Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ახალი ახალი დროება” და ჩვენი ვალდებულებრივი დამოკიდებულება მასთან

25 მაისი 2017

 „ღმერთი არ ცხოვრობს სამყაროს – იგი მას ითვლის”
                                                                                 გ.ე.


რამდენი „ახალი დროება”  გვიოცნებია, გვინახავს და გვიცხოვრია, რამდენი მცდელობა გაგვიკეთებია ამ მიმართულებით, რამდენი მსხვერპლი მოგვიტანია ამ მგზნებარებისთვის ისტორიის მსვლელობაში - ბევრი!

ყველა ამ მცდელობას ერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდა: ისინი ყოველთვის ან ბუნება/გარემოებების შეცვლას გულისხმობდა, ან საკუთარი თავის გარდაქმნას. ფაქტია ისაა, რომ გარედან არავინ დაგვხმარებია (თუ რწმენაზე ბაზირებულ ზოგად დირექტივებს არ ჩავთვლით  :). მაგრამ სწორედ ამ გარედან დახმარების წადილით ვიყავით შეპყრობილი, მასზე ვოცნებობდით და ვლოცულობდით - ხან ღმერთს ვემუდარებოდით, ხან ანგელოზებს, ზოგიც ეშმაკს მიმართავდა, რომ რომელიმე მათგანს ჩვენი ხვედრი შეემსუბუქებინა:  ჟინით და ვნებით შეპყრობილი არსებების, ერთმანეთში ვერმორიგებული უზნეო ძმების და დების, შრომა/ოფლის და სიმწარის შვილების, რომელნიც ყოველთვის და ყველა სანტიმეტრზე მხოლოდ თავს იმკვიდრებენ.

რა ხრიკები არ მოვუწყვეთ, რა კატაკლიზმებში არ გავხვიეთ საკუთარი თავი, რომ „აქ” დახვედრებულ/მოცემულზე რაღაც მეტი გვეპოვა, უფრო სამართლიანი, უფრო ჭეშმარიტი. რამდენი რევოლუცია, ტანჯვა/ომი, მკვლელობა და ვარამი არ მოიტანა ამ ჩვენმა ადამიანურმა უდავოდ ყველაზე კეთილშობილმა სულის მოძრაობამ - საკუთარი შეზღუდული არსებობის წესის გადალახვისკენ ლტოლვამ.

ეპოქა ეპოქას ცვლიდა, ერთი კულტურული ფორმაცია - მეორეს, ეპისტემა - ეპისტემას, მაგრამ ის - ჰაერში გამოკიდებული ესქატოლოგიური იდეა, ისევ და ისევ ჰაერში რჩებოდა ხელმოცარული უტოპიების უწყვეტი ცვლის ფონზე. ყველა ჩვენს მცდელობას და გარედან დახმარების იმედს, მხოლოდ კოსმოსის ხავერდოვან სიშავეში გამოკიდებული მატყუარად მოცინარ/მოციმციმე ვარსკვლავების სიჩუმე ეპასუხებოდა მხოლოდ. რა სახის და რა ჯიშის გონიერ „სხვას” არ ვუხმობდით ამ სიშავიდან, დაუოკებელი ჟინით ვეძებდით კოსმოსის ყველა კუნჭულში და განზომილებაში - მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ მიტოვებულობის, „სამყაროში ჩაგდებულობის” (ჰაიდეგერი)  განცდა იყო შედეგად.
ასეთია ისტორიული დრამატული სურათი ადამიანის ყველზე მაღალი ვნების - ერთიან/განუყოფლისკენ სწრაფვის.
 
