Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომავლის ლექსიკონი. გენდერული: ანუ ჩამოლაბორანტებულ/ყავლგასული…

16 ივნისი 2017

(ნაწილი პირველი)

„სხვადასხვა მწერს სივრცის აღქმის მანძილი ძალიან განსხვავებული აქვს. ზოგიერთი მწერის სხეულს 40-50 სანტიმეტრითაც ვერ მივუახლოვდებით, სხვას კი შესაძლებელია თითითაც კი შევეხოთ და რეაგირება არ ჰქონდეს. აქ ერთნაირ გარემოში მცხოვრებ და დაახლოებით ერთნაირი ზომის მწერებზეა საუბარი. სივრცის შემოზიდვისა და განცდის მგრძნობელობის ხარისხში ასეთი განსხვავება, რასაკვირველია, სამყაროს აღქმის სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევა. ერთი რამ აქ ნამდვილად ცხადია - მწერი, რომელიც დიდ სივრცეს და მის მატარებლებს შემოიზიდავს საკუთარ არსებობაში ბევრად რთულ, მდიდარ და ღრმა კავშირშია სამყაროსთან; საკუთარი სხეულის სივრცით მოსაზღვრული და მასზე დაფიქსირებული მწერი კი დაბალი ორგანიზაციისაა და მისი სამყაროსთან ურთიერთობის დონე მწირია და უნივერსალურობას მოკლებული”.

                                                                       (გეორგ ფაინლიხი)

გენდერულ/სექსუალური ლიბერალიზაცია, როგორც ვიცით, სქესის გარჩევის მიღმა სიყვარულის არჩევანის თავისუფლებას ნიშნავს - ანუ ყოველგვარი პირობების და დათრგუნვა/აკრძალვების მოხსნას, უპირობო ურთიერთობების შესაძლებლობას.

მისი აქტუალური არსია: ყველა ადამიანმა საკუთარი ლტოლვის ბუნება უნდა იპოვოს და შეიმეცნოს „ახლობელ სხვასთან” მიმართებაში, ანუ ისეთი, რასაც მისი ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ტერიტორია და ს ი ღ რ მ ო ბ რ ი ვ ი ბიოლოგიური კონსტიტუცია კარნახობს (ანუ როცა განსხვავების ნიშნად ის არ ითვლება, თუ რა აქვს გამობმული ადამიანს ფეხებს შორის). ადამიანის ვნებითი მოძრაობა უნდა განაპირობოს მხოლოდ იმან,  თუ რა გამოცდილების შეძენის სურვილი უჩნდება მას სამყაროში კულტურისგან დამოუკიდებლად. სწორედ ასეთმა - გრძნობის, გულის და გონის მოძრაობამ შეიძლება მოუტანოს მას ჭეშმარიტი გამოცდილება - საკუთარი ეგზისტენციიდან ამოზრდილი. ასეთმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი პირობა უნდა დაიცვას - ეს დინამიკა „სხვას” არ უნდა ვნებდეს!

დღეს, სიტუაციაში, როდესაც ადამიანის სამყაროში შემოსვლა უახლოეს მომავალში მხოლოდ ხელოვნური გზით განხორციელდება, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები არანაირ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს სხვა ურთიერთობების ფორმებთან შედარებით!

- ეს თავისუფლებაკლასიკურ/ტრადიციული კულტურის დრომოჭმული მოთხოვნებისგან იმის მ ი ნ ი მ უ მ ი ა, რომ შინაგანი დაუკმაყოფილებლობის დრამამ ტვინი არ გადაუგრიხოს ადამიანს ცხოვრების განმავლობაში და კრიმინალურ/ფაშისტურმა ცნობიერებამ არ მოიკიდოს მასში ფეხი (გვერდზე ადამიანის მიმართ, ოჯახის მიმართ, სოციალური ჯგუფების მიმართ და ა.შ.) - ასე ფიქრობს ვილჰელმ რაიხი და ასე ამტკიცებს ფაშიზმის წარმოშობას დამახინჯებულად მომართული ლიბიდოს მიზეზით.

