Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე, შენ, ის

16 მაისი 2017

თავიდან შენც ისე ფიქრობ, როგორც დანარჩენები. შემდეგ დეტალურად არკვევ ყველაფერს და აღმოაჩენ, რომ შენც ისეთივე ხარ, როგორიც სხვები. შიში გიპყრობს და ხვდები, რომ უცხო ხარ, არავის იცნობ შენს მსგავსს, ისეთს, ვისაც შენს გრძნობებს გაუზიარებ. აუცილებლობა მოითხოვს ისეთ გარემოს, სადაც მარტივად ინტეგრირდები, არ გიწევს დამალვა, თამაში ან ისეთად ყოფნა, როგორიც საზოგადოებას წარმოუდგენიხარ ან უნდა, რომ იყო. საამისოდ მეგობრებს ირჩევ - ერთიც გიღებს, მეორეც, მესამეც. ვნებებს აყოლილი ვერაფერს აცნობიერებ და შენ თვითონ უსვამ სტაბილურობას ძახილის ნიშანს. ყველაზე ამაზრზენი, სწორედ ის მომენტია შენს ცხოვრებაში, როცა ეტაპობრივად კარგავ ყველაფერს: სტატუსს, მეგობრებს, ხშირ შემთხვევაში, ოჯახსაც და ნათესავებსაც. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა და შიშმა შემიპყრო..

„როცა ადამიანი ფსკერზე ეშვება, ზევით იწყებს მოძრაობას" - ზუსტად ასე იყო ჩემს შემთხვევაში.

ფსკერი - სუიციდზე ფიქრი, ზევით სვლა კი - ჯიბეში 4.40 ლარით მშობლიური ადგილის დატოვება და უცხო ქალაქში, უცხო ხალხთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება იყო.

რთულია ცხოვრების ნულიდან დაწყება. თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებ იმას, რაზეც სულ ოცნებობდი.

ყველაზე რთული აი ის მომენტი იყო, როცა გშია და შაქრის ნატეხებს ჭამ, გცივა ან ქუჩაში გიწევს ყოფნა. ხშირად დაუცინიათ, რომ ერთი და იგივე ტანსაცმელი მეცვა, ხშირად მიძებნია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ხურდა, ქუჩაში ნაპოვნი შოკოლადიც მიჭამია, კვირები დაუბანელი მივლია ან ზამთარში ცივი წყლით მიბანავია, თუმცა ეს მოტივაციაა ბრძოლისთვის და შენც უკომპრომისო ბრძოლაში ერთვები. მეგონა, რომ მხოლოდ ჩემს თავს ხდებოდა მსგავსი საშინელება, თუმცა უამრავ ადამიანს ჩემზე გაცილებით საშინელი ისტორია აქვს. ყოველი მსგავსი ისტორია, ძალადობა ჰომოფობიურ ნიადაგზე, ჩვენი მეგობარი ტრანსგენდერების მკვლელობები, ბოლო სამი 17 მაისი და ა.შ. მბოჭავდა და ხშირად მქონდა დრამატული შემოტევები.

ჩემი აზრით, ლგბტ თემი საკმაოდ ინერტულია და ბრძოლაც არ არის ნამდვილი. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრ ცუდ და არასწორ დამოკიდებულებას გადავაწყდი.

მაგალითად: რატომ არის, ჰომოსექსუალთა დიდი ნაწილი ჰეტეროფობი ან ინტერნალიზებული ჰომოფობი, ან ტრანსფობი? ან ჰომოსექსუალი, რომელსაც ქამინგ აუთი არ აქვს, რატომ არიდებს თავს დაქამიგაუთებულთან ქუჩაში სიარულს? ან ავტომატურად რატომ ნიშნავს, რომ თუ ჰომოსექსუალთან ჩვეულებრივი ადამიანური დამოკიდებულება გაქვს, შენც ჰომოსექსუალი ხარ?

