Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს კონსტიტუციას მატლი დაესია

29 ივნისი 2017

კულტურაში არაფერია ისეთი, რასაც მატერიალური მატარებელი და გამოხატულება არ გააჩნია. ამით კულტურა ინფორმაციას ჰგავს. თუმცა კულტურა შეიძლება და ალბათ უნდა განვიხილოთ კიდეც, როგორც სპეციფიკურად სოციალური ინფორმაცია. უფრო ზუსტად კი კულტურა წარმომიდგენია, როგორც რიტუალიზებული ინფორმაცია. წინა ესეში ვთქვი, ახლა კი სხვა სიტყვებით უნდა გავიმეორო, რომ საზოგადოებაში რაც არსებობს, როგორც ოდნავ მაინც სოციალური ფენომენი, სამიდან ერთ-ერთ მდგომარეობაში გვხვდება, ანუ „ინიციაციის“ სამი ძირითადი სტადიიდან რომელიმეზე უნდა იმყოფებოდეს. ესენია პრერიტუალური, რიტუალური და პოსტრიტუალური სტადიები. სამივე სტადიას აერთიანებს რიტუალურობა. ხოლო რიტუალში ვგულისხმობ ქცევით წესრიგს, ქცევით ალგორითმს, რომელიც განსაზღვრავს გარკვეული ქცევების კონკრეტულ და სასრულ თანმიმდევრობას.

მეტიც, ვფიქრობ, რომ ცოცხალ ინდივიდებს შორის  კულტურის არაგენეტიკური გავრცელება ნიშნავს სწორედ ასე გაგებული რიტუალების სწავლა-სწავლებას. ადამიანების შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, უფრო სწორად, ხმამაღალი კულტურისეული ფენომენი არის მეტყველება, რომლის სწორედ რიტუალურ წესრიგს, პირველ რიგში, განსაზღვრავს ენა. ენით განპირობებული და ასევე საკმაოდ გავრცელებული რიტუალია აზროვნება, ფიქრი, რომელიც შინაგან მეტყველებაში გამოიხატება. ამ თვალსაზრისით, ყოველი ბუნებრივი ენა არის ვერბალური კომუნიკაციის რიტუალი, ანუ ალგორითმული ინსტრუქცია. ცხადია, კომუნიკაციის ყოველ აქტში, ენის გარდა, სხვა სოციო-კულტურული რიტუალებიც სრულდება, როგორიცაა, ვთქვათ, კომუნიკაციის მონაწილეთა სოციალური მდგომარეობების გამომხატველი არაენობრივი რიტუალიზებული ფორმები, რომლებიც ზოგჯერ სრულებით არაცნობიერად, უნებლიეთ მჟღავნდება მონაწილეთა პოზებში, მათ შორის მანძილში, ჟესტიკულაციასა და ხმის სიმაღლეში.

ამ თვალსაზრისით, ენის წარმოშობის პირველ, პრერიტუალურ საფეხურზე ვერბალურის მსგავსი, ხმოვანი კომუნიკაცია არსებობდა ფრაგმენტულად, უსისტემო, შემთხვევითი სახით. ამას უნდა მოჰყოლოდა რიტუალიზაციის საფეხური, როცა ვერბალურის მსგავსი კომუნიკაცია, როგორც სპეციფიკური სტატუსის მქონე, მოწესრიგებული მოქმედება თანდათან გახდებოდა სოციუმის წევრებისთვის სულ უფრო სავალდებულო და ფეხს მოიკიდებდა, როგორც სულ უფრო აუცილებელი რიტუალი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ისეთ მნიშვნელოვან მომენტებთან, როგორებიცაა: ა) სოციუმის იერარქიულ სტრუქტურაში ადგილის მოპოვება და შენარჩუნება; ბ) სქესობრივი პარტნიორის გულის მოგება; გ) სქესობრივი პარტნიორის მოსაპოვებლად სხვა პრეტენდენტებთან კონკურენცია; დ) კოლექტიური ნადირობისთვის მომზადება; ე) უმცროს თაობაზე ზრუნვა; ვ) სხვა ტომის წევრებთან საომარ ან სავაჭრო ურთიერთობაში ჩაბმა და სხვა.

