Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ შევხვდებით

29 აგვისტო 2017

30 წამი „მარშუტკიდან“ ჩამოსასვლელად და მოსაწყობად, წავიდა დროოო...

საათნახევრიანი მშვიდი მგზავრობის შემდეგ, სიონის წყალსაცავთან, ბიჭები მწკრივად ეწყობიან. წინასწარ შერჩეულ ადგილზე აგვაქვს ნივთები, ვიწყებთ ტერიტორიის დალაგებას და ფუნქციების გადანაწილებას. ყველაზე უფროსი 19 წლისაა, ყველაზე უმცროსი - 10-ის შესაბამისად, დავალებებიც განსხვავებულია. ჯერ ტერიტორიას ვასუფთავებთ, შემდეგ კარვებს ვშლით და საცეცხლურს ვამზადებთ.

 ბანაკში ორი ტიპის სასჯელია. კვების მოხსნა და დამატებითი ვარჯიში. ბილწსიტყვაობა ძალიან იშვიათია და იშვიათი „სისასტიკით“ ისჯება. სხედან მიწით ავსებული ტომრებით გაკეთებულ წრეზე, ტკაცუნებს კოცონი და ამ ტკაცუნში ყური მოვკარი სიტყვებს - „ჩემი კაი“.

-რომელი იყავით?

ნაცადი ხერხი გამოიყენეს და ომახიანად მიპასუხეს

-   ყველა მაას.

- ჰოდა, ყველა დილით დარჩებით კვების გარეშე.

ნიკა ყველაზე უფროსია, ძვალმსხვილი, ჯანიანი და კარგი იუმორით. ნიკა მალე მოინათლა და დოდო აბაშიძესთან მსგავსების გამო დაერქვა დოდო. დგას დოდო და ჩეხავს შეშას, უცებ პატარა ნაფოტი ხვდება სახეში.

-უხ შენი...

-მაგის რაა ნიკუშ ? - ვეკითხები კატეგორიული ტონით.

-კუბო დავდგი მაას... და აგრძელებს არხეინად სასჯელაცდენილი.

პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა, დილიდან გავედით და „სიონის ტბის“ საკმაოდ დაბინძურებული სანაპირო ზოლი დავალაგეთ. ზოგს ეზარება, ზოგს ზიზღი აქვს, ზოგიც ვერ ხვდება რატომ უნდა დავალაგოთ სხვების ღორული ქცევის გამო დანაგვიანებული ტერიტორია. ყველაფრის მიუხედავად მუშაობს ერთი გუნდი და სანაპიროც ნელნელა სუფთავდება, 22 დიდი ტომარა გავასეთ და იქვე მდგომ ნაგვის კონტეინერებში მოვათავსეთ.

დღის განმავლობაში ორი ვარჯიშს ვატარებთ, დილით უმეტესად ფიზმომზადებას ეთმობა დრო, საღამოს რაგბის ბურთით სახალისო თამაშებს ვატარებთ და ვარჯიშიდან „ტბაზე“ გადავდივართ. როგორც ყოველთვის ტელეფონები არ აქვთ და მშობლები საღამოს 8 დან 9 მდე ურეკავენ. ზუსტად ამ დროს ბიჭები დამატებითი ვარჯიშით დასაჩუქრდნენ და აზიდვების საწყის პოზიციაში დგანან მუშტებზე . „ჯოკერს“ - ზუკას ურეკავენ, დავიხარე ტელეფონი ყურზე მივადე და დაიწყო:

-ალოო, კიი კარგად ვარ, მკაცრი რეჟიმის კოლონიასი მოვხვდი, მიყვარხართ და გეხვეწებით უდროო დროს არ დარეკოთ, რამე სასჯელი არ დამიმატონ კიდე.

ბანაკს უკვე თავისი ჰიმნი აქვს, შეკრების ყველა მონაწილეს კი თავისი ზედმეტ სახელი.  დამსვენებლებიც და ადგილობრივებიც გვიცნობენ, ღიმილით ხვდებიან მოძუნძულე ბიჭებს.

ათეულს წინ რაპუნცელი მიუძღვის, შემდეგ დოდო, დოდოს ფიონა მისდევს, ფიონას - ჯოკერი, ბახუტა მეხუთეა, მას სუხო, ჩინელა, ლიფსიტა და კროოსა მოსდევენ, მწკრივს წერტილა ასრულებს.

აი, ეს შესანიშნავი ათეული არღვევს დისციპლინას, ვდგები და ბოტასებს ვიცვამ.  ბევრი სირბილი მოგვიწევს. დოდო ხვდება რაშია საქმე, მიყურებს და მეუბნება:

-მას რა მაგარი ბოტასებია, მე მაგას სარბენად არ გავაფუჭებდი.

-ადგა და მოეწყო რაზმი. მოსაწყობად 10 წამი.

რაზმი  დაისაჯა და 5-7 კილოგრამიანი ტომრებით დამშვენებული დაძუნძულებს სიონში. ხან ჰიმნს მღერიან, ხან შეძახილებით ამხნევებენ ერთმანეთს. ერთსაათიანი წამების შემდეგ ვბრუნდებით ბანაკში, წინ რთული აღმართია. დოდო შეუდგა აღმართს, ცოტა უჭირს და უცებ მწკრივის მეორე ნაწილიდან ამხნევებენ

„მიდი დოდოშკაა მიდიი“...

მთელმა ბანაკმა მაგრად ვიცინეთ და დამსახურებული ვახშამიც მივირთვით. 

ვსხედვართ კოცონთან და ბიჭებს ვეუბნები, რომ დღეს ღამის გათენება და მორიგეობა მოუწევთ ბანაკის სადარაჯოდ. ამ სიახლემ სიხარული ნამდვილად ვერ გამოიწვია, თუმცა იუმორის გრძნობას არ კარგავენ და კითხვა არ აყოვნებს.

-მას ჩვენი ჩურჩული გესმით, ფიქრებს ხვდებით და სიზმრებსაც ხედავთ ჩვენსას? საიდან მიხვდით რო მორიგეობა გვინდოდა.

კარგი იუმორი ჩვენთან დაფასებულია და ბანაკი დარაჯების გარეშე იძინებს.

 ბოლო დღეს,  როგორც წესი, „მინი - ბანკეტი“ ეწყობა და როგორც წესი, ამის შესახებ არასდროს იციან. კაფეში დავსხედით. ხუმრობენ, კარგ ხასიათზე არიან და აგემოვნებენ ადგილობრივ ხინკალს.

-ერთი ცალი რო გავსინჯო შეიძლება?

ვეკითხები ბიჭებს. ლიფსიტა მიყურებს ეშმაკურად, ფიქრობს თქვას თუ არა და მაინც გამბედავად მპასუხობს:

-დამსახურება უნდა მას.

ყველამ ვიცინეთ.  არ ვიცი მე დავიმსახურე თუ არა ხინკალი , მაგრამ ამ ათეულმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ ამ შეკრებას და მის მონაწილეებს ვუწოდო საუკეთესო.

მეხუთე დღეს დავშალეთ ბანაკი და თბილისში დავბრუნდით.  ეს უკვე მეოთხე შეკრებაა და დამშვიდობეისას აღარ მაწუხებს გულისწყვეტა, რომ რაღაც დასრულდა,  რადგან ზუსტად ვიცი, რომ კიდევ ბევრი შეკრება გვექნება სწორედ ამიტომ ბიჭებს ასე დავემშვიდობე:

-კიდევ შეხვდებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^