Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკლესია - მკვდარი ღმერთის დაბადება (თავი პირველი)

12 აპრილი 2017

ამას ქვია, აიშალა მონასტერი და თან როგორ… — ზუსტად ისე, როგორც მოსალოდნელი იყო — ზუსტად იმ სიმდაბლის ხარისხით, რაც „გადარჩენა/დამკვიდრების” ყველაფერზე დრომოჭმულ ინსტინქტ/ცნობიერებას შეშვენის (მზაკვრობა, მკვლელობა, ცბიერება!). არადა, ვიცით — სწორედ მონასტერმა და ეკლესიამ უნდა გადააბიჯებინოს ადამიანს ამ მისთვის სავალალო, ცხოველისგან მემკვიდრეობით მიღებულ ინსტინქტს და მის მიერ მაგენირირებელ სიმდაბლეებს — ასე არ არის?!

ამ საეკლესიო კატასტროფაზე მე პირადად ძალიან მეღიმება, და მთელი გულით და გულწრფელად მიხარია! მეტსაც გეტყვით — ყველა ნამდვილ სულიერ ადამიანს, მოაზროვნეს, ნამდვილ მოქართველეს

უ ნ დ ა ეღიმებოდეს და უხაროდეს.

რატომ? გეტყვით.

ამ დღეებში, ერთ-ერთმა „ჭკვიანმა” მღვდელთმთავარმა თავდაყირა დამდგარ ეკლესიის „ამბებთან” დაკავშირებით სატელევიზიო ინტერვიუში დიდად „ნაწყენმა” და „გულნატკენმა” და ასევე, როგორც სჩვევიათ, დიდი „სიბრძნით” განაცხადა: „ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ხალხი ამას ელოდა და ეხლა გაიხარაო”.

შენი ქვეყნის შტერი პოლიტიკოსის ყურება ხომ ძალიან გულსატკენია — აი სარწმუნეობას აწეპებული სულელის კი - ნამდვილად ორჯერ მეტად. 

ესე იგი, კიდევ იქით ხალხი დაადანაშაულა ღვარძლში!

ხალხი ელოდაო? კი ნამდვილად — და ბევრად მეტიც! ყველა მგძნობიარე ბუნების მქონე ქართველი გრძნობდა, რომ ეკლესიის მმართველ თავკაცთა ფუთფუთის ტერიტორიაზე რაღაც უსასრულო ჭუჭყი იყო ჩაბუდებული და ყველა გონიერი ადამიანის სურვილი იყო, რომ ჩირქიანი მუწუკი საბოლოოდ გამსკდარიყო, ჩირქი გამოსულიყო და მცირედი შანსი მაინც გაგვჩენოდა ქართველებს, რომ ეს, ქვეყნისთვის და ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ტერიტორია გამოწმენდა/გამორეცხვას  ღირსებოდა. რომ ბოლოს და ბოლოს, სინათლე ჩადგეს იქ, სადაც აგერ უკვე 30 წელია თითქმის ყოველდღიურად მხოლოდ ჭუჭყი, ნაგავი, მწუხრი და ბნელი მატულობს მხოლოდ! 

(ჰო, მართლა! სულ დამავიწყდა, მეკითხა ჩემი მკითხველისთვის  ახლა მაინც მეთანხმებით, რომ ყველა ასპექტში სწორი ვიყავი, როცა უკვე სამი წელია შავყორანჯიპმართლმადიდებლებს ცეცხლს ვუნთებდი? ახლა მაინც ვხვდებით, რომ ეკლესიის ატმოსფეროს არანაირი ნიშანწყალი არ ატყვია ქრისტეს სულიერი ცოდნის და ეგ საკუთარი თავის მახჩობელა ორგანიზაციაა, რომელიც მათ მიერვე  მოგონილ/შემუშავებული ხერხებით, ანუ დონდლო-ლოქო მამაოების მოგონილი ზღაპრებით, საკუთარი თავის შენარჩუნება/დაფუძნებისთვის ბოგინობს მხოლოდ.

მაგრამ, დავანებოთ თავი ჩემი მკრეხელურიტექსტების ისტორიას  — ფლიდი ტერიტორიის დე-მაფიონალიზაციის მცდელობებს და ისევ აქტუალურ საკითხს დავუბრუნდეთ!).  

