Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იობი vs აბსოლუტი – აძინ იქსი

31 აგვისტო 2017

„იობის წიგნში" ღმერთი ძაან სასტიკად და ლამაზად უტრაკებს იობს. (ხანდახან სილამაზე სასტიკი შეიძლება იყოს, როგორც პირიქით). 
ასეთი მუქარა ალბათ არცერთ დამპყრობელს არ გაუგზავნია მოწინააღმდეგისთვის, არც რამე ქუჩის დაუნდობელ  ხიპიშში გექნებათ გაგებული. 
იაჰვე ამბობს: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება".
იობი ფიქრობს ეს, რო დედამიწას აფუძნებდა, მე ჯერ პროექტშიც არ ვიყავი, ხო იცის თვითონაც...
იობი: ბატონო ღმერთო..: მმმ...
ღმერთი:        „ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინებდნენ ღვთისშვილები?"

იობი აზრზე არაა, ის უბრალო self-made ბიზნესმენია, თავისი შრომით გაიკვალა გზა უბნის ბირჟიდან და გარჩევებიდან  კულტურულ ადამიანებამდე: უვლის ვაზს და მარიხუანას ერთჰექტრიან ბოსტანში, ვაჭრობს საქონლით, დადის ბრანჩებზე.  ამიტომ შტერდება და შეშდება, მას არ უნახავს როგორ ყიჟინებდნენ ღვთისშვილები და რომ ენახა ალბათ შეშინდებოდა, ღმერთი უფრო ხურდება:
ღმერთი: „ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა? როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად. როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი - და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?"
ღმერთი: „შენ მიეცი ბრძანება დილას შენი ადრინდელი დღეებიდან?
შენ მიუჩინე ადგილი განთიადს?"
ჰა??

იობი მარცხნივ იყურება - მარცხნივ არავინ დგას, მარჯვნივაც არავინ. იღებს, ზახოდს ამატებს გაშტერებული, რა უნდა ქნას.

ღმერთი: „ჩასულხარ ზღვის ფსკერზე
და გივლია ღრმა წყლის საძებრად?“

იობი: ნწ...

ღმერთი: „გახსნილა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭეები
ან შეგიძლია უკუნეთის კარიბჭეების ხილვა?”

იობი: ერთხელ ვიბრიდებოდი და...

ღმერთი (არ აცლის): „ჩასწვდომიხარ დედამიწის ვეება სივრცეებს?
მითხარი, თუ შეგიცვნია ეს ყველაფერი".

იობი ჩუმდება. გაჩუმებას კი ეგრევე უფრო ჩამჭრელი კითხვა მოჰყვება: „ჰყავს წვიმას მამა?
ან ვინ წარმოშვა ნამი?" 

იობმა მარტო ბავშვობაში გაგებული: „ორი ხე ტყეა?” და ასეთები იცის. წვიმას თუ ჰყავს მამა, არ უფიქრია ნამდვილად. ის არც ჯადოქარია, არც ღმერთის მოქიშპე, არც phd  აქვს აღებული. ერთადერთი, რაც მას გააჩნია - უპირობო სიყვარულია ღმერთის მიმართ. ამის გარდა, კიდევ ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ღმერთმა ყველა გაანეიტრალა, როგორც ჯორჯ მარტინმა სტარკები «წითელ ქორწილში».

ღმერთი: „შეგიძლია შეკრა ქიმას თანავარსკვლავედის საკვრელები?" 
იობმა კეტებზე თასმის შეკვრა ძლივს ისწავლა თავის დროზე.
ღმერთი: „თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო!?"

