Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფიზკულტურა და მზიას ბუფეტი

25 სექტემბერი 2017

ზუსტად ამ თანმიმდევრობით მახსოვს...

 ორივეგან იყო დიდი შეჯიბრი. პირველ შემთხვევაში წესების დაცვით, მეორე შემთხვევაში - ყოველგვარი წესების გარეშე.

 არ ვარ მათ რიგებიდან, ვინც 90-იანების უშუქობას, სიცივეს, შიმშილს და დიდი ზომის ტანსაცმელს სიტკბოთი აღსავსე ნოსტალგიით იგონებს.   

 იმ მეექვსე „ა“ კლასის მოსწავლე ვარ, რომელსაც ჰქონდა ფიზკულტურის დარბაზი, მოუწესრიგებელი გასახდელებით, კარგი პარკეტით და კალათბურთის ფარებით. თუმცა ჩვენთვის არასდროს არავის უკითხავს, გვინდოდა თუ არა კალათბურთის თამაში. როდესაც თავად ვთქვით, რომ ფეხბურთი გვერჩივნა - უარი მივიღეთ. არადა, გაკვეთილების შემდეგ კერძო გუნდში მოვარჯიშე ჩვენი თანატოლები ამავე დარბაზში ეუფლებოდნენ ფეხბურთის ანაბანას.  კალათბურთი ისე გვბეზრდებოდა რამდენჯერმე პარკეტზე მრგვალი ბურთით რაგბიც კი ვითამაშეთ.

 ფიზკულტურის „გაკვეთილს“ მოსდევდა  მზიას ბუფეტი. მზია უნიკალური ადამიანი გახლდათ. ორ კვადრატულ მეტრზე მოწყობილ „სასადილოში“  ერთდროულად, ერთ ტაფაზე წვავდა კატლეტებსაც და კარტოფილის ღვეზელებსაც. გვაკონტროლებდა დახლს მომწყდარ დამშეულ ბავშვებს, რომლებიც ვცდილობდით ერთმანეთის ხმა გადაგვეფარა და გადაგვეთელა ნებისმიერი, ვინც დახლის მიდამოებთან მიახლოებაში შეგვიშლიდა ხელს.

 დაბრკოლების გადალახვის შემდეგ მხოლოდ 25 თეთრი... და ცხიმიანი ღვეზელი გერგებოდა ჯილდოდ, რომელიც ჩამოწერილი, საკონტროლო 12-ფურცლიანი რვეულის ეკონომიურად დაჭრილ მწვანე ყდაში იყო გახვეული.

 პედაგოგები ჩვენგან კარგად სწავლას ითხოვდნენ, ადმინისტრაცია - ფონდის ფულს, ფიზკულტურის მასწავლებელი - „შემოწირულობას“ ბურთისთვის, მზია კი ცხიმიანი საკვებით გვანაყრებდა. 

 ბავშვების განვითარებისთვის სწორად შერჩეული ფიზიკური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კარგი მოთელვაა საჭირო, შემდეგ რამდენიმე  პატარა ვარჯიში და მერე კარგი, სახალისო თამაში, რომლითაც გაერთობა ყველა. სანაცვლოდ ვიღებდით მწკრივად მოწყობას სიმაღლის მიხედვით, შემდეგ სიის ამოკითხვა დ მერე „ჰა ბურთი და ჰა მოედანი“. ოღონდ ბურთი და მოედანი ბიჭებს. გოგონები აპროტესტებდნენ ამას...

წარმოიდგინეთ სკოლა, სადაც ფიზმომზადება დაკვირვების გარეშე მიმდინარეობს, ბუფეტი რომლის საკვებსაც არავინ ამოწმებს და ბიჭები, რომლებიც ბავშვობიდანვე ეჩვევიან, რომ გოგონებზე მეტი უფლება აქვთ.

სკოლის დამთავრებიდან 10 წელი გავიდა. გავიზარდეთ, პროფესიები ავირჩიეთ და ამ წარსულს ისე ვუყურებთ, როგორც სავალდებულო მოცემულობას, რომელიც უნდა გაგვევლო.

ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა - ვაიმე სად სწავლობდაო. პრობლემაც ეგ არის, რომ სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით ვასკვნით, შეეძლო ბავშვს ელემენტარული სავალდებულო უნარების გამომუშავება თუ არა. არადა, ეს ყველა ბავშვს თანაბრად სჭირდება განურჩევლად სქესისა და სკოლის ადგილმდებარეობისა.

ჩემი 57-ე  აღარ არსებობს, მის შენობაში რამდენიმე სკოლაა განთავსებული. ბუფეტი ქიმიის ძველ კაბინეტში გადაიტანეს, კეთილმოაწყვეს,  ტარხუნის ლიმონათი ბრენდულმა გაზიანებმა ჩაანცვლა, |„ენა“ - ჩიფსებმა, ღვეზელი - ჰამბურგერებმა. ფიზკულტურის გაკვეთილებს რაც შეეხება, არ ვიცი ახლა, რა ხდება მაგ კუთხით.

თუმცა სანამ მშობლები არ შეიცვლიან აზრს, რომ სპორტი „უტვინოებისთვისაა“ და განათლების სისტემა სპორტსმენის ცხოვრების წესზე არ იქნება მორგებული, მანამ გვეყოლება ღვეზელებზე გარზდილი თაობის ნიჭიერი და არშემდგარი სპორტსმენი ბიჭები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გოგონებზე მეტი უფლება აქვთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^