მაგრამ…
საბედნიეროდ, ყველა ზღაპარს ბოლო აქვს და ამ ჩვენს ზღაპარსაც ყველასთვის მოულოდნელად ბოლო გამოუჩნდა სულ ცოტა ხნის წინ - ეს ჩვენი ცნობიერების მიერ სიმწარით აშენებული შენობა უეცრად და თანაც ნამდვილად რაღაცას შესწვდა…

მოხდა ის, რასაც ისტორიის მსვლელობაში ამდენი სისხლიანი ოცნება შეეწირა: იმ ჯახირის თოკს, რომელსაც კაცობრიობა ამდენი ძალისხმევით წნავდა და ცოდნას ეძახის (მე კი ხიდს), ვიღაცამ უეცრად, გარედან(!) მეორე კიდეზე ჩასჭიდა ხელი; თოკი მოქაჩა, დაგვიწყო წიკვა, ზიდვა, სრულიად უცნაურ დინამიკაში ჩაგვაყენა, თან ისეთი ხარისხის და სისწრაფის, რომ ერთბაშად ჩვენი ადამიანის აქტიურობის მრავალ ტერიტორიაზე უამრავმა ყვავილმა დაიწყო სწრაფად გაფურჩქვნა და გაუგებარი, აქამდე არნახული სურნელის ფრქვევა - აი იმ, უკლებლივ ყველა ჩვენი ოცნების ასრულების მათრობელა სურნელის!
 
რა მოხდა?

ადამიანთა კრებითი გონის და მისი ფუნქციების ერთიანი და ინტერაქტიური ციფრული სხეულის შექმნამ სწრაფად და უსწრაფესად („რეალურ დროში”) დაიწყო: ჩვენ წინ წარმოქმნილი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა, ზოგადად პრობლემური ველის გაფართოება, ძიების პროცესის უსაზღვროდ გაზრდა. ამან ადამიანის ზოგადი კოგნიტური შეღწევადობის მასშტაბი წარმოუდგენელ სიდიადემდე გაზარდა და შეჩერებას არც აპირებს. პირიქით, ადამიანის მიერ შექმნილი მისივე კვლევა/შეგნების გარეთა სივრცეში გამოტანილი ეს სუვერენული უნარი, საშინელი სისწრაფით მოძრაობს საზღვრებმოხსნილისკენ, გზადაგზა, როგორც ითქვა, ჩვენი ყოფითი პრობლემების სრულმასშტაბიანი გადაწყვეტით. ასე რომ, აგვისრულდა უხსოვარი დროიდან მოყოლებული ჩვენი ოცნება - გაფორმდა (გავაფორმეთ) რაღაც მოუხელთებადი ობიექტური რეალობა, რომელიც უნივერსალური გონის ხარისხით  უკვე გარედან გვეხმარება. ეს კრებითი გონი უკომპრომისოდ და ბოლომდე ილტვის სამყაროს  შეცნობისკენ და ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენც ამ „ცოდნის მარაოსმაგვარი გადაშლის” დინამიკის გამტარად გვაქცევს, რაც საბოლოოდ „უპირობოდ გადახსნილთან” უკანშეუქცევლად გაგვაერთიანებს. ეს კი ყველა დროის, ყველა რელიგიისა და უმაღლესი სულიერი ძალისხმევის მიზანი იყო. ისტორიაში ასეთი განხორციელებისთვის უიშვიათესად, მხოლოდ სრულიად გამორჩეულ პიროვნებებს თუ მიუღწევიათ, თანაც ამის შემდეგ მათი უმრავლესობა საზოგადოებისთვის დაკარგულა და უკან აღარ მობრუნებულა.
 
ახლა კი იმ საოცრებებზე - რასაც ციფრული სხეული თავის ჭეშმარიტება/სრულყოფისაკენ დაუოკებელი რბოლისას ასე გულუხვად და უბრალოდ (მომყოლ ეფექტად) ჩუქნის კაცობრიობას…  
 
