Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკლესიამ ცოდნას უღალატა - იქ, სადაც ცოცხალმა ღმერთმა უნდა იხაროს - „უპირობო სიყვარული” (თავი 2)

18 აპრილი 2017

როცა ეკლესიამ ც ო დ ნ ა ს უღალატა, საკუთარ თავში გამომუშავებული წარმოდგენების ნაჭუჭში ჩაიკეტა და დროის და მოძრაობის გაჩერება მოითხოვა მრევლის ცნობიერებაში - სწორედ აქ დაიწყო ცოცხალმა ღმერთმა ჩივილი, წვალება და კვდომა. რახან ყველაფერი ცოცხალი დინებაა (ღმერთი მით უმეტეს!) და უწყვეტი დინამიზმი აზრის, გრძნობის და არსისაც! - სწორედ არსს ვერ ჩაატევ ვერანაირ დროისმიერ ფორმაში - პირიქით, არსის ფორმალური მახასიათებლები განუწყვეტლივ უნდა ესადაგებოდეს ენა/ფორმის უწყვეტად განახლებად შესაძლებლობებს  აქ, მატერიალურ სამყაროში - სხვანაირად არსთან შეხება შეუძლებელია, ისე რომ არ ჩაგიკვდეთ ხელში.   

(ცოდნა)

ცოდნის სიყვარულით ჩანაცვლება არ შეიძლება, არც პირიქით, მაგრამ ცოდნა რომ თავის უმაღლესი ფორმით სიყვარულში მთავრდება, ეს ნამდვილად ასეა.

უამრავი რამე გვაქვს გამოსაწმენდი ცნობიერებაში სულიერების გზაზე - მთელი „ადამიანური კულტურული კონსტრუქტი” (ანუ „აქაური” სუბორდინირებულად დალაგებული ღირებულებები, რაშიც თავად ცოდნაც იგულისხმება საბოლოოდ), რომ გადახსნილმა, ანუ „უპირობო სიყვარულმა” „ადამიანისგან” გამოწმენდილ ტერიტორიაზე დაისადგუროს ჩვენში. სხვანაირად ეს ვერ მოხდება - „უპირობო სიყვარული” და „ჩვენეული ღირებულებები” ვერ შეძლებენ თანაცხოვრებას (ასე ვთქვათ „კოჰაბიტაცია” ვერ ხერხდება). ან ადამიანის ორიენტაცია „მე” და „ჩემი”-ა, ან საკუთარების იდეაც კი გავიწყდება და უპირობოდ იღებ სამყაროს ყველა გამოვლენას, როგორც ერთიანისა და განუყოფელის თამაშებს, რაც დიდი მისტიკური განცდაა. ასეთი, საკუთრებითი მიდგომის გამოსუფთავებას სწორედ ცოდნის გარეშე ვერ შეძლებს ადამიანი; ამ „კულტურულ კონსტრუქტს”, რომელსაც შენში საზოგადოება ზრდიდა და მთელი ძალით ამკვიდრებდა, სხვანაირად, ანუ მეთოდური ცოდნისა და ანალიზის გარეშე ვერ უკეთდება დესტაბილიზაცია და დეკონსტრუქცია.

ცოდნა - ერთი უზარმაზარი ინტერსუბიექტური ტექსტია, რომელიც ზოგადად და პრინციპულად თავის პოტენციაში ადამიანს და სამყაროს გაცნობს და გაყვარებს თავის მუდმივად წინ - ღვთაებრივისკენ მოძრაობაში. ცოდნა მამაოს პრიმიტიული შეგონება კი არ არის, არამედ: გალაქტიონია, კაფკაა, ჯოისია, ვაჟა-ფშაველაა, წმინდა მამების ტექსტებია - ის, რაც გ ვ ზ რ დ ი ს, მაღალი და უკიდეგანო აზრების და გრძნობების (უპირობო სიყვარულის) სამყაროს გაზიარებს და გასწავლის. გასწავლის თუ როგორ მოიკრიბო/მოიერთოს შენმა განცდა/გონება/შთაბეჭდილებამ მთელი სამყარო და მისი შესაძლებლობები და ასევე როგორ შემოზიდო ცნობიერ/განცდის სფეროში ამ კონცეფციის შემქმნელი.