მაგრამ დღევანდელ, ისტერიულ/ჭიჭყინა ვითარებაში მთავარი ისაა, რომ საზოგადოების ყურადღება მომხდარის საბაბზე კი არ გადავიტანოთ (ციანიდები, შორენები, მამლები და ქათმები) და ჭორებით კი არ გავერთოთ (არადა, ეკლესიაც და მთავრობაც ამას ნამდვილად ეცდება — რადგან რაიმეს შეცვლა მათ ინტერესებში სულაც არ არის), არამედ ამ პროვინციული თეატრის სცენაზე შმორის აუტანელი სუნის ნამდვილი მიზეზის ანალიზს და კვლევას შევეცადოთ!

— რა მოხდა, რას უღალატა ეკლესიამ ისეთ ფუნდამენტურს, რომ ასე შემზარავად დაეცა — ის, ვინც სიწმინდის მატარებელი და შემომტანი უნდა ყოფილიყო.

(გაუფასურება)

აი რა მოხდა:

აგერ უკვე ლამის 30 წელია, რაც ჩვენი ეკლესია სუპერმარკეტის სტრატეგიით მოიხიბლა და ამ გზას მყარად დაადგა — ეს ტერიტორია მრევლისთვის ფართო და ადვილად მოსახმარი („შირ პატრების") იდეების შემოთავაზების ადგილად იქცა — პოპულარობის გაზრდის მიზნით.  

ანუ ის, რაც ყველა რ ე - ლ ი გ ი ი ს ნამდვილ არსს შეადგენს: — ნათელღება, როგორც მორწმუნის კონკრეტული და უმაღლესი მიზანი და ამ მიზნის განმახორციელებელი ქრისტესეული გზა\მეთოდი უპირობო სიყვარული” — ეს   ქრისტესეული ფუნდამენტური ორიენტაცია, საეკლესიო სწავლების პრაქტიკიდან სრულიად იქნა ამოღებული, ისე, რომ ამ თემების გარშემო ეკლესიური დისკურსი საბოლოოდ გაუქმდა და ამ ტერიტორიაზე მდუმარებამ დაისადგურა.

აი რას წერს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური მოძღვარი დოგენი: „ნათელღება ყველასთვის ხელმისაწვდომია — ბერიდან უბრალო მორწმუნემდე, ბრძენი/მეცნიერიდან უბრალო ხელმოცარულ ადამიანამდე”. ასეთი სულიერი გულუხვობის უპირველესი მატარებელი მაცხოვარი იყო. ამის სანაცვლოდ კი, ჩვენმა ეკლესიამ, თავის მრევლს, ძველი აღთქმის მიწიერი სიმშვიდე/კეთილდღეობის და სიკვდილის შემდგომ სამოთხის მიღწევის მიზანი დაუყენა დღის წესრიგში და ამ „მაღალი მიზნის” განსახორციელებელ გზად, ასევე მაცხოვრის მოსვლამდე არსებული — კანონ/რეგულაციებისანუ სჯულის გასრულების მეთოდი გამოუცხადა.

ასე დაიბადა მომხმარებლობის და კომპრომისების მკვდარი ღმერთი, ანუ ქრისტეს ცოცხალი ცოდნა, ჩანაცვლდა გადარჩენა/დაფუძნების ინსტინქტის მხარში მდგომი ცხედარი/კერპით.  

ქრისტეს ცოდნა, გულის და გონების „უპირობო სიყვარულის” ტერიტორიაზე დაყუდებას ითხოვს მხოლოდ! მაცხოვარი — ჯიპების „კურთხევას” და შვილების ინსტიტუტში მოწყობას ნამდვილად არავის დაჰპირებია.

ეკლესიამ ხალხი ღმერთის გავლით პირადი ცხოვრების მოწყობა/გაწყობის იდეით გამოატვინა! ადამიანის მიერ საკუთარი თავის მაცხოვრისთვის სამსხვერპლოზე მოტანა ხომ საერთოდ რა სახსენებელია ჩვენი ეკლესიის სწავლების კონტექსტში.

ამიტომ ჩვენი ეკლესიის სტრატეგია უმდარესი ტიპის პოპულიზმი და ქრისტეს გზავნილის დასაფლავებაა! ამ ტერიტორიაზე უკლებლივ ყველა დედაბუდიანად და მამაო/მრევლიანად — ცხოვრებაზე მორგების  და კეთილდღეობის ვნება/ჟინითაა შებყრობილი!

