Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღ-მე-რთი

30 ივლისი 2017

მსუბუქი მღელვარების ტალღამ გადაურა საზოგადოების ერთ-ერთ ნაწილს, როცა პრემიერმინისტრმა გამოაცხადა, რომ საქართველოში უადგილოა კლასიკური გაგებით სეკულარიზმი, ხოლო ჩვენს ერში სახელმწიფოს მოწყობის თურმე რაღაც უნიკალური მოდელი განისვენებს. ამ სიტყვებით იმ ადამიანმა თავისი რელიგიურობა გამოთქვა, ეგ იყო და ეგ. სხვა დანარჩენი ამის შედეგია. სადაც და რამდენადაც მორწმუნეა ადამიანი, იქ და იმდენად იგი თავს იტყუებს მთელი თავისი გულწრფელობის ძალით. არაფერია რელიგიურობაში ინდივიდუალური და, მით უმეტეს, ღრმად პიროვნული. ადამიანისგან განუყრელია სექსუალური და არა რელიგიური ორიენტაცია. ამიტომ სწორედაც უადგილოა რომელიმე რელიგიის უფლებებზე საუბარი იმ ქვეყანაში, რომელშიც ყველა სექსუალური ორიენტაცია და გენდერი არ არის სრულებით გათანაბრებული როგორც კანონის წინაშე, ასევე საზოგადოებრივ სამსჯავროზე. კოლექტიურია რელიგია და ამიტომ გვევლინება ხან მართლმადიდებლობის, ხან კი საბჭოთა კომუნიზმის სახით. რაც არ უნდა დაირქვას და დაიბრალოს, რელიგიას იოლად ამოიცნობ, რადგან მთელი მისი უსულგულო სხეული შედგება საკრალური ანუ დოგმატური მნიშვნელობის მქონე ტექსტებისა და რიტუალებისგან. ვინმე გარეწარი, ადრე კომკავშირში რომ ცოდვილობდა, ახლა ეკლესიაში მსახურობს. აქვე შევნიშნავ, რომ მაკვირვებს მხოლოდ, თუ ვინმე უშიშარი ადამიანია ხოლმე მორწმუნე და რელიგიური. მაგრამ თანმიმდევრულობა ხომ კიდევ უფრო იშვიათი თვისებაა.

არც ერთს არ ჩაუდენია ეს სისულელე, არც ღმერთს შეუქმნია ადამიანი და არც ადამიანს ღმერთი. ორივე მათგანი იმის ნახელავია, რასაც დროებით შეიძლება ეწოდოს რელიგია ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. უფრო ზუსტად, ვფიქრობ, საძიებელია სოციოკულტურული მექანიზმი, რომელიც არსებითად ერთსა და იმავე ჰიპოთეზას ავითარებს ერთდროულად ორი მიმართულებით. სახელდობრ, ზოგადად რომ ვთქვა, ესაა ერთი მხრივ ვარაუდი, რომლის თანახმად რეალურად არსებობენ ზებუნებრივი არსებები - ნიმფები, ჯინები, ღვთაებები, ანგელოზები ან ღმერთი და სხვანი; მეორე მხრივ კი ზოგ ორფეხა ცხოველში ბინადრობს რაღაც უცნაური არსება, რომელიც გრძნობს, ცნობიერად აღიქვამს, რომელსაც სტკივა და სიამოვნებს. როგორც ჩანს, ზებუნებრივი და უხილავი სუბიექტების გამოგონებაში გაწაფული რელიგია და ადამიანი, როგორც ცნობიერების მქონე და მის მიხედვით მოქმედი სუბიქტი, არსებითად ერთი და იმავე სოციოკულტურული და სრულებით არაცნობიერი ჰიპოთეზის საფუძველზე ვითარდება. სხვა სიტყვებით, ამა თუ იმ რელიგიაში არსებულად გამოცხადებული ზებუნებრივი პერსონაჟები, ვთქვათ, ღმერთი, არაცნობიერი სოციოკულტურული მექანიზმის ისეთივე  ნახელავია, როგორიც არის კონკრეტული ცნობიერების მქონე ინდივიდუალური სუბიექტი, ადამიანი.

