Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საწნახელი და ბედუინის დღიური

20 ივნისი 2017

სადაც პატრია რქიანი ხარ, ბარემ მონა რქიანიც რომ გახდე, რაღა დაშავდება? მოკლედ, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, კაგებეშნიკების ხელშია ეს ქვეყანა. ბოლო დროს ისინი დაეპატრონნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქვეყნო ტელევიზიას, და ახლა პატრიარქის ანაფორიდან ურჩევენ საქართველოს მონარქიის აღდგენას. თუ ასე უნდათ, თვითონ გამოქვაბულებშიც დაბრუნებულან! მოკლედ, საქართველო რუსეთის თარგზე იჭრება და თვალსაჩინო სააკაშვილის საქმეს მუყაითად განაგრძობს უჩინარი ივანიშვილი. არსებითად ორივენი არაფორმალური მმართველობის ოსტატები არიან, რადგან ორივე მათგანის მიერ სახელმწიფოს მართვა ემყარებოდა და ემყარება არა ინსტიტუციებთან და კანონთან შესაბამისობას, არამედ პირად ავტორიტეტს, რომლის მხოლოდ განხორციელების ინსტრუმენტია ესა თუ ის სახელმწიფო სტრუქტურა. 

პირველის ხანგრძლივი, მეორის კი ხანმოკლე ოფიციალური სტატუსი მხოლოდ ცინიკური ანტურაჟი იყო, უშინაარსო დეკორაცია. ან მანამდე ვინ მიუძღოდა ამ ქვეყანას? პირველმა პრეზიდენტმა, გამსახურდიამ, პასიური ძალადობისკენ (რობერტ საპოლსკის ტერმინი), ანუ სხვის მიერ ჩადენილი ძალადობის გამართლებისა და მისით ტკბობისკენ ქართული ეროვნული მისწრაფების მობილიზაცია მოასწრო, რომელიც მოგვიანებით კიდევ ერთხელ ოსტატურად გააღვივა და განავითარა მესამე პრეზიდენტმა, სააკაშვილმა. ამიტომ იყო, რომ ორივე მათგანს ვნებიანად ერთგული მომხრეების სექტა შემოეტმასნა, როგორც ადრე სტალინს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ადამიანს. ხოლო მეორე პრეზიდენტმა, შევარდნაძემ მექრთამეობის და საყოფაცხოვრებო გათახსირებისკენ ასევე ღრმად ეროვნული მიდრეკილება საშინაო პოლიტიკის პრინციპად აქცია. სწორედ ამ მემკვიდრეობას ემყარება ახლანდელი ხელისუფლება. თავისებური გამონაკლისია მხოლოდ მეოთხე და უწყინარი პრეზიდენტი, რომელიც უნებურად განასახიერებს ოფიციალური ხელისუფლების დეკორატიულობის ტრადიციას, ოღონდ ცალმხრივად, რადგან სრულებით მოკლებული ჩანს რამენაირ შავბნელ ავტორიტეტსა და ველური ინსტინქტების სახალხო წყაროს. თუმცა სარწმუნოების მორევისგან თავი შორს არ უჭირავს. მარგველაშვილზე აუგი მაინც როგორ ვთქვა, თავისი გასჭირვებია - ფილოსოფოსია ჩემსავით.

სწორედ ერთი კარგი, თანამედროვე ფილოსოფოსის, თომას მეტცინგერის კვალად მეც მგონია, რომ თავისუფლება, თუნდაც მხოლოდ, როგორც სუბიექტის ავტონომიურობა, არასოდეს იქნება სრული, თუ იგი არ მოიცავს ცნობიერების თავისუფლებას. მაგრამ ცნობიერების თავისუფლება იმას გულისხმობს, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს, თავისი ნება-სურვილის მიხედვით აირჩიოს და შეცვალოს თავისი ცნობიერების მდგომარეობა, ცხადია, იმ პირობით, რომ დაუკითხავად არ შეიჭრება სხვა ადამიანის ცნობიერებაში. ეს კი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების სრულ, კანონიერ უფლებას გულისხმობს. ვფიქრობ, ახალგაზრდების ბოლოდროინდელი მოძრაობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ  შესანიშნავი, ლამაზი და ლაღი აქციით გამოიხატა, მართლაც რუსთველის (თუნდაც ასეთი უნიჭო) ძეგლიდან უნდა დაწყებულიყო. ვფიქრობ ასევე, რომ საბოლოოდ ეს აქცია სწორედ ცნობიერების თავისუფლების მოპოვებისკენ იყო მიმართული. ცხადია, რომ ახალგაზრდების აქცია პოლიციური უსამართლობის კონკრეტულმა ფაქტმა გამოიწვია და ამ უსამართლობის აღმოფხვრას ისახავდა აშკარა მიზნად. მაგრამ არსებითი, თუმცა ჯერ არასაკმარისად არტიკულირებული მოთხოვნა, რომელიც მსგავს პოლიციურ დანაშაულსაც გამორიცხავს და კუთვნილ დამოუკიდებლობასაც მოუტანს ადამიანებს, სწორედ ცნობიერების თავისუფლებას ეხება და გულისხმობს.