სწორედ აღწერილის საპირწონედ, ჩვენი ტრადიციულ/კლასიკური კულტურა, რომელიც „განმანათლებლობის” სისხლ- და ნერვგამოცლილი დიდი ხნის გარდაცვლილი ფორმაა, ჩვენში, უკლებლივ ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს, საკუთარ კულტურულ სტერეოტიპთან ჩასწორებას და მის თარგზე აჭრას ითხოვს. მიშელ ფუკომ სწორედ ამ პერიოდის კულტურის ადამიანზე და მის მსოფლხედვაზე განაცხადა - ადამიანი მოკვდაო (ანუ ეს ადამიანის ეს მოდელი დასრულდა და ახალი ადამიანი იწყებს გაფორმებას) და ამას ისიც დაუმატა „ერთ დღეს სამყარო დელეზიანური იქნებაო” - ანუ გაფორმდება სრულიად ახალი გონისმიერი რეალობა - სიკვენტურ/დენადი ცნობიერება. ამ კულტურის ეს ნირგამოცლილი მოთხოვნა კი ერთ „დიად” მიზანს ემსახურებოდა ყოველთვის და ჯერაც ამ უნიათობას ეჯაჯგურება - „საზოგადოების იდეალური წევრის” გაფორმებას! რაოდენ სულელურადაც არ უნდა ისმოდეს დღეს ჩვენთვის ეს მიზანი (ჩვენი კომუნისტური წარსულის სიმახინჯის ფონიდან), ის კვლავაც არსებობს საზოგადოებაში და მიზნად აღიქმება. ასეთი, საზოგადოების იდეალური ჭანჭიკის (ჰაიდეგერის მიხედვით Das Man), ანუ გარედან შემოთავაზებული იდეებით პრიმიტიულად მოქოქილი რობოტის გასაფორმებლად, „განმანათლებლობის" პერიოდმა ჯარის გამოცდილება დაამკვიდრა, როგორც ყველაზე ქმედითი. მხოლოდ ჯარის გავლის შემდგომ, ანუ ინდივიდუალური ნების დისციპლინარულ/ძალდატანებითი ჩასწორებების შემდეგ დგებოდა „კაცი კაცად” (ეს ანტიკური სხეულის და სულის ერთობის იდეალში არავის აერიოს :) ) - ანუ საზოგადოებრივი ნების გარკვეული სახის დამჯერ, შემსრულებელ/განმახორციელებელ მანქანად. აი ასეთი სიმახინჯე იყო აღიარებული „სისწორედ”, რომელიც „საზოგდოებას” ემსახურებოდა და ინდივიდს და მის ნებას აჩანაგებდა.  თანაც ეს მსახურება ისეთ საზოგადოებასთან მიმართებაში ხორციელდებოდა, რომელის იდეალიც „გადარჩენა და დამკვიდრება/ფეხმოკიდების” მიზანს ვერ სცდებოდა…

ჩვენ დღესაც გვგონია და გვჯერა - რომ არსებობს „არსებობის ფორმის” რაღაც იდეალური და ერთადერთი წესი, რომელიც ბუნებრივი, სწორი, კეთილი და ჭეშმარიტია; რომელიც ყველა დროს მოერგება, ყველა კლიმატს, ყველა ტემპერამენტს?

ჩვენ დღესაც გვგონია, რომ ოჯახი ერთი კაცის და ერთი ქალის ერთობაა და უნდა იყოს? და რომ ჰომოსექსუალობა კაცის მიერ კაცის უკანალის მოხმარებაა, ლესბოსელობა კი ქალის ხახუნია ქალთან? ძალიან უგუნურები ვართ, თუ ასე ვფიქრობთ. ეს იგივეა, რომ ვთქვათ - სიყვარული ეს ისაა, კაცი რომ სადღაც რაღაცას უყოფს ქალსო! არა - ასე არ არის!

ჰეტერო, ჰომო, ლესბოსური ურთიერთობები ამოდის ერთი ამოსავალი კეთილშობილური წერტილიდან - ადამიანი-არსების თავისუფლებიდან „ყველას უყვარდეს ყველა”. ხვრელები და ხახუნები აქ შეიძლება საერთოდ არ მონაწილეობდეს და თუ მონაწილეობს, რა პრობლემაა? - ეს ყოველთვის მეორადია, ზუსტად ისევე, როგორც სერიოზულად და სიღრმისეულად გაგებულ ჰეტერო სექსუალურ ურთიერთობებში.

