Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცნობიერების მრავალჟამიერი

11 ივლისი 2017

ძალაუფლების ქარი უბერავს და ისევ ნაგავს ატრიალებს ჩვენს ქვეყანაში. ნაგვები მართავენ საერო და სასულიერო ხელისუფლებებს, საზოგადოებრივ და დიდად კერძო ტელევიზიებს, საზოგადოებაშიც მათ მოაქვთ თავი. ეს ნაგვები თავისი სანაგვის პატრიოტები არიან და მხოლოდ ორიოდე მათგანია „პატრიოტთა ალიანსად“ თვალსაჩინოდ გამოკვეთილი. რუსეთია მათი გამოცდილი და, თანაც, აღთქმული სანაგვე და მისკენ მიიწევენ და მიემარშებიან.

ჩვენ კი, მკითხველო, ამასობაში დრო ვიხელთოთ და მივუბრუნდეთ ცნობიერების დიდ გამოცანას. ახლა მგონია, რომ თუ არ მივადექი, მივუახლოვდი მაინც ზღვარს, რომელსაც სპეკულაციური მეთოდებით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ამ საორჭოფო საკითხში. თითქოს გამოიკვეთა ჰიპოთეზის კონტურები და ერთიანდება, ბოლო წლებია რასაც ვაკეთებ. თვითონ განსაჯე.

***

რა ხდება რთულ სისტემაში, როცა მასში სირთულე გარკვეულ ზღვარს აღწევს? ანუ რა ხდება ცოცხალ ორგანიზმში, როცა მასში სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებების, ორგანული წარმონაქმნებისა და პროცესების გარდა გროვდება ჭარბი, ზედმეტი შიგთავსი? ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი ან იზრდება ან ზედმეტ შიგთავსს ნარჩენების სახით თავიდან იშორებს. ხშირად ასეთი ზრდა და გათავისუფლება ერთდროულად და ურთიერთშეთანხმებულად ხდება. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ იშორებს ჭარბ შიგთავსს და ვეღარც იზრდება მის ხარჯზე? ასეთ შემთხვევაში ორგანიზმს ორი გზა რჩება. იგი ან დაიღუპება ან, გარკვეული წინაპირობების განვითარების შემთხვევაში, იმშობიარებს, გამრავლდება, თავის მსგავს ახალ თაობას წარმოშობს! ასეთ დროს ბირთვის მქონე ერთუჯრედიან არსებაში ვითარდება მიტოზი, რომლის დროსაც უჯრედის ბირთვი ორად იყოფა, რასაც მოსდევს მთელი ორგანიზმის გაყოფა ორ ახალ, შვილობილ უჯრედად.

ახლა ვიკითხოთ, რა ხდება ორგანიზმის ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ტვინში, როცა ის ძალიან რთული ხდება, როცა მასში გროვდება განსაკუთრებით ბევრი, აუტანლად ბევრი სირთულე? ასეთ დროს ტვინში ჩნდება ცნობიერება! საინტერესო ანალოგიაა... რომლის მიხედვით, ცოცხალი ორგანიზმის ტვინში ცნობიერების წარმოშობა არის თავისებური „მიტოზი“. ესაა ტვინის „გამრავლება“, „გაყოფა“, „გაორება“, რომელიც არ გამოიხატება ბიოლოგიური გამრავლების სახით, რადგან ტვინმა უკვე მიაღწია ფიზიკურ სამყაროში დაშვებულ სირთულის კონცენტრაციის მაქსიმუმს. არამედ ესაა გაყოფა, რომლის ერთი ნაყოფი არის იმავე ტვინის მომდევნო და თითქმის ასევე ურთულესი მდგომარეობა, ხოლო მეორე ნაყოფი არის ცნობიერება, სუბიექტურობა, რომელიც სირთულის თვალსაზრისით სამყაროს საზღვარზეა „მისრესილი“ და ამიტომ მოკლებულია „მეორე მხარეს“; ანუ მას არ გააჩნია ფიზიკურ სამყაროში რამე ფიზიკურზე მიზეზობრივი ზემოქმედების უნარი, თუმცა თვითონ წარმოადგენს კონკრეტული ფიზიკური სისტემის შინაგანი მდგომარების შედეგს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ცნობიერება ნახევრად ფიზიკურია, მაგრამ არა იმ აზრით, რომ მისი ერთი ნახევარია ფიზიკური, მატერიალური, ხოლო მეორე არაფიზიკურია და რამე არამატერიალურ სუბსტანციას წარმოადგენს. ცნობიერების ნახევრადფიზიკურობა გულისხმობს იმას, რომ ცნობიერებას აქვს ფიზიკური მიზეზი, ტვინის მატერიალური მდგომარეობის სახით, მაგრამ არ გააჩნია არანაირი შედეგი ფიზიკურ სამყაროში. სხვანაირი სამყარო კი არ არსებობს.

ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება ტვინის ნაყოფია არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით! აქ ჩნდება კითხვა: მთელი დღის განმავლობაში, გაღვიძებიდან დაძინებამდე ცნობიერ მდგომარეობაში მყოფი ცოცხალი არსება, ადამიანი, გაღვიძებისას მომხდარი ერთი, ასე ვთქვათ, მენტალურ-ცერებრალური, უფრო მოკლედ კი მენტალური მიტოზის შედეგია, თუ სხვაგვარადაა საქმე? მე მგონი, პასუხად შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერ მდგომარეობაში მყოფი ტვინი იყოფა ანუ მრავლდება და ბადებს თავისივე მომდევნო მდგომარეობისა და ცნობიერების წყვილს ყოველწამიერად, უფრო ზუსტად, წამში მრავალჯერ. ვფიქრობ, სწორედ ამ გაყოფის და მის შედეგად წარმოშობილი წყვილის - ტვინის მომდევნო მდგომარეობისა და ცნობიერების - წარმოშობას შეიძლება გამოხატავდეს და აღნიშნავდეს ტვინისთვის დამახასიათებელი რიტმული ელექტრული ტალღები, რომელთა აღმოჩენა თითქმის საუკუნეს ითვლის, თუმცა მათი ფუნქცია დღემდე დაუდგენელია და საკამათო. ცნობიერ მდგომარეობასთან აკავშირებენ გამა ტალღებს, რომელთა სიხშირე ოცდახუთიდან ას ჰერცამდეა. ითვლება, რომ ცნობიერ მდგომარეობას უმეტესად შეესაბამება გამა ტალღები  ორმოცი ჰერცის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტალღები წამში ორმოცჯერ წარმოიშობა და ვრცელდება ტვინში.

ამიტომ ვივარაუდებ, რომ ტვინი „მრავლდება“ და „მიტოზს“ განიცდის წამში დაახლოებით ორმოცჯერ. (გავიხსენოთ, რომ ამაზე გაცილებით უფრო მაღალი სიხშირით გამრავლება სრულებით ჩვეულებრივი მოვლენაა უმარტივეს ორგანიზმებში). ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ჩვეულებრივი და ერთი შეხედვით უწყვეტი ცნობიერება ჩნდება და ქრება წამში ორმოცჯერ გამა ტალღების შესაბამისად. რაც შეეხება ცნობიერების უწყვეტობის სუბიექტურ აღქმას, იგი, ვფიქრობ, მარტივად აიხსნება იმით, რომ ცნობიერებიდან ცნობიერებაში გადადის ცნობიერების შინაარსები, რომლებიც გაცილებით უფრო ნელა იცვლება და ამით ქმნის თავად ცნობიერების უწყვეტობის შთაბეჭდილებას.

(აქ, ცხადია, გაკვრით მაინც უნდა ვახსენო ლაიბნიცისეული ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმი, რომლისგანაც ჩემს ჰიპოთეზას სხვა არა ერთი არსებითი ასპექტის გარდა, პირველ რიგში, ის განასხვავებს, რომ ფიზიკურისა და ფსიქიკურის ურთიერთშესაბამისობის, პარალელურობის  საფუძველში მე რომელიმე ზებუნებრივ შემოქმედს კი არ ვვარაუდობ, არამედ თუმცა ჰიპოთეტურ, მაგრამ სრულებით ბუნებრივ მექანიზმსა და პროცესს.)

ამრიგად, მართალია, ადამიანის ტვინი მთელ ნაცნობ სამყაროში ურთულეს ობიექტად ითვლება, მასში ხდება ის, რაც ხდება უმარტივეს ორგანიზმებში, ბირთვის მქონე ერთუჯრედიან ცოცხალ არსებებში. ხდება კი ის, რომ როცა ტვინში გროვდება ჭარბი სირთულე, რომელსაც ის ვეღარ იტევს, და ტვინის ჰიპოთეტური „ინფორმაციული ბირთვი“ განიცდის „მიტოზს“, გაყოფას, რომლის ერთი ნაყოფი არის იმავე ტვინის სრულებით ფიზიკური მომდევნო მდგომარეობა, ხოლო მეორე „ნაშიერი“ არის ნახევრად ფიზიკური ცნობიერება. (უფრო ზუსტი იქნებოდა, მესაუბრა განახევრებული ფიზიკურობის მქონე ცნობიერებაზე, მაგრამ ეს იმდენად მოუხეშავი შესიტყვებაა, რომ ის მხოლოდ იგულისხმებოდეს ჯობია.) და ეს ხდება წამში დაახლოებით ორმოცჯერ! ასე რომ, ცნობიერების ორმოცი თაობა ცვლის ერთმანეთს ერთი წამის განმავლობაში. მაგრამ ეს ხანმოკლე ცნობიერებები თუმცა უშუალოდ არ წარმოშობენ ერთმანეთს, მაგრამ გარკვეული საერთო მემკვიდრეობით არიან გაერთინებული. ცნობიერების ასეთი გენის როლს ასრულებს ცნობიერების შინაარსები, რომლებიც შედარებით უცვლელად გადააქვს ტვინს თავისი ერთი მდგომარეობიდან მეორეში და ასე ავრცელებს მათ პარალელურ სუბიექტურ რიგში, რომელიც ხანმოკლე ცნობიერებებისგან შედგება. ასეთი მემკვიდრეობითობა ჩვენში ქმნის ცნობიერების ხანგრძლივობისა და უწყვეტობის ილუზიურ შთაბეჭდილებას, რომელიც თვითონ შეიძლება იყოს გარკვეული მეტაშინაარსი.