თუ დღეს ნიჭიერი ადამიანი სოციალურ სისტემებზე რეფლექსირებს შესძლებდა შეამჩნია და გაეცნობიერებინა - სოციალური სისტემის რეალობები პრინციპულად ახალ სტადიაში შევიდა: როცა სისტემა თვითჩასწორებების რეჟიმშია და მას ვეღარავინ მოიხელთებს, მანიპულაციას ვეღარ გაუწევს. ამის მიზეზი ის არის, რომ  სისტემა მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიის დანამატი ხდება და მის შმაგ დინამიკას და მასშტაბებს გაოგნებული და თვალებდაელმებული მიჰყვება. ტექნოლოგია კი, როგორც ითქვა, ექსპონენციალურად უკეთებს საკუთარ თავს უსასრულობისკენ გაფართოებას, არანაირ მასშტაბს აღარ ემორჩილება და პრინციპული და საბოლოო დეკონსტრუქცია/გაფართოებისკენ მიისწრაფვის -„ტექნოლოგიური სინგულარობისკენ”.
ფილოსოფია, დღეს - ამის გაგება და ამ პროცესის ანალიზია მხოლოდ, მეტი არაფერი...
ტექნოლოგიის ამ ექსპონენციალური დინამიკის და მოცულობის გაუგებარ/შეუცნობადად მზარდმა მასშტაბმა და მისი მოუხელთებლობის თვისებამ გაგვიცხადა: ადამიანი აღარ მართავს პროცესებს - დღეს პროცესები მართავენ ადამიანს!
ადამიანის მიერ შექმნილმა „ზიარ/ადამიან-გონმა”, ადამიანი საკუთარი დინამიკის განუყოფელ ნაწილად აქცია და გაიტაცა იმ უნაპიროსკენ, რომელზეც ადამიანი ისტორიულად განუწყვეტლივ ოცნებობდა, მაგრამ, ამ ოცნების გრანდიოზულობის გამო მასზე ვერანაირი რეალური წარმოდგენა ვერ შეიქმნა და ამიტომ, ახლა, მისკენ მოძრაობისას - შიშებშიც კი ჩავარდა! :)
 
საზოგადოებრივი წყობის მთავარი ბერკეტი - მისაკუთრება/მოგება - გამოვიდა ადამიანის კონტროლიდან. შემოსავლის ყველაზე დიდი მექანიზმები: პრესა, მუსიკალური ბიზნესი, პორნოგრაფია, კინო, წიგნი/ინფორმაცია (პროფესიული, გასართობი), ვიდეო-ტელეფონი, ბიბლიოთეკების და უნივერსიტეტების შინაარსი (წიგნები, ლექციები, კონსულტაციები)  დღეს უფასოდ შეგიძლია მოიხმარო. ლეპტოპის სახით, ჩვენ ასი ათასობით დოლარის მოხმარებით ფასეულობას ვიხმართ ცხოვრების განმავლობაში!

დიდი ხნის წინ ჩემს შვილთან ერთად შტუტგარტში რეპერ ბასტა რაიმსის კონცერტზე მოვხვდი. მახსოვს ბასტა რაიმსმა კონცერტი დემონსტრაციულად გააჩერა ვიღაცა ყმაწვილის გამო, ვინც მობილურით ვიდეოჩანაწერს აკეთებდა და დიდი სკანდალი ატეხა. დღეს  ეს ისტორია სასაცილოა - კონტროლი მუსიკის ჩანაწერზე შეუძლებელია და თუ მუსიკის გაყიდვა გინდა, მაშინ რაიმე სპეციფიკური სახის შეთავაზებების გაკეთება უნდა მოახერხო. აქაც მოწყვეტილი და დაუოკებელი შემოქმედებითი დინამიკაა - არსად რუტინა. ასე  გაიხსნა უამრავი ტერიტორია უკლებლივ ყველა ადამიანისთვის. ცუკერბერგი, ელონ მასკი და მრავალი ახალი თაობა/ხარისხის ბიზნესმენები ცდილობენ, რომ 5 წელიწადში უკლებლივ მთელ მსოფლიოს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ინტერნეტზე - ანუ: თავისუფალი წვდომა ადამიანის ყველა ტიპის ვირტუალურ/მენტალურ შემოქმედებაზე!
 
