Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კი არ ჩაიშალა - შედგა

22 მაისი 2017

„ფილმი 2017 წელს, საქართველოში განვითარებულ რეალურ ამბავს მოგვითხრობს, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ დასასვენებელ პარკში დაგეგმილ, ჰომოფობიის დღისადმი მიძღვნილ თავისუფალი კინოჩვენების მაყურებელს საგანგებოდ მობილიზებული, სამასზე მეტი პოლიციელი ანაფორიანი, ჭინჭრიანი, პომოდვრიანი, კვერცხიანი, ლურსმნიანი, ჩაქუჩიანი და ნაღმიანი ადამიანებისგან იცავდა“... - მოკლედ ასეთი აღწერა ექნებოდა ფილმს, რომელსაც გუშინ საღამოს გადავიღებდი. დღეს საღამოს კი ისიც არ მჯერა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაგეგმილი, 19 მაისის სეანსის ნაცვლად, ამ წარმოუდგენლად განვითარებული სიუჟეტის ეპიცენტრში მოვხვდით.

თავისუფალი კინოჩვენებების პროექტი თავის დროზე სწორედ ქვეყანაში მიმდინარე სოციალური თუ კულტურული პროცესების შესაბამისი სადისკუსიო ფორმატის სეანსების მოსაწყობად, აქტუალური თემებისა და ფილმების ირგვლივ თანამოქალაქეების შესაკრებად, კითხვების დასასმელად და მზა თუ მოსაძიებელი პასუხების მისაღებად დავიწყეთ. საკამათოდ, საკუთარი აზრის დასასაბუთებლად, ერთმანეთისთვის ახალი ან უცხო რეალობის, ინფორმაციის, ფაქტების გასაზიარებლად...

თავიდან ოთხნი ვიყავით. პირველ წელს - ოცდათოთხმეტი, მეორე წლიდან - ას ორმოცდაათი, დღეს კი თავისუფალი ჩვენებების ქსელის მოხალისეთა გუნდი ორას ორმოცაათამდე ადამიანისგან შედგება. სამი წელია დედაქალაქში და თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში თუ მიმდებარე დასახლებულ პუნქტში ჩვენი გუნდის სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე წევრები იკრიბებიან ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან ერთად, აწყობენ სეანსებს მათთვის მნიშვნელოვან, საინტერესო თემებზე და საუბრობენ...

ჩვენებების მოსაწყობად ორგანიზების სურვილი და სწორად შერჩეული ფილმი საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადგილას შევიკრიბოთ და ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით - იქნება ეს ტელევიზორის ეკრანი, კომპიუტერის მონიტორი, ზეწარი, თუ უბრალოდ თეთრი კედელი - ვუყუროთ სადისკუსიოდ შერჩეულ კინონამუშევრებს.

მოხალისეები სეანსებს მართავენ სახლებში, საკუთარ ეზოებში, სახურავებზე, სარდაფებში, ზღვის სანაპიროზე, საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, დასასვენებელ პარკებსა და პირდაპირ ქუჩებშიც კი, სადაც ზეწრის გადაჭიმვის და პროექტორის სხივის დამიზნების საშუალებაა.

ახალი მზიურის სივრცე ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია რომელმაც პირველივე სეანსებიდან მოგვცა საშუალება, დაგვენახა რამდენად აუცილებელია დედაქალაქში ისეთი კულტურული წერტილების არსებობა, სადაც სხვადასხვა ასაკის, ინტერესებისა თუ შეხედულებების მქონე მაყურებელი სტაბილურად შეძლებს კონკრეტული ფილმების ირგვლივ გაერთიანებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, განსხვავებულ ადამიანებთან დიალოგში შესვლას...

მზიურის სოციალური კაფეს ეზოში ყოველთვის დასაჯდომი ადგილების დეფიციტი გვაქვს. მრავალრიცხოვანი მაყურებელი, რომლის რაოდენობაც ორას ორმოცდაათსაც კი აჭარბებს, ხშირად ფილმს სახურავიდან ან მოპირდაპირე მხარეს არსებული ბუნებრივი შემაღლებიდან უყურებს ...