რიტუალიზაციის ამ მეორე, ძირითად და გადამწყვეტ საფეხურს უნდა მოჰყოლოდა ენის, როგორც სოციო-კულტურული ფენომენის განვითარების მესამე, პოსტრიტუალური საფეხური, რომელზეც ვერბალური რიტუალი თანდათან გასცდა განსაკუთრებული, სოციალურად მნიშვნელოვანი კომუნიკაციის ფარგლებს და ყოველდღიურ, ყოფით ჩვევად იქცა. ჩვენ ბევრს, უამრავს ვლაპარაკობთ ათასნაირ ვითარებაში. რაც ნიშნავს ენის პოსტრიტუალურ ათვისებასა და გამოყენებას. ამის მიუხედავად, დაუბრკოლებლად და ბუნებრივად ვუბრუნდებით ხოლმე ენის რიტუალურ ფუნქციას. ამას აკეთებენ ადამიანები სიკვდილთან, ქორწილთან და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ, თავის მხრივ, რიტუალურ სუფრებზე, ასევე ვიქცევით მისალმებისა და დამშვიდობებისას, იგივე ხდება სასამართლოებსა და რელიგიურ დაწესებულებებში, ასევე პოლიტიკოსების განსაკუთრებით სიტყვაუხვი წინასაარჩევნო კამპანიების დროს. არანაკლებ რიტუალურია ენის იმგვარი  გამოყენება, რომელსაც „ინსტინქტურად“ მიმართავენ ადამიანები, როცა „საიდანღაც“ ამონთხეული წყევლა-გინებით იგერიებენ ან უსწორდებიან ვინმეს ან რამეს. მოკლედ, ენის რიტუალიზებული შრე თითქოს სარჩულად უდევს ყოველ საუბარსა და ფიქრს, ყველა ვერბალურ აქტს და ყოველთვის მზადაა, გამომზეურდეს.

სხვა ცოცხალი არსებებისგან ადამიანის მთავარ განმასხვავებელ ფენომენად ითვლება ენა. მე კი მგონია, რომ ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისება თუ უნარი არის ჰიპერრიტუალიზაცია, ტოტალური რიტუალიზაციისადმი მიდრეკილება, რომლის მსგავსი არაფერია დანარჩენ ცოცხალ ბუნებაში. სწორედ ამ უნარმა და მიდრეკილებამ გამოგვარჩია, გადაგვარჩინა და დედამიწაზე მთავარ მტაცებლად განვითარების საშუალება მოგვცა. ამრიგად, ენა რიტუალიზაციის, როგორც ჩანს, ზოგადი უნარის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგია, რომელიც, რა თქმა უნდა, გზადაგზა თვითონაც ძლიერად უწყობდა ხელს იმ მისწრაფების, ინსტინქტის განვითარებას, რომელმაც იგი წარმოშვა.

რომელიღაც წინა ესეში ვწერდი, რომ ადამიანის განმასხვავებელი არის სწავლებისა და სწავლის განსაკუთრებული უნარი, რომლის ბიოლოგიურ საფუძველში პირობითად ვივარაუდე „სწავლების გენი“. მაგრამ სწავლება და სწავლა უსაგნო, უშინაარსო იქნებოდა, თუ ჩვენს პრეისტორიულ წინაპრებს არ აღმოაჩნდებოდათ არანაკლებ მნიშვნელოვანი „რიტუალიზაციის გენი“, რომელიც ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული  მცირე გენეტიკურ მუტაციასთან. ცხადია, სწავლებისა და სწავლის, ასევე რიტუალების შესრულება, ადამიანების გარდა, სხვა სახეობებშიც საკმაოდ უხვად გვხვდება, მაგრამ ეს ფენომენები ცენტრალური და, ამავე დროს, ყოველმხრივ გარემომცველიც მხოლოდ ჩვენი სახეობის ცხოვრებაში ხდება.   

არა მარტო რიტუალური და პოსტრიტუალური მოვლენებით არის სავსე საზოგადოების ცხოვრება. მასში ასევე შეხვდები მრავალ პრერიტუალურ, ანუ არარიტუალიზებულ ფენომენს, რომელსაც იმით გამოარჩევ, რომ მას დაუსაბუთებელი, ირაციონალური ეჭვით უყურებს საზოგადოების დიდი ნაწილი. ასეთი პერიფერიული მოვლენები სხვადასხვა იქნება ამა თუ იმ სოციუმსა და კულტურაში. მაგალითად, თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში თვალსაჩინო პრერიტუალური ფენომენია ჰომოსექსუალობა. რა თქმა უნდა, ყველანაირი არატრადიციულად წოდებული სექსუალური ორიენტაცია ამ საზოგადოებაში ფარულად, მაგრამ ისევე ბუნებრივად და სრულებით უვნებლად არსებობს, როგორც ნებისმიერ სხვა საზოგადოებასა და ეპოქაში. ამის მიუხედავად, ჩვენთან ძლიერია აგრესიული და ირაციონალური, მარტივად რომ ვთქვა, სრულებით უგუნური ჰომოფობია. ასეთი არაადამიანური დამოკიდებულების შესაცვლელად ერთადერთი გზა არსებობს - ოფიციალურად უნდა დაკანონდეს ერთსქესიანი ქორწინება.

