Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკუნი სხეული

24 აპრილი 2017

განსხვავება შეიძლება მეტი იყოს ნულზე ან უტოლდებოდეს ნულს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ასეთი ნულოვანი განსხვავებით განსხვავებულები იქნებიან ერთმანეთის სრულიად მსგავსი, აბსოლუტურად იდენტური, სრულებით ერთნაირი. სამაგიეროდ, მსგავსება აუცილებლად მეტია ნულზე, ანუ არასოდეს უტოლდება ნულს, არასოდეს ქრება მთლიანად. მართლაც, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს განსხვავება, უკიდურესად განსხვავებულებს შორის მაინც დარჩება მსგავსება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთისგან ისინი ერთნაირად იქნებიან განსხვავებული. ასეთია, თუ შეიძლება ითქვას, ელემენტარული, ძირეული ასიმეტრია, რომელიც განსხვავებასა და მსგავსებას ერთმანეთთან აკავშირებს. ამასთანავე, გავბედავ ვარაუდის გამოთქმას, იგივე ასიმეტრია წარმოადგენს ონტოლოგიურ, მეტაფიზიკურ ჩარჩოს, არტახებს, რომელშიც ყოველივე არსებული და არარსებული არის მოქცეული, თავად არსებობისა და არარსებობის ჩათვლით.

როგორც ფიზიკოსები გვარწმუნებენ, მიკროფიზიკის სამყაროში პრაქტიკულად თითქმის რეალიზებულია უკიდურესად მცირე, ნულოვანი განსხვავება - ანუ უკიდურესად დიდი, სრული მსგავსება - აბსოლუტურად იდენტურ, ყოველგვარ ინდივიდუალობას მოკლებულ ელემენტარულ ნაწილაკებს შორის, როგორებიცაა, ვთქვათ, ელექტრონები ან ფოტონები. ხოლო მაკროფიზიკურ სამყაროში, საითაც არ უნდა გავიხედოთ, ნებისმიერ ორ ობიექტს შორის აღმოვაჩენთ განსხვავებას, არცთუ იშვიათად უაღრესად დიდს. მაგრამ არის კი ამ მაკროსამყაროში სადმე რეალიზებული უკიდურესად დიდი, მაქსიმალური განსხვავება, როცა განსხვავებულებს შორის საერთოა მხოლოდ და მხოლოდ მათი ერთმანეთისგან განსხვავებულობა და სხვა არაფერი. აქ ჩნდება მაცდური კითხვა: ხომ არაა სწორედ ასეთი უკიდურესი, რადიკალური განსხვავება „განხორციელებული“ ტვინის (მატერიის, სხეულის) და ცნობიერების წყვილში, ობიექტური და სუბიექტური რეალობების წყვილში? თუ ასეა, ადამიანი წარმოადგენს ბუნების (მეორე) უკიდურესობას.

თუ ეს მართლაც ასეა, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პრინციპულად შეუძლებელია მატერიისა და ცნობიერების ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირება რამე ფორმალური, უფრო ზუსტად, ფორმალიზებადი გარდაქმნით, როგორც, ვთქვათ, ერთმანეთს უკავშირდება მასა და ენერგია ცნობილი ფორმულის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდება ალგორითმის მეშვეობით მატერიის გარდაქმნა ცნობიერებად, ანუ ისეთი პროცედურის განსაზღვრა, რომელიც მატერიალური ობიექტიდან ცნობიერებას კანონზომიერად და ნაბიჯ-ნაბიჯ გამოადნობს. ვფიქრობ, ერთი შეხედვით მართლაც ასე ჩანს. მაგრამ იქნებ სწორედ ასე დანახული გამოუვალი მდგომარეობა თვითონ გვკარნახობს სასურველ გამოსავალს? იქნებ, საძიებელია არა კონკრეტული მატერიალური მოწყობილობიდან კონკრეტულად სუბიექტური ცნობიერების, როგორც მიზეზ-შედეგობრივად განსაზღვრული რეზულტატის მიღება.

არამედ, საძიებელია მატერიალური სისტემის ისეთ მდგომარეობაში ჩაგდების ხერხი, რომელიც ამ მატერიალური სისტემისგან ზოგადად უკიდურესად განსხვავებულის აღმოცენებას, ემერგენციას განაპირობებს რომელიმე სათანადო - „უკიდურესობის ხელშემწყობ“ - გარემოში. თუ ცნობიერებასა და მატერიას შორის მართლაც არსებობს ზემოხსენებული „ზღვრული“ განსხვავება, ასეთ შემთხვევაში ცნობიერებას არ მივიღებთ უშუალო და ლოგიკური შედეგის სახით, როგორც ძრავის დაქოქვის შედეგად ადგილიდან დაიძვრება ხოლმე მანქანა. არამედ ცნობიერება მოგვეცემა არაპირდაპირი, შემოვლითი გზით, როგორც რაღაც თანმხლები მოვლენა. ასე ქარი გვცემს სახეში, თუ ჩავწევთ გაქანებული მანქანის შუშებს.

