Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარიატიდებთან ქარი ატირდება

05 ოქტომბერი 2017

►ადამიანის გარდა სხვა არსებებსაც აქვთ კულტურა ანუ ისეთი ქცევები, რომლებსაც ისინი ერთმანეთისგან ითვისებენ არაგენეტიკური გზით, მიბაძვის მეშვეობით. მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანი არის ერთადერთი ბიოლოგიური სახეობა, რომელმაც შექმნა „ცნობიერების კულტურა“. ჩანს ასევე, რომ სწორედ ამ უნიკალური თავისებურების - ცნობიერების კულტურის - ფლობა და განვითარება განაპირობებს, მეტიც, განსაზღვრავს ადამიანის დომინანტურ ადგილს ცოცხალ ბუნებაში და თავად კულტურის კოლოსალურ პროგრესს გამოქვაბულის კედლებიდან უკიდეგანო კოსმოსამდე.  

გარკვეული აზრით, ცნობიერების კულტურა სრულებით უანგაროა, რადგან იღვწის და იხარჯება ისეთი რამისთვის, რისგან უმცირეს ნიშანსაც კი ვერ მიიღებს სამაგიეროდ. ეს კი იმიტომ, რომ ცნობიერება მოკლებულია რამენაირი შედეგის გამოწვევის უნარს მთელ ჩვენს ფიზიკურ სამყაროში თავად ცნობიერების ჩათვლით. ცნობიერება ხომ კაუზალურად თავისუფალია, აუცილებლად თავისუფალია მიზეზის როლის შესრულებისგან. (ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამაში ცდილობს, დაგვარწმუნოს ჩემი ბოლოდროინდელი „ჰიპოთეზა“.) ცხადია, ეს რამდენადმე იძულებითი თავისუფლებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არჩევანის ან მოქმედების თავისუფლებასთან. მაგრამ გულდასაწყვეტს ამაში ვერაფერს ვხედავ, რადგან ნების თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება თუ მოქმედების თავისუფლება, ვფიქრობ და თანაც არა მარტო მე, მხოლოდ და მხოლოდ მითებია, ცნობიერების კულტურის მიერ გულუხვად შექმნილი და სხეულის გავლით ადამიანის ცნობიერებაში აღბეჭდილი. ამ მითების შექმნა კი კულტურას სავარაუდოდ დასჭირდა, რათა თავი გაერთმია საზოგადოებაში ადამიანებისთვის დამახასიათებელი მოულოდნელი, შემთხვევითი მოქმედებებისთვის, რომლების მოტივაცია ისე ღრმადაა კონკრეტული ინდივიდის სხეულში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებში ჩაკარგული, რომ მათი მოხელთება არათუ დამწყებ კულტურას, თანამედროვე მეცნიერებასაც კი არ ხელეწიფება.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის ნიშანდობლივი ანუ ცნობიერების კულტურისთვის თვითონ ადამიანი რაღაცნაირად ზებუნებრივი ან არაბუნებრივი საგანია, უხილავი და მოუხელთებელი, რომელიც თავისი სრულებით ხილული და კონკრეტული, ბუნებრივი სხეულის მეშვეობით ყოველ წამს მზადაა ჩაერიოს რეგულარულ, მოწესრიგებულ ცხოვრებაში, რათა გაუთვალისწინებელი არეულობა შეიტანოს მასში და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, როგორც ჩემი კარადა დგას ახლა ოთახის კუთხეში. ხოლო ის, რაც ზებუნებრივი ან თუნდაც მხოლოდ არაბუნებრივია კულტურის თვალში, ცხადია, უცვლელად გადაეცემა ამ კულტურის მატარებელი არსების სხეულისა და ტვინის გავლით მის გონებას და, საბოლოოდ, ყველაფრის განმცდელ და არაფრის მაქნის ცნობიერებას. ჩვენ, ადამიანები, ზებუნებრივი არსებები ვართ, რადგან ასე წარმოვუდგენივართ ჩვენს კულტურას, რომლისგან დამოუკიდებლად არაფერი აღწევს ჩვენს გონებასა და ცნობიერებაში. მაგრამ ადამიანის ზებუნებრივობის მითი არც ისე მითია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ცნობიერება ჩნდება, როგორც მატერიის უკიდურესი მდგომარეობა, რომელსაც იგი აღწევს, როცა ფიზიკურ სამყაროში შესაძლო სირთულის ზღვარს უახლოვდება.

