Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუფრის ფილოსოფია vs სულის არისტოკრატიზმი

24 ივლისი 2017

რა ნიშანი გამოარჩევდათ კავკასიაში ქართველებს, რაც მათ ევროპელებისთვის ცნობად/ახლობელს ხდიდა? - არისტოკრატიზმი.

რა იყო კავკასიაში საქართველოს გარკვეული შიდა დომინანსის მიზეზი? - არისტოკრატიზმი.

რა იყო ქართული ხელოვნებისა და ზოგადად კულტურის გამორჩეული ნიშანი რეგიონის კულტურაში - არისტოკრატიზმი.

რა წარმოაჩენდა სულს ქართულ ფორმაში - არისტოკრატიზმი.

ოღონდ, არ შეგეშალოთ! - ეს სიტყვა ამ სტატიის შინაარსის კონტექსტში იმ დასუსტებულ/ქედმაღლურ სოციალურ კლასს კი არ ნიშნავს, რასაც ლექსიკონში უპირველესად ამოიკითხავთ, არამედ(!) იმ ცნებას, - რომელსაც ასე მედგრად ედგა უკან ფრიდრიხ ნიცშე, და რომელიც სამყაროს საკუთარ თავზე მორგებისა და მისი ყველა უბნის ტერიტორიალიზაციის, მომყუდროება/ფესვგადგმულობის მიუღებლობას ნიშნავს და სწორედ ამიტომ, „ფაქიზად გადახსნილისა” და სულიერი სიმაღლეების ძირს არდაშვების მუდმივ რეჟიმში მყოფ დარაჯ ანგელოზსაც წარმოადგენს.

გახსოვთ, როგორ ზავდება კონკრეტულობა და ტერიტორია ყინწვისის ანგელოზის სიცისფრეში? ვისი შექმნილია? ქართველის! რაზეა ეს სიცისფრის თხრობა? ტერიტორიულობის მიღმა არსებულზე და სწორედ ამიტომაა ყინწვისის ანგელოზი არისტოკრატულობის მწვერვალი. 

გრძნობთ, რით განსხვავდება ჩვენი ქრისტიანული არქიტექტურა აგერ ჩვენ გვერდით მყოფი სომხურისგან? იმით, რომ ჩვენი არც ცას ეკუთვნის და არც მიწას - ტერიტორიალურობის მიღმა არსებულ „არატერიტორიულში” არისტოკრატულ, განყენებულ სივრცეს და მარად ცოცხალს აფიქსირებს, რახან არატერიტორიალურ სივრცეში არაფერი ჭკნება, არაფერი ლპება და არფერი კვდება.

აი ეს ფაქიზი, რიდიანი და ნატიფად ამაღლებული არისტოკრატიზმი იყო ქართველის ბუნება და ასეთი იყო ამ ბუნების ფორმაში გამოხატულება.

ასეთი არისტოკრატებია - დიმიტრი, კოწია, გალაკტიონი, ნიკოლოზი და ბევრი სხვა უდახვეწილესი სულის მანიფესტაციის მატარებლები - სიცარიელის ელვარებებში მაყურებელი, ხორცწართმეული რაინდები… ასეთია და ესაა ქ ა რ თ ვ ე ლ ი და ეს, ნიჭს არ გულისხმობს, არამედ სულიერებისა და ღირებულებების  ხ ა რ ი ს ხ ს !!

ასეთია ქართული იდენტობა - სულის უდახვეწილესი მდგომარეობა და მაქსიმალურად აღებული სააზროვნო და სულიერი სიმაღლის ძირს არდაშვების არისტოკრატული  სულისკვეთება/მგზნებარება…

… … …

და დღეს? რა ხდება დღეს?

(მოკლე დიალოგი ფბ გვერდიდან)

ქართული ეთნონაციონალური მოძრაობის ლიდერი: „მოსატყნავია…”

მისი უახლოესი თანამებრძოლი„თანაც მაზოხისტურად, ჩოგბჯენში და თან სულ თავი უნდა არტყმევინო ყოველ ტალჩოკზე კედელზე ამის ნაგლი დედიკოს შეუპამპალე ალაზნის ზაგარიანი”.

(და კიდევ რამდენიმე ასეთივე გაწყობის ფრაზა სხვა მათი მეგობრებისგან).

...

და… ყველაფერი ეს ნათქვამია: მომხიბვლავ, უნიჭიერეს, განათლებულ, საქართველოსთვის მართლაც თავგადადებულ მსახურებაში მყოფ სრულიად ახალგაზრდა და გათხოვილ ქალზე, რადგან მან შთამბეჭდავი აკადემიზმით საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოლიტიკურ/სოციალური კონცეფცია დააფიქსირა. და აი, ამ კონცეფციის გამო - „ეროვნული სულის მოძრაობის მატარებლებისგან” მიიღო საჯარო მორალური გაუპატიურების აქტი - ფეისბუქის საჯარო გევერდზე!