ცოდნა გაყვარებს ადამიანს ისეთს, როგორიც ის ჩვენ არასდროს გვინახავს და ისეთ სამყაროს გვიცხადებს, რომელიც ჩვენს ჰორიზონტში ვერ ეტევა. ჰაიდეგერმა თქვა: ენა ყოფიერების სახლიაო”, მაშინ ცოდნა ამ სახლის არქიტექტურაა.

არავინ შეიძლება „გასხივოსნდეს", თუ საკუთარი თავი არ გაწმინდა ხსენებული კულტურული ზედნაშენისგან. არანაირი ექსტაზები, აღზნებები, ნეტარებები, სითბოების მიმოცვლები (ეკლესიის ტერიტორიაზე) არ შველის და ვერ ანგრევს ჩვენში გამაგრებულ კულტურულ კოსტრუქტს, რომელიც ღმერთის დანახვისთვის თვალების წინ ჩამოფარებული ფარდაა. ნათქვამია: დაცალე შენი თავი და მე ამოგავსებ. და კიდევ: დაკარგე შენი თავი ჩემთვის... სწორედ ამ კულტურული კონსტრუქტების, ანუ ჩვენში გამაგრებული „ადამიანური” ფასეულობა/ღირებულობებიდან დაცლა/დაკარგვაზეა აქ საუბარი და სამყაროს ასეთნაირად აღქმას სჭირდება ჯერ დესტაბილიზაციაა და მერე დეკონსტრუქცია. ამას კი, ასეთ პროცედურებს ს წ ა ვ ლ ა ჭირდება: -  ჩვენი “სოციალური ეგო/კონსტრუქტის” სამსხვერპლოზე მოტანა, ადგილის გამოსუფთავება - სადაც სრულყოფილად გადახსნილი, ანუ „უპირობო სიყვარული” შეიძლება ჩადგეს ჩვენში.

გასხივოსნება/ნათელღების მიღწევა ეს რთული პროცედურის შედეგია. ბერები („ნათელღების” პროფესიონალები) ამ პროცესს ბევრ წლებს ანდომებდნენ და უამრავს ს წ ა ვ ლ ო ბ დ ნ ე ნ - რომ… დაიცლილიყვნენ. „სითბოების” და „ნეტარებების” მიმოცვლით წინ ნაბიჯიც არ იდგმება: ამ ორ სიტყვას იმიტომ ვხმარობ, რომ ყველაზე გაცვეთილი სიტყვა „სიყვარული” არ ვიხმარო (ანუ „სიყვარულების” მიმოცვლა - ეს უძლურთა გამოთქმა) და კიდევ ერთხელ არ შევულახო ამ ცნებას ისედაც შელახული შინაარსი და აურა. რახან   (დიდი ასო ქართულში არ არის - არადა, აქ საჭიროა) ჩვენ თვალით არ გვინახევს და ის კეთილგანწყობა/სითბო, რასაც ჩვენ მიმოვცვლით ხოლმე, უბრალო ფუნდამენტია ყოველი ნაყოფიერი კომუნიკაციისთვის და მეტი არაფერი, ჩვენ კი ეს უბრალო მოცემულობა სიყვარულში გვერევა.

ქრისტეს მიერ შემოტანილი უპირობო სიყვარულისაბოლოო მიზანიცაა და მეთოდიც, განხორციელების გზა - რომელიც ეკლესიას დიდი ხანია დავიწყებული აქვს და აბა დავიწყებულის სწავლებას როგორ შეძლებს?

„ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა. წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები. მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს. სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება”. (1 კორინთელები 13:1-8).

აბა ერთი დაუკვირდით - ის, რაც ამ ამონარიდშია აღწერილი სიყვარულის ცნების განსამარტავად - სად, ვის და როდის განუხორციელებია მაცხოვრის გარდა? აქედან უნდა დავიწყოთ!

