Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარცვლები

23 მარტი 2017

დეგრადირებული არის ფაქტი, რომელიც ისეა გაზავებული ინტერპრეტაციაში, რომ ემპირიულად მიუწვდომელი ან იდეოლოგიურად დაუშვებელი ხდება ამ ფაქტის კრიტიკულად შემოწმება მის მოცემულ ფარგლებში. როცა წინა ესეში ვამბობ, რომ მორწმუნე, რელიგიური ადამიანი არის დეგრადირებული ფაქტი, ვგულისხმობ სწორედ ამას, რაც სავარაუდო დიაგნოზის დასმას ისახავს მიზნად და არა, ვიმეორებ, ვინმეს შეურაცხყოფას ან უდიერად ხსენებას. მეტ-ნაკლებად დეგრადირებული ფაქტი იყო ყოველი კომუნისტი საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში. ასეთივე, მეტ-ნაკლებად დეგრადირებული ფაქტია ყოველი მართლმადიდებელი თანამედროვე საქართველოში. უეჭველობა შემპარავად მიმზიდველია და ჯიუტად კომფორტული. კარგი, მაგრამ სამაგიეროს რას სთავაზობ ასეთ ადამიანს, რომ მკითხოს ვინმემ, ვუპასუხებ, რომ ბევრს არც არაფერს. იქნებ აქა-იქ ერთად დაგვეზუსტებინა-მეთქი, ვეტყოდი, თავისუფლების დროებითი ნიმუში, რომელიც თავისუფლების გამომწვევი მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე ჩვენგანში გრძნობის, აზრის, სიტყვის ან საქმის გზაზე.

თავისუფლება მეთოდია, რომელიც არჩევანს არ გვიტოვებს. ამ მეთოდის თანმიმდევრულად მიმდევარი ვეღარ მოიცლის იმისთვის, რომ იდეოლოგიურ გალიაში დამწყვდეული მორწმუნე ან მარქსისტი ან ვინმე ამდაგვარი იყოს თანაც. სხვა სიტყვებით, იგი ვერ დაექვემდებარება, გულს ვერ დაუდებს ნაძალადევი კონცეპტებისა და შეხედულებების უკმეხობას, რომელიც მათთვის სასურველ თარგზე ცდილობს, გამოჭრას ფაქტი. ხოლო დაუმახინჯებელი ანუ შეულამაზებელი ფაქტების მაძიებელი თვითკრიტიკულობა თავის თავს ერთხელ და საბოლოოდ ვერც დაამყარებს და ვერც უარყოფს, ვერ გააუქმებს, თუნდაც ზოგჯერ დაბნეული შეყოვნდეს ზღურბლზე. ასეთი მომენტები გვაფიქრებინებს, რომ თავისუფლების მეთოდი მოცდის, დალოდების ხელოვნებასაც მოიცავს. ადრე თუ გვიან თავისუფლებამ თავისი თავის ატანა უნდა შეძლოს, საკუთარი მერყეობის გაძლება უნდა ისწავლოს, რადგან არაერთხელ მოუწევს ამის გაკეთება თუნდაც მხოლოდ დღისა და ღამის აიწონა-დაიწონაზე. ჩუმად და ყურადღებით ყოფნაა საჭირო. ეს კი ასკეტიზმს მოითხოვს. ძველბერძნულ ენაზე ასკეზა ნიშნავს ვარჯიშს. კიბეზე აირბენ და სულს მოითქვამ, თავისუფლება ამას ჰგავს. ის არასოდესაა დამსახურებული გასამრჯელო.