ამ ზღვართან მიახლოებისას მატერიაში განხორციელებული და, როგორც წინა ესეებში ვწერდი, უკიდურესად გართულებული ფიზიკური სისტემა „ნორმალური“ ანუ კაუზალურ ჩარჩოში ჩასმული (მიზეზისა და შედეგის მქონე) მდგომარეობიდან გადადის მიზეზის კი, მაგრამ შედეგის პრინციპულად არმქონე მდგომარეობაში. ახლა დავამატებ, რომ ცნობიერების ამგვარად წარმოშობისას საქმე უნდა გვქონდეს გარკვეულ ფაზურ გადასვლასთან, რომელსაც ფიზიკური სისტემა განიცდის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო ღრმა, ონტოლოგიურ დონეზე, ვიდრე ეს ხდება, ვთქვათ, როცა ფაზური გადასვლა გულისხმობს გაყინული წყლის გადასვლას მყარი მდგომარეობიდან თხევადში, თხევადი მდგომარეობიდან კი აიროვანში, ან პირიქით.

ასე რომ, ჩემი ამ უცნაური ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანი - რამდენადაც იგი თავის ცნობიერებას შეიძლება გავუიგივოთ - უკიდურესი და, რა თქმა უნდა, კვლავ ჰიპოთეტური ფიზიკურ-ონტოლოგიური ფაზური გადასვლის შედეგად მართლაც ბუნების ჭერზე ან სულაც სახურავზეა მოქცეული და იქიდან დაჰყურებს ბუნებას, ზემოდან აღიქვამს სამყაროს. კულტურის ზოგიერთ ნაწილს - ვთქვათ, რელიგიას - ზოგჯერ სიხარბე ახასიათებს. ასეა თუ ისე, რელიგიამ ადამიანს ჩამოართვა ბუნების მიერ მისთვის ნაბოძები ზებუნებრივობა და გადასცა, მიაწერა ის თავისი ფანტაზიის ჭრელ ნაყოფს - ღმერთსა და ღმერთებს, სამებასა და მოციქულებს, ანგელოზებსა და ბოროტ სულებს.

სადაც სიხარბე მიდის, იქ ხომ არც ცინიზმი იგვიანებს. ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ნაყალბევი, რომელსაც მრავალი რელიგია თავს ახვევს ადამიანს, არის სწორედ ადამიანის სული, რომელიც თურმე დროებით ბინადრობს ადამიანის სხეულში და მისი სიკვდილის შემდეგ სხვაგან განაგრძობს არსებობას. რელიგიის მიერ მოგონილი ასეთი სული უპირისპირდება, ებრძვის და აუფასურებს ადამიანის ცნობიერებას, როგორც ყალბი ფული ნამდვილს. ამასთანაა დაკავშირებული დაუნდობლობა და სისასტიკე, მკვლელობა და სადიზმი, რომელსაც რელიგია თავის მიმდევარში, მორწმუნეში აგროვებს, წვრთნის და ხელსაყრელი დროისთვის რაზმავს, რათა „გამართლებულ“ ძალმომრეობად გამოამჟღავნოს, როცა უბრალო ცხოვრებას სისუსტეს შეამჩნევს.

მართლაც, თუ სული უკვდავია, ნებისმიერი მკვლელობა და სადიზმი არც ისე გამოუსწორებელი და საბოლოოა, რადგან უკვდავი სული სხეულის განადგურების შემდეგაც განაგრძობს არსებობას. არადა, ცნობიერება რომ ჩაქრება, ერთხელ და საბოლოოდ რომ ჩაქრება სხეულის სიკვდილთან ერთად, მას ვეღარაფერი აანაზღაურებს, როგორც სამუდამოდ დაკარგულს. ამიტომ უკვდავი სული ალბათ ნელ-ნელა უნდა გავდევნოთ და დავიბრუნოთ ჩვენი მოკვდავი ცნობიერება. თუ ამის შემდეგ რელიგიას რა ბედი ეწევა, ვნახოთ, გამოჩნდება. ჩვენ ამ საქმისთვის სამი მსახური გვყავს, ხშირად აქამდე უქმად მოცდენილი - მეცნიერება, ხელოვნება და, ჯანდაბას, ერთხელად მივცეთ შანსი, ფილოსოფია. მოკლედ, მათ უნდა დაგვიბრუნონ მოკვდავი და განუმეორებელი ცნობიერება ვითომ უკვდავი და ამიტომ ადრე თუ გვიან ყველანაირი ძალადობის გამმართლებელი სულის მაგივრად.

