Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის ყველაზე კულტურული

24 მარტი 2017

როგორც უკვე იცით, ქართულ ტრადიციულ სუფრას (პურობას) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

სპეციალური ბრძანება გამოიცა, რეესტრში აისახა, ნომერი მიენიჭა, სააგენტოს დირექტორი ხელს აწერს და ა.შ. მთელი ამბავია.

ძალიანაც კარგი. ჩვენ ქართველებს, გვიყვარს ჩვენი კულტურულობით ტრაბახი. ეს ცნება კი რაღაც ისეთია, მოუხელთებელი, დაუთვლელი, შეუფასებელი. აი, ვინ რა დოზით ეზიარება ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ამის კალკულაცია უკვე შესაძლებელია.

მაგალითად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის” 2016 წლის კვლევაში წაიკითხავთ ინფორმაციას, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ახალ ძეგლთან წვდომას საქართველოში ყოველი მეხუთე ოჯახი ნასესხები ფულით მოიპოვებს. მრავალი ოჯახის ყოველდღიური რაციონი კულტურის ამ დარგში ძირითადად მარცვლეულისა და ბოსტნეულის ძეგლებით შემოიფარგლება, ხოლო უფრო მაღალი სულიერი ღირებულების პროდუქტები, ისეთები, როგორებიცაა ხილი და ხორცი, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მათით კულტურული შიმშილის მოკვლა ძირითადად მაღალშემოსავლიანი ოჯახების პრეროგატივაა.

რაც შეეხება მოხუცებს და მოზარდებს:

მარტოხელა პენსიონრების 53%, უფულობის გამო, თვეობით ვერ იღებს რკინით მდიდარ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამ ჯგუფის მხოლოდ 24%-ისთვის არის ხელმისაწვდომი ხორციანი ძეგლი;

10-17 წლამდე მოზარდების 50%-ზე მეტი კი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ კულტურას.

* * * *

სამაგიეროდ, ვნახოთ, რა ხდება იქ, ზევით, სადაც, როგორც წესი, ამ კონკრეტული კულტურის ნაკლებობას არ განიცდიან.

ჩემმა კოლეგებმა იციან, თუმცა სხვა მკითხველისთვის ვიტყვი - ინტერნეტსივრცეში არსებობს, ვებგვერდი, მისამართით http://procurement.gov.ge.

ხელისუფლება ვალდებულია, შესყიდვების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით განათავსოს - შესყიდვების სტატუსი, სავარაუდო ღირებულება, თარიღები, ხელშეკრულებები, სხვა სატენდერო დოკუმენტაცია...

რაღას არ ნახავს აქ მოდარაჯე კაცის თვალი, მაგრამ ამჯერად არამატერიალური კულტურის ძეგლით დაინტერესებას გირჩევთ. შეხვალთ მითითებულ საიტზე, აირჩევთ „ტენდერების“ გრაფას, შემდეგ „სტუმრის“ სტატუსს. აღმოჩნდებით ფანჯარაში, სადაც შესაბამისი კოდის, შემსყიდველის, მომწოდებლის, სავარაუდო ღირებულებისა და სხვა თქვენთვის საინტერესო კლასიფიკატორის მიხედვით  გაფილტრავთ საძიებო ინფორმაციას და მარტივად მიაგნებთ, რასაც ეძებთ, თუმცა მე ფანჯრის ზედა ნაწილში, შუაში, CMR აბრევიატურით აღნიშნულ განყოფილებაში გადასვლას გირჩევთ, სადაც შესყიდვები გამარტივებული ფორმითაა მოცემული.

55300000 - ეს არის კოდი, რომლითაც შესყიდვების სააგენტო  კულტურის ამ ფორმით მომსახურებას აღნიშნავს. შესაბამის გრაფაში მითითებით თქვენ ნახავთ ჩვენი ფულით, რა ფასად, რა ხარისხით ეზიარებიან არამატერიალური კულტურის ძეგლებს ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

მაგალითად, შეგიძლიათ იპოვოთ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, ქალაქ თბილისის მერიამ თბილისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიალზე რესტორან „ფუნიკულიორში“ 32 888,78 ლარი დახარჯა. ხელშეკრულებაში მითითებულია კონკრეტული ძეგლებიც:

...პურის კალათა, ყველის ასორტი, ნიგვზიანების ასორტი,  კიტრის და პომიდვრის სალათა, ქათმის სალათა, ქათმის რულეტი საცივის სოუსით, ნიგვზიანი კუჭმაჭი, მწვანე და შავი ზეთისხილი, ტყემალი, საწებელი, იმერული ხაჭაპური, ხბოს ჩაშუშული, შემწვარი კალმახი, ღორის მწვადი, სოკო კეცზე, ოჯახურად შემწვარი კარტოფილი, ხილის ასორტი...

მოკლედ, ცერემონიალის სტუმრებმა კულტურა საკმარისად აიმაღლეს.

ჩემი რჩევაა განაგრძოთ კოდი 55300000-ის მიხედვით ტენდერების ძიება. არამატერიალური კულტურული ძეგლების ცვენას იხილავთ და შედეგად დაასკვნით, რომ ამ კონკრეტული არამატერიალური ძეგლის შეცნობის ინტენსივობას თუ გაითვალისწინებთ, ჩვენი ხელისუფლება, თავის სამინისტროებიან, მუნიციპალიტეტებიან, სიპებიან, დეპარტამენტებიანად, საკუთარ მოსახლეობას მრავალგზის აღემატება.

ასე, რომ შემომაქვს წინადადება, ვაღიაროთ ისინი ყველაზე კულტურულებად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^