ცხადია, ტვინის ასეთი გამრავლება თავისებური პართენოგენეზია ანუ ერთსქესიანი გამრავლება, რომლის დროსაც მშობელი ორგანიზმი ქმნის შთამომავლობას საკუთარი იდენტური კლონების სახით. იდენტურობა აქ, ცხადია, საკმაოდ პირობითია და არ გამორიცხავს შემთხვევით განსხვავებებს, რომლებიც კლონირების პროცესში ჩნდება.

ამ ჰიპოთეზის მიხედვით გამოდის, რომ ცნობიერების მქონე ტვინი წამში დაახლოებით ორმოცჯერ ბადებს ორ შთამომავლს - თავის მომდევნო ფიზიკურ მდგომარეობას და ნახევრადფიზიკურ ცნობიერებას. შესაბამისად, ყოველი ახალი თაობა - ტვინის ახალი მდგომარეობა და ახალი ცნობიერება -  არსებობს მხოლოდ წამის მეორმოცედის განმავლობაში და იცვლება მომდევნო თაობით. ამ წარმოშობის მომენტებს შეიძლება შევხედოთ, როგორც განშტოებებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობიერების ყოველი მომენტი, ყოველი ხანმოკლე ცნობიერება მიზეზშედეგობრივ კავშირშია მხოლოდ წინა თაობის (ტვინის) ფიზიკურ მდგომარეობასთან, როგორც მისი უშუალო შთამომავალი, მაგრამ არანაირი უშუალო კაუზალური კავშირი მას არ გააჩნია თავის „თანამედროვე“ და პარალელურ (ტვინის) ფიზიკურ მდგომარეობასთან და უშუალოდ არ გამოხატავს, არ შეესაბამება მას. ამიტომ ჩემი ახლანდელი ცნობიერება ეპიფენომენალურია ჩემი ტვინის ახლანდელი მდგომარეობის მიმართ. ხოლო ყოველი ახლანდელი ცნობიერების შინაარსი ანუ „გენეტიკური“ წარმომავლობა დაკავშირებულია ტვინის იმ ფიზიკურ მდგომარეობასთან, რომელიც წამის მეორმოცედის წინ არსებობდა და აღარ არსებობს, რადგან მისი ადგილი უკვე დაკავებული აქვს მის ფიზიკურ შთამომავალს - ახლანდელ მდგომარეობას, რომელიც ჩემს მომდევნო ცნობიერებას წარმოშობს წამის სულ რაღაც მეორმოცედის შემდეგ. ცოტა უხეშად, მაგრამ მაინც შეიძლება შევადაროთ ადამიანის ტვინი ორლულიან ტყვიამფრქვევს, რომელიც წამში ისვრის ორმოც წყვილ ტყვიას, ისვრის ობიექტური და სუბიექტური მდგომარეობების ორ ჯერს.

მოკლედ, ცნობიერება მინიმუმ წამის მეორმოცედით ანუ 20,5 მილიწამით იგვიანებს. ეს გაცილებით ნაკლებია იმ დროსთან შედარებით, რომელიც სჭირდებოდა ბენჯამინ ლიბეტის ცდისპირებს, რათა მათი ტვინის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას მათ ცნობიერებაში ამოეყვინთა, როგორც თითქოს სრულებით საკუთარი ნებით მიღებულს. მაგრამ ამგვარი „დაგვიანების“ ინტერვალი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. მგონი, ისიც ნათელია, რომ აქ „დადგენილი“ ოცნახევარი მილიწამი უნდა იყოს ის მინიმალური დრო, რომელიც აუცილებელია, რათა რამე მოხვდეს ცნობიერებაში. ცნობიერებაში მოხვედრა ანუ ცნობიერების შინაარსად გადაქცევა კი ნიშნავს შინაარსის მოხვედრას ახალშობილ ცნობიერებაში, რისთვისაც აუცილებელი იქნება, რომ სტიმულის ხანგრძლივობა არ იყოს გარკვეულ ქვედა ზღურბლზე დაბალი. პირობითად ეს შეიძლება იყოს იგივე წამის მეორმოცედი. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ცნობიერების შინაარსი უნდა იყოს საკმარისად ინტენსიური იმისთვის, რომ ცნობიერების ერთ პორციაში მაინც დაიკავოს შესამჩნევი „ადგილი“. სტიმულის ცნობიერი აღქმის სტაბილურობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ცნობიერების რამდენ თაობაში გადაეცემა ის მემკვიდრეობის სახით, ანუ გახდება თუ არა ის ცნობიერი აღქმის მკაფიო თვისებრივი ნაკვთი.