არა მარტო ადამიანები, ქართველებიც საკმაოდ პარადოქსული არსებები არიან. მართლაც, ქართველები თავისი ქართველობის მთავარ ისტორიულ ღერძად და სიამაყედ მიიჩნევენ არა მართლმადიდებლობას, როგორც ვინმე მღვდელი შეიძლება გვარწმუნებდეს, არამედ ღვინის კულტურას, რომლის მიდევნა და ერთგულება, აღზევება და ახლა უკვე კომერციალიზაცია უაღრესად საპატიო საქმედ ითვლება. მაგრამ ღვინო ხომ ნარკოტიკია! ღვინო შეიცავს ერთ-ერთ უძლიერეს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას და ღვინის სმა უშუალოდ და დაუყოვნებლად იწვევს ცნობიერების მდგომარეობის შეცვლას, თანაც იმდენად მკვეთრსა და ხშირად აულაგმავს, რომ მთვრალი ადამიანი დაუკითხავად იჭრება სხვის გონებაში და სრულებით უცერემონიოდ არღვევს სხვისი ცნობიერების დამოუკიდებლობას.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქართული კულტურა აღმერთებს ღვინოს, ანუ ნარკოტიკს და, ამავე დროს, საზოგადოებრივი გაკიცხვით და კანონით დაწესებული ჯარიმებითა და პატიმრობით ებრძვის ღვინოსთან შედარებით სრულებით უწყინარ კანაფს, სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ, ერთი შეხედვით, სასაცილოდ პარადოქსულ ვითარებას აქვს საკმაოდ მარტივი ახსნა, რომელიც კანაფის ან სხვა ნარკოტიკებისა და ჰალუცინოგენების ჯერ დეკრიმინალიზაციის, შემდეგ კი ლეგალიზაციის სამართლიანად მოსურნე ადამიანებმა უნდა გავითვალისწინოთ. მარტივად რომ ვთქვა, საზოგადოება სხვა არაფერია, თუ არა მისი წევრების მიერ გაზიარებული რიტუალების ერთობლიობა. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი, რაც საზოგადოებაში აღმოჩნდება, გაივლის „ინიციაციის“ სამ საფეხურს - პრერიტუალურს, რიტუალურსა და პოსტრიტუალურს.

რათა საზოგადოების არა მარტო აღშფოთებას, არამედ იჭვნეულ დამოკიდებულებას და ამრეზასაც არ იწვევდეს, ყველაფერმა უნდა გადალახოს რიტუალიზაციამდელი სპონტანური გავრცელების საფეხური და რაღაცნაირად „ამაღლდეს“ რიტუალიზებული მოვლენების რანგში, რის შემდეგაც უსაფრთხოდ შეუძლია დაეშვას პოსტრიტუალური, ანუ თავისთავად ცხადი და გასაგები, ეგრეთ წოდებული, „ბუნებრივი“ მოვლენების უსაფრთხო პლატოზე. სწორედ ამ პლატოზე ბინადრობს უამრავი ჩვევა, რომლებიც საზოგადოების მთავარ, ყოველდღიურ ქსოვილს ქმნის. ნიშანდობლივია, რომ ასეთი გაჩვეული, პოსტრიტუალური ფენომენების რიტუალური წარსული მაშინვე იჩენს ხოლმე თავს, როგორც კი მათი დარღვევა ხდება. მაგალითად, ხელის ჩამორთმევით თითქმის სრულებით მექანიკური მისალმება დაუყოვნებლად ამჟღავნებს თავის წინანდელ, რიტუალურად მნიშვნელოვან წარმომავლობას, როგორც კი ვინმე დაარღვევს მას და გამოწვდილ ხელს ჰაერში დატოვებს უპასუხოდ. ასეთი „საქციელი“ არა უბრალო დაუდევრობის ან გაუზრდელობის, არამედ განზრახ მძიმე შეურაცხყოფის ნიშნად აღიქმება, როგორც მისი უშუალო ადრესატის, ასევე გარშემომყოფი საზოგადოების ნაცნობი და უცნობი წევრების მიერ.