**

ვფიქრობ, რომ ცნობიერება არის მომავალი, რომელიც ვერ ეტევა, ადგილს ვერ პოულობს ვერანაირ და ვერცერთ წარსულში. ამ თვალსაზრისით, აწმყო წარმოადგენს მომავლის მიერ წარსულში თავისი ადგილის ძებნის მომენტს, რომელიც, ცხადია, ყოველთვის - ყოველ ჯერზე - წარუმატებლად მთავრდება. ასე რომ, სწორედ ეს წარუმატებელი მომენტები ქმნის აწმყოს წვეთებისგან ასხმულ მძივს, რომელიც პროცესის სახით გვეძლევა ცნობიერ აღქმასა და დაკვირვებაში. მოკლედ, ცნობიერება არის მომავალი, რომელიც არ არის წარსული. მაგრამ ეს ხომ ელემენტარული ტავტოლოგიაა და იმის მტკიცებას წარმოადგენს, რაც წარსულისა და მომავლის ინტუიციურად გასაგებ, ხალხურ განსაზღვრებებში იგულისხმება? უფრო მოკლედ, ცნობიერება არის შემდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ  ყველგან და ყოველთვის ცნობიერება არის ყოველი აქტუალური მდგომარეობის მომდევნო მდგომარეობა. ამიტომ ცნობიერება არის ჰალუცინაცია, რომელიც ჩნდება საკმარისად რთულ სისტემაში, როგორიცაა, ვთქვათ, ადამიანის სხეული და ტვინი. ცნობიერების ობიექტურად, მესამე პირის პოზიციიდან დაკვირვება პრინციპულად შეუძლებელია, რადგან დავაკვირდეთ შეიძლება მხოლოდ იმას, რაც ახლა არსებობს ან რაც ახლა არსებულშია შემონახული რამენაირი კვალის სახით. არცთუ შორეულ მომავალში განვითარებული ნეიროტექნოლოგიის მეშვეობით ერთი ორგანიზმის ტვინისთვის ალბათ მისაწვდომი გახდება მეორე ორგანიზმის ტვინში წარმოქმნილი ცნობიერების ანუ, გარკვეული აზრით, ჰალუცინაციური მომავლის „გაზიარება“. რასაც მოჰყვება ან პირველის კუთვნილი ავთენტური ცნობიერების რაღაცნაირი შერწყმა მეორის ავთენტურ ცნობიერებასთან, ან ერთის მეორით (ვთქვათ, დროებითი) ჩანაცვლება.

(სხვათა შორის, ერთი ცნობიერების მეორე, სხვა ცნობიერებით ჩანაცვლება ახასიათებს ძლიერმოქმედ ჰალუცინოგენს, სალვიას, იმ განსხვავებით, რომ მეორე - ხელოვნურად მოგვრილი - ცნობიერებაც იმავე ორგანიზმსა და ტვინში ჩნდება. თუმცა ამ „ხელოვნურ“ ცნობიერებასა და „ბუნებრივ“ ცნობიერებას შორის არსებობს უცნაურად ცალმხრივი კავშირი. ბუნებრივ ცნობიერებაში დაბრუნებულს საკმაოდ მკაფიოდ გახსოვს ხელოვნური ცნობიერების თავად ფაქტიც და მისი გარკვეული კონკრეტული შინაარსიც. სამაგიეროდ, იმ მეორე ცნობიერებაში გადაბარგებულს პირწმინდად გეკარგება ბუნებრივი ცნობიერების შესახებ ყველანაირი წარმოდგენა; იქაურს არაფერი გახსოვს აქაურის შესახებ, არც მისი არსებობის ფაქტი. ეს კი ჩვეულებრივი და ბუნებრივი ცნობიერების დროებით სიკვდილს ნიშნავს, რადგან ის არანაირად არ გრძელდება ფსიქოაქტიური ნივთიერების, სალვინორიუმის, ზემოქმედებით გამოწვეულ ცნობიერ პროცესში).

ამრიგად, ცნობიერების ასეთი, სათანადოდ წინასწარი, განსაზღვრებები გვკარნახობს გარკვეულ კრიტერიუმს, რომლის მიხედვით, ჯერ თუნდაც ზოგადად, შეიძლება იმის დადგენა, აქვს თუ არა (შეიძლება თუ არა, რომ ჰქონდეს) ცნობიერება ამა თუ იმ სისტემას, ბუნების ან ადამიანის მიერ შექმნილ ორგანიზმსა თუ მექანიზმს. სახელდობრ, ცნობიერება შეიძლება ახლდეს მხოლოდ ისეთ დინამიკურ სისტემას, რომელიც ყოველ მომენტში შეიცავს თავისივე მომდევნო მდგომარეობის წინასწარ აღწერას, თავისებურ „წინათგრძნობას“ ან მომავლის „კვალს“, რომელიც განსაზღვრების ძალით განახლდება ყოველ მომდევნო რეალიზებულ მომენტსა და მდგომარეობაში. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ცნობიერების არსებობა ისევე შეიძლება დავადგინოთ, როგორც წარსულში მომხდარის უდავო დასტურს ვხედავთ ხოლმე ჩვენ თვალწინ.