ცნობიერება არის ტვინის წარსული მდგომარეობის „გაცნობიერება“. გაცნობიერება კი, როგორც ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა ფიზიკურის განახევრება და გადასვლა ნახევრად ფიზიკურ მდგომარეობაში. ის, რომ ცნობიერება ნახევრად ფიზიკურია, ისე უნდა გავიგოთ, რომ ცნობიერება, როგორც ნახევრად ფიზიკური ფენომენი, წარმოადგენს ფიზიკური მიზეზის შედეგს, მაგრამ კაუზალურად ინერტულია ანუ მას არ შეუძლია, გამოიწვიოს ფიზიკური შედეგი. ეს კი უცნაურ და საინტერესო რამეს ნიშნავს.  ასეთი ცნობიერება აბსოლუტურად უცნობი იქნება სწორედ იმ ტვინისთვის, რომელიც მას დაუღალავად და ასე ხშირად წარმოშობს. მართლაც, თუ ცნობიერებისთვის პრინციპულად და განსაზღვრების ძალით შეუძლებელია, რამე ფიზიკურზე ფიზიკური ზემოქმედების მოხდენა, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს თავის მშობელ და, თანაც, თანმხლებ მატერიალურ ტვინზე. ამიტომ ტვინისთვის მიუწვდომელია თავისივე ნაშიერი ცნობიერების რამენაირი რეგისტრაცია.

ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ტვინს გაუჩნდეს წარმოდგენა თავისი ცნობიერების უბრალოდ არსებობის შესახებაც კი ისაა, რომ ტვინში გაჩნდეს ჰალუცინაცია, თითქოს მასში, ტვინში, ვიღაც თუ რაღაც უცხო არსებობს და ცხოვრობს. ეს იქნება არა ილუზია, არამედ მართლაც ჰალუცინაცია, რადგან ჰალუცინაციის საფუძველში არაფერი რეალური არ ძევს, ხოლო ილუზია არის რამე რეალურად არსებულის არასწორად აღქმა. მართლაც, ცნობიერება არ იმყოფება ტვინში, არც სხეულში ან სადმე მის გარეთ. თუ ცნობიერება მაინც არის „სადღაც“, ესაა სამყაროს საზღვარი. მაგრამ ის არაა გავლებული სივრცესა და დროში. არამედ ეს არის ზღვარი, რომელიც (მხოლოდ ჩემი დაშვების მიხედვით) დადებული აქვს ამ სამყაროში უკიდურეს სირთულესა და მის თავმოყრას, კონცენტრაციას ნებიმიერ ფიზიკურ, ესე იგი, მათ შორის ბიოლოგიურ ან ხელოვნურ - სისტემაში.

ალბათ შედარებით ადვილი წარმოსადგენია, რომ ტვინი შეეცდება რამენაირად გაუმკლავდეს, გაითვალისწინოს და გააკონტროლოს ასეთი ჰალუცინაცია ისევე, როგორც მართავს ის თავისი სხეულის რეალურ ორგანოებს, ქსოვილებსა და სისტემებს. მაგრამ ჰალუცინაციის მართვა შეუძლებელია, რადგან მას არ შეესაბამება არაფერი სრულებით რეალურად არსებული. ცნობიერება კი, როგორც ნახევრად ფიზიკური, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ნახევრად რეალურიცაა. მაგამ თვითონ ასეთი მცდელობა, რომელსაც ტვინი არ დააკლებდა, ალბათ გამოიწვევდა ჰალუცინაციის ასახსნელად და მისი სამართავი სადავეების საძებნელად ორგანიზმის გარეთ, გარემომცელ სამყაროში გასვლას. ხოლო თუ ცოცხალი არსება სოციალური არსებაა, მაშინ მისი უახლოესი გარესამყარო შედგება მისივე თანამოძმეებისგან, რომლებთან სწორად წარმართული ურთიერთობა ორგანიზმის გადარჩენის აუცილებელი პირობაა. მაშ ასე, თავისი ჰალუცინაციის ახსნა-განმარტების ძებნას ასეთი - შინაგანი არსების - აკვიატებული ჰალუცინაციით შეპყრობილი ტვინი დაიწყებდა თანამოძმეების საზოგადოებაში. როგორც ჩანს, გენეტიკური მუტაცია, რომელმაც შინაგანი ბინადრის ჰალუცინაცია გააჩინა ტვინში, ერთდროულად გავრცელდა პოპულაციის დიდ ნაწილში.