ამრიგად, არც ღმერთი ქმნის ადამიანს და არც ადამიანი ქმნის ღმერთს. ადამიანი და ღმერთი ერთი ტოტის ორი განშტოებაა. საყოველთაოდ აღიარებული ჰიპოთეზის თანახმად ადამიანს აქვს რეალური, ობიექტურად არსებული, მაგრამ წარმავალი და ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანი სხეული. ხოლო ჩემი ჰიპოთეზის მიხედვით, სწორედ ამ სხეულის სიღრმეში ვითარდება განსაკუთრებული ბიო-ფიზიკური პროცესი - მენტალური მიტოზი - რომლის შედეგად ჩნდება სუბიექტურობა, როგორც ცნობიერების გარკვეული ჩარჩო. როგორც ჩანს, ადამიანის (და შესაძლოა სხვა სახეობების) სოციო-კულტურულ გარემოში მოქმედებს გარკვეული, ცხადია, არაცნობიერი ჰიპოთეზა, რომლის საფუძველზე შესატყვისი სოციოკულტურული მექანიზმი თანდათან ქმნის და ავითარებს სწორედ იმ შინაარსს, რომელიც სხეულის გავლით, ტვინის ინფორმაციულ ბირთვში მოხვედრისა და მენტალური მიტოზის შედეგად ხდება სუბიექტური ცნობიერების შინაარსი.

მაგრამ არავითარი ზებუნებრივი არსება, არავითარი ღმერთი არ არსებობს. ყოველ ასეთ ფანტასტიკურ არსებას იგივე მექანიზმი მიაწერს არსებობას სხვა მრავალ რამესთან. მხოლოდ სუბიექტურად ანუ გარკვეული აზრით „სანახევროდ“, მაგრამ მაინც არსებული ცნობიერებისგან განსხვავებით ღმერთები და ანგელოზები შესაბამისი რელიგიების გარდა სხვაგან არსად არ არსებობენ. ამიტომ ყველაფერი, რაც მათ მიეწერება, თვითონ ხდება ამ არარსებული არსებების სრულიად რეალური, ობიექტურად არსებული სხეული, რომელშიც იკრიბება საამისოდ საგანგებოდ განკუთვნილი, ეგრეთ წოდებული საკრალური რიტუალები და ტექსტები. ამიტომ ნათელია, რომ ათასწლოვანი და თანაც როგორ დაჟინებული პრეტენზიის მიუხედავად, რელიგია უკიდურესად მატერიალისტური რამაა, პრიმიტიულად მატერიალისტური. სწორედ რელიგია ქმნის და თვითონვე წარმოადგენს ღმერთის სრულებით უსულო სხეულს.

სამაგიეროდ, რელიგიის წარმომშობი იგივე სოციოკულტურული მექანიზმი ადამიანში ავითარებს სწორედ იმას, რასაც უწოდებენ სულს და რაც მოიცავს სუბიექტური ცნობიერების მრავალფეროვან შინაარს. ამიტომ, როცა ზემოთ ვთქვი, რომ ადამიანი შექმნა რელიგიამ ამ სიტყვის ფართო გაგებით, ის კი არ ვიგულისხმე, რომ რელიგიური კომპონენტი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა კულტურებსა და ეპოქებში. მე მხოლოდ იმ აზრის გამოთქმა მინდა, რომ კვაზირელიგიურია ის ჰიპოთეზა, რომელიც ერთ მხარეს ზებუნებრივ არსებებს თხზავს და ამკობს, ხოლო მეორე მხარეს ასევე თხზავს კონკრეტულ „სულს“, რომელსაც გრძნობის ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის, ტვინის გავლით ჩაჰბერავს ადამიანს. სუბიექტური შეგრძნებებით, გრძნობებით, აღქმებით, მოგონებებით, ათასნაირი გეგმითა და იმედით, ტკივილით და სიამოვნებით ავსებს კულტურა სუბიექტურ ცნობიერებას, ცნობიერ სუბიექტს.