რამდენადაც უკიდურეს განსხვავებასთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ, ასეთი განსხვავება არ უნდა ეხებოდეს რომელიმე მატერიალური საგნისა თუ მოწყობილობის, იმავე ცენტრალური ნერვული სისტემის, ტვინის შინაგან აგებულებას ან ფუნქციონირების პრინციპებს. არამედ უკიდურესი განსხვავება უნდა ითვალისწინებდეს და ეხებოდეს ასეთი რეალური საგნის, მატერიალური სისტემის უზოგადეს მახასიათებელს, კერძოდ იმას, რომ იგი არსებობს! შესაბამისად, საძიებელი უკიდურესად განსხვავებული რამ უნდა იყოს ის, რაც უბრალოდ და პირველ რიგში არ არსებობს, რეალურად არარსებულია.

მაგრამ ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით, ბევრ რამეს გადავყრივართ როგორც პირადი, ასევე საკაცობრიო ისტორიის გზაზე. ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ილუზიას, რომელიც რამე რეალურად არსებულის არასწორ აღქმაში გამოიხატება. ჩვენ ჰალუცინაციებსაც უდავოდ კარგად ვიცნობთ. ილუზიისგან განსხვავებით ჰალუცინაცია წარმოადგენს არა რამე რეალურად არსებულის არასწორ აღქმას, არამედ არის არარსებულის შესახებ ისეთი წარმოდგენა, რომელიც ძალაუნებურად გვექმნება, გველანდება ხოლმე სამყაროს გრძნობად აღქმაში უნაკლოდ ჩაქსოვილის სახით. ასე რომ, მკითხველო, რეალურად არსებული საგნის, სისტემის ან მოწყობილობის დამუხტვა, დატენვა მისგან უკიდურესად განსხვავებული რამით, რაც, როგორც ჩანს, არის კიდეც ცნობიერება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მატერიალურ საგანს ან პროცესს რამენაირად „გაუჩნდება“ არარსებულის ჰალუცინაცია.

ადამიანის ტვინის სახელგანთქმული სირთულეც შეიძლება სწორედ ამით აიხსნება და ამასთანაა დაკავშირებული. ტვინისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული და ფუნქციური სირთულე, ეტყობა, იმისთვისაც არის აუცილებელი, რომ მას რამე არარსებული მოელანდოს, ანუ ჰალუცინაცია გაუჩნდეს. რეალურად არსებულში არარსებულის ჰალუცინაციის სახით ჩასახლება ან შეჭრა ნიშნავს უკიდურესად განსხვავებულების - არსებულისა და არარსებულის, სხეულისა და ცნობიერების, ობიექტური სამყაროსა და სუბიექტური სამყაროს - ერთმანეთთან ისე დაკავშირებას, რომ სრულებით ზედმეტი ხდება რომელიმე არამატერიალური სუბსტანციის ან ზებუნებრივი ძალის მოხმობა.

ეს პერსპექტივა, ვფიქრობ, ამასთანავე, ადამიანის გარდა, სხვა ცოცხალ არსებებსა და არაცოცხალ მექანიზმებში ცნობიერების მეცნიერულად დადგენის შესაძლებლობასთანაც დაგვაახლოებს. კერძოდ, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ თუ ამა თუ იმ არსების ტვინი საკმარისად რთულია იმისთვის, რომ ჰალუცინაცია გაუჩნდეს, მოელანდოს. ასეთ არსებაში პრინციპულად შესაძლებელია და მოსალოდნელიც ცნობიერების, სუბიექტური სამყაროს არსებობა. ასევე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ რომელიმე ტელევიზორს ან ლეპტოპს არ გააჩნია ცნობიერება, რადგან ის, ჯერჯერობით, არ არის საკმარისად რთული, რათა ჰალუცინაცია ჰქონდეს, რათა მოელანდოს, რომ მასზე ზემოქმედებას ახდენს რამე არარეალური და არარსებული. ამავე პერსპექტივაში ნათელი ხდება, რომ ადამიანის ტვინში ცნობიერების აღმოჩენა, ტვინის მუშაობაში ცნობიერების ანაბეჭდების (სტანისლას დეიანი) ან ნეირონული კორელატების (კრისტოფ კოხი) ძებნა, პირველ რიგში, უნდა დაემყაროს ჰალუცინაციის წარმოშობის უნარის და სათანადო ნეიროლოგიური მექანიზმების დადგენასა და გამოკვლევას.