რა თავის დავიწყება ქრისტეში, რის თავის გაცლა; ჩაიცვი შავები, არიგე ჭკუა ადამიანს, როგორ მოაწონოს თავი ღმერთს, რომ უფალმა ცხოვრება აუწყოს და ასეთი ჭკუის დარიგება/გავლენით შენც გააწყვე შენი ცხოვრება — ესაა საეკლესიო არსებობის წესის მექნიზმი… 

რაც მე-20-ე საუკუნის ოციან წლებში ზიგმუნდ ფროიდმა მის მთავარ ნაწარმოებში, კულტურით უკმაყოფილების შესახებ ასე დამაჯერებლად დაგმო — რელიგიაში „დამსჯელი მამის და წესიერი შვილის” კონცეფცია, რომელიც უპრიმიტიულესი ანარეკლი/ფანტომია ადამიანების ჩვეულ/ცხოვრებისეული გამოცდილების და „რწმენის ტერიტორიაზე” მექანიკურად არის გადატანილ/დაფიქსირებული — ის ჩვენმა ეკლესიამ უმთავრეს და უტყუარ ფორმულად დაამკვიდრა ღმერთთან ადამიანის ურთიერთობაში.

სუპერმარკეტის კონცეფციისთვის კულტურის უმაღლესი და დახვეწილი მიღწევები ცნობიერების გაფართოება/გაღრმავება/ესთეტიზაციაში არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს! სუპერმარკეტის მიზანია ხარისხის უგულვებელყოფის ხარჯზე მაღალი რაოდენობრივი შედეგი — ამიტომ ჩვენი ეკლესია-სუპერმარკეტის კარების თავზე აბრაა გამოკრული: „უხარისხობა არ განიკითხება”.

მეტაფიზიკის სიმაღლეები რომ გესმოდეს კიდევაც და მისი სწავლება შეგეძლოს, ამით მასებს იოლად ვერ მოიზიდავ, მათგან ამით სარგებელს ნამდვილად ვერ იპოვი, ნათელი გონების და გულის ადამიანს ვერ აქცევ პოსტულატებით გატენილ დამჯერ/პრიმიტიულ ყმა/მონად და ამიტომ… ვერ მოწველი. ეს კარგად ესმით ჩვენს ვაი-მართლმადიდებელ მამაოებს და სწორედ ამიტომ ჩვენს ეკლესიაში მათ მიერ მრევლისთვის შექმნილი ღმერთის პორტრეტი ტოტალიზებული ხარისხის სულიერების გამტარ/მატარებელი კი არ არის, ანუ ცოდნის და განცდის ზე-ხარისხი მისი ღვთაებრიობის უპირველეს მახასიათებელს კი არ წარმოადგენს; არამედ ეკლესიური ღმერთი, ეს ისე რა, ერთი უგემოვნო (ხატები რას ჰგავს კი ვიცით — კიჩია ნამდვილი), მდაბიო ცნობიერების მქონე (ლუღლუღა მამაოს „დისკურსი”) უცნაური არსებაა, რომელსაც არანაირი სიმაღლეები არ აწუხებს (არც ინტელექტუალური აღმაფრენები უნახავს, არც გრძნობადი), არც დიდი ნიჭის პატრონია და ნამდვილად ცოტას წაუყუმებს,  რადგან ყველა პრიმიტიულ საკითხთან დაკავშირებით კანონები და წესები ახსოვს მხოლოდ და თანაც დამსჯელი, ჯმუხი და პირქუშია!

ეკლესიის, არა ფიქტიური (ის რაც 90-იანებში მოხდა), არამედ რეალური აღორძინებისთვის, მის სხეულში რწმენის, აზროვნების, განცდის ხარისხისთვის ბრძოლაა საჭირო, რომ ამ ინსტიტუციის მოღვაწეობა მიამიტი ხალხის დასაბოლებლად არ დამთავრდეს (ის, რაც დღეს ხდება).