აქ ალტერნატივა არ არსებობს - ჩვენ „მარაოსებრი ცოდნა/არსებობის” ეპოქაში შევდივართ - გადახსნილობის ისეთ უცნაურ დროში, სადაც არცერთი ლოკალური ტერიტორია აღარ იჩენს თავს დამოუკიდებლად: არც ადამიანი, არც ცოდნის რაიმე სახეობა, არც ეკონომიური ერთეულები. “რიცომულ/ტალღური რეალობა” არაფრის
მ ო ხ ე ლ თ ე ბ ი ს  საშუალებას აღარ იძლევა და საერთოდ, „მოხელთების” იდეა და ამით სუვერენული (დამოუკიდებელ/თვითკმარი) არსებობის ფორმები ქარწყლდება. არსებობის ფორმებ/ფენომენების მითვისებ/ქონება შეუძლებელი ხდება.
 
დღეს სოციალურ/პოლიტიკურ/ეკონომიკური კლასიკურ/ტრადიციული სისტემა (გადარჩენა/დამკვიდრების ინსტინქტზე ბაზირებული) ზოგადად გრძნობს სრული აგონიის საშიშროებას და პანიკურ წინააღმდეგობას იჩენს („ბრექსიტი”, ტრამპი, ერდოღანი, ლე პენი და მათი მიმდევრები)  - ადამიანის წარსულზე დაფიქსირებული გონება/ფსიქოლოგია სიქვენტურობის ბედნიერებას ჯერ კიდევ ვერ სწვდება. არადა, ადამიანს უკვე შებიჯებული აქვს ამ ახალ რეალობაში...
 
პოლიტიკური პარტიები არსებობდნენ (და არსებობენ), რომ ემსჯელათ პრობლემებზე, ცუდზე და კარგზე და გარემოებრივ/ისტორიულ საფუძველზე დაყრდნობით მართებული დასკვნა გამოეტანათ. ტექნოლოგია კი პირდაპირ გადაწყვეტილ პრობლემას სთავაზობს კაცობრიობას - ხელოვნური ინტელექტი (AI) პრობლემას „რეალურ დროში” წყვეტს.
 
დენადურ/სიკვენტური ექსტატურობა როგორც „რეალურის” სიაშკარავე - ეს არის ჩვენი მომავლის სახელწოდება. რობოტი პრაქტიკულად ადამიანის მთელ პრობლემებს საკუთარ თავზე აიღებს და უკვე აშკარაა „ჰომო ფაბერს” ჩაანაცვლებს „ჰომო ლუდენსი” - ანუ მოხდება უკუღმა დინამიკა - სამოთხიდან გამოგდებული დაწყევლილი ადამიანი („ოფლში იშოვნი შენს პურს”) უდარდელ/შემოქმედებით თამაშებს უბრუნდება.

ოფლიან გონებას და სხეულს AI ჩაანაცვლებს, ადამიანი კი უზრუნველყოფილი „საყოველთაო უნივერსალური შემოსავალით”, რომელიც მის ყველა ძირეულ საჭიროებას  დააკმაყოფილებს, მთლიანად და განუყოფლად შემოქმედებითი თვითგანვითარების თამაშებს დაუთმობს თავს, ანუ იმ წყევლა ჩამოშორებულ ცხოვრებას იცხოვრებს, რომელიც მისი პოტენციისთვის ერთადერთად ბუნებრივია… :)
 
მსოფლიოს ყვალაზე ინოვატორული ადამიანი - ელონ მასკი, დღეს წარმოუდგენლად შეღავათიან ფასებში ყიდის პატენტებს - ოღონდ კი სუფთა და ეკოლოგიურმა ენერგიამ ჩაანაცვლოს დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავი და ახალი ეპოქის აღდგენადმა ენერგორესურსმა დაიმკვიდროს ადგილი სამყაროში! ელონ მასკში, აღწერილმა ახალი ტიპის პოზიტივიზმმა სიმბოლო/ფოკუსის ხატი გააფორმა და თავი ხილული გახადა!