ამ კვაზირელიგიურ, სოციოკულტურულ ჰიპოთეზას თუ მექანიზმს, როგორც ჩანს, არასოდეს არ გააჩნდა თავისი ნამოქმედარის შემოწმების არც სურვილი და არც საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ის ღმერთებს მოსთხოვდა კულტურისგან დამოუკიდებელი არსებობის დადასტურებას, რომელსაც მათი არარსებობის გამო, ცხადია, ვერ მიიღებდა. მეორე მხრივ, იგი ასევე მოითხოვდა ცნობიერების, სუბიექტურობის რეალურად არსებობის დადასტურებას, რაც კვლავ შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სუბიექტური ცნობიერება არ არსებობს, არამედ იმ მიზეზით, რომ სუბიექტურობის, ცნობიერების არსებობა სანახევროდ ფიზიკურია. რაც იმას ნიშნავს, რომ (ჩემი ჰიპოთეზის მიხედვით) სანახევროდ ფიზიკური, არა ობიექტურად, არამედ სუბიექტურად არსებული ცნობიერება თუმცა ბიოფიზიკური მიზეზების აუცილებელ შედეგს წარმოადგენს, თვითონ მოკლებულია ფიზიკურ სამყაროში რამენაირი შედეგის გამოწვევის უნარს (კაუზალურად ინერტულია). ეს კი ნიშნავს, რომ შეუძლებელია მასზე ობიექტურად დაკვირვება, რადგან ის ვერანაირ მიზეზშედეგობრივ ზემოქმედებას ვერ მოახდენს გრძნობის რომელიმე ორგანოზე ან ინსტრუმენტზე.

მოკლედ, რელიგია არის საგანგებო ტექსტებისა და რიტუალებისგან შედგენილი სხეული, რომელსაც მრავალი ან ერთადერთი ღმერთის სახელი ერქმევა. ამიტომ ღმერთი სხვა არაფერია ამ პირობითი სახელისა და ამ რელიგიური სხეულის გარდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული სოციოკულტურული მექანიზმი რელიგიის სახით ქმნის ღმერთად ან ღმერთებად წოდებულ სხეულს, რომლითაც ის „აწონასწორებს“ თავის მეორე ნახელავს - ადამიანის ცნობიერებას, სუბიექტურობას, რომელიც ყველაზე უფრო „სული წმიდაა“, მართლაც რომ ყველაზე ნაკლებად სხულებრივი რამაა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში.

ამის შედეგად, თუმცა თანდათან, საფუძველი გამოეცლება რელიგიურობასა და ნებისმიერ რელიგიას, ყველაფერი რელიგიური უბრალოდ გაქარწყლდება და, შესაბამისად, ნებისმიერი ღმერთი საბოლოოდ შეწყვეტს კიდეც თავის ეფემერულ არსებობას. ასე მოხდება თუ საბოლოოდ დავადგენთ, რომ ადამიანის ფენომენალური ცნობიერება და ცნობიერი სუბიექტურობა წარმოადგენს კრიტიკულ ზღვარს, რომლის მიღწევა რთულ სისტემას შეუძლია ობიექტურ, ფიზიკურ სამყაროში. ამ ცოდნით გაჟღენთილი სოციოკულტურული სისტემა ძველებურად განაგრძობს შინაარსებით ცნობიერებისა და სუბიექტურობის შევსებას. მაგრამ ის თანადათან „დარწმუნდება“, რომ სანახევროდ ფიზიკურ, მაქსიმალურად უსხეულო ცნობიერებას არ სჭირდება გაწონასწორება და შემოსვა რელიგიური სხეულით, ანუ ზედმეტია მისთვის ღმერთი. ამის შემდეგ ღმერთი საბოლოოდ გამოაშკარავდება, როგორც უსარგებლო ფიტული, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში სხეულად ერგებოდა განკერძოებულ სულს - ცნობიერებას, ცნობიერ სუბიექტს. მთელი სოციოკულტურული გარემო და შინაარსი გათავისუფლდება იმის შიშისგან, რომ რელიგიისა და ღმერთის გარეშე წონასწორობა დაირღვევა სამყაროში და ადამიანის „სული“ უფსკრულის თავზე გამოეკიდება უმწეოდ.