ცხადია, რომ თავიდან ასეთ ნაბიჯს ჰომოფობებისა და მათი წამხედურების საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვება. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ღირს და მეტიც, აუცილებელია ამ მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ამის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ თავისი პრერიტუალური, პერიფერიული სტატუსის გამო ასე ადვილად დასაგმობი ეს ბუნებრივი მოვლენა უკვე თავისთავად და უმტკივნეულოდ გადაიქცევა პოსტრიტუალურ, ანუ ჩვეულებრივ რამედ. მის მიმართ საზოგადოებას ინერციით ჩამოუყალიბდება სათანადოდ მშვიდი და ჰუმანური დამოკიდებულება, რადგან საზოგადოება ის ადგილია, სადაც დადგენილი რიტუალების და რიტუალებით დადგენილის სჯერათ ბრმად. ერთ მშვენიერ დღეს ყველასთვის თავისთავად ცხადი გახდება, რომ თუ რომელიმე ორ ზრდასრულ ადამიანს რაღაცის უფლება აქვს, იგივე უფლება, ცხადია, უნდა ჰქონდეს სხვა ზრდასრულ წყვილსაც. 

ვინმეს შეიძლება არც ისე დროული მოეჩვენოს ჩემი ეს მსჯელობა, რადგან სწორედ ახლახან საბოლოოდ გაირკვა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება ოჯახის, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირის განმარტება, რაც ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვას ნიშნავს. მაგრამ ამ ბოლო დროს საქართველოს კონსტიტუციას მატლი დაესია და მათი ნამოქმედარის სერიოზულად გათვალისწინება არა მგონია, ჭკუასთან ახლოს იყოს.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანის გონება და ცნობიერება გაცილებით უფრო ელასტიკურია, ტევადი და, ამ აზრით, თავისუფალიც, ვიდრე ბევრ ჩვენგანს ჰგონია. თავისუფლებაც თავისებური რიტუალია, უფრო ზუსტად, მეტარიტუალია, რომელიც სხვა რიტუალების წარმართვას გულისხმობს. სახელდობრ, იმას გულისხმობს, რომ არცერთ რიტუალთან დამოკიდებულება არაა შეუცვლელი და საბოლოო. ამიტომაა ის „მეტა“ და ამაშია თავისუფლების ეშხიც და საფრთხეც. მოკლედ რომ მოგახსენოთ, თავისუფლება არის ცნობიერების მართვა. მაგრამ ეს ისევე არ ნიშნავს ადამიანების კონტროლსა და მანიპულაციას, როგორც არ ნიშნავს ამას ვიმნესთვის ველოსიპედის ტარების სწავლება. ასწავლი, ისწავლის და საითაც უნდა, იქით წავიდეს, ოღონდ კი გზაში სხვას არ შეეჩეხოს.

წინა ესეებში ცნობიერებას (და მასთან ერთად სუბიექტურობის მთელ სპექტრს) განვსაზღვრავდი, როგორც უკიდურეს სირთულეს, რომელიც კონკრეტულ დრო-სივრცულ მოცულობაში შეიძლება მიღწეულ იქნეს დინამიკური სისტემის მიერ (თავის) ფიზიკურ სამყაროში. ამიტომ ალბათ უფრო კორექტული იქნება, შემოვიღო ახალი, ვიმედოვნებ, უფრო ზუსტი კონცეპტი - „სირთულის კონცენტრაცია“. ასე რომ, ცნობიერება შემიძლია განვსაზღვრო, როგორც სამყაროში დაშვებული სირთულის მაქსიმალური კონცენტრაციის აუცილებლად „თანმხლები“ ან „აღმნიშვნელი“ ფენომენი. სხვა სიტყვებით, ცნობიერება არის სირთულის ზღვრული კონცენტრაციის თვისება (გნებავთ, ემერგენტული თვისება). საინტერესოა, რომ ასე განსაზღვრული ცნობიერება წარმოადგენს საზღვარს, რომელსაც ფიზიკური სამყარო დაუდებს მასში არსებულ ნებისმიერ დინამიკურ სისტემას. შესაბამისად, ცნობიერება არ წარმოადგენს საკუთრივ სისტემის იმანენტური შესაძლებლობების საზღვარს. ასე კოსმოსური ხომალდის მაქსიმალური სიჩქარე, პირველ რიგში და საბოლოოდაც, ზღვარდებულია ჩვენს ფიზიკურ სამყაროში შესაძლო მაქსიმალური სიჩქარით, სინათლის სიჩქარით, და არა თვითონ ხომალდის აგებულებისა და ძრავის ნაკლოვანებებით. სხვა სიტყვებით, ცნობიერებას რომ სიჩქარე ჰქონდეს, ის  სინათლის სიჩქარის ტოლი იქნებოდა.

