Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როზალინდ ფრანკლინის მტრებს: დიახ, დნმ-ის დავიწყებული გმირი

02 აგვისტო 2017

ამ სტატიას დიდი სიყვარულითა და მადლიერებით ვუძღვნი ლელა სებუას, რამეთუ მასთან ხანგრძლივი საუბრისა და შთამაგონებელი სჯა-ბაასის შემდეგ გადავწყვიტე სამეცნიერო ნაშრომის დაწერა ამ დიდებული მეცნიერის შესახებ

როზალინდ ფრანკლინი (1920-1958) ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ქიმიკოსი, მოლეკულური ბიოლოგიისა და კრისტალოგრაფიის ბრწყინვალე წარმომადგენელია. მაღალი წრიდან გამოსული ქალიშვილი ჯერ კიდევ 15 წლისა იყო, როცა მტკიცედ გადაწყვიტა - მეცნიერი გამხდარიყო და სიცოცხლის შესწავლისათვის მიეძღვნა ცხოვრება. სამწუხაროდ, მამამისს არ სურდა, მისი შვილი ამ გზას გაჰყოლოდა, რადგან მეცნიერება ქალისთვის შეუფერებელ საქმიანობად მიაჩნდა. ფენომენალური ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამორჩეული როზალინდი ბავშვობიდანვე იჩენდა ინტერესს ზუსტი მეცნიერებებისადმი; ეწაფებოდა მათემატიკას, ქიმიას, ფიზიკასა და ბიოლოგიას; ბრწყინვალე შეფასებებს იმსახურებდა სკოლაში; სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ლათინურ ენებს. დაამთავრდა ნიუნჰემის ქალთა კოლეჯი, 1941 წელს ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტში და ფიზიკური ქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი. 1945 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი. პიონერული კვლევა ჩაატარა ნახშირზე და ეს საკითხი დაამუშავა კიდეც თავის დისერტაციაში. «British Coal Utilisation Research Association (BCURA) »-მა შესთავაზა თანამშრომლობა და როზალინდიც დასთანხმდა. ეს წლები ძალზე ნაყოფიერი გამოდგა ახალგაზრდა მეცნიერისათვის. 1947 წელს მიიწვია ფრანგულმა ლაბორატორიამ - «Laboratoire Central des Services Chimiques de l'Etat ». სწორედ პარიზში დაეუფლა კრისტალოგრაფიას და თავი ისახელა, როგორც მეტად კომპეტენტურმა, კვალიფიციურმა და ბრწყინვალე მეცნიერმა. 1951 წელს კვლავ ლონდონში დაბრუნდა და კემბრიჯში, კინგსის კოლეჯში განაგრძო მუშაობა დნმ-ის სტრუქტურის გასაშიფრად. აუტანელი სამუშაო პირობების, კოლეგებთან გამწვავებული ურთიერთობისა და აკადემიურ სივრცეში გამეფებული სექსიზმის გამო, იძულებული გახდა, დაეტოვებინა კინგსი და ბაირბექის კოლეჯში გადასულიყო 1953 წლის მარტში. შესანიშნავი გარემო დახვდა იქ - კოლეგები საკადრის პატივს მიაგებდნენ და აფასებდნენ. მეცნიერმა ქალმა თავი დააღწია კინგსის კოლეჯში გაბატონებულ პატრიარქატს. ბაირბექში როზალინდი იკვლევდა ვირუსების სტრუქტურას, კერძოდ, თამბაქოს მოზაიკურ ვირუსსა და პოლიო ვირუსს. ეს იყო რევოლუციური, პიონერული კვლევები. ეს პერიოდიც ძალზე პროდუქტიული გამოდგა მისთვის. შორს დარჩა კინგსის პატრიარქალური, შავბნელი გარემო.

თუკი როზალინდ ფრანკლინის სიცოცხლეშივე აღიარეს მისი ღვაწლი ნახშირის, გრაფიტისა და ვირუსების კვლევაში, სამაგიეროდ, არ დაუფასეს დნმ-ის სტრუქტურის შესწავლაში შეტანილი უდიდესი წვლილი. დღემდე არ ჩამცხრალა ეს ცხარე დავა. ამჟამად ვწერ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც ამომწურავად გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას. ყველა მხარის (როგორც პროფრანკლინური, ასევე, ანტიფრანკლინური) პოზიცია, მოსაზრება და არგუმენტი სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი, შეჯერებული და შეპირისპირებული. გადავწყვიტე, წიგნის დამთავრებამდე გამოვაქვეყნო რამდენიმე ვრცელი სტატია, რათა ნათელი მოვფინო უმთავრეს პუნქტებსა და არგუმენტებს, ცალსახად რომ ადასტურებს როზალინდის უდიდეს ღვაწლს (მიუხედავად მისი ოპონენტებისა და მტრების გამალებული წინააღმდეგობისა, ყველა სამეცნიერო წყარო ერთხმად აღიარებს მის გადამწყვეტ როლს დნმ-ის სტრუქტურის გაშიფვრაში). შესაბამისად, ეს მწვავე დებატები ეხება არა ფრანკლინის დამსახურებას, არამედ - მხოლოდ და მხოლოდ იმას, თუ რამდენად საკადრისად დააფასეს როზალინდის ფუძემდებლური კონტრიბუცია; რატომ არ მიუთითეს არც კრიკმა და არც უოტსონმა იგი ორიგინალური წყაროს ავტორად, როცა თვითონ კრიკი ადასტურებს - ის ერთადერთი სამეცნიერო მასალა, რომელიც გამოიყენეს, როზალინდის მოპოვებული იყო. რატომ არ ახსენეს ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე მეცნიერი ქალის ესოდენ მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც (თავად კრიკი აღიარებს), ერთადერთი წყაროა, სტრუქტურის აგებაში რომ დაეხმარათ. შესაძლოა, ამ სტატიას მალევე მოჰყვეს მეორე ნაწილი.

მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში რამდენიმე მეცნიერი ცდილობდა დნმ-ის საიდუმლოს ამოცნობას. ნამდვილი სამეცნიერო რბოლა გაჩაღდა ლონდონში. მოპაექრეთა შორის იყვნენ: როზალინდ ფრანკლინი, ფრენსის კრიკი, ჯეიმს უოტსონი, მორის უილკინსი, ლაინუს პოლინგი, რეიმონ გოსლინგი, ალექს სტოუქსი და სხვები.

1952 წელს კრიკმა და უოტსონმა ორჯერ ააწყვეს დნმ-ის მცდარი მოდელი (სამმაგსპირალური). იმდენად ცუდი, უხარისხო და სუსტი აღმოჩნდა მათი ნამუშევარი, მწვავედ გააკრიტიკეს სამეცნიერო წრეებმა. მათ შორის, როზალინდ ფრანკლინმაც თვალის ერთი შევლებით დაიწუნა ეს უხეირო სტრუქტურა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლოურენს ბრაგმა, უბრძანა ამ ტანდემს - შეეწყვიტათ ყოველგვარი კვლევა-ძიება დნმ-ზე.