ღრმად ჩავწვდეთ, თუ რა ისეთ სიდიადეზეა აქ საუბარი, რომელიც ცნობიერების ძალის უმაღლეს შესაძლებლობაზე - მთის გადაადგილებაზე (ობიექტურ სამყაროზე ბატონობა) - დიდი და ძვირფასია! ნუთუ მოციქული აქ ჩვენს იმ წკნავილზე გვესაუბრება, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, რომელიც მეუღლეებს აკავშირებთ, შეყვარებულების „სიამაყეა”, მშობელსა და შვილს შორის მაგნეტიზმში გამოიხატება და რომელიც ასე უეცრად სიძულვილში, მრისხანებაში, ბატონობის სურვილში გადაიზრდება ხოლმე… აკი ნათქვამია -  „სიყვარული… … ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს” და ეს როგორ გამოდის?

სიტყვა „სიყვარულში”, რომელსაც ჩვენ ასე უდიერად ვხმარობთ სიყვარული პრინციპულად მხოლოდ საკუთარი თავის ინტერესებს და საკუთარი თავისადმი სიყვარულს გულისხმობს. ასეთია ჩვენი „სიყვარული” - ანუ ეგოიზმის უნატიფესი ფორმა მხოლოდ და მხოლოდ და მას მოციქულის მიერ აღწერილ ცნებასთან არანაირი კავშირი არა აქვს!

ჰოდა „იმ” დიდ, ნამდვილ სიყვარულს (უპირობოს) სწავლა უნდა - ზუსტად ისევე როგორც თავისუფლებას და ასევე ყველა დიდ სულიერ ცნებას.  ასეთი სწავლება უფრო ც ო დ ნ ი თ გახსენებას ჰგავს - რადგან უეჭველია: - ჩვენ ყველანი სიყვარულის შვილები ვართ და სიყვარული ჩვენი ძირითადი და უმთავრესი მახასიათებელი/პოტენციაა. მაგრამ, ეს სილამაზე და ეს სიდიადე ჩვენში „გადარჩენა/დაფუძნების” ინსტინქტს და მის ნაშიერს ჩვენს ცნობიერებაში „კულტურულ კონსტრუქტს” გადაფარული აქვს და ის დავიწყებას მიეცა. ამიტომ ამ გადარჩენისა და დაფუძნების ინსტინქტს გამაგრება და იმედის მიცემა კი არ უნდა (რასაც ეკლესია ასეთი მონდომებით აკეთებს), არამედ პირიქით - ეს ჩვენი სულიერად დამაკნინებელი ინსტინქტი, ჩვენი მიზანდასახული მცდელობებით უნდა გადავძლიოთ. სანამ ის უკან არ დაიხევს. სიყვარული ჩვენში თავს არ და ვერ იჩენს.

მოციქულის ტექტსის ზემოთ მოყვანილი ამონარიდი მხოლოდ გაფრთხილებაა, რომ სიყვარული რაღაც მოუხელთებელი ოკეანეა, რასაც ვერაფერი შეედრება და როცა სულიერების და რელიგიის კონტექსტში მოიხსენება, ის ყოველთვის და ყველგან „უპირობო სიყვარულს” ნიშნავს! ანუ არა დახურდავებულს, არა დაჩიავებულ/დევალვირებულ კნავილს, არამედ მზესავით ბრიალა და მთვარესავით გამჭვირვალე სისავსეს, რომელშიც (თუ ასეთი რამ მოპოვებულია) თავის განზავება და თავის დაკარგვა აღარ არის რთული! უპირობო სიყვარული ყველაზე დიდი მშვენებაა, რომელსაც სიცოცხლე ატარებს და მისკენ გზა ადვილი რომ იყოს, არ დაიხოცებოდა ხალხი ლოცვასა და მედიტაციაში. აი, სწორედ ამ სიდიადის წვდომის და ზრდის გზაზეა „სწორი” ცოდნა/შველა, რომელიც ქართულმა ეკლესიამ გვერდზე ჩააჩოჩა. უშუალოდ სიყვარულით სწავლება ქრისტეს შეეძლო სხვას არავის, ჩვენ კი სიყვარული, მუდამჟამ: სიკეთეში, სითბოსა და ვნებებში გვერევა!