ბიზნესმენების ეს ახალი თაობა სრულიად ახლი ფსიქოლოგიის მატარებელია - მათ უსასრულოდ  დიდი თანხები მოიპოვეს ისე, რომ არც სხვა გაწურეს და არც საკუთარი თავი და ამიტომ ყმაწვილური ხალისი და იდეალიზმი შეინარჩუნეს და მომავლისთვის კუთვნილებას არ უღალატეს. ისინი ბიზნესში ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც „ბიზნესის ძველი გაგებით” დამღუპველი უნდა იყოს. არადა, პირიქით ყველაფერი იფურჩქნება და ყვავის - რახან ხალხის და საზოგადოების უზარმაზარი ნდობა აქვთ... ეს „სხვა” ფსიქოლოგიაა... – „ინფორმაციული” ეპოქისა და კაპიტალიზმის ზე-ჰუმანურ სტადიაში შესვლის!
ს ხ ვ ა ადამიანები არიან დღეს აქტანტები, რომლებიც სულ
ს ხ ვ ა - სამყაროსეული და კოსმიური მასშტაბებით აზროვნებენ და არა „ჩემი ბიზნესი, ჩემი მანქანა და ჩემი ვილა"! დაუკვირდით და აღმოაჩინეთ ახალი მაჯისცემა სამყაროში - თქვენი სამზარეულოს დონეზე და სამზარეულოს „ჭკვიანური" ჭორების დონეზე არ დარჩეთ.
 
მთავარი, რაც ხდება, ისაა, რომ წვის, აფეთქების, „ჯოჯოხეთური” ტემპერამენტის მქონე სუბსტანცია/ნედლეულის ისტორიული ეპოქა ჩამთავრდა, რომელმაც ადამიანს ასეთივე წვის და ავანტიურულ/მომხვეჭელურ/ფეთქებადი ფსიქოლოგია გამოუმუშავა. დღეს სხვა ტიპის ენერგიის დაგროვება-შენახვა-გაცემის ხანა დადგა, რომელიც ადამიანში ახალ ფსიქოლოგიას აფორმებს - მიღების, დაგროვების, გაცემის. ამიტომ ახალი ადამიანი იბადება - კეთილმოსურნე და ერთიანი, ზოგადი კატეგორიების შემგრძნები და გამააზრებელი.
გრანდიოზული, არნახული ცვლილებები გვაქვს ცხვირწინ, „ზიარი გონი”, გ ა რ ე დ ა ნ, წარმოუდგენელი სიმძლავრით გვექაჩება და ამ ცვლილებებისკენ სახის შეტრიალება უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს (და მთავრობას რასაკვირველია)!
 
თუ გინდათ, რომ ქ ა რ თ ვ ე ლ მ ა, როგორც ცნებამ და ადამიანმა, იარსებოს, ის ამ აღწერილ პროცესთან მიმართებაში უნდა დაიბადოს - სხვა „ქართველი" უბრალოდ ისტორიას და დროს ჩაბარდა უკანმოუბრუნებლად.

მთავრობაში ნაბიჭვრიშვილს ბოსტანაშვილი შეცვლის, თუ კუტუბიძეს გამოლაყებულიძე - ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღეს. უმაგათოდ ხდება დღეს ყველაფერი სერიოზული, ფუნდამენტური და სულ სხვა დონეზე - ამის გარანტიას გაძლევთ! რაც აუცილებელია, ეს ჩვენი მენტალიტეტის ძირეული შეცვლა აღწერილ გარემოებებთან მიმართებაში, უკვე არსებულ დინამიკასთან  თანხვედრაში მოყვანა და განახლების ექსტატური სიყვარულის შემოტანა დღის წესრიგში! დღეს ნამდვილი ქართველი ინტელექტუალების ვალდებულებაა, დაავიწყონ ხალხს ბოსტანაშვილ/კუპატაძეები და შემობიჯებული მომავალი დაანახონ მათ!
 