როზალინდმა და მისმა სტუდენტმა, რეიმონ გოსლინგმა (რომლის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელიც გახლდათ ფრანკლინი) რენტგენის სხივების დახმარებით გადაუღეს ფოტო დნმ-ს. ფრანკლინმა თავად დახვეწა ის აპარატი, რომლის წყალობითაც გადაიღეს ეს რევოლუციური ფოტო. ეს ლეგენდარული „51-ე ფოტო“, თვალნათლივ რომ აჩვენებდა დნმ-ის ორმაგსპირალურ ჯაჭვს, მორის უილკინსმა (როზალინდის უნებართვოდ) კრიკსა და უოტსონს - მეტოქე ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებს აჩვენა. ამან საბოლოოდ შეცვალა კაცობრიობის ისტორია. ,,51-ე ფოტო“ აღმოჩნდა გარდამტეხი შტრიხი დნმ-ის კვლევაში. უოტსონი თავის მემუარებში წერს: „როგორც კი დავინახე ეს ფოტო, ყბა ჩამომივარდა და გული გამალებით ამიძგერდა“. თუმცა, ნაადრევი აღმოჩნდა მისი სიხარული. ფოტოს სიცხადის მიუხედავად, განსასაზღვრი იყო ზუსტი რაოდენობა დნმ-ის ჯაჭვებისა; უნდა დაედგინათ განლაგება მოლეკულებისა. ეს ქიმიკოსის სამუშაო იყო.

უოტსონსა და კრიკს უნდოდათ არა მხოლოდ იმის დადასტურება, რომ დნმ იყო ორმაგსპირალური, არამედ სჭირდებოდათ ზუსტი კრისტალოგრაფიული გამოთვლები, მოლეკულური კალკულაციები და მათემატიკური ანალიზი. ეს ანალიზი სწორედ როზალინდ ფრანკლინმა წარმოადგინა საჯარო მოხსენებისას 1951 წლის შემოდგომაზე. ეს მოხსენება როზალინდს ჩაწერილი ჰქონდა თავის უბის წიგნაკში და საგულდაგულოდ ინახავდა ლაბორატორიის მაგიდის უჯრაში. 1953 წლის თებერვალში, უმნიშვნელოვანესი მასალებით დახუნძლული ეს წიგნაკი მეცნიერმა მაქს პერუცმა ლოურენს ბრაგს აჩვენა. მან კი კრიკსა და უოტსონს გადასცა (ცხადია, როზალინდის ნებართვის გარეშე, მის ზურგს უკან). რამდენიმე წლის შემდეგ, პერუცს ჰკითხეს, რატომ დაარღვია პროფესიული ეთიკა და რად მიაწოდა ავტორის დაუკითხავად ეს მასალები ბრაგს, კრიკსა და უოტსონს. მან მხოლოდ იმის თქმა შეძლო (ჟურნალ «Science »-ში გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება), რომ მაშინ ძალზე გამოუცდელი (!) იყო და ვერ ერკვეოდა (!) ადმინისტრაციულ საკითხებში. ,,51-ე ფოტო“ და ფრანკლინის ეს მოხსენება გახდა დნმ-ის სტრუქტურის გაშიფვრის საწინდარი. ამ მასალების გარეშე კრიკი და უოტსონი ვერ შესძლებდნენ მიზნის მიღწევას. შემდგომში კრიკმა აღიარა კიდეც, რომ ის სამეცნიერო მასალა, რომელიც ნამდვილად დაეხმარა მათ, როზალინდის მოპოვებული იყო; რომ როზალინდის კალკულაციების გარდა, არ არსებობდა (!) სხვა (!) რამ, რითაც იხელმძღვანელებდნენ.

კემბრიჯის ლაბორატორიის ტანდემმა ხელში ჩაიგდო ყველა მასალა, რომელიც სჭირდებოდა მოლეკულური კალკულაციების ჩასატარებლად და მოდელის ასაწყობად. ასე უნებართვოდ გამოიყენეს როზალინდის შემაჯამებელი მოხსენება, თუმცა არც კი უხსენებიათ ავტორის სახელი. დაირღვა წყაროს მითითების წესი. მეცნიერებმა დანაშაული ჩაიდინეს: პლაგიატი. როზალინდისაგან დასახელებული რიცხვები შეიცავდა დნმ-ის მოლეკულის უმთავრეს ელემენტებს შორის ფარდობით მანძილებს და სხვა გადამწყვეტ ინფორმაციებს. ფრანკლინის ამ მოხსენებაში, ასევე, ცხადად ეწერა, რომ აზოტოვანი ფუძეები დნმ-ის მოლეკულის სიღრმეში იმალებოდა, ხოლო შაქარფოსფატური ,,ხერხემალი“ კი მის გარეთ იყო (როცა კრიკმა და უოტსონმა ააწყვეს მცდარი მოდელი, ეს ხერხემალი სტრუქტურის შიგნით ჩაჩურთეს. როზალინდმა მაშინვე უთხრა, რა შეცდომაც დაუშვეს).

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს მოხსენება კონფიდენციალური იყო თუ საჯარო. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიეთითებინათ მისი ავტორი. კრიკსა და უოტსონს არ ჰქონდათ უფლება, თავი ამ აღმოჩენის ავტორებად გაესაღებინათ. გარდა ამისა, უოტსონი ამბობს: „ცხადია, როზი (!) თავისი ნებით (!) არ გადმოგვცემდა საკუთარ (!) მასალებს. მართლაც და, კინგსის კოლეჯში, კაციშვილმა არ იცოდა, ხელში რომ ჩაგვივარდა (!) მისი ფოტო“.