რაც იმას მოასწავებდა, რომ ერთი და იმავე ჰალუცინაციის წარმომავლობის ძებნას მეტ-ნაკლებად ერთნაირად და ერთად დაიწყებდნენ ეს არსებები. ეს კი ნიშნავს, რომ შეიქმნებოდა სპეციფიკური ტრადიცია ანუ კულტურა, რომელშიც გავრცელდებოდა ილუზია იმის თაობაზე, რომ ამ საზოგადოების წევრებში მართლაც ცხოვრობს, ბინადრობს რაღაც უხილავი არსება. ეს იქნებოდა ილუზია, რადგან რეალურ საფუძველს მოკლებულ ჰალუცინაციას მასში მიეცემოდა უხილავი, მაგრამ სრულებით რეალური არსების არასწორი მნიშვნელობა. ამის შემდეგ ასეთი კულტურის მატარებელი ყოველი არსება სხვებისგან ისწავლიდა და გაიზიარებდა ილუზიას, რომ თვითონ მასში ცხოვრობს ის რაღაც მოუხელთებელი. ასევე ისწავლიდა იმასაც, თუ როდის რას უნდა ხედავდეს, რა უნდა ესმოდეს, რას უნდა ეხებოდეს, რომელ სუნს უნდა შეიყნოსავდეს ის შინაგანი ბინადარი. ამ კულტურისეულ ცოდნას ტვინი გადასცემდა როგორც თავის მომდევნო მდგომარეობას, ასევე - თუმცა სრულებით უნებლიეთ - უანდერძებდა მას თავის მეორე, პარალელურ შთამომავალსაც - ცნობიერებას. როგორც ჩანს ამ საერთო, კოლექტიურმა ილუზიამ განსაკუთრებით კარგი დუღაბის როლი შეასრულა და მისით შეკავშირებულ სოციუმებს არსებობისთვის ბრძოლაში, თავდაცვასა და საკვების მოპოვების დაგეგმვაში იმდენად შეუწყო ხელი, რომ ილუზიის ხარისხში აყვანილი ჰალუცინაცია მომგებიან უპირატესობად იქცა. მისით დაავადებული არსებები ამ უპირატესობას თაობიდან თაობას გადასცემდნენ როგორც სათანადო ბიოლოგიური, ასევე სწავლის კულტურისეული მექანიზმებით.

ამრიგად, კულტურა არის კოლექტიური ილუზიის ხარისხში აყვანილი ინდივიდუალური ჰალუცინაცია. ხოლო ცნობიერება, რომელსაც ყოველი ჩვენგანი თავისას უწოდებს, მთლიანად ისეა გაფორმებული და აგებული, როგორც კულტურამ ასწავლა ტვინს, რომელმაც - მერამდენედ ვიმეორებ - წამში ორმოცჯერ უნდა წარმოშვას თავისი სრულებით რეალური და ფიზიკური მომდევნო მდგომარეობა და, მასთან ერთად, მისი პარალელური, მაგრამ სხვა „ფერის“ ტყუპისცალი - ნახევრად რეალური და ნახევრად ფიზიკური, მაგრამ სრულებით სუბიექტური ცნობიერება, რომელიც კულტურის კარნახითაა აგებული და შევსებული. ბოლოს მაინც გავიმეორებ, რომ ნახევრად რეალურში არ ვგულისხმობ ნახევრად არარეალურს, არამედ ვგულისხმობ არასრულად რეალურს, ხოლო ნახევრად ფიზიკური აქ არ ნიშნავს ნახევრად არაფიზიკურს, არამედ ნიშნავს არასრულად ფიზიკურს. ამგვარ, თუ შეიძლება ასე ითქვას, უსრულობის პერსპექტივაში ფიზიკური პროცესებისა და ფენომენების განხილვა მე არ მომიგონია. მას მიმართავენ ტერენს დიკონი, რობერტ ულანოვიცი და სტიუარტ კაუფმანი.

თვისება არის რაოდენობის უფუნქციო ასლი, დუბლიკატი. უფუნქციობაში აქ იგულისხმება კაუზალური ინერტულობა ანუ ფიზიკურ სამყაროში რამენაირი შედეგის გამომწვევი მიზეზის როლის შესრულების უნარის არქონა. ამ თვალსაზრისით, განვითარებული ორგანიზმი (მისი ტვინი) არის სისტემა, რომელიც ზოგჯერ წარმოშობს, ქმნის თავისი მდგომარეობის ორ შთამომავალ ასლს, დუბლიკატს, რომელთაგან ერთი - რაოდენობრივი - კაუზალურად ფუნქციურია, სრულფასოვანია ანუ რამე შედეგის გამომწვევი, ხოლო მეორე - თვისებრივი - არის კაუზალურად ინერტული, მიზეზობრივად არასრულფასოვანი. სხვა სიტყვებით, ასეთი ბიოლოგური მექანიზმი თავისი რაოდენობრივი მდგომარეობიდან მენტალური მიტოზით ქმნის ორ ასლს - რაოდენობრივს და თვისებრივს, ობიექტურ ტვინისმიერს და სუბიექტურ ცნობიერებას.