გუშინდელ ღონისძიებაზე, ფეისბუქის გვერდის მონაცემებით, მხოლოდ ოცდაექვსი ადამიანი აპირებდა მოსვლას, ას ორმოცდაცამეტს კი მონიშნული ჰქონდა „მაინტერესებს“. ეს ისეთივე რიგითი ჩვენება იყო ჩვენთვის, როგორიც აქამდე არაერთხელ მოგვიწყვია. მიმდინარე კვირაში, იგივე ფილმი მოხალისეებმა რეგიონებშიც აჩვენეს. მშვიდად, უპრობლემოდ, უპოლიციოდ ... ჰქონდათ დისკუსიებიც.
ფილმიდან გამომდინარე, პრობლემების წინააღმდეგ განსხვავებული ადამიანების გაერთიანების, მოქალაქეების საერთო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის, საზოგადოების ნაწილში, უცხოს მიღების სტერეოტიპული შიშისა და ამ შიშის გამო ჩაგუბებული აგრესიისგან გათავისუფლების გზებზე საუბრობდნენ; მაღაროელებს, აივ ინფექციით დაავადებულებს, პოლიტიკოსებს, სოფლის თანამცხოვრებლებს, ლესბოსელებს, გეებს, ჰომოფობებს, უბრალოდ უცხოს მიმართ აგრესიულად თუ პოზიტიურად განწყობილ გმირებს მიღმა კი, მარტივად, ადამიანებს ხედავდნენ და არა საფრთხეს, რომელსაც სველი ჭინჭრით, პომიდვრით, კვერცხით, ლურსმნით, ჩაქუჩით, მით უმეტეს - ნაღმით შეიძლება დახვდე...
...
გუშინ, შუადღეს, ვპასუხობდი სატელეფონო ზარებს და ვფიქრობდი ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის - „თქვენ გჯერათ, რომ სახელმწიფო დაგიცავთ?“ - სერიოზულობაზე.

საღამოს მეცინებოდა, რომ რიგითი ფილმის საჩვენებლად მთელი ქალაქის დაცვის პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.
მოგვიანებით, ჯერ პოლიციის თხოვნაზე ვბრაზობდი, ღია ცის ქვეშ ფილმი არ გაუშვათ, პასუხიმგებლობას ვერ ვიღებთ, რომ არაფერი მოხდებაო. შემდეგ - იმ ყველასთვის აშკარად ყალბ ინფორმაციაზე (რომელიც წესით, პატრულსაც ისევე აწყობდა, როგორც ჩვენების წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილ ჯგუფს) რომ კაფეში ნაღმი იდო...

ღამით კი გავაანალიზე, რომ ფილმის ჩვენება, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრებიანად მხოლოდ ოცდათერთმეტი მაყურებელი უნდა ჰყოლოდა, რეალურად კი არ ჩაიშალა - შედგა. შედგა ყველაზე მასშტაბური, მრავალფეროვანი, ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი არაპროგნოზირებადი და თავისუფალი ჩვენებების პრინციპისთვის ჩვეული ფორმით - ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი საშუალებით, ყველგან, სადაც გუშინ ღონისძიების ამბავი გავრცელდა, დღეს, ალბათ, „პრაიდს“ უყურებენ და განიხილავენ.

პ.ს. დაგეგმილი ღონისძიების გვერდზე არ იყო მითითება, რომ ფილმი საბავშვოა. ჩვენებას არცერთი არასრულწლოვანი არ ესწრებოდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეთიუ ვორჩუსის 2014 წლის ნამუშევარი „პრაიდი“ +15 ასაკობრივი კატეგორიისთვისაა გათვლილი.

„მზიურის თავისუფალი ჩვენებები" იმართება პროექტ „ახალი მზიურისა" და ფონდი „აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების" პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

ანუკა ლომიძე - თავისუფალი ჩვენების ორგანიზატორი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^