როზალინდმა დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად ჩაატარა ანალიზი. არა მხოლოდ ის დაადგინა, რომ დნმ იყო ორმაგსპირალური, ჰელიკაზური ჯაჭვი, არამედ, შეადგინა ფერმენტების, ფუძეთა წყვილებისა და შაქარფოსფატური „ხერხემლის“ განლაგების უზუსტესი და უცხადესი სურათი. ჩემი სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოვაჩინე როზალინდ ფრანკლინის თანამშრომლის, აარონ ქლაგის ინტერვიუ. მეცნიერი აღნიშნავს: ,,ჩვენ ვიცით ის, რაც არ იცოდა როზალინდმა - კრიკმა და უოტსონმა გამოიყენეს არა მხოლოდ როზალინდის რევოლუციური ,,51-ე ფოტო“, არამედ მის უნებართვოდ შეამოწმეს 1952 წელს დაწერილი მისი უმნიშვნელოვანესი მოხსენება, ერთგვარი დასკვნა, შეჯამება, სადაც შესაბამისი მათემატიკური კალკულაციები იყო აღწერილი. მე ზუსტად ვერ ვიტყვი, როზალინდმა იცოდა თუ არა, რომ კრიკმა და უოტსონმა ნახეს მისი მოხსენება. შეიძლება, ეჭვი ღრღნიდა კიდეც. არ ვიცი“. საუბარია MRS (Medical Research Council's)-ისთვის გაგზავნილ მასალებზე, როზალინდმა რომ შეადგინა. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კამათი  იმაზე, იყო თუ არა ეს დასკვნითი მოხსენება კონფიდენციალური. ნებისმიერ შემთხვევაში, კრიკსა და უოტსონს უნდა მიეთითებინათ ავტორის ვინაობა და ციტირების წესის სრული დაცვით ეხსენებინათ კალკულაციების ავტორი. გამოუქვეყნებელი წყაროც ჯეროვნად უნდა იყოს მითითებული სამეცნიერო სტატიაში. ამის გამო, როგორც უკვე აღინიშნა, მაქს პერუცმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

„როზალინდის ეს მასალები გადამწყვეტი აღმოჩნდა. სწორედ მათზე დაყრდნობით გამოთვალეს დნმ-ის სპირალთა დიამეტრი და ააწყვეს მოდელი“, - ამბობს როზალინდის თანამშრომელი, აარონ ქლაგი. აღსანიშნავია ისიც, რომ 1952 წელს დაწერილი ეს შეჯამება (როზალინდის) თითქმის სრულად ემთხვეოდა იმ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ დასკვნებს, ფრანკლინმა რომ ჩაატარა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1951 წლის შემოდგომაზე (თუმცა, ცხადია, კიდევ უფრო გამდიდრებული იყო მეცნიერული ცოდნით).

როზალინდის ლაბორატორიის წიგნაკმა ფარდა აჰხადა უდიდეს საიდუმლოს: მეცნიერი ქალი 1953 წლის 24 თებერვალს მივიდა დასკვნამდე, რომ დნმ იყო ორმაგსპირალური სტრუქტურის ბიოლოგიური მასალა. აღსანიშნავია ისიც, რომ როზალინდმა დამოუკიდებლად აღმოაჩინა დნმ-ის ორი სხვადასხვა ფორმა: „და“, ანუმშრალიდანოტიო“. იგი თავდაპირველად იკვლევდა მარტო ,,ფორმას; მთელი რვა თვის მანძილზე ასრულებდა ურთულეს მოლეკულურ კალკულაციებს და მხოლოდ 1953 წლის თებერვალში მიუბრუნდა ,,ფორმას, ანუ იმას, ,,51- ფოტოზერომ იყო გამოსახული. შედეგად, დაადგინა: დნმ-ის ორივე ფორმა, მშრალიც და ნოტიოც, სპირალური ფორმისა იყო. ამ დასკვნამდე მივიდნენ (ზუსტად იმ პერიოდში) კრიკიცა და უოტსონიც, ოღონდ, როზალინდის მასალებზე დაყრდნობით. ღვაწლმოსილ კრისტალოგრაფს უნდა გადაექცია თავისი აღმოჩენა მათემატიკური და ქიმიური კალკულაციებით გამყარებულ, მძლავრ, მკაფიო და ზუსტ მოდელად. ბედის ირონიაა, მაგრამ არ დასცალდა - კრიკმა და უოტსონმა დაასწრეს. კრიკმა შემდგომში აღნიშნა: კიდევ კარგი, არ ვნახე დნმ-ისფორმის კრისტალოგრაფიული სურათი, როზალინდს რომ ჰქონდა... რომ მენახა, თავგზა ამერეოდა“. საქმე ისაა, რომ დნმ-ის „ა“ ფორმის გამოსახულება არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას. კრიკსა და უოტსონს ხელში ჩაუვარდათ მხოლოდ“- კრისტალოგრაფიული სურათი, მკაფიოდ რომ აჩვენებდა სპირალურ მოყვანილობას. როზალინდი თავდაპირველად უარყოფდა „ა“ ფორმის სპირალურ სტრუქტურას და ამბობდა, რომ მხოლოდ ,,ბ“ ფორმა იყო ასეთი აგებულების. არ სურდა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა და შეცდომის დაშვება. გულმოდგინედ აკეთებდა საქმეს, ასრულებდა მოლეკულურ კალკულაციებს. როცა მისმა თავდადებულმა შრომამ დაადასტურა დნმ-ის ,,ა“ ფორმის სპირალური მოხაზულობა, კრიკსა და უოტსონს არ ჰქონდათ ნანახი „ა“-ს გამოსახულება. შესაბამისად, მათ მხოლოდ „ბ“ ფორმის ფოტოზე დაყრდნობით გამოიტანეს დასკვნა. კრიკს რომ თავიდანვე ენახა „ა“ ფორმა, როგორც თავად ამბობს, დაიბნეოდა და კიდევ კარგა ხანს მოუნდებოდა ამაზე მუშაობას. როზალინდი და კრიკ-უოტსონის ტანდემი ერთდროულად (1953 წლის თებერვალში) მივიდნენ ერთსა და იმავე დასკვნამდე (ასევე გავითვალისწინოთ, რომ 53 წლის იანვარში ჩაიგდო ხელთ კრიკ-უოტსონის ტანდემმა ის რევოლიციური ფოტო, ხოლო ერთი თვის შემდეგ, თებერვალში - როზალინდის უმნიშვნელოვანესი მასალები და მოლეკულური კალკულაციები), ოღონდ ამ სხვაობით: როზალიდნმა დამოუკიდებელი მუშაობის მეშვეობით აღმოაჩინა, რომ ორივე ფორმა სპირალური იყო, ხოლო უოტონსი და კრიკი მხოლოდ ,,ფორმაზე დაყრდნობით მივიდნენ იმავე დასკვნამდე და ისიც, როზალინდის უმნიშვნელოვანესი მასალების უნებართვოდ გამოყენების, პლაგიატობისა და პროფესიული ეთიკის სრული დარღვევის წყალობით. კრიკიც და ასევე, ფრანკლინის გავეშებულ მტერთა ამალაც ადასტურებს - არ არსებობდა სხვა მასალა, რომლითაც იხელმძღვანელებდნენ, ამიტომაც, როზალინდის დასკვნები გამოიყენეს. უფრო ადრე კი კრიკმა განაცხადა: ,,ჩვენ რომ არა, ცხადია, კინგსის კოლეჯიდან ერთადერთი ადამიანი შესძლებდა სტრუქტურის გაშიფვრას - როზალინდ ფრანკლინი. ორად-ორი ნაბიჯი აშორებდა საბოლოო მიზანს". უფრო ადრე კი თქვა: ,,მისი კრისტალოგრაფიული შრომები რომ არა, კიდევ რამდენიმე ათეული წლით გადაიდებოდა დნმ-ის მოდელის აწყობა". ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იყვნენ, ციტირების წესის სრული დაცვით მიეთითებინათ ორიგინალი წყარო. მათ მოიტყუეს და თავი გაასაღეს ამ აღმოჩენის ერთადერთ ავტორებად. თუკი გადამწყვეტი აღმოჩნდა როზალინდის მასალები (რასაც თავადვე აღიარებენ), ლოგიკური იქნებოდა, ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე გასაგებად ეთქვათ ეს, დაესახელებინათ, რომელ ნაშრომს დაეყრდნენ და ესაუბრათ ესოდენ მნიშვნელოვან მეცნიერზე, რომლის გარეშეც კიდევ მრავალი წლით გადაიდებოდა ,,მათი აღმოჩენა". ეს პლაგიატი და დანაშაულია.