ხშირად ჰომოსექსუალები თვითონ გამოყოფენ ხოლმე თავს და შემდეგ ამბობენ, რომ სეკულირებული არიან. ანუ არ მოიაზრებენ ხოლმე თავს ჩვეულებრივი იდენტობის ადამიანად.

და შემდეგ ამასვე ებრძვიან, არ მესმის და არც სურვილი მაქვს გაგების. ე.წ. უმრავლესობა ყოველგვარი განათლების, გაცნობიერების, გაანალიზებისა და ა.შ გარეშე გვჩაგრავს, ავადმყოფებს და ცოდვილებს გვიწოდებს და ამ გამოხატულ, ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას ყოვლად უაზრო არგუმენტებით ამართლებს. ჰომოსექსუალობა არ არის ცოდვა, არც ავადმყოფობაა, არც დანაშაული. ჰომოსექსუალობის პროპაგანდაც წარმოუდგენელია, არავის შვილს არ ვრყვნით, არც არავის ვხდით შარვალს ქუჩაში, არც სახლში ვუვარდებით ვინმეს. არა მგონია ქრისტე ფაშისტი ყოფილიყო. ჩემი აზრით, სანამ თემში არსებობს დაპირისპირება, შუღლი, შური, ჩაგვრა და ა.შ. ჰომოფობიასთან ბრძოლასაც არ აქვს აზრი. 

მე ადამიანი ვარ, თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ვცდილობ, ჩარჩოებიდან გამოსვლას, ვებრძვი სტიგმებსა და სტერეოტიპებს, საზოგადოების დიდ ნაწილსაც ვებრძვი და არაფრისა და არავის გამო არ ვაპირებ, ვიყო მიკერძოებული. არ შემიძლია პოპულიზმი, არც დანებებას ვაპირებ. ვიცი, რომ შეუძლებელია მშვიდად ცხოვრება, მუდმივად შიშში ყოფნა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა, ეს ჩვენი ყველას ბრძოლაა და არ მაქვს დანებების უფლება. არ ვარ ამბიციური და არც რაიმე სტატუსისთვის ვიბრძვი, არც ვინმეს თვალში მოსახვედრად. უბრალოდ შეიძლება იქ, სადღაც მიკარგულში ვიღაცას მოტივაცია გავუღვივო.

ნუ შემრაცხავთ რაიმე ფობად, უბრალოდ თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩემთვის იდენტობა არ არის მნიშვნელოვანი. არ არსებობს იმაზე ღირებული რამ, ვიდრე ადამიანია, ყველა მიყვარს. ერთხელ ჩემმა მეგობარმა დაწერა, რომ „მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია სწორად", ზუსტად ესაა სწორი გზა ომში გამარჯვებისთვის.

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც მშვიდად ვარ: პირველი სახლია, მეორე კლუბი „ბასიანი“. 

სახლიც ხშირად მენატრება, დედასთან და დასთან ჩახუტებაც, თუმცა წამართვეს.

„ბასიანი“ გამორჩეულად მიყვარს, მუსიკის სიყვარულმა მიმიყვანა და აღმოვაჩინე, რომ მუსიკის ფონზე მარცხდება ჰომოფობია, ტრანსფობია, რასიზმი, ჩაგვრა რაიმე ნიშნით, პრივილეგიები და იმარჯვებს თანასწორობა, თვითგამოხატვა, თავისუფლება, მეგობრობა, უბრალოდ იქ არავის აინტერესებს შენი სოციალური სტატუსი.

ჩემი ოცნება დიჯეინგის სწავლაა, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა ჩემთვის. ამისთვისაც ვიბრძვი და აუცილებლად დავუკრავ ერთხელ „ბასიანზე“ იმ ხალხისთვის, ვინც ჩემამდე ჩემი უფლებებისთვის იბრძოლა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასდროს მითქვამს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, პირიქით - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^