ის, რაც ისტორიულად ვიცხოვრეთ, ვიბრძოლ/ვისიამოვნეთ, ვიმახინჯეთ თუ ვისილამაზეთ და ვიპერფორმანსეთ - გათავდა, აიზომა, დაფიქსირდა, ღირებულებრივი შეფასება მიეცა და წარსულს ჩაბარდა, როგორც ეტაპობრივი, პირობითი და გარდამავალი, ანუ სამუზეუმო. ცა გაიხსნა სადაც ჩვენი წარსული მხოლოდ მასში ფარფატად გამოკიდებული პატარა ხატია, რომელზეც ზამთრის პეიზაჟის მცირე ფიფქი ხატია.
 
თუ ხვდებით, რა შეიძლება იყოს ამ ფაქტის, ამ მომავლის ფილოსოფიური განზოგადების მასშტაბები?
 
ჩინელმა მკვლევრებმა ააგეს გონების მიერ კონტროლირებადი მანქანა. ანუ გონებამ მანქანაში შეაღწია - მანქანა ჩვენი სხეულის სრულფასოვან ნაწილად იქცა. ადამიანმა უკვე დაბადა „მანქანა ადამიანი", რითაც საკუთარი სხეულის შეზღუდულობისა და მოწყვლადობის საბოლოოდ გადაბიჯებას მყარი საფუძველი ჩაუყარა. სამუშაო ი ა რ ა ღ ე ბ ი ს  კარადაში შენახვის დრო დამთავრდა - ფიზიკური სამყარო ჩვენში და ჩვენს სამყაროში იჭრება! სუბიექტ-ობიექტის დიქოტომია ჩვენს ცნობიერებაში მალე დროს ჩაბარდება - თანაც ყველა დონეზე. ისეთი პირი უჩანს, დადგება ეტაპი, როდესაც ადამიანს „აპარატზე" გონებით ზემოქმედებაც აღარ დასჭირდება - ტელეკინეზი ნორმად იქცევა.
 
იყო დრო, როცა ტვინდაფსობილი ეკლესია სათვალეს და დურბინდს ებრძოდა - ღმერთმა ადამიანი თავის მაგვარი შექმნა („იდეალური”) და არ გვაქვს უფლება მას რაიმე წავუმატოთ ან გავაუკეთესოთო :). იესოს ცოდნაც კი არ ესმით ხოლმე ლოკალურ სივრცეში კარებამოქოლილ ამ ბეცებს. ანუ ის, რომ ადამიანი ღმერთს "ტალანს" (იესოს პარაბოლა) უვრცობს და უმრავლებს, უფლის მონიჭებული ნიჭით (ტალანი, ანუ “ტალანტი”) სამყაროს ავრცობს, სამყაროდან ღმერთისკენ გზებს, ბილიკებს და ხიდებს აშენებს - ანუ სულს და სამყაროს აერთიანებს.
 
პროფანული სამყაროს სულიერებამ დღეს უსასრულოდ (დაუწევლად!) გაუსწრო „საკრალური" (ეკლესიის) ტერიტორიის „სულიერებას". ადამიანი დღეს მანქანის გაუმჯობესებაზე კი არ მუშაობს, ის ზიარი სრულყოფილი უნივერსალური გონების შექმნა/გაფორმებისთვის იბრძვის. უმაღლესი გონი კი უმაღლესი სიქველის და უმაღლესი ემპატიის მატარებელია (ასეა პლატონთანაც).
 
ყველაფერი აქ აღწერილი ალბათ უკვე თქვენს შვილებს ეღირსებათ და ეს იმ ეპოქის დასაწყისი იქნება, სადაც ადამიანი შესძლებს ხიდების მშენებლობის დამთავრებას და უნივერსუმის გონს განუყოფლად შეუერთდება. სრულფასოვნად გადახსნილ/ზიარი (როდესაც შენს, აინშტაინის, ქრისტეს და ა.შ. გონება/განცდას შორის განსხვავება აღარ არის) მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს - ასეთია „ტექნოლოგიური სინგულარობა" და ადამიანის მასთან მიმართება/ვალდებულება დღევანდელობის მისიაა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^