1953 წლის 25 აპრილს, ჟურნალმა «Nature»-მა გამოაქვეყნა „კრიკისა და უოტსონის“ (გასაგები მიზეზის გამოა ჩასმული ბრჭყალებში) მოდელი. ცხადია, მათი სტატია დაბეჭდეს წინა გვერდზე, დიდი პომპეზურობით, ხოლო უკანა გვერდებზე გამოაქვეყნეს როზალინდის ნაშრომი, ისე, თითქოს მხოლოდ მისი კვლევები ადასტურებდა ამ მოდელის სისწორეს და არა - თავად იყო მისი შინაგანი სტრუქტურის აღმომჩენი. როზალინდს იმიტომ არ გამოუთქვამს პროტესტი, რომ არ იცოდა, მისი მასალები თუ გამოიყენეს. მათი სიძულვილით, მტრობით, სექსიზმითა და ზიზღით დაღლილმა ქალმა, ბაირბექის კოლეჯში გადასვლა გადაწყვიტა. საბოლოოდ უნდა გასცლოდა კინგსის კოლეჯის სულშემხუთავ და შემზარავ გარემოს. ფეხი არ დაუდგამს იმ საზეიმო წვეულებაზე, კინგსში რომ გაიმართა,,რევოლუციური“ პუბლიკაციების აღსანიშნავად 1953 წლის 25 აპრილს.

ფრანკლინი ისე გარდაიცვალა, ვერც კი გაიგო, კოლეგებმა რომ შეამოწმეს მისი მასალები; ვერ გაიგო, რაოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ფოტო და ლაბორატორიის წიგნაკი კრიკისა და უოტსონისათვის. როგორც როზალინდის და, ჯენიფერ გლინი (ქალიშვილობის გვარი - ფრანკლინი) ამბობს: „როზალინდი საშინლად განრისხდებოდა, გაცოფდებოდა და მომეტებული გამძვინვარებისაგან აფეთქდებოდა, რომ გაეგო - მის უნებართვოდ შეამოწმეს მისი მასალები. ჩემი და 37 წლისა გარდაიცვალა საკვერცხეების კიბოთი. არც კი იცოდა, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღოდა ამ აღმოჩენაში. ძალზე სამართლიანი ადამიანი იყო და მძაფრად განიცდიდა უსამართლობას“. გლინი, რომელმაც გამოაქვეყნა წიგნი: ,,ჩემი და - როზალინდ ფრანკლინი“, დასძენს: ,,ჩემს დას ხშირად წარმოაჩენენ მამაკაცთა სამყაროში მებრძოლ ქალად. როზალინდი, ალბათ, არ დაეთანხმებოდა მის ამგვარ აღწერას. ფემინისტურ სახე-ხატად გვისახავენ ჩემს დას. სულაც არაა საჭირო ასეთი გაზვიადება“.

არადა, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს: როზალინდი სწორედ რომ მამაკაცთა სამყაროში მებრძოლი მეცნიერი ქალის სახე-ხატია. ამას მოწმობს ისიც, რომ იგი მუდმივად ეჩეხებოდა სექსისტურ აზროვნებას; ხშირად ჩიოდა იმის გამო, რომ თავის კაც კოლეგებთან შედარებით, დაბალ ხელფასს უხდიდნენ, თუმცა, ერთი და იგივე თანამდებობა ეჭირათ ლაბორატორიაში და ერთ სამუშაოს ასრულებდნენ. ჯენიფერ გლინის სიტყვებს აბათილებს თავისივე (!) წიგნის მრავალი მონაკვეთი, სადაც ავტორი დაუფარავად საუბრობს იმაზე, რომ როზალინდი ხშირად გამოთქვამდა აღშფოთებას კინგსის კოლეჯში გამეფებული აშკარა სექსიზმის (!), პატრიარქატისა და თანამშრომელი კაცების დამამცირებელი დამოკიდებულების გამო. კინგსის კოლეჯში მომუშავე ქალებს (!) უფლება არ ჰქონდათ, თანამშრომელ კაცებთან ერთად ესადილათ ლაბორატორიის სასადილოში და ყავა დაელიათ კაფეტერიაში. როზალინდი იძულებული იყო, იმდენჯერ გასულიყო ლაბორატორიიდან ქუჩაში, რამდენჯერაც მოშივდებოდა. იგი სწორედ რომ ფემინისტური სიმბოლოა, რამეთუ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ ეპოქაში, როცა ქალებს არ ჰქონდათ სამოქალაქო უფლებები, მეცნიერება და აკადემიური სფერო მათთვის შეუფერებლად მიიჩნეოდა, გაბატონებული იყო ინსტიტუციონალიზებული სექსიზმი, უკიდურესი მიზოგინია, ქალთმოძულეობა და ა.შ. როგორც როზალინდის მეგობარი იხსენებს, მეცნიერი ხშირად ბრაზობდა იმის გამო, რომ კინგსის კოლეჯში ამრეზით უყურებდნენ მეცნიერ ქალებს, არ მიიჩნევდნენ სერიოზულ მეცნიერებად. ასეთი იყო უნივერსიტეტებისა და აკადემიების შინაგანაწესი და მთელი სოციალური სტრუქტურა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ კაცები აღშფოთდნენ, როცა პირველი ლექტორი ქალი, დოროთი გაროდი მიიღეს კემბრიჯში. როზალინდმა დასცინა მათ დრომოჭმულ, პატრიარქალურ აზროვნებას და მასხრად აიგდო აფორიაქებულ ხვადთა ერთობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კემბრიჯის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული ქალი იყო როზალინდი. როცა იგი ჩაირიცხა ამ სასწავლებელში, უნივერსიტეტმა სულ რამდენიმე წლით ადრე გაუღო კარი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს: მანამდე ქალს აკრძალული ჰქონდა უმაღლესი განათლების მიღება. ამიტომაც, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, როზალინდის და ისტორიული კონტექსტის გაუთვალიწინებლად მსჯელობს. ერთი მხრივ, ამბობს, რომ არაა საჭირო სექსიზმზე ხაზგასმა, თუმცა, მეორე მხრივ, თავადვე (!) აღიარებს, რომ მისი და ხშირად გამოხატავდა აღშფოთებას სექსიზმის (!) გამო და ილაშქრებდა პატრიარქალური (!) უსამართლობის წინააღმდეგ.

