Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაპიტნის პოლო

06 სექტემბერი 2017

2012 წელია. იმ დროისთვის სამოყვარულო რაგბის საქართველოში ფეხი უკვე ადგმული აქვს და ერთ ოქროს კაცს უკვე ეძახის - „მამას“. რამდენიმე გუნდია შექმნილი  და გამოუცდელ მსურველებს თუ რთული სამუშაო გრაფიკის მქონე მოყვარულებს ოვალური ბურთით გართობის საშუალება ეძლევათ.

თებერვლის ერთ მზიან დღეს მეც მივდივარ გადათეთრებულ იპოდრომზე. დედაჩემი ისე მაცილებს, გეგონება ომში მივდიოდე და გამოუცდელი შვილის დაბრუნების იმედი არ ჰქონდეს. ამან დამძაბა, მაგრამ ჩალაგებული ჩანთის ამოლაგება არ მიყვარს და გავდივარ.

გუნდს „ხალიბები“ ჰქვია. მივდივარ და სულ რვა კაცი მხვდება. წონის და სიმაღლის მიხედვით ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ ვარ-მეთქი ვფიქრობდი, სანამ  გუნდის კაპიტანმა - ძველმა ძიუდოისტმა პამიდორამ  მომაკვდინებელი ბოჭვა არ გამიკეთა და სირაქლემას მდგომარეობაში არ ჩამაყენა.

სახლში დავბრუნდი „ნაომარი“ და დედამაც „გაიხადა შავები“. ნელ-ნელა ავიყოლიე მეგობრები, იმათ თავის მეგობრებს დაუძახეს. იპოდრომზე თოვლი დადნა, დღე გაიზარდა და  განათების არარსებობა ბუნებამ მოგვიგვარა.  ჭრელია გუნდი, სკოლის მოსწავლეები სტუდენტები, საქმიანები, უსაქმურები, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ ვართ „ხალიბები“ მადაც ჭამაში მოვიდა და თამაშიც მოგვინდა.

ვიპოვეთ ჩვენი ჭკუის და კალიბრის ხალხი. გუნდს „უსახელაური“ ჰქვია, ისინიც ახლები არიან, მათაც უნდათ თამაში. ივნისის ბოლოსკენ დაინიშნა შეხვედრა. თან უბრალო შეხვედრა არაა - ამ ორ გუნდს შორის გარდამავალი „ფშავის თასი“ დაწესდა.

დედამ ისევ გამაცილა, გლოვის გარეშე. შევიკრიბეთ სამგორის მეტროსთან და ამაყად დავიძარით „შევარდენის“ მოედნისკენ. გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეები.  წონით აშკარად წინ არიან  და წინ კაი ჯახი გველოდება. ლამაზი ფორმები აქვთ და საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე მწვრთნელი ჰყავთ.  8 ნომერზე ვდგავარ და თან კაპიტანი ვარ. იმათი კაპიტანიც 8 ნომერია. ჯანიანი, აგრესიული ბიჭია.  გვჯობნიან და 10 – 0-ს ვაგებთ. ფრთაზე ჩვენმა 12 ნომერმა კარგად წაიღო ბურთი 5-მეტრიანთან ახლოს ამომიგდო და ორ კაცში წავედი... ვიგრძენი, თავით როგორ შევასკდი ვიღაცის თავს, როგორ დავძარი, როგორ დამაწვნენ ზურგზე და ჩავწექი. ვცდილობ, ბურთი  სწრაფად გადმოვდო ჩემს მხარეს და ჰოი საოცრებავ -  ლელოს ხაზი გადამიკვეთავს. პირველი ლელოც „ხალიბების“ ისტორიაში!

 მეორე ტაიმში ანგარიში გავათანაბრეთ 15-15. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე „უსახელაურის“ ბიჭებმა დაგვალელოვეს და ძალიან ახლოს არიან გამარჯვებასთან.  რაგბი კონტაქტური სპორტია და ასეთ დროს პროფესიონალებსაც კი უჭირთ ნერვების მოთოკვა. ჩვენ ვაგებთ, ისინი იგებენ და უკვე ბურთის გარეშე  შევასკდით ერთმანეთს მე და მეორე კაპიტანი -  მუშტების ქნევა, ძიძგილაობა ... მალევე დაგვაშოშმინეს და მთავარმა მსაჯმა, მახო წულაიამ, ყვითელი ბარათებით დაგვასაჩუქრა. სინბინი 10-წუთიანია და თამაშის დასრულებამდე უფრო ნაკლებია დარჩენილი.  ჩვენ ვაგებთ, ისინი იგებენ. იმათი კაპიტნისთვის დრო ნელა გადის, ჩემთვის - ძალიან სწრაფად. სასტვენი არ აყოვნებს და შეხვედრაც დასრულდა. „უსახელაურს“ მივულოცეთ გამარჯვება, დერეფანში გავიარეთ და მომავალ შეხვედრაზე იმ დღიდანვე დავიწყეთ ფიქრი და მომავალი შეხვედრისთვის მომზადება კი - 2 დღის შემდეგ, გუნდის პირველი ბანკეტის „ციებ-ცხელებამ“ რომ გადაგვიარა .