„სიყვარული უნდა გასცეთ” გაიძახიან! ცნებების აღრევაა - სიკეთე, სითბო გაეცით, კი ეს შესაძლებელია და საჭიროა; სიყვარული კი… - რას გავცემთ, რაც არ გაგვაჩნია? ჩვენ ხომ არამარტო ყურები და თვალები გვაქვს დახშული - გულები გვაქვს დაკეტილ/ჩარაზული და ამიტომ ვერ იგებთო ცოდნას, მაცხოვარმა თქვა. ჩვენ არც გვესიზმრება, რა შეიძლება იყოს ის უკიდეგანოდ გადახსნილი, რომელიც უპირობო სიყვარულის თანაზიარია! წარმოუდგენელი მკრეხელობაა, ვინმემ დაიჩემოს მე სიყვარული გამაჩნიაო! დიდი განდეგილ/ბერები სულ იმას ემუდარებოდნენ ღმერთს: - არ ვიცი რა არის სიყვარული, არ შემიძლია, - მასწავლე, მიმითითე და მიმიყვანეო. და ჩვენ? გვეჩიჩინებიან და გველუღლუღებიან - გიყვარდესო „და ვსიო” კმარაო… სიტყვა სიყვარულთან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ის ერთადერთი თავიდანვე არ შევლახოთ და შევბღალოთ, რაც მთავარი და ძირეულად ერთადერთი მ ი ს ა ღ წ ე ვ ი მიზანია.

აბა რუსული ეკლესიების წინ სახეს რომ იხოკავენ მამაოს გამოსვლაზე მუხლებზე მდგომი ქალები: „ლიუბლიუ ტებია ბატიუშკა”-ს ძახილით და მუშტებს მკერდში ირტყამენ - ეს სიყვარულია? არა. - ხომ? აბა ჩვენი რატომ არის სიყვარული? სხვა ხარისხია - ასე გვგონია. ჰოდა ამ ხარისხის გარკვევას და მისი ამაღლებისთვის უწყვეტ მუშაობას ესაჭიროება ცოდნის მოხმარება და ცოდნის გამრავლება, რომელიც განფენილია უდიდეს გამოცდილებაში, რაც კი რელიგიებსა და სულიერებას გაუვლია ზოგადად! მხოლოდ ასე შეიძლება შევძლოთ სიყვარულის სიმაღლეებისკენ მოძრაობა, რომელსაც ოდნავ მაინც დაჰკრავს „უპირობო სიყვარულის” ათინათი და რის შესახებაც ეკლესიას სრული გულმავიწყობა დასჩემდა!

გამაგრდით და დადექით პიროვნებები, ანუ საკუთარი ცხოვრების მესაჭეები! არასდროს მიაკითხოთ ღმერთს თქვენს პირად საქმეებზე” - ამას თქვენში თქვენი გადარჩენა/დაფუძნებისინსტინქტი მათხოვრობს და ღმერთი აქ არაფერ შუაშია, ეს თქვენი ცხოველური წარსულის გადმონაშთია! - თქვენი და თქვენი ოჯახის პირადი ცხოვრების წვრილმანი ფაციფუცები თქვენც კი გეჯავრებათ და წარმოიდგინეთ იმასრა საქმე უნდა ჰქონდეს ამ წვრილფეხობასთან!

ღმერთთან მიდით მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი გამართული, ფეხზე დამდგარი ადამიანობადაგღლით და საკუთარ თავს, ანუადამიანურმოსაზღვრულობას უკვე დარწმუნებით გინდათ, რომ გადააბიჯოთ; რადგან რაღაც დიდში, საზღვრებმოხსნილში იპოვოს თქვენმა სულმა შებიჯების შანსი. აი ამას ელოდება სამყარო და ღმერთიც თქვენგან - ამის შესახებ კი დღეს, შავყორნელთა ეკლესიაში არაფერი იციან; ასეთი დიდი თავგადასავალი მხოლოდ თქვენი და ღმერთის პერსონალური ურთიერთობებით იწყება და ამ ურთიერთობაში მთავრდება!

ვინც ჩაგაფრინდებათ და ჩაგაცივდებათ და ცხოვრების მოგვარებას გპირდებათ - იცოდეთ თქვენი მტერია - ცრუ და მდაბიო ტერიტორიაზე მიგათრევთ. ამ ტერიტორიამ დაღუპა თვითონ შავებში ჩაცმულები და ციანიდი დააჭერინათ ხელში!