ამისთვის ეკლესიის წიაღმა კეთილმოსურნედ უნდა მოიზიდოს და გაითავისოს ყველა ტიპის მაღალი დონის მოაზროვნე. და თანაც, ეკლესიამ ეს ადამიანები, არამც თუ მტრულად (როგორც დღეს), არამედ იმ გახსნილობით უნდა მიიღოს, როგორც ბედნიერი დედა ეხსნება და სითბოს აძლევს თავის დიდი გამოწვევის მატარებელ შვილებს! დღეს სამყაროში, ბანალური დაყოფა თეისტ-ათეისტად აღარ არსებობს, ძალები ერთიანდება. მეცნიერებამ, ხელოვნებამ, ლიტერატურამ, დღესდღეობით ისეთი ნაბიჯები გადადგა სულიერებაში, ისეთ დიდ და ლამაზ შეცბუნებაში შეიყვანა ადამიანი, რომ უკლებლივ ყველაფერი შემოქმედებითი სულიერი ძიების ნაწილი გახდა! — მხოლოდ ასეთი სულიერ/გრძნობადი ძალების შემოზიდვით მოახერხებს ეკლესია გარემოზე ისეთი ზეგავლენა მოახდინოს, რომ ღვთაებრივი იდეა კი არ „ჩამოულაბორანტდეს”, არამედ პირიქით — ამ იდეამ ღვთაებრივი სიმაღლე და გონისა და გულისმიერი ბრწყინვალება შესძინოს რწმენას! რელიგიურ/ინტელექტუალური დისკურსი ყოველთვის და ყველა კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში უნდა დაეშვას ზემოდან ქვემოთ (და არა უშედეგოდ იფოფხიალოს უკუღმა მიმართულებით) — მხოლოდ ასე და ამით შეიძლება ერი გაერთიანდეს ღვთაებრიობის ტრანსცენდენტურ სიმაღლეში და არა ჯურღმულის სიბნელის მატარებელ თითის ქნევის რჯულ-კანონის მოძღვრებებში გაიჭედოს და სული აღმოხდეს...

მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამ პატარა „მამაოშკებს” რა ეშველებთ?! რომ ვეღარ იბოგინებენ და პატივმოყვარეობას ვეღ მოიფხანენ — ღმერთის სახელს ამოფარებულნი! 

რე-ლიგიის ტერიტორიაზე ყოფნა უკლებლივ ყველასთვის დიდი ტვირთი და ვალდებულებაა და სწორედ ამ დიდობასთან ზიარების უფლება წაართვეს მრევლს, რადგან წიწილების საკენკით იტყუებენ. ასეთი დამოკიდებულება თანამედროვე ადამიანთან, რომელის თვითშეგნებაც უსაზღვროდ გაზრდილია სრულიად შეურაცხმყოფელია (დასავლეთში ასეთი სისულელეებით უბრალოდ ვერავის შეკერავ).

სად ნახეთ ჩვენთან და თუ ნახეთ რამდენი კაცია, რომ მეტაფიზიკაში ერკვეოდეს, ან გული ჰქონდეს განწმენდილი და სიყვარულს ღვრიდეს ერთნაირად ყველას მიმართ. სწორედ ასეთი ხარისხის უსასრულო ნაკლებობით გამოირჩევა ეკლესია — თუ ასე ბრმა რწმენით ეკლესიაში სიარული ჰგონია ვინმეს ქრისტიანობა?

ნათქვამია: „თქვი ჭეშმარიტებაზე მწამს და ის ეგრევე გაქრება”. ჭეშმარიტება ცოცხალი ღმერთია, რომელიც სულ და განუწყვეტლივ უნდა შეიქმედო!

სწორედ ეს მოძრაობა და ეს სულიერების ხარისხი რომ არ იყო ეკლესიაში, იმიტომ უწოდა ფარისევლები და მწიგნობრები ქრისტემ გადატრიალებული თვალებით მლოცველებს და ტექსტის მკვდრად (გააზრება/განსულოვნება/ინტერპრეტაციის გარეშე) მიმყოლებს და ამიტომ საერთოდ არ შედიოდა საყდრებში — გარეთ ქადაგებდა. რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს და ახლანდელი შმორის სუნის ამოსვლა მაგ ტერიტორიიდან სწორედ ასეთ განმეორებაზე მოწმობს?! თუ გგონიათ, რომ თუ შენობას „ღმერთის სახლს” დაარქმევენ, ღმერთი მართლაც იმ წამსვე იქ დაიძინებს და გაიღვიძებს და არც არაფერზე აღარაა საჭირო სიფხიზლე?

„არ განიკითხოთ” — არა? არც უნდა განვიკითხოთ, ეგ რა საკადრისია: — განკითხვის ღირსები სად არიან — „ვამხილოთ” და მგელს ცხვრის ტყავი ჩამოვფხრიწოთ!

მართლა გგონიათ, რომ ასე, „აპრიორი” (დასაბუთების არ საჭიროება) მართლმადიდებელ ეკლესიას დაეფინა ქრისტეს მადლი? ნუ ჰოოოო, რასაკვირველია... 