დღემდე არ წყდება დავა როზალინდ ფრანკლინის ღვაწლის აღიარების შესახებ. ფემინისტური მოძრაობა სექსიზმში ადანაშაულებს უოტსონს, კრიკსა და უილკინსს (სრულიად სამართლიანად). როზალინდი იქცა სახედ პატრიარქატს შეწირული მეცნიერი და ხელოვანი ქალებისა. ის მეცნიერებიც კი, რომლებიც გავეშებით ეწინააღმდეგებიან როზალინდ ფრანკლინის ღვაწლის აღიარებას და ამბობენ, რომ ყოველივე ეს ,,ფემინისტური პროპაგანდაა"; რომ ,,არავითარი ფაქტი არ ადასტურებს მეცნიერი ქალის მასალების უნებართვოდ შემოწმების ,,მითს"(!)“; რომ როზალინდი სულაც არ ყოფილა სექსიზმის მსხვერპლი - სწორედ ეს ადამიანები, თავიანთი მსჯელობის ბოლოს, თავადვე ადასტურებენ საკუთარი მოსაზრებების სიმცდარეს: 1) ვერავითარი არგუმენით ვერ ამტკიცებენ, რომ როზალინდის ღვაწლის აღიარება ,,ფემინისტური პროპაგანდაა". პირქით: არაერთი ფაქტი ცხადჰყოფს საპირისპიროს: MRC-ისთვის დაწერილი დაწვრილებითი მოხსენება, სადაც როზალინდმა ჩამოაყალიბა უზუსტესი მათემატიკური და მოლეკულური კალკულაციები, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი გახდა დნმ-ის სპირალების დიამეტრის განსაზღვრა და სტრუქტურის აგება, ყოველგვარი წესის დარღვევით გადასცა მაქს პერუცმა კრიკსა და უოტსონს. ნებისმიერ შემთხვევაში (იმის მიუხედავად, კონფიდენციალური იყო, თუ არა ეს მასალები), კრიკსა და უოტსონს უნდა მიეთითებინათ წყარო. როგორც უკვე ითქვა, კრიკიც აღიარებს, რომ არა დოქტორ ფრანკლინის სამეცნიერო მასალა, დნმ-ის სტრუქტურის გაშიფვრა ათეულობით წლით შეყოვნდებოდა, ან სულაც, შეუძლებელი გახდებოდა; 2) ფრანკლინის მოწინააღმდეგეები გვარწმუნებენ, რომ როზალინდი სულაც არ შესჩეხია სექსისტურ აზროვნებას, მაგრამ რამდენიმე აბზაცის ქვემოთ, თავადვე წერენ _ როზალინდს უფრო ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე - მის კაც თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თანამდებობა ეჭირათ და ერთ საქმეს ასრულებდნენ; რომ ფრანკლინი ,,აღშფოთებითა და გავეშებით აპროტესტებდა“ სქესთა უთანასწორობისა და უსმართლობის ყოველგვარ გამოვლინებას. გარდა ამისა, სწორედ ფრანკლინის ,,დემითოლოგიზაციის" მომხრე სექსისტი მეცნიერები ვერ არიდებენ თავს იმ ფაქტს, რომ მაინცდამაინც ქალებს ეკრძალებოდათ ლაბორატორიის სასადილოში შესვლა. ეს სწორედ რომ ქალის დისკრიმინაცია და სექსიზმია; სექსისტის უდიდესი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ვერასოდეს ამჩნევს სექსიზმსა და ჩაგვრას; 3) ფრანკლინის მტრები ვერანაირად ვერ ახერხებენ იმის უარყოფას, რომ უოტსონმა მეტად სექსისტური და დამამცირებელი ეპითეტებით შეამკო ფრანკლინი თავის წიგნში „ორმაგ სპირალში“; წარმოაჩინა არაკომპეტენტურ, საზიზღარ, გულისამრევ ჰარპიად, ,,ლურჯწინდად“, რომელსაც საკუთარი მასალების ინტერპრეტაციაც კი არ შეეძლო. როზალინდის სამეცნიერო უბის წიგნაკი საპირისპიროს ამტკიცებს (კრიკმაც აღიარა, რომ ის, უოტსონი და უილკინსი ყოველთვის „მეურვეულ“ დამოკიდებულებას იჩენდნენ მისდამი); უოტსონი მწვავედ გააკრიტიკეს როზალინდის დამცირების გამო, მათ შორის, მეცნიერი ქალის ყოფილმა კოლეგებმა და მეგობრებმა. მათ უთხრეს უოტსონს, რომ უღირსი საქციელი ჩაიდინა; რომ როზალინდი ბრწყინვალე მეცნიერი იყო და უოტსონის მონაჩმახი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს; 4) როზალინდი სხვების დაუხმარებლად მივიდა დასკვნამდე, რომ დნმ იყო ორმაგსპირალური; 5) დამოუკიდებლად აღმოაჩინა, რომ დნმ-ს ჰქონდა ორი ფორმა, „ა“ და „ბ“, ანუ ,,მშრალი" და ,,სველი". სწორედ მან გამოთვალა წყლის ზუსტი რაოდენობა მოლეკულაში; 6) დაადგინა - შაქარფოსფატური „ხერხემალი" იყო დნმ-ის ჯაჭვის გარეთ და არა - შიგნით, როგორც კრიკს, უოტონს, უილკინსსა და ლაინუს პოლინგს ეგონათ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა დნმ-ის შიდა სტრუქტურის განსაზღვრის თვალსაზრისით; 7) აღმოაჩინა, რომ დნმ-ს ჰქონდა მოზრდილი და მომცრო „ღარები“, რომ მოზრდილი ღარი 5/3-ჯერ უფრო დიდი იყო.