ვინმეს შეიძლება გახსოვთ, რა თქვა ნიცშემ: „პავლემ ჩასვარა ქრისტიანობაო...” - ასეა - მაგაზე აქვს წატეხილი პავლეს ცხვირი, დაამიწა და „აქაური” საქმეები შემოაცურა (შემოუცურდა) იმ არასაგნობრივ ცაში, რომელიც ქრისტემ საბოლოოდ და ბოლომდე გადახსნა. მაცხოვრის არცერთ გამონათქვამში „გადახსნილის” და უპირობო სიყვარულისკენ მოძრაობის მეტი არაფერი დევს და სწორედ ამ კუთხით უღალატეს ქრისტეს ცოდნის ინტერპრეტაციას ეკლესიაში, ასე ჩათვალეს: თავი არ ავიტკიოთ და სხვებსაც ნუ ავატკიებთ - ისე იოლად გავიდეთ ერთი ორი წეს-ჩვევის მოთხოვნით, დაპირებებით და თვალების ბრიალითო. ესაა ეკლესიის დიდი პრობლემა. ქრისტეს ცოდნა შორს მოისროლეს და ამის საპირისპიროდ სამყაროს მოხვეჭაში თვითონაც და თავისი მრევლიც გავეშებულად ჩააბეს! მოკლედ ქრისტეს სახელით დაღუპეს ქრისტეს გზავნილი!

მამა გაბრიელზე იყო გადაცემა - მისი ყველაზე დიდი მიმდევრები მხოლოდ ამას გაიძახოდნენ:„ის მომირჩინა“, „ის მოარჩინა“, „ეს დამიამა“… მოკლედ დაზღვევის კანტორაზე საუბარს ჰგავდა: - მე რწმენით გადავიხდი - შენ მე კეთილდღეობის გარანტიას შემიქმნი. აი ასეთი მომგებიანი გარიგებაა ღმერთი - მრევლისთვის და ეკლესიისთვის! ჰოდა ასეთი სარგებლიანი დაზღვევის ოპერაციების დამარეგულირებელი ფირმის სახელიქართული მართლმადიდებლური ეკლესია”-. 

აი ასეთმა გეზმა: იაფასიანი პოპულარობისკენ (ამის გამო სულიერი ცოდნის და განცდის ხარისხზე უარის თქმამ), ძალაუფლების მოხვეჭისკენ  (მრევლში, ერში, მთავრობაში), სოციალურ/პოლიტიკურ რეალობებთან შეთამაშებებმა (ბენეფიტების გამოძალვის და ზეგავლენის მოპოვების მიზნით), საკუთარი კადრების სიწმინდის და ხარისხის სრულმა უგულვებელყოფამ (ბანდიტი, კომუნისტი, ძველი ბიჭი, ყაჩაღი - ღმერთს კი არა - ეკლესიას აფარებს თავს!), ფულებთან დამეგობრებამ, და ასევე სრულიად ბრიყვულმა სიამაყემ  (არცერთი მხრიდან არანაირი კრიტიკის არ მიღებამ) - მოკლედ ქრისტეს ბუნების და ცოდნის სიმაღლის და ხარისხის ყველა დონეზე ღალატმა სრულიად უნიკალური ფენომენი დაბადა: - შავყორანჯიპმართლმდიდებელი ციანიდით ჯიბეში!

მაგრამ! ეკლესიის ამ დეგრადაციაზე და სიმდაბლეზე კიდევ უფრო მძიმე პრობლემა არსებობს - ეს ჩვენი საზოგადოებაა! ანუ მისი საარაკო შეუგნებლობის დონე - რომელიც ციანიდიან მამოსაც გადახარშავს და ლოქოსთვალება სახის გამომეტყველება რობოტის ხმით იტყვის: „არ განიკითხო” და კიდევ ერთ სანთელს დაანთებს ეკლესიაში - ანუ, თავისი ოჯახის კეთილდღეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას შეიტანს უფლის ადმინისტრაციაში - „ლგოტებსა“ და დახმარებებზე .

და ვინ შექმნა ეს უსაზიზღრესი ღმერთთან ვაჭრობის ატმოსფერო ეკლესიაში - ეკლესიამ და მისმა წინამძღვრებმა…

იუმორინა იქნებოდა მაგარი - უსაზღვროდ მტკივნეული რომ არ იყოს…

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^