Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ დავკარგოთ სამსახური?!

05 აპრილი 2017

იმ ფონზე, როცა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა წისქვილის დოლაბივით ერთ ადგილას ტრიალებს, ზემოთ მოყვანილი სათაური ცოტა რეალობას მოწყვეტილია.

რა არა? ვის გაუხარდება თუნდაც მცირედი სტაბილურობის დაკარგვა, ანუ პირისპირ აღმოჩენა ბანკების დრაკონული პროცენტებსა და უსაშველოდ გაზრდილ ფასებთან?

მისაუბრია ადამიანებთან, რომლებიც სრული სერიოზულობით ამბობენ, რომ ეს მათთვის თვითმკვლელობის საბაბი შეიძლება გახდეს. მათ ამ განცდას, მხოლოდ შიშს ვერ დავარქმევ. პრობლემა უფრო ღრმა და ყოვლისმომცველია. შიში კი მხოლოდ რეალობისთვის კიდევ ერთხელ თვალის გასწორებაა.

რეალობისა, რომელსაც სამსახური გარკვეულწილად გწყვეტს, დილით ნაადრევად სახლიდან გამოსული თითქოსდა ვერც ამჩნევ ყოველი ქუჩის ბოლოს მდგარ გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა, როცა უსამსახუროდ ხარ, თითქოს უფრო მეტად ხედავს თვალი გაჭირვებას. უფრო მეტად ითვლი მათ, ვინც შენზე ბევრად ადრე ჩახედა რეალობას თვალებში და დღეს ხსნას ისევ შენში ეძებს.

არავინ იფიქროს, რომ სამსახურის დაკარგვა შოვნაზე მარტივია. სამსახურის დაკარგვას მთელი რიგი პროცედურები სჭირდება. მთავარია მივყვეთ საფეხურების მიხედვით და „სასურველი შედეგიც“ არ დააყოვნებს:

ნაბიჯი 1

ვქმნით დამოუკიდებელ, თავისუფალ პროფესიულ გაერთიანებას, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებულის უფლებების დაცვაზე, ხელფასების სამართლიანი სისტემის შემუშავებასა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვაზე.

ნაბიჯი 2

საჯაროდ უპირისპირდები „ელიტებს“, რომლებიც სხვადასხვა მთავრობებისა თუ ხელმძღვანელობების პირობებში კენგურუსებრი მანევრით მოძრაობენ და პირად კეთილდღეობას ასევე კენგურუსებრ ჩანთაში დიდი ოსტატობით აგროვებენ.

ნაბიჯი 3

არასდროს ეთანხმები მათ უსამართლო, უსაფუძვლო და ჩაგვრაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ყოველთვის ხართ სიმართლისა და დასაქმებულის მხარეს.

ნაბიჯი 4

საჯაროდ ამხელ ყველა შესაძლო თუ განხორციელებულ კანონდარღვევასა და გადაცდომას, იქნება ეს ფინანსური მაქინაცია, თუ ნეპოტიზმი.

ნაბიჯი 5

არასდროს იხევთ უკან, მთლად მარტო რომ აღმოჩნდე ამ უთანასწორო ბრძოლაში მაინც.

ყველა, ამ და სხვა ნაბიჯების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს 100%-იანი გარანტია, იმისა, რომ თქვენ სამსახურს დაკარგავთ, თქვენ გახდებით დისკრიმინაციის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მათ არ ჰგავხართ. მათ, ვინც რიგითი ჭანჭიკები არიან საერთო სისტემის, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრევა.

ამ ადამიანებმა არ იციან, რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ერთობა. ამ ადამიანებისთვის სოლიდარობა, მხოლოდ ვიწრო გაგების გაზომვადი საგანია.

თუმცა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, გამოწვევისა თუ არასახარბიელო ზოგად ეროვნული რეალობისა, მაინც ამაყად შეგიძლიათ თქვათ ეს სიტყვები:

თქვენ შეიძლება წამართვათ სამსახური, მაგრამ თქვენ ვერასდროს წამართმევთ იმას, რაც თქვენთვის უცხოა - სამართლიანობა, სხვაზე ზრუნვა და თავისუფლება!

თანამდებობები ან პრივილეგიები დროებითია, სიმართლე, სოლიდარობა, თანასწორობა და თავისუფლება კი მარადიული. გამორიცხულია სასწორზე ერთმანეთს უთანაბრდებოდეს ისინი და ის სიტკბო, რის გამოც თქვენ შეიძლება სამსახური დაკარგოთ, მაგრამ მერწმუნეთ ამ გემოს გამო ღირს გარისკვა.

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ მუშაობთ და სისტემა ყოველდღიურად სტიმულს, თავისუფლებასა და პრინციპებს გართმევთ, დროა დაკარგოთ სამსახური და დატკბეთ იმ გემოთი, რომელსაც მჩაგვრელები ვერასდროს იგემებენ. რამდენიმე ათეულობით ან ასეულობით ლარად გამორიცხულია პრინციპების გაყიდვა!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^