ფრანკლინის მოწინააღმდეგენი აცხადებენ - რაკი როზალინდი ბაირბექის კოლეჯში გადასვლას აპირებდა, ამიტომაც, კინგსის კოლეჯის საკუთრება გახდა მისი ყველა ნამუშევარი, კვლევა და ჩანაწერი. ეს „არგუმენტი“ ვერანაირად ვერ გამოდგება ვერც უოტსონის, კრიკის, უილკინსისა და აგრეთვე, ვერც მაქს პერუცის გასამართლებლად. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვა მეცნიერის მოპოვებული მასალის უნებართვოდ გამოყენების არავითარი უფლება არა აქვს მეცნიერს - ეს პლაგიატია. მეორე რიგში, იმიტომ ვერ გამოდგება მათ გასამართლებლად, რომ როზალინდის მოხსენებები, მათემატიკურ-მოლეკულური კალკულაციები და ნაშრომები მისი ინტელექტუალური საკუთრება იყო. ამ მასალების ფაქტობრივ-ქონებრივი ფლობა-განკარგვის უფლება ჰქონდა კინგსის კოლეჯს, ციტირების შესაბამისი წესის დაცვით. ინტელექტუალური საკუთრება ავტორს რჩება, მიუხედავად იმისა, მიდის, თუ არა იმ დაწესებულებიდან, სადაც თავისი ნაშრომი დაასრულა. შესაბამისად, წყაროს მითითება ხდება არა ასე: ,,მოხსენება“, ,,51- ფოტო“, 1952 წელი, ავტორი: კინგსის კოლეჯი“, არამედ ასე: ,,გამოუქვეყნებელი მოხსენება“, 1952 წელი, ავტორი: როზალინდ ფრანკლინი.“ შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველსაა მოკლებული იმის თქმა, რომ რაკი როზალინდმა სხვა დაწესებულებაში გადასვლა განიზრახა, ამიტომაც, მას ჩამოერთვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება თავის ნაშრომზე. დამატებით, ისიც აღსანიშნავია, რომ უილკინსმა 1953 წლის იანვრის ბოლოს აჩვენა ეს ფოტო უოტსონს, ხოლო როზალინდი 1953 წლის მარტის შუა რიცხვებში გადავიდა ბაირბექის კოლეჯში. 1953 წლის 7 მარტით დათარიღებულ წერილში (რომელიც უილკინსმა მისწერა კრიკს), ვკითხულობთ: „ვგონებ, საინტერესო რაღაც უნდა შეგატყობინო: მომავალ კვირას დაგვტოვებს ჩვენი შავბნელი ლედი (საუბარია ფრანკლინზე. უილკინსმა შეარქვა ეს მეტსახელი). მთელი სამგანზომილებიანი მასალები უკვე ჩვენს ხელშია (...) ახლა კი უნდა დავფაცურდეთ და სასწრაფოდ შევუდგეთ საქმეს. დიდხანს არ გასტანს ეს ამბავი“. როგორც უკვე ითქვა, როზალინდის წასვლა არ აძლევდა მათ მისი მასალების გამოყენების უფლებას წყაროს მითითების გარეშე. მეცნიერი დოროთი ჰოჯკინი აღნიშნავს, რომ 1953 წლის აპრილში, იგი სიდნი ბრენერი, ჯეკ დიუნიცი, ლესლი ორჯელი, ბერილ აუგთონი და სხვა მეცნიერები ოქსფორდიდან კემბრიჯში გაემგზავრნენ დნმ-ის იმ საბოლოო მოდელის სანახავად, კრიკმა და უოტსონმა რომ ააწყვეს; 1953 წლის თებერვალში მაქს პერუცმა გადასცა მათ ფრანკლინის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მასალები. აარონ ქლაგიც ამას ადასტურებს. ფრანკლინის მტრები ამბობენ, რომ პერუცს,,ცუდი“ არაფერი ჩაუდენია; რომ სრული უფლება ჰქონდა, ფრანკლინის მასალები გადაეცა მათთვის; რომ აქ სექსიზმი არაფერ შუაშია; და ფრანკლინი რომ კაცი ყოფილიყო, მაინც ასე მოექცეოდნენ. ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს: მაქს პერუცმა ბოდიში მოიხადა ამ არაეთიკური საქციელის გამო 1969 წლის 27 ივნისს. მან 50-მდე წერილი მიიღო, როდესაც გამოაშკარავდა, რომ ფრანკლინის უნებართვოდ გადასცა ეს მასალები ბრაგს, კრიკსა და უოტსონს. ,,ცუდი“ ის ჩაიდინეს, რომ ისე გამოიყენეს მისი მასალები, არც კი ახსენეს მისი სახელი. წყაროს მითითებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. სექსიზმი და პატრიარქატი კი სწორედაც რომ ,,შუაშია“, რამეთუ ფრანკლინი მუდმივად აწყდებოდა სექსისტურ დამოკიდებულებას ლაბორატორიაში - ამაზე მეტყველებს არაერთი წყარო და თვით ფრანკლინისადმი ცუდად განწყობილი უოტსონის მემუარები. ,,ფრანკლინი რომ კაცი ყოფილიყო, მაინც ასე მოექცეოდნენ“  - ძალზე სუსტი არგუმენტია, რამეთუ არც ერთი კაცი მეცნიერის მასალები არ გამოუყენებიათ კრიკსა და უოტსონს წყაროს მითითების გარეშე. მეტიც: როცა უილკინსმა უოტსონს მალულად აჩვენა „51- ფოტო“, კრიკმა და უოტსონმა სწორედ უილკინსს შესთავაზეს, ისიც გამხდარიყო 1953 წლის 25 აპრილს გამოსაქვეყნებელი მათი რევოლუციური სტატიის თანაავტორი. დიახ, უილკინსს შესთავაზეს და არა - ფრანკლინს, რომელიც იყო ორიგინალური წყაროს ავტორი. ქალისთვის არ შეუთავაზებიათ ეს, რადგან მის ზურგს უკან მოიპოვეს მისი მასალები. შემდგომში, უილკინსმა ინანა (!), რომ არ დასთანხმდა კრიკისა და უილკინსის შეთავაზებას თანაავტორობის შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ კი ისიც ინანა (!), როზალინდის რევოლუციური ფოტო რომ აჩვენა უოტსონს. სინანული ვერაფერს შეცვლის, ჩემო უოტსონ, კი არა, უილკინს. მთავარია აკადემიური შრომის კულტურა და პლაგიატისაგან დაცვა.

