Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯადოქარი ედინბურგიდან

31 ივლისი 2017

„მისტერ და მისის დარსლები, პრივეტ ტრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობდნენ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი საოცარი ამბავი გადახდებოდათ თავს“,  - ასე იწყება წიგნის პირველი ტომი, რომელიც ან ამ ფრაზიდანვე გიყვარდება, ან - არასდროს.

ყველაფერი „სპილოდან“ დაიწყო. ედინბურგში მდებარე პატარა კაფედან, რომელშიც ამოჩემებულ მაგიდასთან ახალგაზრდა ქალი ჭიქა ყავასა თუ ჩაისთან ერთად მთელი დღე იჯდა და წერდა. სახლისგან განსხვავებით, აქ თბილოდა და შოტლანდიური ზამთრის გადატანაც შედარებით იოლდებოდა.

რამდენიმე გამომცემლობიდან უარის შემდეგ, როულინგის წიგნის დაბეჭდვა „ბლუმსბერმა“ გარისკა. შემდეგ იყო მცირე დროში გაყიდული ტირაჟი, რიგები მაღაზიასთან, გულის გამაწვრილებელი ლოდინი ტომიდან ტომის გამოცემამდე. ეს ემოციები 90-იანების თაობას დეტალურად გვახსოვს. ვინ იცის, რამდენმა ჩვენგანმა დაიწყო ინგლისურად წიგნის კითხვა, იმიტომ, რომ თარგმანს ვერ დაელოდა. 

საინტერესოა, დაწერდა თუ არა როულინგი „ჰარი პოტერს“, რომ არა თანმდევი ტრაგედიები: დედის გარდაცვალება, ქმართან გაშორება, უმუშევრობა, დეპრესია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგად აქვს ასახული დემენტორებში. არსებებში, რომლებიც აზკაბანის ციხეში პატიმრებს იცავენ და ადამიანებს სხეულიდან ბედნიერებას სწოვენ. ადამიანის მსგავსი აღნაგობის არსებები შავ მოსასხამებს ატარებენ, საიდანაც სლიპინა, რუხი, ხრწნაშეპარული ხელები უჩანთ. პირი უფორმო, ბნელ ხვრელს უგავთ და მათ გამოჩენას არაბუნებრივი სიბნელე და სიჩუმე ახლავს თან. მასთან ბრძოლა ბედნიერი მოგონებებით და შოკოლადით შეიძლება. ყველა, ვისაც დეპრესია გამოუვლია, ამბობს, რომ ეს ამ დაავადების იდეალური აღწერაა.

 „ჰარი პოტერი“ ნაკლებად ჰგავს საბავშვო წიგნებს. მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ზღაპრულ სამყაროში ვითარდება, სოციალური მოწყობა რეალურისგან არ განსხვავდება. ბანკებთან ურთიერთობა, სასწავლებელი, სამინისტრო, ცხოვრების პირობები, საზოგადოებრივი წესრიგი, სისტემა - ჩვენი რეალობიდან არის აღებული. ჩამთრევი შინაარსის მიღმა კი საინტერესო ქვეტექსტები იკითხება.

თუ ნაწარმოებს წლების გამოტოვებით დაუბრუნდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ ახალ-ახალ ხასიათებს და რეალური ცხოვრების კრიტიკას. იპოვით სკანდალისტ ჟურნალისტებს, რომლებიც სხვების პირად ცხოვრებაში, ყოველგვარი ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე იქექებიან; მედიას, რომელიც ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი. ნახავთ, მთავრობას, რომელიც მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უმალავს; მინისტრებს, რომლებიც სასწავლებელზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ; სამინისტროს, რომლის არცთუ მცირე რესურსი მიდის განსხვავებულ აზრთან საბრძოლველად; ადამიანებს, რომლებიც სწორედ განსხვავებული აზრის გამო, შეურაცხადებად არიან მიჩნეული. იპოვით მასწავლებლებსაც, რომლებიც ფავორიტ მოსწავლეებს მშობლების ფინანსური მდგომარეობის მიხედვით არჩევენ.

„ჰარი პოტერი“ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. წიგნი ადამიანებისათვის, რომლებსაც, ასაკის მიუხედავად, სასწაულების სჯერათ; რომლებსაც ფანტაზიორობა უყვართ და სადღაც, გულის სიღრმეში მაინც უშვებენ პარალელური რეალობის არსებობას, რომელშიც ჰარი პოტერის სამყარო არსებობს.

 „ჰარი პოტერი“ სავსეა ურთიერთგამომრიცხავი სახეებით. თავად ავტორიც კი, დღემდე დარწმუნებით ვერ ამბობს, პროფესორი სნეიპი, ნაწარმოების ყველაზე იდუმალებით მოსილი გმირი, რომლის ნამდვილი ამბავი ფინალში ირკვევა, დადებითი პერსონაჟია თუ უარყოფითი. სამაგიეროდ, როულინგი დარწმუნებულია, რომ ალბუს დამბლდორი გეი იყო. 

ყოველი წლის ეს დღე „ტვიტერის“ ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ჰარი პოტერისა და ჯოან როულინგის დაბადების დღეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ეხმაურებიან და  საყვარელი ნაწარმოების ავტორს ზუსტად ისეთ სასწაულებს უსურვებენ, როგორიც მის გმირს ჰქონდა 31 ივლისის იმ შტორმიან ღამეს, როდესაც  ჰოგვორტსის ტყის მცველმა, ჰაგრიდმა, მიტოვებული სახლის კარი შეამტვრია და ჰარი პოტერს, დაკუჭული ყუთით სადაბადებისდღეო ტორტი მიართვა; მსოფლიოში ყველაზე მაგიური სიტყვებით: „შენ ჯადოქარი ხარ, ჰარი.“ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^