როცა დუბლიკატების დამზადების ეს პროცესი საკმარისი სიხშირისა და ხანგრძლივობისაა, ვითარდება კაუზალურად უფუნქციო სუბიექტურობა და ცნობიერება, რომელიც არსად არაფერზე ფიზიკურად არ აისახება, არ ზემოქმედებს და ამიტომ არც არანაირად არ ვლინდება. რის გამოც პრინციპულად შეუძლებელია მისი ობიექტურად დაკვირვება.

რეალურ სამყაროში მონაწილეობის უნარის მქონე ცნობიერებისა და ცნობიერი სუბიექტის შესახებ წარმოდგენა არის სოციოკულტურული მითი, რომელსაც ჩვენი სხეულები სწავლობენ დაბადებიდან. და რადგან სწავლობენ, ამიტომ მჟღავნდება ეს მითი მენტალური მიტოზის ორივე ნაყოფში - ტვინის მომდევნო რაოდენობრივ ანუ ფიზიკურ მდგომარებაში და მის თვისებრივ ორეულში, ცნობიერებაში.

ამ თვალსაზრისით, რთული ბიოლოგიური ორგანიზმის ტვინი მოქმედებს, როგორც ხორცშესხმული მეტაფორა, რომელიც თავისივე ფიზიკური მდგომარეობის რაოდენობრივ პირდაპირ მნიშვნელობას გარდაქმნის თვისებრივ გადატანით მნიშვნელობად - ცნობიერებად და სუბიექტურობად. გადატანითი მნიშვნელობის შემჩნევის ან შეთხზვის, კონკრეტულ კონტექსტებში მისი დადგენის, გათვალისწინების და გავრცელების სპეციალური მექანიზმი, სისტემა არის კულტურა. ეს თანაბრად ეხება როგორც ჩვეულებრივი, ენობრივი მეტაფორის გადატანით მნიშვნელობას, ასევე ცოცხალი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ცნობიერებასა და სუბიექტურობას. ამიტომ შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ცნობიერების არსებობის ყველაზე დამაჯერებელი დადასტურებაც და ცნობიერების აღწერაც ენობრივია.

მაგრამ აქ დაკვირვებით უნდა ვიყოთ. ცნობიერების, სუბიექტური აღქმების ანუ თვისებების უშუალოდ გამოხატვა შეუძლებელია აქ წარმოდგენილი ჩემი მოდელის თანახმად. თანმიმდევრულობა გვკარნახობს, რომ ფიზიკური მეტყველებით სინამდვილეში გამოითქმება და აღიწერება სუბიექტური მდგომარეობების პარალელური ბიოფიზიკურად ობიექტური მდგომარეობები. ფიზიკური იწვევს ფიზიკურს, სუბიექტური კი ვერაფერს. რაოდენობრივის თვისებრივი ასლები ვართ და ასეთივე ასლებში ვატარებთ ცხოვრებას. ჩვენ მაგივრად მოქმედებენ ჩვენი რაოდენობრივი ორიგინალები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით საერთოდ ვერაფერს გრძნობენ, სამაგიეროდ კი ისინი ფლობენ ყოველი ჩვენი უმცირესი აღქმისა და გრძნობის რაოდენობრივ აღწერას, რომლებსაც ისინი ითვალისწინებენ თავიანთ მოქმედებებში. მათ მოქმედებებს კი ჩვენ მხოლოდ ვესწრებით და ვგრძნობთ, როგორც ჩვენს საკუთარს.

მთელი ეს ჰიპოთეზა თითქოს იმისკენ მიდის, რომ ცნობიერებაში, ყოველ ცალკეულ, ელემენტარულ და ხანმოკლე ცნობიერებაში უნდა დავინახოთ, ასე ვთქვათ, „გაცრუებული წინასწარმეტყველება“. მაგრამ გაცრუებული აქ არ გულისხმობს გამტყუნებულსა და არასწორს და ამიტომ გაუქმებულს, არამედ სხვაგან და სხვა სახით უკვე გამოყენებულს, დაცლილს და შემდეგი ცნობიერი მომენტის წინასწარმეტყველებისთვის გამოუსადეგარს.