ჯგუფ „ტატუს” აქვს სიმღერის ტექსტში - „გრძნობები იგივეა და რატომ უნდა ვმალო…!” უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენ ყველანი ვართ დამონებული არსებობის ერთი კულტურული წეს/ფორმით (რომელსაც ჩვენ ეროვნულთან ვაიგივებთ :):), რომელიც ჩვენმა საზოგადოებრივმა ცნობიერებამ ჩაგვაგონა როგორც „ზემოდან” მოწოდებული და ჩვენთვის დატოვებული ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა. ასეთი „ჭეშმარიტება”, გარკვეული, ძალიან გრძელი ისტორიული დროის მონაკვეთში უდავოდ მართებული, ქმედითი და საჭირო იყო, რადგან ამ დროის მონაკვეთში, ეს წეს/წყობა, საზოგადოების გადარჩენა/დამკვიდრების ყველაზე შესაფერის სოციალურ/ეკონომიურ მოდელს წარმოადგენდა.

ქალი და კაცი, დიხოტომიურად გაგებული (ერთმანეთზე მიმაგრებული, ოჯახის სახით ჯიშის გაგრძელებისთვის), როგორც სახელმწიფოს ფუნდამენტის ფუნქციური ელემენტი, უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას წარმოადგენდა.

დღეს კი, როდესაც ადამიანისგან ჯიშის გაგრძელების ფუნქციის ჩამოშორება და ასევე ეკონომიკური პრობლემების მარწუხების მოხსნა დღის წესრიგში დგება - ადამიანი ნელ-ნელა გადადის ტრადიციული და ისტორიულად გამაგრებული კულტურული მოთხოვნებიდან სრულიად თავისუფალ, ინდივიდუალურ  რეჟიმში არსებობის წესზე. ეს წესი მან დღეს უნდა ისწავლოს, რომ ხვალ ამისთვის მზად იყოს და ამ თავისუფლებაში შესძლოს ცხოვრება და ორიენტაცია.

ამ თავისუფლებასთან ერთად მოტანილი, სრულიად ახალი ცნობიერების ფორმა - უწყვეტ/ტოტალური შემოქმედების მოდუსია. წარსულში, ქმედების მოტივაციის უმაღლეს საზოგადოებრივ/რელიგიურ იდეალად გაფორმებული „მსახურების” ძალისხმევა (როგორც მეორე და უფრო მაღალი საფეხური პირველ - „სიამოვნების პრინციპთან” შედარებით) - დღეს გზას უთმობს ნიცშეს მიერ შემოტანილ, კიდევ უფრო მაღალ იდეალს, რომელიც ალბათ არსებობის მოდუსისთვის საბოლოოა და დამამთავრებელი - „შემოქმედებას”. ოღონდ არა მარტო ტრადიციული გაგებით, არამედ სიკვენტური, ანუ ყოველწამიერი შემოქმედების გაგებით. ასეთ მოდუსში ადამიანი საკუთარ თავს შეიმეცნებს, როგორც „ყოფიერების ყოველწამიერ გამტარ/აღმქმელს” - ასეთი არსება კი, ყოველგვარი დახასიათება/განსაზღვრის ჩარჩოს მიღმა დგას, მას უბრალოდ ვერასდროს მოიხელთებ.

აი ასეთ არსებას ამზადებს კულტურაში მძაფრად და უკომპრომისოდ შემოჭრილი მომავლის ვექტორი!    

ალბათ დაახლოებით 10 წელიწადში ბავშვების გაჩენა ქალის საქმე აღარ იქნება, 20 წელიწადში აღარც ბავშვის გაზრდა და ოჯახის ფუთფუთი იქნება აქტუალური ადამიანებისთვის. ამ დროისთვის ადამიანის საქმე მხოლოდ საკუთარი თავის ყველა შემოქმედებითი შესაძლებლობის გახსნა/განვითარება გახდება! ბიოლოგიზმებზე ზრუნვის ოფლიანი ადამიანური მისია კი ჩამთავრდება - ეს გარდაუვალი მომავალია.