ამრიგად, ყოველგვარი ღმერთი და რელიგია განქარდება, თუ დადასტურდა ჩემი რამდენიმე ვარაუდი. მათგან აქ მხოლოდ ოთხს მოგახსენებ:

1) ცნობიერება კაუზალურად ინერტულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, როგორც ცნობიერ სუბიექტს, რომელიც პირთამდე სავსეა გრძნობებითა და შეგრძნებებით, ამის მიუხედავად თვითონ არც არანაირი შედეგის გამოწვევა არ შეუძლია სამყაროში, ანუ ვერაფერზე ვერანაირ ზეგავლენას უშუალოდ იგი ვერ მოახდენს; არამედ სამყაროში მოქმედებს მხოლოდ ცნობიერი სუბიექტის თანმხლები, მისი ერთდროული და პარალელური თითქმის ტყუპისცალი, ანუ სრულებით არაცნობიერი და ობიექტურად არსებული, ბიოფიზიკური და ინფორმაციული „სუბიექტი“;

2) მთელი ჩვენი კულტურა იქმნება, არსებობს და ვითარდება უმეტესად სწორედ ამ უნაყოფო სუბიექტურობის შესამოსად და შესავსებად. ესე იგი, კულტურა მოქმედებს თავისთვის სრულებით უხილავი და ამ აზრით არსებითად მიუწვდომელი სუბიექტურობის, ცნობიერების „გათვალისწინებით“;

3) სუბიექტურ ცნობიერებაზე ფოკუსირებული კულტურა, როგორც სისტემა, ზოგჯერ მაინც მით უფრო ნაყოფიერია წმინდა ევოლუციური თვალსაზრისით, მით უფრო კარგად ართმევს თავს სოციუმისა და ინდივიდის გადარჩენისა და გამრავლების ამოცანებს, რაც უფრო მეტადაა ფოკუსირებული თავისივე ნახელავ რელიგიასა თუ სუბიექტურ ცნობიერებაზე და, შესაბამისად, რაც უფრო პერიფერიულად განიხილავს საკუთრივ ბიოლოგიურ ამოცანებს.

4) ნამდვილ, ბიოლოგიურ სხეულში წარმოიშობა ცნობიერება და რაც დრო გადის, მას სულ უფრო ნაკლებად სჭირდება, მალე კი საერთოდ აღარ დასჭირდება სხვა, რელიგიური სხეული თუნდაც საუკუნეების განმავლობაში ნახლაფორთები ღმერთის სახით. 

რელიგიისა და ღმერთის ბალასტისგან საბოლოოდ გათავისუფლებულ კულტურაში ბევრად უფრო გაგვიადვილდება ჩვენი ცნობიერებისა და სუბიექტურობის ხელოვნურ სხეულში გადატანაზე ფიქრი. დრო და ენერგია, რომელიც რელიგიის თავიდან მოშორების შემდეგ გამოთავისუფლდება, ვფიქრობ, კიდევ უფრო ნაყოფიერად შეიძლება მოხმარდეს ადამიანის ცნობიერების ყველა შინაგანი შესაძლებლობის გამოკვლევასა და განვითარებას. გაგახსენებ, მკითხველო, რომ ჩემი ვარაუდით მხოლოდ ცნობიერებაა თავისუფალი ჩვენს სამყაროში სწორედ იმის წყალობით, რომ მას რაღაც აკლია. აკლია კი მას რამე შედეგის გამოწვევის უნარი, ანუ მიზეზად ყოფნის უნარი. მხოლოდ ცნობიერებაა მიზეზობრივად თავისუფალი. ამგვარი, დღემდე უჩვეულო და რამდენადმე გაუგონარი თავისუფლების შესწავლასა და ათვისებას უდავოდ ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და კულტურის მეტად თავმოყრილი გარჯა. ადამიანის კულტურა სამყაროში არსებული ალბათ უძლიერესი ჰალუცინოგენია, რომლის გამოყენება ჯერ წესიერად არც დაგვიწყია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^