნელ-ნელა გადაიზარდა თავდავიწყებულ, გონგადასულ სიყვარულში. პატრიარქალური ოჯახისაგან დამონებული და ბორკილდადებული ეს ქალი გრძნობს - ვეღარ უძლებს მოზღვავებულ გრძნობებს. საშინლად იზიდავს ეს გერმანელი ჯარისკაცი, მისი მტერი, საფრანგეთის მტერი, მისი ქმრის, მისი სოფლისა და სამშობლოს მტერი, რომელიც ყოველღამ მომაჯადოებლად უკრავს უცნობ ფრანგულ კომპოზიციას. ლიუსილი ითმენს დედამთილის გამუდმებულ თვალთვალს, ჯაშუშურ დევნას, საყვედურებს, გაკიცხვას... მხოლოდ იმას ნატრობს, როგორმე დაიხსნას თავი ამ ჰარპიის კლანჭებიდან. ამ ალქაჯს სულაც არ ადარდებს, თავისი ვაჟიშვილი წამდაუწუმ რომ ღალატობდა ცოლს და შვილიც ჰყავდა ხარჭასთან. სამაგიეროდ, რძალს უმეორებს, რომ ღალატი საძრახისი საქციელია (მხოლოდ ქალისთვის), რომ ქმარს უნდა დაელოდოს და არ შეარცხვინოს ოჯახი.

ეს წიგნი, „ფრანგული სიუიტა“, არის დაუსრულებელი მუსიკალური ნაწარმოები. იგი სავსეა ნატიფი, საამური აკორდებით. ერთმანეთს ერწყმის ბნელი და ნათელი, მრუმე და კაშკაშა, ტკივილი და ნეტარება, სირცხვილი და ბედნიერება, შერისხული სიყვარული და სასჯელის შიში. ეს ნაირფეროვნება მოგვაგონებს მრავალწახნაგოვნებას მუსიკალური სიუიტისა. კომპოზიცია თვალს გვჭრის თავისი ბრწყინვალებითა და სიდიადით. ჰანგები გვშთანთქავენ ნემიროვსკისეულ სამყაროში. იმ ცეცხლოვან და პირქუშ გარემოში, მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში რომ იყო გამეფებული. ესაა შემზარავად მართალი რომანი, ნათელს რომ ჰფენს ადამიანის იდუმალ ზრახვებსა და მანიებს; აღგვიწერს, როგორ იხლიჩება მისი გული ურთიერთსაპირისპირო მისწრაფებებს შორის. ესაა მგზნებარე ვნებათა და განცდათა თავბრუდამხვევი მორევი, შლეგი ქარიშხალი. ყველა ჰკიცხავს ამ პროვინციელ ქალებს, რომელთაც გერმანელი ჯარისკაცები შეუყვარდათ. ქორწინების ხუნდებდადებულნი, ყურმოჭრილ მონებად ქცეულნი, ადამისჟამინდელ ცრურწმენათა, ზნე-ჩვეულებათა და ადათთა საპყრობილეში გამომწყვდეულნი... ეს ტუსაღები ხან ემორჩილებიან დამმონებლებს, ხანაც - ამბოხების ნაპერწკალი გაღვივდება მათს გულში და უკიდურესად ტრანსგრესიული და თამამი ნაბიჯებით გაილაშქრებენ ხოლმე ოჯახური და საზოგადოებრივი პატრიარქატის წინააღმდეგ. ამგვარად არღვევენ სექსისტური კულტურისაგან ქალისათვის თავსმოხვეულ წეს-კანონებს. ომის შემდეგ თავს პარსავდნენ იმ ფრანგ ქალებს, რომელთაც გაბედეს გერმანელი ჯარისკაცების შეყვარება ან მათი სარეცლის გაზიარება, ან მათზე დაქორწინება. ეს ითვლებოდა კოლაბორაციონიზმად, სამშობლოს ღალატად. მათ საჯაროდ ამცირებდნენ, ატარებდნენ ქუჩებში. ხალხი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მათ, აგინებდა, ცემდა, ქვებს ესროდა და აფურთხებდა.