არ იარსებებს დედა/მამობის „ღვთაებივი მისია” და ამდაგვარი ღირებულებები - რაც კაცობრიობის არსებობის გაგრძელებაზე ზრუნვას ემყარებოდა, სიამოვნება/ვნების ადგილად იქცა და კიდევ კარგი, რომ როგორც იქნა ეს ფუნქცია ჩამოგვშორდება. ადამიანი, ცხოველურ/ბიოლოგიური კვანძებიდან სრულიად გამოთავისუფლებული, მხოლოდ თავისი ერთადერთი და უნიკალური მისიის გამტარად იქცევა - ანუ საკუთარი თავის გადაძლევისა და ყოფიერების სივრცეში შემოქმედებითი ნების ძალისხმევით შეღწევის. სწორედ ეს არის მისი ნამდვილი აღსრულება, ანუ „პოეზისი” (სრულფასოვანი ხარისხობრივი მეტამორფოზა) - ჰაიდეგერის ტერმინოლოგიით. და რაც მთავარია, და ეს დასავლეთის იდეალიზმის მიღწევაა - ტექნოლოგიური პროგრესის გამო ადამიანის ეს გარდასახვის პროცესი უკლებლივ ყველას შესაძლებლობა ხდება, როგორც ადამიანის უშუალო პრაქტიკა. აქეთკენ მივდივართ და ასეთ სივრცეში იარსებებენ ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი - გენდერის მიღმა. ეს არის შანსი, რომ ყველას უყვარდეს ერთმანეთი იმ სიყვარულით, რასაც რეალურად სიყვარული ჰქვია, ანუ დამოუკიდებლად ფეხებშორისი ატრიბუტებისგან.

აი ზუსტად ისე, როგორც თომასის აპოკრიფში:

„როცა შეიქმნ ერთს ორიდან და როცა შინაგანი გარეგანის მსგავსი გახდება შენთვის, გარეგანი კი შინაგანისგან განუსხვავებელი; როცა ზემოთა ქვედას გაუტოლდება, და როცა შესძლებ მდედრი და მამრი ერთი გახდეს და განუსხვავებელი, ისე, რომ მამრი არ იყოს მამრი და მდედრი მდედრი; თუ თვალებს თვალის ადგილს გაუფორმებ, ხელს ხელისას და ტერფს ტერფისას და თუ ამით მსგავსება გასრულდება და მსგავსებაში დაფუძვნდები: მხოლოდ მაშინ შედგამ ფეხს სასუფეველში".

თომას სახარება 22. (აპოკრიფი).

ეს სტატია აგიტაციად ითვლება? :) :)

იმედია არა, მით უმეტეს, ჰომოსექსუალიზმის ან ლესბოსელობის!

ეს ტექსტი-რეფლექსიაა: ადამიანის მიმართებაზე დროისა და მომავლის მოთხოვნასთან კავშირში და ამ მოთხოვნასთან ბუნებრივ/ორგანულ კავშირზე - კულტურაში არსებული წინა აზრის და ისტორიულად არსებული მენტალური დეტერმინიზმის მიღმა.

ასეთი სამომავლო ფსიქოლოგიის მომზადებაა ერთსქესიანთა სიყვარულის მიმართ სრული მიმღებლობის დამკვიდრების მცდელობები  და არა რ ა ი მ ე ტიპის სექსუალური ურთიერთობებ/ორიენტაციების წაქეზება - რადგან ადვილი წარმოსადგენია, რომ სამომავლოდ ადამიანი შეიძლება სულაც ერთსქესიან არსებად იქცეს ­ და სწორედ ამით ბევრად მაღალ ორგანიზაციას დაედოს ბუნებაში საფუძველი.

პლატონი ხომ ამბობს, ადამიანი ერთ დროს ერთსქესიანი არსება იყოო… გაიხსენით მომავლისთვის - ათასი რამე შეიძლება მოხდეს…   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^