იობი მხრებს იჩეჩავს, შტერდება, გიჟივით აპრიხოდებს და ვერ ხვდება, რას ერჩის მისი საყვარელი არსება, ან რას ითხოვს მისგან. ღმერთს კი არაფერი არ აინტერესებს,  ტონი მონტანას ხოდზეა, ცოტაც და გადაყლაპავს ამ არარაობას. და ზუსტად მაგ მომენტშიო, ამბობს young gustav -- იობი მორალურად ტონიზე მაღლა დგება, იმიტომ, რომ ამხელა თრიფის შემოტევას ფეხზე დამდგარი უძლებს. ღმერთი კი ვერ აცნობიერებს, რომ მის შექმნილ არარაობას ეჩხუბება. რაც ნიშნავს იმას, რომ  სინამდვილეში  ეჩხუბება თავის თავს. და გარდა ამისა, სადღაც ღმერთის ამ განრისხებაში მისი სისუსტეები ჩანს, ისეთი ტოტალურობით იმეორებს თავის გაკეთებულ საქმეებს, თითქოს ცოტა ეჭვიც ეპარება, რომ ამის გაკეთება მართლა  შეუძლია. იობი კი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერზე სპასობნია ეს უზარმაზარი ძალა, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც არ იხევს უკან, პროსტა ცოტა ყბა აქვს ჩამოვარდნილი ამხელა ტოტალურობისგან.  იუნგი ამბობს, სწორედ აქ იბადება ღმერთში პირველად თვითრეფლექსია, აქ იწყებს საკუთარი თავის გაცნობიერებას  და „მომავალში” იესოს დაბადების აუცილებლობას, რომ საკუთარი თავი სხვა მხრიდან, იობის პერსპექტივიდან დაინახოს, მოიშოროს ეგოს სიბრმავე, რაც სინამდვილეში იობის დამსახურებაა. 

ხო ძაან უცნაურია, მაგრამ ამ ორთაბრძოლას იობი იგებს.

ღვთისმეტყველად არ გამოვდგები და შეიძლება ყველაფერი უკუღმა გავიგე, მაგრამ აქეთ რომ გადმოვიტანოთ ეგ ყველაფერი -  ეგაა, რაც არ გკლავს - გაძლიერებს. 
როგორც იტყვიან, ბედ თრიფი საუკეთესო თრიფია.

კასტანედა თავის ერთ-ერთ წიგნში საუბრობს „მცირე ტირანებზე”. ეს ის ადამიანები არიან შენს ცხოვრებაში, რომლებიც რაღაც მომენტში დამანგრეველ დარტყმას ახორციელებენ შენზე, ისე, რომ მთელი ძალაუფლება მათ ხელშია. ეს ისეთი სიტუაციებია, სადაც ხელჩასაჭიდი არაფერი გრჩება, მიწა გეცლება ფეხიდან, თუმცა ერთი ცუდი კაცი საინტერესო ფრაზას ამბობს მსგავს სიტუაციაზე: «როცა მიწა გეცლება ფეხიდან – ეს ფრენის პირველი გამოცდილებაა. ნაძირლებს ის დაღუპავს, ანგელოზებს გააძლიერებს». 
დონ ხუანი ეუბნება კარლოსს, რომ მეომრისთვის აუცილებელია თავისი ტირანის პოვნა, თავისი აბსოლუტური დისკომფორტის ზონაში მოხვედრა, სადაც თითქოს გამოსავალი არ არსებობს, და მაინც: იპოვოს გამოსავალი.

აზრის გასამარტივებლად - თუ ვინმე ყოფილხართ პოლიციის პრესის ქვეშ. აქ დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, ოღონდ მცირე მასშტაბებში. პოლიციელი, რომელსაც ზურგს კანონი და იარაღი უმართლებს - ის ტირანია, რომელსაც შეუძლია, რაც უნდა, ის გიქნას - გცემოს, დაგაშანტაჟოს, მოგწყვიტოს ობიექტურ ინფორმაციას და ტყუილებით გამოგკვებოს, ჩაგიდოს ნარკოტიკი, ბოლო-ბოლო ისე მოგკლას, რომ ბრალი ისევ შენ დაგედოს. და როცა ასეთ სიტუაციაში ხარ - ტვინი ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავს, მთელი შენი არსება კუთხეშია მომწყვდეული და სხვა არსების ტოტალურ აბსოლუტურ ძალაუფლებას განიცდის. იმისთვის, რომ არ გატყდე ასეთ დროს - საჭიროა, იობის მსგავსად საკუთარი ტექნიკა გამოიმუშაო.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, არ არსებობს აბსოლუტური ძალაუფლება. უფრო მეტიც, სინამდვილეში სისტემის ყველაზე სუსტი ადგილი ისაა, რომელიც ყველაზე მეტად გებრძვის და გაშინებს.