(სიტყვები არ გყოფნის… - მითოლოგიაა ინდური, „რაქშასების” დიალოგის ნაწყვეტი. მხოლოდ მითოსი თუ აიტანს ასეთი ზესიბილწის ულუფას - ადამიანი და მისი რეალობა - ვერა! გული სკდება აგრესიამდე მისული აღშფოთება/გაოგნებისგან).

ასეთი ჟინ/ვნებები დგას ჩვენი ეთნო-ნაციონალისტების ქართულ/კდემიანი ფასადის მიღმა… ქართველ ქალს რომ იცავს ირანელისგან და საკუთარს და უმანკოს ჩეჩმაში ექაჩება გასაუპატიურებლად…

დარწმუნებული იყავით, ეს ორი ეთნონაციონალიზმის ბურჯი მკერდზე ჯვრებდაკიდებული დადის, მათი ყოველი მეორე სიტყვა ღმერთი და სამშობლოა და… ქართული ოჯახის სიწმინდის ქება-დიდებას ქადაგებს (მაგრამ სხვისი მეუღლის საჯარო/ვერბალური მორალური გაუპატიურება კი მათი ბილწი ტვინის ნორმაა). მოგვიანებით კი, ეს ორი, ასეთი საჯარო ონანიზმის შემდეგ ეკლესიაში ცოდვებსაც მოინანიებენ - ოღონდ იქაც, რასაკვირველია, ვინმე შესაფერის მუტრუკ მამაოსთან.

გრძნობთ? - როგორი სისხლსავსე ცხოვრებით შეუძლია ცხოვრება დღეს ეთნოქართული ტრადიცია/გაგებების კაცს და თან რა პარამეტრებში - კდემა/სათნოების პატივისცემით დაწყებული, სუნიან ჩეჩმაში მტყლაშა-მტყლუშით დამთავრებული! და ზუსტად ასეთ, თავისნაირ „სისხლსავსე არსებობას” სთავაზობს ეს ხალხი მთელ საქართველოსაც დიდი მონდომებით, ასეთ კულტურულ სტანდარტს უდებენ და უსურვებენ სამშობლოს… - მათ ხომ საუკეთესოდ და ყველაზე დამაჯერებლად იციან, რა არის „ქართველი” და „ქართული” - რახან საკუთარ თავს მიიჩნევენ ამ ცნებების წარმომადგენლად J და მათზე უკეთ აბა ვის ეცოდინება?!

აი ასეთია „ქართველი ეთნომორწმუნე” ლიდერი კაცის იდეალი… ხოდა როცა ამ ქართველი კაცის იდეალურ წარმომადგენელს სინდისგარეცხილ ქცევაზე მედიამ პასუხი მოითხოვა, არა თუ ამ გაუგონარი ბილწსიტყვაობის არცერთი სიტყვა არ მოუნანიებია, არამედ იქით ჯიქურ შეუტია საზოგადოებას და ალბათ საღამოს, უდარდელად „ჩუნგა-ჩანგაც” წაუმღერა თავისნაირ ბიჭებში ჩამჯდარმა.  

ფსიქოანალიტიკური კვლევების შესახებ გაგონილიც კი არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ არ იცოდეს, როგორი ეგზგიბიციონისტურ/ონანიზმის ფორმები არსებობს საჯარო/მედია სივრცეებში, როცა ეკრანის წინ წარმოდგენით ობიექტთან მიმართებაში მძაფრი სექსუალური სიტყვების წერით ორგაზმს აღწევს ხალხი! და ასეთი სახით იღებს კმაყოფილებას საკუთარი საუკუნედაუკმაყოფილებელი ლიბიდოსგან…

რა არის ამ ტექსტის დასაწყისში აღწერილი ქართული არისტოკრატიზმის ბინარულად დაპირისპირებული ბოლო? - ხეპრე-კინტო/ბაიათი…