ზემოთ ვიგულისხმე, რომ სამყაროში განხორციელებული უკიდურესი განსხვავების უდავო ნიმუშს შესაძლოა წარმოვადგენდეთ სწორედ ჩვენ, ცნობიერებისა და სხეულის მქონე ადამიანები. თუ სინამდვილეში ასეა, მაშინ ჩვენ, ადამიანები, უკიდურესობის თვალსაზრისით ვართ ამ მაკროფიზიკური სამყაროს ელექტრონები და ფოტონები. თუმცა ინდივიდუალობის მხრივ ჩვენ მათი სრულებით საპირისპირონი უნდა ვიყოთ; იმდენად საპირისპირო, რომ (სავარაუდო) ონტოლოგიური პრინციპის მნიშვნელობა შეიძლება მიეცეს შემდეგს: ყოველი ადამიანი არის განსხვავებული ნებისმიერი სხვა ადამიანისგან დედამიწის ბინადარი კაცობრიობის წარსულში, აწმყოსა და მომავალში; განსხვავებულია იგი ყველა სხვა ადამიანისგან როგორც რომელიმე, სივრცესა და დროში უსასრულო, სამყაროში, ასევე უსასრულოდ მრავალრიცხოვან და მრავალგვარ შესაძლო სამყაროებში. სხვა სიტყვებით, თითოეული ადამიანი განუმეორებელია, მისი ზუსტი ასლის შექმნა შეუძლებელია არამარტო განზრახ, არამედ შემთხვევითაც. იგივე ითქმის უფრო მიწიერ კონტექსტში: წესით არავის და არაფერს არ უნდა შეეძლოს, მზამზარეულ თარგზე ისე გამოჭრას, ისე დაშტამპოს ადამიანი, რომ საბოლოოდ გაქრეს და წაიშალოს მისი მოუხელთებელი თავისებურება. ადამიანებს განსხვავება გვაერთიანებს.

მაგრამ მაინც, მოგეხსენება, „კართაგენი უნდა დაინგრეს!“. ამიტომ ამ ესეს ბოლოს ისევ გადავწვდები რელიგიისა და ეკლესიის არაადამიანურ და ანტიმეცნიერულ მომძლავრებას ჩემ გარშემო, თბილისსა და მთელ საქართველოში. ცხადია, რომ არარსებული ღმერთისა და არანაკლებ არარსებული ანგელოზების არსებობის მტკიცება შეადგენს როგორც ზოგადად რელიგიის, ასევე კონკრეტულად ამ მართლმადიდებელი ეკლესიის იდეოლოგიურ საძირკველს. ზემოთქმულის საფუძველზე გამოვთქვამ ვარაუდს, რომლის თანახმად ეკლესიის მოქმედება ზუსტად მიჰყვება და იმეორებს ადამიანის ბიოლოგიური ტვინის მიერ ჰალუცინაციებისთვის საგულდაგულოდ გაკვალულ გზას. თუმცა აშკარაა ერთი საგულისხმო განსხვავება: ადამიანის ურთულესი ტვინი, როგორც ჩანს, თავისი სწორედ ასეთი სირთულის გამო იძულებულია, თავისდაუნებურად წარმოშვას ჰალუცინაცია - ადამიანის ცნობიერება და „მე“ - რომელთან გამკლავებასაც შემდეგ უამრავ დროსა და ენერგიას ახმარს.  

სამაგიეროდ, ჰალუცინაციის არა უნებლიეთ წარმოქმნა და მოლანდება, არამედ სრულებით შეგნებულად შეთხზვა და მტკიცება უარესია, ვიდრე რეალობის დამახინჯება, ანუ ცრუ ილუზიის შექმნა; უარესია, ვიდრე რომელიმე უბრალო ტყუილი, რადგან სინამდვილეში ეს ნიშნავს ადამიანის ცნობიერების, გონებისა და „მეს“ ერთიანად უკან, ბიოლოგიისა და სხეულის უკუნეთ სიბნელეში შეტყუებას და ჩათრევას. თუ არ გვინდა, ეს მოხდეს, თუ არ ვართ თანახმა, წაიშალოს ან შემცირდეს სამყაროში შესაძლებელი უკიდურესი განსხვავება, რომელსაც ჩვენ, ადამიანები წარმოვადგენთ და რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და სხეულს შორისაა დამყარებული, თუ არ გვსურს, რომ განუმეორებელ ინდივიდუალობას მოკლებულ, მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიურ არსებებად გადავიქცეთ როგორც ცალ-ცალკე, პიროვნულად, ასევე ერთად, საზოგადოების სახით, მაშინ უნდა დაინგრეს ჩვენი კართაგენი, უნდა დაინგრეს და დაიშალოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საპატრიარქო!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^