Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თითქმის საღი ვენების საზოგადოება და ბერას ნიშანი

12 ივნისი 2017

უკვდავი და მოუსვენარი ბარდის ფრაზას „ჰამლეტიდან“ ასე შევცვლიდი: არ გაგვშრობია ფეხსაცმელი, რომლითაც იმ წვიმიან დღეს დაკავებული რეპერების მღელვარებას მივსდევდით, რომ ქათქათა ავეჯით გაწყობილ-განწყობილმა კალაძემ ისეთი სამეურნეო პიარი გამოაცხო, რომ ცხადი გახადა, ქარმა საიდანაც დაბერა... ბერას ჰუმანისტური პოსტისა და პათოსის შემდეგ  ისიც გაცხადდა, „თუ ვინ არის ამ ბავშვის ნამდვილი მამა“ (ეს უკვე ალავერდი ბრეხტთან)...

განა რამე... დე, იყოს ბერას მესიჯ-ნიშანი თუნდაც ჰაერივით დროული და თუნდაც პოლიტიკურად გასაგები თუ დამცინავი, ოღონდ კონსტიტუციის ჭრა-კერვაში გართულმა ხელისუფლებამ რამე იღონოს ბნელი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად. თუმცა ნაგვიანევად დარაზმული კვირიკაშვილი და უკეთ „შეკაზმული“ კალაძე ამ დრამატული ნარკოფაქტის არტეფაქტებად მაინც ვერ გამოდგებიან. აი, სულ მცირე 2-3 საათით ადრე, პრემიერს რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა როგორღაც გახსენებოდა, ან კალაძეს „თეთრი ავეჯის“ ლაივი „ბაბულიკების“ გულის მოსაგებად ბერას პოსტზე ადრე დაედო, მერე გენახათ პოლიტიკური გმირობის პერსპეტივა... თორემ ასე, წინა დღეს, ელენე ხოშტარიამ გულანთებული ნორჩების გარემოცვაში დროული, ლოგიკური და ბევრად გულისმოსაფხანი მიმართვა გამოაცხო.

მთავარი თითქმის საღი ვენების საზოგადოების დრამაში არა ფეისბუკზე გამართული ჩხუბია - ვინ ალალად მივიდა აქციაზე და ვინ კიდევ პოლიტიკურად „შეწამლულ“ მდგომარეობაში, არამედ ის, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკასაც და პოლიტიკასაც კარგ ხასიათზე გაღვიძებული ბერა ივანიშვილის პოსტები არ უნდა განსაზღვრავდეს.

რეპერების ისტორია სინამდვილეში არაფორმალური მმართველობის ინდიკატორი აღმოჩნდა და როგორც არ უნდა დავცინოთ, ვთქვათ, ავტორიტარიზმს აზერბაიჯანში, ინსტიტუციონალიზმის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არანაკლებ სერიოზულად დგას. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ამბავი სწორედ ამის დასტურია, რადგან რეპერებისგან განსხვავებით ბერას ჯერჯერობით არ დაუწერია პოსტი - „შენთან ვარ აფგან!!!“ და არც პრემიერს უღიარებია, რომ ჟურნალისტის გატაცება უკანონობა იყო და ქვეყნის იმიჯის სერიოზულ შელახვას ნიშნავდა.

სინამდვილეში, არტისტის, მკერავისა თუ მაღაროელის თავისუფლება  (ნარკოტიკების ჩადება იქნება, შრომითი უფლებები თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა), ისევ არაფორმალურ მმართველობასა და  ავტორიტეტების ზეგავლენას უკავშირდება და არა კანონების პატივისცემასა თუ ინსტიტუციების სიმყარეს. ყველაფერი დანარჩენი საცოდავი და თვითნაკეთი ლირიკაა: მთავრობის წევრების დაგვიანებული და სულელური განცხადებებით დაწყებული კალაძის უკვე გამზადებული საარჩევნო პიარით დამთავრებული.

თუ წრფელი გულით გვინდა რამე შევცვალოთ და ამიტომ, ვთქვათ, ნარკოპოლიტიკასაც ვაპროტესტებთ და შრომით უფლებებსაც, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ჩვენ გვერდით, მიტინგზე ამასვე საკუთარი პოლიტიკური კარიერის გამო არ გააკეთებს. შესაძლოა იქ ვიღაც  „კარგი გოგოს“ ან „მამაცი გულის“ მხარდასაჭრად მივიდეს... ვიღაცას კლუბ „ბასიანის“ პიარი სჭირდებოდეს და სხვას კიდევ პოლიტრეპერები ეძვირფასებოდეს. აუცილებელი არ არის ყველაფერი პოლიტიკურ ჭუჭყს, ან სტერილურ-პარტიულ რიტორიკას გადავაბრალოთ, რადგან როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს „გაუსვრელები“ ბუნებაში არ არსებობენ და ცხოვრება, ისევე როგორც მიტინგები, მიზნისათვის თუნდაც დროებით  გაერთიანებას, ძალისხმევას და თანაარსებობას გულისხმობს.

კარგი იქნება, თუ ჩვენგან განსხვავებული ხალხის ჟრიამულს“ ბერას მესიჯზე ადრე გავიგებთ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^