განმეორებით შეხვედრამდე 1 კვირით ადრე „კარგი“ დღე ვერ გამითენდა - მეგობრის აგარაკზე მესამე სართულიდან გადმოვვარდი. მოვიტეხე ხელი, ფეხი, შუბლის, ყვრიმალის, ყბის და საფეთქლის ძვალი. შეთხვევა შუაღამით მოხდა, მალევე გადამიყვანეს საავადმყოფოში, ოპერაციები დილისკენ დასრულდა. პალატაში ტრავმატოლოგთან ერთად  პირველი დედა შემოვიდა - ტირის, მაგრამ ბედნიერია, რომ გადავრჩი. ექიმს ვეკითხები:

- ექიმო, თამაშს რამდენ ხანში შევძლებ?

გამხნევებას ველი, კარგ პასუხს, მაქსიმუმ ერთი თვე და რაღაც ასეთ სტილში ...

- თამაში კი არა ნორმალურად თუ გაიარე, მადლობა თქვი.

„დამამშვიდა“ და მომავლის იმედით ამავსო ჰიპოკრატეს შეფიცულმა. იმის ფიქრში ვარ, რამე საიმედო გამოვტყუო ექიმს, რომ კარი იღება, შემოდის „უსახელაურის“ მწვრთნელი. მიღიმის და მეუბნება:

- რანაირად მოახერხე შე დალოცვილო ?

- რავი „დუგი მას“, ასე მოხდა რა.

თან მოტეხილი ყბით საუბარი არაა ადვილი...

- ნიჩივო ლევანჩიკ, მალე  დაგვიბრუნდები... ბევრი ხალხია ქვემოთ და უნდა გავიდე . ეს მაიკა ნიკამ გამოგიგზავნა და მალე მოდი ჯანზე, მე უნდა დაგლეწოო, შემოგითვალა.

და ზელანდიის პოლო მომაფარა. გავიდა „დუგი“ , ბევრი მნახველი მყავდა მთელი 3 დღის მანძილზე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თვალი ამ პოლოსკენ გამირბოდა .

მოედანზე დასაბრუნებლად 6 თვე დამჭირდა. იმ ექიმის ჯინაზე თამაშებიც ვითამაშე და ლელოებიც დავდე. თუმცა მოედანზე მე და „უსახელაურის“ კაპიტანი ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.

 იმ მაისურმა ძალიან დიდი მუხტი მომცა, კიდევ ერთხელ დამანახა ოვალური სამყაროს ერთი შეხედვით მარტივი სიღრმეები.

ამ ბლოგპოსტის იდეალური დასასრული ის იქნებოდა ალბათ, რომ მეთქვა -  მაისური ჩარჩოში „ჩავსი“ და ჩემს ოთახს ამშვენებს-თქო , მაგრამ არა ...

ოქტომბრის ერთ გრილ საღამოს, ერთ-ერთ პაბში, საპირფარეშოს რიგში, ჩემმა ერთმა უგონოდ მთვრალმა მეგობარმა  ჩემთვის უცნობი  მორაგბე მაგრად გააბრაზა, ამ ბიჭს ვთხოვე - აპატიე, მე გიხდი ბოდიშს-მეთქი.

 ჩამრგვალებულმა, ბრაზით სავსემ და საჩხუბრად გამზადებულმა ბიჭმა შემომხედა და ღიმილით მითხრა:

- ისეთი მაიკა გაცვია, უარი როგორ გითხრა.

„მაიკა“ მართლაც, რომ „ისეთია“ .  თუმცა მომენტალურად კეთილ მორაგბეს გადავაცვი და სახლში  მოსაცმელის ამარა, სამაგიეროდ საღსალამათი, მეგობრით  დავბრუნდი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^