Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნარკომანების რევოლუცია“ - ანუ ვინ დგას ჩვენ უკან

12 ივნისი 2017

10 ივნისის აქცია, პირადად ჩემთვის, რამდენიმე გარემოების გამო გახდა მნიშვნელოვანი. შევეცდები, თანმიმდევრული ვიყო.

მაგალითად, ამ აქციამ დაგვანახა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის ფუნდამენტური ღირებულება - გამოხატვის უფლება. მესმის, რომ მიწა ხარ და მიწად იქცევი, მაგრამ სანამ  ქცეულხარ, მიწისკენ ლტოლვაზე მნიშვნელოვანი - ადამიანია, რომელმაც ამ მიწაზე უნდა იცხოვროს.

სახელმწიფო ნარკომომხმარებლებს ავადმყოფებად იხსენიებს. მერე ამ ავადმყოფებს იჭერს, უამრავ ფულს ახდევინებს, ციხეში გზავნის 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. და ამ ყოველივეს მერე გამოვა რომელიმე მაღალჩინოსანი და იტყვის, რომ მთავრობა ხალხზეა ორიენტირებული და ზრუნავს ადამიანის მთავარ ღირებულებებზე, მათ მომავალზე.

საზოგადოება სახელმწიფოსთან ერთად გაუაზრებელ ბოროტებას სჩადის, როცა ნივთიერებადამოკიდებულ ადამიანებს ავადმყოფებად  მოიხსენებს.  ასეთი ,,ავადმყოფები’’ ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ჩვენ ირგვლივ, საკანონმდებლო რეფორმა ისეთივე აუცილებელია, როგორც  ჩვენში არსებული დოგმებისგან დისტანცირება და გათავისუფლება. თუ თანხმდებით, რომ ნარკომანი ავადმყოფია, მას უნდა მოუარო და საშუალება მისცე, საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს. ციხე არ არის სამკურნალო დაწესებულება, ამიტომ სიტყვები „მაგათი ადგილი ციხეშია“ არის უდიდესი ბოროტება, რომელიც სისტემას სისრულეში მოჰყავს.

თუმცა ამ მოვლენების ირგვლივ მხოლოდ ნარკოპოლიტიკაზე საუბარი და ფოკუსირება მედლის ერთი მხარეა. სინამდვილეში, ჩვენ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან.

რეალობა ასეთია: თუ პოლიციელი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს,  შეუძლია ნარკოტიკი ჩაგიდოს და დაგაკავოს. ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თავაშვებულობა. აქ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამიტომ პოლიციის რეფორმა მნიშვნელოვანი გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც სახელმწიფოს აუცილებლად მოუწევს, მანამდე კი მუნდირის საკრალიზება ცოტა უხერხულია, იმ ფონზე, როცა კანონის სახელით მოქმედი სტრუქტურა უამრავ უკანონობას სჩადის.

კარგ სახელმწიფოს მებრძოლი საზოგადოება აშენებს. ახალი თაობა არის ძალა, რომელიც თავისი შინაარსით, დიდი მასშტაბის მატარებელია. ეს კარგად გამოჩნდა 10 ივნისის აქციაზე,

სიტყვა „თავისუფლება“, რომელიც ჩვენში განსაკუთრებულ ეიფორიას იწვევს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას გულისხმობს, რაც ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკოსების მთავარი პრობლემა. ისინი ჯანსაღი კონკურენციის ნაცვლად მუდმივად ურთიერთბრალდებების რეჟიმში ცხოვრობენ. ეს სახელმწიფოს მართვის საბჭოური მოდელია, როცა პრობლემების მიზეზს მუდმივად სხვაგან ეძებ, დამნაშავე ყოველთვის საპირისპირო ბანაკშია. ამ დროს იწყება მინიშნება შეთქმულების თეორიებზე. ისმის შეკითხვა - „ვინ დგას მათ უკან?“ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, თითქმის ყველა შესაძლო ვერსია განიხილეს, ხან ბარიგები გვეძახეს, ხან პარტიის მარიონეტები, ოღონდ საერთო აზრზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ეიფორიაში ჩავარდნენ, როცა დაინახეს აქციაზე მისული ათასობით ახალგაზრდა, ყოველგვარი პოლიტიკური ლიდერის გარეშე. ლიდერები ამ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ, რადგან სოციალური პასუხისმგებლობა იგრძნეს, რაც, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს. ამის გამო დაიწყო მოვლენის  სტიგმატიზება, როცა ეს ფაქტი ხმებზე მონადირე სუბიექტებმა „ნარკომანების რევოლუციად" მონათლეს. მაგრამ ეს ის ფაქტია, რომელიც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს.

ჩვენ დიდი ხანია თქვენი აღარ გვესმის. ჩვენ უარს გეუბნებით სახელმწიფოს მართვის  იმ მოდელზე, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ. ეს ეხება ორივე მხარეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ეს მახინჯი სისტემა მათი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც პოლიცია დაიბრუნებს დაკარგულ ღირსებას, მაჩვენებს კონსტიტუციისადმი პატივისცემას, რომელსაც ასე დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან. და ამის მერე მას „ძაღლის“ მაგივრად „სამართალდამცველს“ დაუძახებენ.

სანამ ისინი ჩვენ უკან იყურებიან და ცდილობენ გაარკვიონ, ვინ დგას იქ, ჩვენ წინ ვიყურებით. ხოლო გვერდით, როგორც დაინახეთ, მეგობრები დგანან, ჩამქრალი ლამპიონების ქვეშ, თავსხმა წვიმაში, განათებული აიფონებით ხელში და სოლიდარობაა მათი სახელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^