იობის შემთხვევაში ღმერთის სისუსტე მისი ყოვლისშემძლეობაა და რაღაცნაირი ხარბი სურვილი, რომ მას ადიდებდნენ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ჩაიდენს.

ის ყოვლისშემძლეა, იცის სამყაროს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ცდილობს იობს, მის მიერ შექმნილ დროებით თიხას დაუმტკიცოს საკუთარი უპირატესობა. ეს კი უკვე რაღაცას ნიშნავს, მინიმუმ რაღაც უცნაურ კომპლექსს, რომელიც ღმერთს აწუხებს. და ეს არის ბზარი მის ყოვლისშემძლეობაში. აქვე მინუსი შეგვიძლია მოვუძებნოთ იობსაც, მას ეჭვიც არ შეაქვს ღმერთის ავტორიტეტში, მექანიკური და ემოციური რწმენით სჯერა  მისი, რაც მონის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ შესაძლოა ეს მისი გადარჩენის სტრატეგიული ხრიკია, უცნაური გამოწვევა, რომელიც ამბობს: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი. კი შენ ყველაზე დიდი ხარ, შენ ერთ წამში შეგიძლია გამანადგურო, შეგიძლია საერთოდ ამომშალო დროისა და სივრცის ქრონიკებიდან, მაგრამ მე არ მეშინია. პირიქით, მე მზად ვარ. აბა იმოქმედე”.

პლუს ამას ღმერთი  ვერ ხვდება რომ სატანის, მესამე იგროკის თამაშს თამაშობს.
- ძაან თუ მიპრესავ ეგრევე გატყდება ეს შენი იობი, მთლად ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები მის ლოიალობაში.
- შანსი არაა, იობი ძმაა - ამბობს ღმერთი.
- მოდი დავნიძლავდეთ -სთავაზობს სატანა.
- დავაი, - პასუხობს ღმერთი და ნიძლავის მოგებას ჩალიჩობს, მაგრამ თან ხვდება, რომ შესაძლოა წააგოს კიდეც.

ასე ხშირად ჩვენც ჩვენთვის უცნობი და ჩვენზე დიდი სტრუქტურების თამაშებში ვპოულობთ თავს. და ერთადერთი სტრატეგია იმისათვის, რომ არ გატყდე - შინაგანი ღერძის პოვნაა. გარკვეული ავტონომიის, რომელიც არ ეფუძნება შენს ტუსოვკას, სოციალურ ნიღაბს, სამეგობრო წრეებს, სხვა სტრუქტურებს, რომლებიც  შეიძლება მიწასავით გამოგეცალონ. არამედ ღრმად შენშია და მხოლოდ შენია. 

მხოლოდ შენი სისხლი, შენი წყვდიადი და შენი პირადი მითოსი, სადაც შენი სიცოცხლეც და შენი სიკვდილიც შენი არჩევანია. ასეთ ხალხს ბატაი სუვერენებს ეძახდა.

ეს ის ქვაა, რომელსაც ვერცერთი სისტემა ვერ ჩაყლაპავს ისე, რომ არ გადაცდეს, ვერცერთი დიდი თამაში ვერ ააბურთავებს ისე, რომ საკუთარ ალგორითმში ერორად არ ამოუგდოს და ვერცერთი დაჯგუფება ვერ გადააქცევს თავისი იდეოლოგიის ცხვრად ისე, რომ არ გაემიჯნოს საბოლოოდ,  პირიქით ფეხს წამოკრავს მასზე. ყველა სხვა შემთხვევაში კი შენ პაიკი ხარ, თამაშის იერარქიაში, ოცნებებით რომ ახვალ კიბეზე და ოდესმე გადაიქცევი დედოფლად. 

ეს კი არასოდეს მოხდება.
 «already you're the monarch of your own skin–your inviolable freedom waits to be completed only by the love of other monarchs: a politics of dream, urgent as the blueness of sky».

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^