გადაწვეს და დღესაც წვავენ და ანგრევენ სხვადასხვა აღმსარებლობის მატარებელი ეკლესიები ერთმანეთს ამ „მადლთან” საკუთარი თავის ასოცირების გამო და ხოცავენ ადამიანებს განუსაზღვრელი რაოდენობით ქრისტეს „უპირობო სიყვარულის” სახელით. იმიტომ, რომ ყველა თავის თავს „მადლ გარდმოსულად” წარმოიდგენს.

რამ გამოგვათაყვანა!? — რა შუაშია ამ გარდმოსვლა/გადმოფენებთან, ან ამ ომებთან და ჭუჭყთან, ის უზოგადესი და მატერიალურს სრულად მოწყვეტილი — რაც ქრისტემ მოიტანა?!

სულიერებას და მაცხოვრის ცოდნას ამასთან არაფერი აქვს საერთო და არც არასოდეს ჰქონია. უბრალოდ ამგვარად და ასე დრამატულად გვწმინდავს შეცდომებისგან სულიერების ისტორიული გზა; შეცდომებისა და ილუზიების გრძელი რიგის გამოაშკარავებით (ოღონდ თუ შევიგნებთ ამას რასაკვირველია)!

რელიგიების გზა შეცდომების გზაა — ანუ გზა იდეის, რომელიც სამყაროს მატერიალისტურ ცნობიერებაში ნელ-ნელა იკვლევს გზას გამჭვირვალობისკენ, გადახსნილ/გადანათებული სივრცისკენ. ისე, რომ იცოდეთ — ნურავინ დაიჩემებს ქრისტეს სიტყვას, ნუ აქცევს საკუთრებად და ჯიბეში ნუ გააქანებს!

ისწავლეთ კითხვითი ფორმით არსებობა და აზროვნება — რწმენა კითხვით/ნდობითი ცნობიერების გაშლაა და უსასრულობაში ამ მოძრაობის გადაყვანა და არა მტკიცებულებებში ჩარჩენილი ცნობიერება.

მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს და წარმოიდგინეთ ღმერთი რა გულუხვია მზესთან შედარებით! თუ თქვენ ღმერთი ლაზერი გგონიათ, რომლის ერთადერთი სხივი მართლმადიდებლებზეა მიმართული! მართლა!? — უი როგორ გამაცინეთ! 

ძალიან ხომ არ შევაწუხე ვინმეს კომფორტულად მოწყობილი „რწმენა”(?): სანთელს დაანთებ და გულიც დაგიამდა, მამაოს ლუღლუღ/ბლუყუნი არ გესმის, მაგრამ „უკეთესობის” დიდი იმედი კია, ნაკურთხ წყალს დაგაწკურებენ და ქრისტემ დაგადოთ თავზე ხელი. ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ მითხრა: „ჩვენ მამა გაბრიელის ქურთუკი გვაქვს ოჯახში; ჩემს მეგობარ გოგონას უთხრეს შვილი არ გაგიჩდებაო — ჩვენ მამა გაბრიელის ქურთუკი მივიტანეთ მასთან სახლში და ისეთი საღ-სალამათი ბავშვი გაუჩნდა, რომ მეტი არ შეიძლებაო”, — გაბრდღვიალებული მიყვებოდა. მოკლედ ასე — დახურდავებული ღმერთი — ბავშვებზე, ჯიპებზე, კაი სამსახურის შოვნაზე და ა.შ. აბა რისთვისაა ღმერთი საჭირო?! ჰოდა თქვენ თუ ასეთ თვითთერაპიებს და სარგებელის მომტან საოცრებებს ამჯობინებთ ტკივილით სავსე ქრისტეს ნამდვილ გზას და უპირობო სიყვარულის იდეას — ნუ რა გითხრათ — ძალიან სამწუხაროა.