ეს წიგნი მშვენიერი ოაზისია, ჰარმონიულად რომ ერწყმის მსოფლიო ლიტერატურის წარმტაც პეიზაჟს; გვაძლევს საშუალებას, ჩავწვდეთ პირობითი, უფრო სწორად, მჩაგვრელი მორალის ჩარჩოებში (უმჯობესი იქნება, პირდაპირ ვთქვათ - მარწუხებში) მოქცეულ-მომწყვდეულ პერსონაჟთა სულის ბნელ კუნჭულებს. ირენ ნემიროვსკი ჩინებულად იცნობს ადამიანის გულსა და ფსიქეს. მიეშურება სულის უხილავი სიღრმეებისაკენ, თვალისმომჭრელი შუქით ანათებს მის ბნელ ფსკერს, წყვდიადში ჩაძირულ ლაბირინთებს, სადაც ჭიანჭველებივით ფუთფუთებენ გაჭირვებით დაურვებული ლტოლვები, აკვიატებული მანიები, განდევნილი სურვილები, ჩახშობილი მისწრაფებები. ნევროზის უთვალავი წახნაგები იკლაკნება და ჩვენ თვალწინ ცხოვლად იხატება არსებული პატრიარქალური სინამდვილის მამხილებელი სურათი. ავტორი ულმობლად ფლეთს, ჭრის და აქუცმაცებს პერსონაჟის გულს თავისი სამწერლო ლაბორატორიის მაგიდაზე და თვალნათლივ გვიჩვენებს ადამიანის არსთა არსს, მის ფარულ სუბსტანციას.

თანდათან მშვიდდება მუსიკალური სიმფონია. სადაცაა, საბოლოოდ მიყუჩდება და მიწყდება. სამუდამოდ განგვეშორება. ჰანგები საბედისწერო როკვას მოჰყვებიან. ეს სასიკვდილო თრთოლა მოასწავებს მის სამარადჟამო გაქრობას, მოშთობას, საუკუნო იავარქმნასა და წარხოცვას. მის უნუგეშო გლოვასა და ვაებას. ყველაფერი მთავრდება. განშორების ტკივილი გარდაუვალია, ისეთი, რაღაცას რომ ჩაგწყვეტს გულ-მუცელში. თითქოს, ყოველივე ავის მომასწავებლად ელავს და ციმციმებს. ყველაფერი ქრება. ყველაფერი. მხოლოდ მარტოობაღა რჩება, გულს რომ გიღრღნის და სისხლძარღვებს გიწრეტს. გარკვევით ჩაგვესმის ბრუნოს საყვარელი ჰანგების სასოწარკვეთილი ქვითინი, რისხვა და გაცოფებაც რომ გამოსჭვივის მასში, ტკივილთან ერთად. ესაა ჩახშობილ, ძალისძალად შეკავებულ ცრემლთა გამაყრუებელი ქორო, უეცრად ამოხეთქილ-აღმომსკდარ გრძნობათა ოდა. ესაა ჰანგები იმ მომაკვდავი სიუიტისა, მარადისობასა და უკვდავებას რომ ესწრაფვოდა. მტვრის კორიანტელიღა რჩება გერმანული პოლკის ადგილას; ესაა სიმწრის, გარდაუვალი დასასრულის, ვერდაბრუნების, ვერშეძლების, გადაულახავი მანძილის, გადაუკვეთავი საზღვრებისა და აუხდენელი ნატვრის მტვერი.

ჰოლოკოსტს შეწირული, საკონცენტრაციო ბანაკში წამებით მოკლული ებრაელი მწერლის ტრაგიკული აღსასრულიდან სამოცი წლის შემდეგ იხილა მზის ნათელი მისმა უკანასკნელმა შედევრმა, მისმა დაუმთავრებელმა სიმფონიამ. მეორე მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლში დაწერილი ეს წიგნი მარადუქრობ შუქვარსკვლავივით ანათებს ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურის კაბადონს.

ესაა დაუსრულებელი, მაგრამ ყველაზე სრულყოფილი შედევრი, უდროოდ შეწყვეტილი სიმფონია და ნაღვლიანი სიუიტა, რომელიც გრძნობს აღსასრულის მოახლოებას და განწირული აკორდებით გვეთხოვება. მაგრამ სწორედ ეს ნაადრევი დაღუპვაა მისი უკვდავების საწინდარი. შეიძლება, ითქვას, რომ არიან მწერლები, რომელთაც სიცოცხლეშივე დაიპყრეს დიდების მწვერვალები. აი, ირენ ნემიროვსკი კი უთუოდ იმ კალმოსანთა დიად პლეადას მიეკუთვნება, ვინც თავის დღეში ვერაფერი ნახეს სიმწრის, ტკივილის, დევნის, შეუწყნარებლობის, ფანატიზმისა და სისასტიკის გარდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ეწვიათ ისეთი ბრწყინვალე აღორძინება და გასხივოსნება - ეს ნაგვიანევი წარმატება ყველა ტანჯვა-ვაების საზღაურად მოევლინათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^