ხოდა რატომღაც ასეთი დრო დაგვიდგა, რომ აი ამ ხეპრე-კინტო/ბაიათის ხარისხი არის ბევრისთვის დღეს ქართველობის ხატი და იდენტურობის ნიშანი. ყოველ შემთხვევაში, ამაში უნდათ რომ დაგვარწმუნონ და გასაკვირია, მაგრამ სწორედ მედია ეხმარება ამ დარწმუნებაში ხეპრეთა ამ მოდგმას. რატომ? - იმიტომ რომ, ვიღაც ბედოვლათებმა დაუყენეს მედიას მიზნად - ობიექტურად განიხილონ მოვლენები! სრული სულელი უნდა იყო, რომ გეგონოს რაღაც ასეთი „ობიექტურობა” საერთოდ არსებობს ბუნებაში და რომც არსებობდეს, სად არის მაშინ ჟურნალისტის შინაგანი ვალდებულება საზოგადოების წინაშე? ახლა თქვენ იკითხავთ: რას ემყარება ეს ვალდებულება? რას და „კატეგორიულ იმპერატივს”, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს; საკუთარი თავი მასზე გამართოს და შინაგანად ატაროს ეს პრინციპი - მით უმეტეს ჟურნალისტმა! აი ასეთი გონებაგახსნილი ჟურნალისტი, ისეთ „ობიექტურ” გადაცემას კი არ გააკეთებს „ხეპრეთა მოდგმის” იდეოლოგია/ქმედებების გაშუქებისას, რომ მიამიტი ხალხი დაიბნეს და შეცდომაში შევიდეს და უკულტურო „მონსტრი” ქართული სულის ანგელოზად დაინახოს, არამედ გადაცემას ისე წაიყვანს, რომ მოვლენებს ხ ა რ ი ს ხ ი ს მიხედვით ადგილი სწორად მიუჩინოს - ეს პირობა ხდის ჟურნალისტს დიდ და დასაფასებელ პროფესიად! ასეთი ჟურნალისტი ბევრია დასავლეთში, ჩვენში - პრაქტიკულად არა.

მაგრამ, ეს უცნაური უცხო სიტყვები - კატეგორიული იმპერატივი -  და ასეთი რამეები იცოდნენ იმ დალოცვილმა დიმიტრიმ, კოწიამ, გალაკტიონმა, ნიკოლოზმა - იმ არისტოკრატული სულიერების მატარებლებმა. ხეპრეების ჯიშის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველები კი „ასეთი რამეების” გაგებაში არ არიან - სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელო ფილოსოფია ჰგონიათ და მკერდზე დაკიდებული ჯვარი კი - რელიგია. (მახსოვს, ერთხელ ჩვენმა ერთ-ერთმა პრემიერმა ჯვარი გააძრო მკერდიდან და ჟურნალისტს არწმუნებდა - აი მე რელიგიური ვარო…)

სასწაული დაგვემართა… ნამდვილად! ჯერ ხომ ქართველი ეკლესიის „მკვდარ ღმერთზე” 20 წელი ირეოდა - სანამ ამ მკვდარმა ღმერთმა ციანიდიანი ენა არ გამოუყო და ეხლა… ხეპრე/ბაიათი-ჩეჩმა საკუთარ იდენტობად გაითავისა. 

სანსკრიტზე, რომელიც ინდოეთში მხოლოდ ფილოსოფია/რელიგიის ენაა, არსებობს ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ტერმინი ინდური სულიერებისთვის - „ვივეკა”, რაც გარჩევას, ხარისხის კვლევის უნარს ნიშნავს ადამიანში და სწორედ ამ უნარის მქონე ადამიანი სულიერ არსებად ითვლება, მისი არმქონე - არა…

ჩვენ კი, მოვლენის და ადამიანის ხარისხის შემფასებელი ზღვრის ხაზი დავკარგეთ, საიდანაც სულის არისტოკრატიზმისკენ გახედვის შანსი უჩნდებოდა ერს. როგორ აღვადგინოთ და სად ვეძებოთ ეს რუბიკონი?

ისევ ჩვენში: სადაც ხეპრეც მოიძიება და ის ამაღლებული არისტოკრატული სულიც. ოღონდ, ორიენტაცია არ უნდა შეგვეშალოს, გარჩევა/გარკვევის უნარი - მოვიძიოთ საკუთარ ბუნებაში - დავთრგუნოთ ჩვენში (და გარეთ) „ხეპრე” და ვიმოძრაოთ იქითკენ, საითაც მოძრაობდნენ ნატიფი სულიერების (ამ ტექსტში ბევრჯერ ნახსენები) ქართველები.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ამერ-იმერი ქუთაისში

ღვინოვ, კახურო! ამას წინათ ერთმა ინტერნეტმედიამ ჩვენს ოჯახზე სტატია გამოაქვეყნა, ვაზისა და ღვინის სიყვარულით დედაქალაქიდ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

სოლიდარობის მასტერკლასი

17 მაისს დემონსტრაციას ვატარებთ. მთავარი მესიჯი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიება და საქმეების შე ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

როგორ გვაღარიბებენ აფთიაქები

1. გავრცელებული ცრურწმენის საპირისპიროდ, საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნე ...

მეტი

^