პირველი ქრისტიანები ნამდვილი და დიადი მორწმუნეები იყვნენო! ქრისტიანობა უღატაკესი ხალხის რელიგი იყო და იმდროინდელ ამღსარებლებს „აქ” და ამ ქვეყანაში არაფერი ჰქონდათ დასაკარგი — ამიტომაც მიდიოდნენ ასე ადვილად სიკვდილზეც, ჯვარზეც — „აქაურ” სასოწარკვეთას „იქაურ” ბედნიერებაზე ცვლიდნენ! — ასე ასწავლა მათ პავლემ. იცით რას გეტყვით: ეს არ იყო არც ღმერთისთვის და არც რწმენისთვის თავის გაწირვა. — ამ აქტის ფსიქოლოგია/არჩევანი ასეთია: ან „აქ” (მიწაზე) არაფერი გექნება წვალების და წამების მეტი, ან „იქ” (საიქიოში) ბედნიერებას გპირდებიან! ასე აზროვნებენ დღესაც მუსლიმები, თავს რომ წირავენ და იფეთქებენ და ეს გგონიათ ნამდვილი რწმენა? ეს არ არის რე-ლიგია, ანუ ერთობის (და ერთიანობის) აღდგენა უნივერსალურთან ცნობიერებასა და განცდაში; ეს ისევ და ისევ „ჩემთვის კარგის ძიებაა” (საიქიოში მოვკალათდები), რასაც ქრისტეს სწავლებასთან არაფერი აქვს საერთო! ნამდვილი ქრისტიანობა (კომუნალური მოვლენის თვალსაზრისით) განწმენდილი და გაგებული, მძიმე და ტრავმატული ისტორიული გზის ხარჯზე დღეს იწყება, რადგან ჭეშმარიტი სუბიექტი მას სწორედ დღეს გააჩნია — ყოველგვარი გ ა მ ო რ ჩ ე ნ ი ს მიღმა მინდობით და „აქ” ყველაფრის მქონე ადამიანის მიერ, „აქ” ყველაფერზე უარის თქმა/გაუფასურებით.

დაგროვილ სულიერ გამოცდილებას, გ ა დ მ ო ც ე მ ა სჭირდება. ასევე დაფიქსირებულ ცოდნას (სახარება) სჭირდება ამოკითხვა/ინტერპრეტაცია — ეს ყველაფერი სიყვარულის იდეალის გაზარდა და გააფართოებას ესაჭიროება. — ბავშვის სიყვარული დედიკოსადმი რომ საკმარისი იყოს, მაშინ დისტანცია ადამიანსა და ღმერთს შორის არ იარსებებდა — ღმერთის შეყვარება ისევე ადვილი იქნებოდა, როგორც დედიკოსი. არც კითხვის ნიშნები იარსებებდა და არც არანაირი გზა და არც მისი სირთულეები.

ინდუიზმის სიყვარულის გზის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მასწავლებელმა პრაბჰუბატამ ასე თქვა: „სიყვარული ცოდნის გარეშე მხოლოდ სენტიმენტია”. სწორი ცოდნა, სწორად მოტანილი — ყოველთვის გახსნა/გადახსნისკენაა მიმართული, ანუ უკიდეგანო სივრცისკენ მიგმართავს, რომელიც ყოველთვის სიყვარულია. მაგრამ ცოდნა შეიძლება შეცდომითიც იყოს (ან შეცდომით მოტანილი) — ასეთი „ცოდნა” ყოველთვის ტერიტორიების დადგენისკენაა მიმართული, ტერიტორიების შემორაგვა და ცხრაკლიტულების დამკვიდრებაა მისი მიზანი. შეცდომა ზოგადად სავალალოა — განსაკუთრებით კი სულიერება/რე-ლიგიის საქმეში.

ის, რაც ჩვენს ეკლესიებში დღეს ხდება და რასაც მრევლს სთავაზობენ: სჯულს, კანონს, წესს და მორჩილებას, ამას ყველაფერს მაღალი რელიგიურობის და სულიერების არაფერი სცხია. ასეთი შემოთავაზებები დღეს ადამიანის პოტენციის დაკნინებაა; რადგან თანამედროვე ადამიანი შეგნებულია, მისი ცხოველისკენ გადახრა აღარ ხდება (აქ ექსცესები არ იგულისხმება). ახალი ადამიანი ხსენებული შეგნებულობის გამო, თავისი ცდუნებებითა და „ცოდვით” ბევრად მეტად და სწრაფად იზრდება დღეს და მაღალ სულიერ არსებად ფორმდება, ვიდრე გადაგვარებული და ჩამოწერილი მექანიკური საშუალებებით დაშინებულ, დასჯილი. ყველა დროს თავისი გზები აქვს, რომელიც ორგანული, ბუნებრივი და ქმედითია.

(პირველი თავის დასასრული)

(ოთხ დღეში, აქვე ბლოგში, დაიდება ამ ტექსტის მეორე ნაწილი).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^