ახლა, აწმყოში შენ ხარ მომავალი, რომელსაც ითვალისწინებდა შენი სხეული, რომელიც არის წარსული. უფრო ზუსტად, შენ ხარ წინასწარმეტყველება, რომელსაც შენი სხეული ქმნის შენთან დაკავშირებული თავისი წარსული გამოცდილებისა და გარემომცველ სიტუაციაზე შექმნილი წარმოდგენის საფუძველზე. მენტალური მიტოზის შედეგად, ყოველი ასეთი წინასწარმეტყველება იყოფა ორ შვილობილად. ერთია ის, რასაც სხეული ტვინის სიღრმეში განაახლებს ახალი წინასწარმეტყველების სახით, მეორე კი არის მიზეზობრივად უნაყოფო და უშთამომავლო წინასწარმეტყველება, რომელიც გრძნობს, განიცდის და აღიქვამს. ის შენ ხარ. შენ ხარ თვისება. ადამიანის „მე“ არის მისი სხეულის ერთ-ერთი თვისება... რომელსაც მასში ვარაუდობს სოციოკულტურული გარემო.

ამიტომ ცნობიერება არის მოაჯირი, რომელიც ორგანიზმს იცავს დაუშვებელი სირთულის უფსკრულში გადავარდნისგან. ცნობიერება არის მოაჯირი, რომელზეც ხელი აქვს ჩავლებული ტვინს და ისე მიუყვება თავისი სირთულის სახიფათოდ მაღლა მიმავალ კიბეს.

ცნობიერება არის ის, რაც უკვალოდ უნდა წაიშალოს. ეს უნდა მოხდეს ყოველ ჯერზე, როცა ცნობიერება წარმოიშობა, ანუ სავარაუდოდ წამში ორმოცჯერ. ცნობიერება არის ის, რაც უნდა წაიშალოს უკვალოდ ანუ რამენაირი ფიზიკური შედეგისა და ბიოლოგიური ნაყოფის გარეშე. ეს მაფიქრებინებს, რომ მისმა წარმომშობმა სისტემამ, ტვინმა თუ მექანიზმმა არ უნდა დახარჯოს ენერგია ცნობიერების წაშლაზე, რადგან ეს იქნებოდა ცნობიერების რაღაცნაირი შედეგი ან მისი ფიზიკური ზეგავლენა მაინც. ამიტომ ცნობიერება უნდა იყოს თვითგანადგურებადი წარმონაქმნი, რომელსაც მიცემული აქვს არა მარტო თავისი თავის განადგურების პროგრამა, არამედ ამისთვის საჭირო ენერგიის მარაგიც, რომელიც გამოყენების შემდეგ უწესრიგოდ იფანტება. ეს მოთხოვნები უმტკივნეულოდ ჯდება ცნობიერების „ცალმხრივობაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობიერებას იწვევს ფიზიკური მიზეზი, მაგრამ არ გააჩნია შედეგის გამოწვევის უნარი. ამ თვალსაზრისით, ცნობიერება პრინციპულად ასიმეტრიული ფენომენია ფიზიკურ სამყაროში.

აქედან ერთი უცნაური დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ადამიანის სიკვდილის შესახებ. სახელდობრ ის, რომ როცა ადამიანი კვდება, იგი კვდება ორჯერ ან ორმაგად. იგი კვდება როგორც ბიოლოგიური ორგანიზმი და კვდება როგორც თვითგანადგურებადი ცნობიერება. ბიოლოგიური სიკვდილი უშუალოდ არ უნდა იწვევდეს ცნობიერების სიკვდილს, არამედ სიცოცხლის დასრულებასთან ერთად ორგანიზმი წყვეტს მენტალურ მიტოზს, რომლის ერთ-ერთი ნაყოფიც არის ცნობიერება. სხვა სიტყვებით, მკვდარ სხეულში ცნობიერება აღარ წარმოიშობა, მაგრამ ცნობიერების ბოლო წვეთი თავის თავს აუცილებლად თვითონ ანადგურებს. ამრიგად, ცოცხალი არსების ბიოლოგიური სიკვდილი უშუალოდ არ იწვევს ცნობიერების სიკვდილს, გაქრობას. ორგანიზმის სიკვდილი მხოლოდ იმას განაპირობებს, რომ აღარ წარმოიშობა ცნობიერების ახალი, მორიგი თაობა, რომელიც ბოლოს ჩამქრალის ადგილს დაიკავებდა.