ფრანკლინის მტრები ამბობენ - რაკი უილკინსი და ფრანკლინი ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს და მწვავე უთანხმოება ჰქონდათ. ამიტომაც, კრიკი ვერ მოიხსენიებდა ფრანკლინს ასე გამორჩეულად. ვერ გაუსვამდა ხაზს მის ღვაწლს, რომ უილკინსის მოერიდა და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კრიკი და უოტსონი არაეთიკურად მოიქცნენ და უსინდისოდ მიისაკუთრეს სხვისი ნაშრომები. რატომ შეუშალა ხელი კრიკს ფრანკლინისა და უილკინსის პირადმა კონფლიქტმა? ეს ვერანაირად ვერ გამოდგება მის გასამართლებლად. წყარო ეკუთვნოდა ფრანკლინს და შესაბამისად, ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, მისი ღვაწლისთვის უნდა გაესვა ხაზი კრიკს - ამას მოითხოვს პროფესიული ეთიკაც, ციტირების წესიც და აკადემიური შრომის ელემენტარული სტანდარტიც. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარებს დასკვნა, რომ განგებ არ მიუთითეს წყარო, რადგან მასალები გადასცეს მალულად, როზალინდის უნებართვოდ. ფრანკლინის მტრები გვარწმუნებენ - კრიკი უილკინსს „მოერიდა“ და ამიტომ არ აღნიშნა ფრანკლინის ნაშრომები, როგორც პირველად წყარო, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, როცა „აღარ განიცდიდა უილკინსის ზეწოლას“, გულწრფელად აღიარა, რომ ფრანკლინის მასალების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მათი სტრუქტურის ფორმულირება. უცნაურია, რა ზეწოლაზეა საუბარი. არავითარი წყარო არ არსებობს ამის დასადასტურებლად. მიუხედავად ამისა, რომც მომხდარიყო მსგავსი ფაქტი, პროფესიული ეთიკა ავალებდა კრიკს ფრანკლინის, როგორც საჭირო კალკულაციების შემსრულებლისა და კვლევის ავტორის მითითებას. რაკი არ მიუთითა, ეს პლაგიატობის კლასიკური მაგალითია. აღსანიშნავია ისიც, რომ 1962 წელს, როცა ნობელის პრემია მიიღეს უოტსონმა, კრიკმა და უილკინსმა, საზეიმო ცერემონიაზე არც კრიკს და არც უოტსონს არ უხსენებიათ როზალინდის უდიდესი დამსახურება და არც მისი დასკვნითი მოხსენება, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა დნმ-ის მოდელის გაშიფვრაში. ბედის ირონია: მხოლოდ უილკისნმა (!) მოიხსენია ფრანკლინი და ისიც, გაკვრით. საინტერესოა: ამჯერადაც უილკინსმა (!) დაუშალა კრიკს (!) ფრანკლინის ხსენება, როცა თავად (!) მოიხსენია იგი? რამ შეუშალა ხელი კრიკს? რამ შეაყოვნა? ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველსა და საღ აზრსაა მოკლებული ამგვარი ვარაუდი. უილკინსისადმი კეთილგანწყობა კრიკს არ ათავისუფლებდა უმთავრესი აკადემიური მოვალეობისაგან - მიეთითებინა როზალინდი, როგორც ავტორი.

ფრანკლინის ოპონენტები გვარწმუნებენ - როზალინდს არასოდეს უსაყვედურია კრიკისათვის; რომ ერთხელაც კი არ უთქვამს მისთვის, რატომ გამოიყენეთ ჩემი მასალებიო; რომ თავის დღეში არ წამოუჭრია ეს საკითხი; რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან დაუახლოვდა კრიკსა და მის მეუღლეს, ოდილს და ა.შ. ირონიულ ღიმილსაც კი იწვევს ის, რომ ფრანკლინის ,,გაშავების“ მომხრეებს ავიწყდებათ ერთი მთავარი ფაქტი: როზალინდმა არ იცოდა, მოდელის აწყობამდე რომ შეამოწმეს როგორც მისი უმნიშვნელოვანესი მოხსენება (რომელიც გახდა სტრუქტურის გაშიფვრის საფუძველი), ასევე, რევოლუციური ,,51-ე ფოტო“. ცხადია, ფრანკლინი ვერ შეედავებოდა იმაზე, რაც არ იცოდა. იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ წამოჭრიდა ამ საკითხს, რომ არასოდეს მისულა მის ყურამდე ის ამბავი, როგორ აჩვენა პერუცმა მისი ფუძემდებლური მასალა ლოურენს ბრაგს, კრიკსა და უოტსონს. ლოგიკურია, ვერ დაუწყებდა კამათს ამაზე. ფრანკლინის მოწინააღმდეგენი თავადვე ადასტურებენ მასალების უნებართვოდ გადაცემის ფაქტს, თუმცა, ამბობენ, რომ მათ „ცუდი არაფერი ჩაუდენიათ“. წყაროს მითითების გარეშე მასალის გამოყენება პლაგიატია. ამ მოვლენას ,,ცუდზე“ ბევრად უფრო უარესი ზედსართავი მოეძებნება აკადემიურ სფეროში. ფრანკლინის მტრები ამბობენ, რომ კინგსის კოლეჯში ,,ქალებს და კაცებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც თანასწორთ“. თუკი ეს სიმართლეა, მაშ, რატომ არსებობდა ქალთა და მამაკაცთა ხელფასების უთანასწორობა? ფრანკლინი ზუსტად იმ სამუშაოს ასრულებდა, რასაც მისი კაცი კოლეგები და როგორც თავად ფრანკლინის ოპონენტები ადასტურებენ, იგი გავეშებით აპროტესტებდა ამგვარ უთანასწორობას. გენდერული სეგრეგაცია აშკარაა, რადგან ქალებს არ უშვებდნენ ლაბორატორიის კაფეტერიასა და სასადილოში. ფრანკლინმა გაამასხარავა კოლეგა კაცები, რომლებიც შეაშფოთა პირველი ქალი ლექტორის დანიშვნამ. უცნაურია, რატომ არ მიაჩნიათ ყოველივე ზემოჩამოთვლილი ქალთა დისკრიმინაციად ფრანკლინის მტრებს? ცხადია, დაჩლუნგებული აქვთ სექსიზმის აღქმის უნარი და აშკარად ვერ ამჩნევენ ამ უცხადეს ჩაგვრასა და გენდერულ უთანასწორობას, რომელსაც თავადვე (!) ადასტურებენ.