ვითომ უდაბნოში არ ან კი ვიყო, მივუბრუნდები ჩემ მიერ არაერთხელ ნათქვამს, რომ ცნობიერება არაა ნაკადი, თუნდაც სწორედ ამაში გვარწმუნებდეს კლასიკური მეტაფორა, რომელმაც მეცნიერთა და ფილოსოფოსთა გარდა, მალემრწმენი მწერლებიც ერთ დროს უხვად აიყოლია. რატომღაც მგონია, ამას ვიმეორებ, რომ არაა სწორი ცნობიერების ნაკადზე ლაპარაკი და ცნობიერების წარმოდგენა ნაკადის სახით. ისიც ცხადია, რომ უარყოფა ადვილად საეჭვოა, თუ უარყოფილის ადგილზე რამე ახალ ვარაუდს, უფრო დამაჯერებელს, არ გვთავაზობს. ასე მაგალითად, რელიგიის სიყალბეში ვის დაარწმუნებდი, მეცნიერება რომ არ გვქონდეს საპირწონედ მოსატანი. ასეა თუ ისე, ერთ საღამოს ჩემს ფიცარნაგ საწოლზე დაპირქვავებულმა, მგონი, მივაგენი უკეთეს მეტაფორას ცნობიერებისთვის. თუნდაც ჩემსავით უვარგისი, მაინც კვიცი გვარზე ხტისო.

მოკლედ, ცნობიერება საწნახელია. ოღონდ ისეთი, ქართული, ნამდვილი და ძველებური, მორში ამოღებული, რომელსაც ყურძნით ავსებენ და ზედ ფეხგახდილი ჯანიანები დააბიჯებენ, ქარვისფერ ნაყოფს წურავენ, წვენი კი ღარით მირაკრაკებს მიწაში ჩაგდებულ ქვევრში. აი, აქაც რაღაცნაირი ნაკადი ვახსენე. ეს კი ხომ თითქმის ნიშნავს, რომ სწორედ ის შემოვაპარე, რასაც ვითომ ვიწუნებდი. მაგრამ არა, თუ ოდნავ დაუკვირდები, ნათელი გახდება, რომ ამ ნაკადს ცნობიერებაში კი არ მოვაქცევ, არამედ სწორედაც მის გარეთ, ცნობიერების საწნახელსა და არაცნობიერის ქვევრს შორის. ცნობიერება საწნახელია, რომელშიც ცნობიერების შინაარსები იწნეხება, რომ წვენი გაშორდეს ჩენჩოს და წიპწებს, ანუ ერთმანეთისგან განსხვავდეს საგნები და მოვლენები გარკვეული კატეგორიების, მკაფიო კლასების მიხედვით - რათა მაგიდა მაგიდებს შორის მაგიდად დამყარდეს, ქუჩა გამოიკვეთოს ქუჩებს შორის ქუჩად, სევდიანი გუნება კი ზუსტად რომ გუნებად მოგვევლინოს, და არა რამე ბუნდოვან გაუგებრობად.

იქით იყოს მაგიდა და გუნება. ამ დაწნეხილი კლასიფიკაციის, ანუ გამარტივების ჩვეულებრივი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი არის მისი სუბიექტურობის ყოველდღიური სარქველი, რომელსაც ეწოდება „მე“ და რომელიც ყოველწამიერად იწურება ყოველი ჩვენგანის ცნობიერების საწნახელში.