აქ ნათქვამი არ გულისხმობს ისეთ ეგზოტიკურ და მისტიკურ ინტერპრეტაციას, რომლის თანახმად შეიძლება წარმოვიდგინოთ ცნობიერებაში მისი თვითგანადგურების პროგრამის შეცვლა ან შეჩერება, რის შედეგადაც ცნობიერება შეძლებდა სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობის გაგრძელებას. ასეთი რამ გამორიცხული უნდა იყოს იმდენად, რამდენადაც არსებითად ცნობიერება არის თვითგანადგურება. სწორედ ამის გამოხატულება შეიძლება იყოს ის უწყვეტი პროცესი, რომელიც სუბიექტურად ტოვებს ცნობიერების ნაკადის შთაბეჭდილებას. სინამდვილეში კი, როგორც ვფიქრობ, შინაარსები არ ცვლის ერთმანეთს ცნობიერებაში, ცნობიერებათა ჯაჭვში, არამედ თვითონ ცალკეული, უაღრესად ხანმოკლე ცნობიერებები მონაცვლეობენ. ყოველ მათგანს მისი წარმომშობი მენტალური მიტოზის შედეგად მემკვიდრეობით აქვს მიღებული გარკვეული შინაარსები, როგორც წინა ცნობიერების შესახებ „მეხსიერების“, ასევე მომდევნოს თაობაზე წინასწარმეტყველების სახით. ცნობიერებაში, ყოველ ცალკეულ ცნობიერებაში არავითარი ნაკადი და პროცესი არ მიმდინარეობს ერთის - თვითგანადგურების, საკუთარი თავის წაშლის - გარდა. მაგრამ ეს პროცესი, ვფიქრობ, ჩვეულებრივ თვითონ არ ხდება ცნობიერების აშკარა შინაარსი ანუ გაუცნობიერებელი რჩება.

არამედ, ნაკადის ილუზიას ცნობიერება შეიძლება იმიტომ გვიქმნის, რომ ყოველ ცალკეულ, ერთეულოვან ცნობიერებას მისი წარმომშობი ტვინის მდგომარეობიდან მემკვიდრეობით მიღებული აქვს გარკვეული წარმოდგენები, როგორც წინამორბედი მენტალური მიტოზისა და, შესაბამისად, უახლოესი წარსული ცნობიერების, ასევე მოსალოდნელის შესახებ. ეს იძლევა წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის განსხვავების შთაბეჭდილებას, რომელსაც, როგორც ჩანს, მაინც აძლიერებს ცნობიერების თვითწაშლის პროცესის სუბლიმინარული, ცნობიერი აღქმის ზღვარზე მდგომი „ნახევრად აღქმა“, რომელიც შეიძლება თვითონ უშუალოდ არ ხდება ცნობიერების წვეთის შინაარსი და შიგთავსი, მაგრამ ასეთი ზღვრული მდგომარეობიდან არაცნობიერ გავლენას მაინც ახდენს ცნობიერების მთელი შინაარსის საერთო ხასიათზე და განაპირობებს მისი ფენომენოლოგიის მოჩვენებით, თუმცა სუბიექტურად ძალიან დამაჯერებელ ნაკადურობას.

ასე რომ, ცნობიერება არის ის, რაც (წამში დაახლოებით ორმოცჯერ) იშლება და ქრება ჩვენ თვალწინ და ჩვენთან ერთად. მთელი ეს ჭრელი ნაზავი, რომელიც შედგება იმისგან, რასაც ჩვენი ცნობიერი ცხოვრების ყოველ მომენტში ვხედავთ, ვისმენთ, ვეხებით და შევიყნოსავთ, რასაც ვფიქრობთ ან ვამბობთ, რაც გვახსენდება, გვსიამოვნებს ან გვაწუხებს ხოლმე, მთელი ეს კალეიდოსკოპური ნაზავი ჩვენ გვეჩვენება, რომ გამუდმებით იცვლება და მდინარის უწყვეტი ნაკადივით მიედინება. არადა, როგორც ჩანს, ეს უწყვეტი ცვალებადობა, რომელიც ცნობიერების ერთ-ერთ მთავარ თავისებურებად ითვლება, სინამდვილეში წარმოადგენს ცნობიერების თვითგანადგურების, საკუთარი თავის წაშლის დაუზუსტებელ აღქმას. და ყველაფერი, რასაც აქ ცნობიერებაზე ვამბობ, უკლებლად ვრცელდება ყოველი ჩვენგანის მეზე, რამდენადაც ის მონაწილეობს ცნობიერებაში, როგორც მისი თავმოყრის ან ათვლის წერტილი. ჩვენც ასეთივე სიხშირით ვქრებით და ვჩნდებით. ჩვენც არ გვიწერია ჩვენს სხეულებთან ერთად სიკვდილი. ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. ეს ჩვენი საქმეა, რომელსაც არასოდეს ვაგვიანებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

თავისუფლება, კულტურა და ენა

1. თავისუფლება თავისუფლება გაიგივებული ან რამენაირად დაკავშირებული მაინც არის ხოლმე ნების თავისუფლებასთან და თავისუფალ ...
19 ივლისი
19 ივლისი

სამწუხაროდ, მას...

„ზოსიმე, ბახუტ და გოჩა. სამივე დასჯილები ხართ და დღეს მთელი ღამე იქნებით ბანაკის დარაჯები. დადექით თითო კარავთან, ...
12 ივლისი
12 ივლისი

ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს მას

სიყვარული ძაღლის კუდზე გამობმულ კონსერვის ცარიელ ქილებს ჰგავს. გარბიხარ და უკან ხმაურით მოგდევს კაცობრიობის ერთადერთი გრ ...

მეტი

^