აქ ალბათ უნდა ვიჩქარო იმის დაზუსტება, რომ წინასწარი აღწერა, რომელიც ზემოთ ვახსენე, წარმოადგენს არა თავად ცნობიერებას, არამედ მის ობიექტურად არსებულ, მატერიალურ საფუძველს. მეტი სიცხადისთვის ისიც უნდა ვთქვა, რომ არსებითად არამატერიალური არ შეიძლება იყოს ისეთი რამ, რისი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ფიზიკური სისტემის მდგომარეობა ან მასში მიმდინარე პროცესი, როგორიც იქნება სრულებით ფიზიკური საშუალებებით შესრულებული მომავლის „ჩანაწერი“, თავისებური წინასწარმეტყველება. დაახლოებით ასეთი რამ ხდება, მაგალითად, მეტაფორაში, რომლის საკუთრივ მეტაფორული, გადატანითი მნიშვნელობა ემყარება მეტაფორის პირდაპირ მნიშვნელობას. ეს ანალოგია გვკარნახობს ცნობიერების დაკავშირებას მნიშვნელობასთან, რაც თავის მხრივ მაფიქრებინებს, რომ სამყაროს გრძნობადი თვისებები, რომლებსაც ცნობიერად აღვიქვამთ, შეიძლება წარმოადგენდეს ცნობიერებისა და, ზოგადად, სუბიექტურობის ძირეულ (პირდაპირ?) მნიშვნელობებს, რომლებსაც სუბიექტი, „მე“, ისე ეპყრობა, როგორც მათ საფუძველზე აღმოცენებული მეტაფორული, გადატანითი მნიშვნელობა. კარგი, იკითხავს მკითხველი, ვთქვათ და დაგეთანხმე, რომ შენი „განსაზღვრებების“ მიხედვით არც ცნობიერება და არც მისი სუბიექტი, ვთქვათ, ადამიანის მე, არ არის არაფერი ისეთი, რაც ფიზიკურისგან, მატერიალურობისგან დამოუკიდებლად შეიძლება არსებობდეს; მაგრამ თუ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ ის ყველგან და ყოველთვის არის შემდეგ, ანუ ჯერ არ არის, ასეთ შემთხვევაში ხომ იგი არც არასოდეს იქნება, არასოდეს იარსებებს, რადგან ვერ დავასახელებთ ვერცერთ მომენტს დროში, როცა იგი უკვე არსებობს.

მე, ცხადია, არ შევიმჩნევ მკითხველის მიერ დასმული „ბრჭყალების“ ირონიულობას და პასუხად მშვიდად ვიტყვი, რომ კიდევ ერთი მსგავსი რამ შეიძლება ითქვას მოუხელთებელ ცნობიერებაზე: მას მერე, რაც ცნობიერების მქონე ქმნილებაში გარკვეული პროცესები დროებით ან ერთხელ და საბოლოოდ შეწყდება, მათთან დაკავშირებული, მაგრამ ჯერ არარსებული ცნობიერება აღმოჩნდება აღარ არსებული; და რომ, ესე იგი, ცნობიერება არის ის, რაც ყველგან და ყოველთვის ჯერ ან უკვე არ არსებობს. ალბათ იგივე უნდა იფიქროს ყოველმა ჩვენგანმა თავისი სწორუპოვარი „მეს“ შესახებ, თუმცა ძნელია ამის დაჯერება. მაგრამ კარგია, თუ მძივად ასხმულ აწმყოში თავისუფლების მარცვლებიც გამოერევა.                                                                                                                                       

                                                          

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^