უფრო ზუსტად კი, როგორც ჩანს, ყველაფერი უნდა განაწილდეს და დაჯგუფდეს ორ ძირითად კლასში - გარემომცველ, ანუ ობიექტურ გარესამყაროში და შინაგან, სუბიექტურ სამყაროში. თუმცა არის ერთი რამ, რაც ერთდროულად ორივე სამყაროს ნაწილია. საკუთარ სხეულს ადამიანი განიცდის, გრძნობს, როგორც საკუთარს და, ამავე დროს, აღიქვამს, ხედავს, როგორც ერთ-ერთს გარეთ მდებარე სხვა სხეულებს შორის. ალბათ ასეთი შუალედური, გაორებული მდგომარეობის გამოა, რომ საკუთარი სხეული არის ის, რასაც ტვინი გამუდმებით ეძებს. ვეჭვობ, რომ ეს ძებნა გრძელდება ძილშიც და სიზმრების სახით გამოიხატება. გონება არის საკუთარი სხეულის ძებნა. თუ ასეა, მაშინ ნებისმიერი მოძრაობა - ბაწარზე სიარული იქნება თუ პიანინოზე დაკვრა - წარმოადგენს არსების მიერ თავისი სხეულის ძებნას. თუ ასეა, მაშინ ვეღარ გავიზიარებ რუდოლფო ლინასის მოსაზრებას, რომლის თანახმად, ცოცხალ არსებებში ტვინი ვითარდება სივრცეში მოძრაობისა და გადაადგილებისთვის. ამის ნაცვლად ალბათ ვიფიქრებდი, რომ ტვინი ჩნდება და ვითარდება იმისთვის, რომ ცოცხალმა არსებამ თავისი სხეული მოძებნოს და დაადგინოს სივრცეში. დიდსა თუ პატარას ერთნაირად იზიდავს გამოგორებული ბურთი, რომ ფეხი მიარტყას მაინც და ცოტა გაეკიდოს კიდეც. ბურთის ამგვარი მომნუსხველი ზემოქმედება კარგადაა ცნობილი და, თუ არ ვცდები, სხვადასხვანაირად არის ახსნილი. მე კი მგონია, რომ ბურთი უბრალოდ განსაკუთრებით დამყოლი გასაღებია, რომლითაც ცოცხალი არსება აღებს ჯადოსნურ კარს და აშიშვლებს გადაულახავ ზღურბლს ცნობიერებასა და სხეულს შორის.

სხვა სიტყვებით, ვიფიქრებდი, რომ ავტონომიური მოძრაობა, სივრცეში გადაადგილება არის არა საკვების მოპოვების ან მტაცებლისგან თავის დაღწევის საშუალება, არამედ, პირველ რიგში, ემსახურება არსების მიერ თავისი ტანის აღმოჩენასა და მისი საზღვრების დადგენას. ამ თვალსაზრისით, საკვების გამოდევნება და მტაცებლისგან გაქცევა დამატებითი, თუმცა უაღრესად სასარგებლო ფუნქციებია, რომლებსაც თანდათან ითავსებს მოძრაობა, როგორც გარე და შინაგანი სამყაროების ამ უცნაური და მოუხელთებელი საზღვრის - საკუთარი სხეულის - დევნა. მოკლედ, ადამიანის სხეულიც მისი ცნობიერების საწნახელში იწურება.

ცხადია, ცნობიერების საწნახელი რაღაცნაირად არქაული მეტაფორაა, მით უფრო, რომ ძველთაძველ, ტრადიციულ, მორში ამოჭრილ საწნახელს ვგულისხმობ და არა ყურძნის საწურ რომელიმე უფრო თანამედროვე, მექანიკურ მოწყობილობას. მაგრამ სწორედ ამგვარ არქაულობას შეიძლება უმადლოდეს ეს მეტაფორა, თუ ცნობიერების მრავალტანჯული პრობლემის ოდესმე თავიდან დანახვის საშუალებას შეგვიქმნის და მოგვაწოდებს. ვნახოთ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

თავისუფლება, კულტურა და ენა

1. თავისუფლება თავისუფლება გაიგივებული ან რამენაირად დაკავშირებული მაინც არის ხოლმე ნების თავისუფლებასთან და თავისუფალ ...
19 ივლისი
19 ივლისი

სამწუხაროდ, მას...

„ზოსიმე, ბახუტ და გოჩა. სამივე დასჯილები ხართ და დღეს მთელი ღამე იქნებით ბანაკის დარაჯები. დადექით თითო კარავთან, ...
12 ივლისი
12 ივლისი

ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს მას

სიყვარული ძაღლის კუდზე გამობმულ კონსერვის ცარიელ ქილებს ჰგავს. გარბიხარ და უკან ხმაურით მოგდევს კაცობრიობის ერთადერთი გრ ...

მეტი

^