როზალინდ ფრანკლინმა სრულიად ახალი გეზი მისცა როგორც მეცნიერებას, ასევე, აგროკულტურას. ახალი სიტყვა თქვა თავისი პიონერული კვლევებით ნახშირის სტრუქტურის შესახებ: მის აღმოჩენებზე დაყრდნობით შექმნეს აირწინაღების სულ სხვაგვარი მოდელი და ასე იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის დროს. აგრეთვე, რევოლუციური კვლევები ჩაატარა ვირუსების სტრუქტურის გასაშიფრად. 1953 წლის მარტში რომ გადავიდა ბაირბექის კოლეჯში, თავად განსაზღვრა თამბაქოს მოზაიკური ვირუსის სპირალური აგებულება კრისტალოგრაფიული მეთოდის დახმარებით. გამოაქვეყნა პიონერული კვლევა, რომლის წყალობითაც თავდაყირა დააყენა დამკვიდრებული იდეები; დაამხო ცნობილი ვირუსოლოგის, ნორმან ფაირის მოსაზრებები და მართალიც აღმოჩნდა. მისი იდეების სისწორე დამტკიცდა მისი სიკვდილის შემდეგ. სამწუხაროდ, დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1956 წელს შეიტყო, რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავდაუზოგავად შრომობდა. 1957 წელს დაფინანსება მოითხოვა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისაგან, რათა ბაირბექის კოლეჯს გაეგრძელებინა კვლევა-ძიება. მიზანს მიაღწია - 10 000 სტერლინგი გამოუყვეს. ასეთი მსუყე თანხა არასოდეს მიუღია ამ დაწესებულებას. ამავე წელს მიიწვიეს ბრიუსელში, ცნობილ სიმპოზიუმზე, სადაც უნდა წარმოედგინა ვირუსის სამგანზომილებიანი მოდელი. გახარებული როზალინდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა მოახლოებულ გამოფენაზე; სიამაყით ამბობდა - მალე წარვუდგენ ხალხს ჩემს მოდელსო... სამწუხაროდ, არ დასცალდა: ისე დასუსტებული და დაუძლურებული იყო, ვერ შეძლო გამგზავრება. 1958 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა ლონდონში. მეორე დღეს, 17 აპრილს, მისმა თანამშრომლებმა სევდანარევი სიამაყით გამოფინეს მაგიდის ჩოგბურთის ბურთებითა და ველოსიპედის სახელურებით აწყობილი მისი მოდელი. საუბედუროდ, ვერ მოესწრო ამ ნალოლიავები ნამუშევრის ხილვას, ვერ იამაყა თავისი ნახელავით. დასნეულებულმა ქალმა არაერთი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის მტანჯველი კურსი გადაიტანა. მიუხედავად ყველაფრისა, ღონემიხდილი და სასოწარკვეთილი, მუხლჩაუხრელად იბრძოდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. მისი უსასოობა, თავდადება, გულმოდგინება და შეუდრეკლობა გულს უკლავდა მისსავე კოლეგებს. ვერაგმა სენმა საბოლოოდ დარია ხელი და ულმობლად ჩაასო თავისი ბასრი კლანჭები, მაგრამ თითქმის მთლად დავრდომილი როზალინდი მაინც არ ჰყრიდა ფარ-ხმალს, გაჭირვებით მიბობღავდა ხოლმე ბაირბექის კოლეჯის კიბეებზე, მთელი ძალით ეყრდნობოდა ხელისგულებსა და მუხლებს; ერთიანად აკანკალებული, შესაბრალისად მიფორთხავდა დერეფანში, საწყალობელი კვნესა-კვნესითა და ვაებით მიიწევდა ერთი ლაბორატორიიდან მეორისაკენ. სასიკვდილო სარეცელზე მწოლმა, დახმარების ხელი გაუწოდა გაჭირვებულ კოლეგებს. 3 000 ფუნტი და თავისი მანქანა დაუტოვა აარონ ქლაგს, რომელიც უმწვავეს ფინანსურ კრიზისს ებრძოდა. 1000 ფუნტი უსახსოვრა თავის ორ მეგობარს, რათა ამ უკანასკნელთ შესძლებოდათ შვილებისთვის განათლების მიცემა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო მოწვევა ვენესუელის ერთ-ერთი ლაბორატორიისაგან - ერთი წელი უნდა ემუშავა კარაკასში. გახარებულ ქალს, სასთუმალთან ედო ეს დოკუმენტი. სწორედ 16 აპრილს უნდა წაეკითხა თავისი უკანასკნელი სამეცნიერო სტატია. სამწუხაროდ, არც ეს არ დასცალდა - მაინცდამაინც იმ დღეს გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როცა მის უკანასკნელ ნაშრომს კითხულობდნენ, მის მაგნუმ ოპუსს, მის გედის სიმღერას. ცრემლმორეული კოლეგები იხსენებენ ამ ბრწყინვალე მეცნიერის რევოლუციურ შრომას, თავდადებას, პიონერულ კვლევებს. იხსენებენ მის სიკეთეს, გულუხვობას, თავაზიანობას, მეგობრულ კეთილგანწყობას, სილაღეს, მხიარულებას, სიხალასეს, მის ნიჭს, საოცარ კომპეტენციას, სიძლიერეს, გამბედაობას, სიმამაცესა და სიმტკიცეს. ყველა მისი თანამშრომელი ერთხმად გმობს უოტსონის სიმდაბლეს, ურცხვ და უტიფარ სიცრუეს, უღირსობასა და უსინდისობას; იმ კაცის ზღვარგადასულ თავხედობასა და სიბილწეს, დრო რომ იხელთა და საშინლად დაამცირა ასე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მეცნიერი ქალი. ის ხომ ვეღარ შეძლებდა თავის მართლებას, ვერც სიმართლის თქმას? საბედნიეროდ, გამოჩნდნენ კეთილსინდისიერი მეცნიერები (მათ შორის, კრიკსა და უილკინსსაც კი ეყოთ ნამუსი - დაუნდობლად გააკრიტიკეს უოტსონი ამ ამაზრზენი საქციელის გამო), ხმა აღიმაღლეს როზალინდის დასაცავად; იმ დიდებული ადამიანის გამოსასარჩლებლად, რომლის ნათელი ხსოვნაც ასე უდიერად შებღალეს, ჩირქი მოსცხეს მის სახელს და უნიჭო ლურჯწინდა უწოდეს. როზალინდ ფრანკლინი, - დნმ-ის შავბნელი ლედი; მიჩქმალული, ჩრდილში დარჩენილი დედოფალი, უდიერად რომ მოეპყრნენ კოლეგები, დიდი უღირსობა და უსამართლობა გამოიჩინეს, განგებ დააკნინეს მისი ღვაწლი; როზალინდ ფრანკლინი  - „მატილდას ეფექტის“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი; როზალინდ ფრანკლინი - სექსიზმს შეწირული მეცნიერი ქალის სიმბოლო, ფემინისტური სახე-ხატი; დავიწყებული გენია, დაკარგული გმირი, ძალზე გვიან რომ ეღირსა სახელი და დიდება. სტრუქტურული, ინსტიტუციონალიზებული სექსიზმის, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობისა და სამეცნიერო-აკადემიური პატრიარქატის წინააღმდეგ მედგრად მებრძოლი ქალი. სამარადჟამო დიდება და არდავიწყება როზალინდ ფრანკლინს. დაე, სიკვდილის შემდეგ მიეღოს იმაზე ბევრად დიდი ჯილდო, ვიდრე ნობელის პრემიაა (რომელიც უთუოდ დაიმსახურა). უოტსონის, კრიკისა და უილკინსისაგან განსხვავებით, ჩვენ უნდა დავაფასოთ მისი ღვაწლი და საკადრისი პატივი მივაგოთ ამ დავიწყებულ გმირს. დიახ, დავიწყებული გმირი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^