ვფიქრობ, ცნობიერების ასე წარმოდგენა გამორიცხავს მიკროფიზიკურ სამყაროში ცნობიერების არსებობის შესაძლებლობას, რადგან კვანტურ სისტემებს არ გააჩნია ამომწურავად განსაზღვრული კონკრეტული მდგომარეობა, რაც მიკროფიზიკურ მასშტაბში სირთულის ერთმნიშვნელოვან კონცენტრაციაზე საუბარს, სავარაუდოდ, ყოველგვარ აზრს უკარგავს. ასე რომ, პანფსიქიზმის სამწუხაროდ ცნობიერება საძიებელია მხოლოდ მაკროფიზიკურ სამყაროში.

მაგრამ აქვე ჩნდება ერთი კვიმატი აზრი იმის თაობაზე, რომ ვერც ძალიან დიდი, ვთქვათ, კოსმოსური მასშტაბის სისტემა ვერ მიაღწევს ფიზიკურ სამყაროში შესაძლო სირთულის მაქსიმალურ კონცენტრაციას იმის გამო, რომ თამაშში ჩაებმება გრავიტაცია, მიზიდულობის ძალა, რომელიც შეუძლებელს გახდის დიდი მასის მქონე სხეულების ისეთ „დინამიკურ სიმჭიდროვეს“, რომელიც, ალბათ, აუცილებელია იმისთვის, რომ ფიზიკურ სისტემაში მაღალი ხარისხის სირთულე განვითარდეს. შესაბამისად, ცნობიერების არსებობა, ჩვენი სახეობის გარდა, მოსალოდნელია ადამიანთან ასე თუ ისე თანაზომად სოციალურ არსებებში, რომლებსაც აქვთ „ენა“, სასიგნალო სისტემა, რომლის გამოყენებით მათ ერთმანეთთან ინტენსიური კომუნიკაცია ახასიათებთ. ამიტომ არის, ვფიქრობ, მოსალოდნელი, რომ ცნობიერება აქვს, ვთქვათ, ფუტკარს და ვეშაპს, თუ ჩვენთან შედარებით მათ მცირე და დიდ ტვინებში მართლაც ხორცშესხმულია სირთულის უკიდურესი კონცენტრაცია ისევე, როგორც ეს, ჩემი აზრით, ადამიანის თავის ქალაში უნდა ხდებოდეს.

ასტრონომები „გოლდილოკის ზონას“ უწოდებენ ისეთ მანძილს, რომელიც თუ თავისი ვარსკვლავიდან პლანეტას აშორებს, მხოლოდ მაშინ არის მასზე მოსალოდნელი შესაფერისი ტემპერატურა საიმისოდ, რომ წყალმა თხევად მდგომარეობაში იარსებოს. თხევადი წყალი კი ითვლება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარებისთვის აუცილებელ პირობად. ვფიქრობ, ცნობიერებისთვისაც უნდა არსებობდეს მსგავსი „გოლდილოკის ზონა“, მხოლოდ ის ხელსაყრელი მასშტაბი, რომელშიც არის შესაძლებელი ისეთი სისტემების განვითარება, რომლებიც ფიზიკურ სამყაროში დაშვებული სირთულის მაქსიმალურ კონცენტრაციას, ანუ ცნობიერებას მიაღწევენ და შეინარჩუნებენ. ამრიგად, თავისუფლებაც ზღვრული, უკიდურესი მოვლენაა, რომელსაც მოპოვება სჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^