Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TSL შავი საქმე

12 ივნისი 2017

რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე მენაყინე დააკავეს. აღმოჩნდა, რომ მას პატრულის თანამშრომლებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, ამ უკანასკნელებს კი ღირსების შელახვა არ უპატიებიათ.  მენაყინეს 400 ლარის ოდენობის ჯარიმა, 90 დღიანი პატიმრობა ან ექვსთვიანი გამასწორებელი სამუშაო ელოდება. 

მოგვიანებით „ბირჟა მაფიის“ ორი წევრი ქალაქის სხვადასხვა უბანში დაკავეს. მათ ჯიბეში ვარდისფერი MDMA-ის აბები უპოვეს, სისხლში - ვერაფერი, youtube-ზე კი კლიპი, რომლის ამ დროისათვის დაფარულ ნაწილშიც პოლიციელია გაშარჟებული. მათ 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ელოდებათ.

მუნდირისა და ღირსების დაცვა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხტარლისა თუ ზემოთ ნახსენები საქმეების შემდეგ, გორდერძი თევზაძის გათავისუფლებით დასრულდა; პატრულის იმ თანამშრომლის, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდნენ.

მოდით, შევთანხმდეთ, რომ ამ სახელმწიფოს სათავეში კარგა ხანს არ მოვა ხელისუფლება, რომელიც ნარკოპოლიტიკას შეცვლის. ვინაიდან ეს ყველაზე მარტივი გზაა იმ ადამიანების ჭკუის სასწავლებლად, რომლებიც ვიღაცებს თვალში არ მოსდით. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ დამოუკიდებელი, გამართული სასამართლოს მსურველი მთავრობის გამოჩენაც ადრეა. სამაგიეროდ, ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება სურვილი, ყველა შესაძლო ხერხით აკონტროლოს ინფორმაციის გავრცელების საშუალებები და, ფარულად თუ ღიად, მათი დაქვემდებარებაც შეძლოს.  

ცხადია, რომ ადამიანები, რომლებსაც, როგორც ამბობენ, წინა დღეს პოლიცია ურეკავს და ინტერნეტიდან კლიპის აღებას სთხოვს, მეორე დღეს ქუჩაში MDMA-ით არ გამოდიან, მით უმეტეს, შარვლის უკანა ჯიბეში არ იდებენ ვარდისფერ აბებს, რომელიც ნახსენები ნარკოტიკული საშუალების სტრუქტურას, ყველაზე ნაკლებად ჰგავს. ოფიციალური ვერსიის მიუხედავად, რომ ჯგუფის წევრები ნარკოტიკის გამო დააკავეს, სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ დასმულმა კითხვებმა და განცხადებებმა, კლიპის გამო დაკავების ვარაუდი უფრო მეტად გაამყარა. ამ შემთხვევაში კი საქმე არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას სცდება და იმ საყოველთაო ღირებულების დარღვევას ეხება, რომელსაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია. ღირებულების, რომლის ხარისხიც ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს და, განურჩევლად პროფესიისა, თითოეულ მოქალაქეზე აისახება. პრაქტიკულად, გამოხატვის თავისუფლების გამო ზომების მიღება დაადასტურა ალექსანდრე ჯეჯელავამაც. ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

მაშინ, როდესაც სასამართლო განხილვაზე პროკურატურა დაჟინებით ითხოვდა ჯგუფის წევრებისათვის პატიმრობის შეფარდებას და ამბობდა, რომ დაკავებულები, შესაძლოა ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, ბერა ივანიშვილის ფეისბუქსტატუსიდან მეორე დღეს, იმავე პროკურატურამ ჯგუფის წევრების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებაზე გაავრცელა განცხადება. ამავე სტატუსის შემდეგ, პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ ჩაწერა ვიდეოიმართვა კახა კალაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა გადასახედია და ნარკოტიკის ჩადება - დაუშვებელი. იყო თავად პრემიერის განცხადება და მოწოდება პარლამენტის მიმართ, რომ საშემოდგომო სესიაზე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვა და განხილვა. ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ სასამართლო ისეთივე სკეპტიციზმის გარეშე დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას არასაპტიმრო აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, როგორც მანამდე, როდესაც ჯგუფის წევრებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

საპროტესტო აქციების, მისი ორგანიზატორების კრიტიკისა თუ ნარკოპოლიტიკისადმი განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად,  „ბირჟა მაფიას” საქმემ მნიშვნელოვანი საკითხების ლუსტრაცია მოახდინა.

კონკრეტული პირის მიერ დაწერილი ჰეშთეგის შემდეგ საქმის რადიკალურად შემოტრიალებამ ქვეყნაში არსებული გაცილებით ღრმა და ფუნდამენტური პრობლემები აჩვენა, ვიდრე არაჰუმანური ნარკოპოლიტიკაა; პრობლემები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ღირებულებების გზაზე გაცილებით დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^