მგონია, რელიგია რომ არა, ვერც მისი ნაშიერი და მემკვიდრე ინკვიზიცია, კომუნიზმი, ფაშიზმი ან ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო აღმოცენდებოდა და გაიხარებდა ასე ადვილად და ასე მრავალი ადამიანის გამოუსწორებელი, აუნაზღაურებელი მკვლელობის ფასად. რატომღაც საკმაოდ უდავო მგონია ისიც, რომ ცუდ რამეს თესავს ყველანაირი აზრი, დოგმა და შეხედულება, რომელიც რამენაირი მარადიულობის ან მომავლისთვის გადადებული სამართლიანობის დაპირებით ეჭვქვეშ აყენებს განცდებით, გრძნობებითა და აღქმებით სავსე ანუ ცნობიერი ადამიანის ხანმოკლეობასა და განუმეორებლობას. ხმელთაშუა ზღვის არ იყოს, ადამიანიც აწმყოთაშუა არსებაა და არასოდეს ეკუთვნის რომელიმე სხვა დროს, ცხადია, აწმყოს გარდა. ყველა, ვინც მისი სიცოცხლის ფარგლებში არ ზრუნავს ადამიანის სიცოცხლეზე, არამედ სულის უკვდავების იმედად მოიტოვებს და გადადებს რამეს, ადრე თუ გვიან თვითონ თუ არ ჩაიდენს, უსიტყვოდ მაინც გაამართლებს და, ესე იგი, წააქეზებს დაუდევარ ურთიერთობას და გულგრილობას, საიდანაც მოკლე ნაბიჯია მხოლოდ დარჩენილი მხურვალე გულით მკვლელობა-ხოცვამდე. რელიგიური რწმენის გავრცელება დაუნდობელს აწყობს.

ისიც ნამდვილად ცხადია, რომ რელიგია კულტურის ნაწილია, და თუ ადამიანისეული კულტურა, პირველ რიგში, ცნობიერების კულტურაა, გამოდის, რომ რელიგია, როგორც ამ კულტურის ერთ-ერთი განყოფილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულის უკვდავების იდეას გამოიმუშავებს, აშკარად უპირისპირდება და ამახინჯებს ცნობიერებას, როგორც კულტურის საძირკველს. მაგრამ აქ აუხსნელ პარადოქსს ვერ ვხედავ, რადგან არსებითად სული არის გაზვიადებული, ჰიპერტროფირებული ცნობიერება. სხვა სიტყვებით, სულის იდეა და კონცეპტი არის სიკვდილის შემდგომ საიქიოში გაზავებული იგივე მგრძნობიარე და განმცდელი ცნობიერება.

გარკვეული, მიტევებისთვის საკმარისად გასაგები საფუძველი აშკარად აქვს ცნობიერების ამგვარ „მისხურებას“, პულვერიზაციას, რომლის შედეგად ცნობიერება იქ აღმოჩნდება მიმოფანტული სადაც მისი ადგილი სინამდვილეში არასოდეს იქნება. ცნობიერებას, რამდენადაც მას თვითცნობიერება იცნობს, აქვს არამატერიალური, გარკვეული აზრით, ზემატერიალური ხასიათი, რომელიც მას განასხვავებს მატერიალური საგნებისგან, ხეებისა და ქვებისგან. ცხადია, ეს ხასიათიც კულტურაშია გამომუშავებული და სხეულის გავლით გადაცემული ცნობიერებისთვის. მაგრამ ის რომ იწვევდეს აშკარა კოგნიტურ დისონანსს ცნობიერებაში, ჩემი ჰიპოთეზის მიხედვით, იგივე დისონანსი წინასწარ აუცილებლად მოხვდებოდა ტვინის იმ ინფორმაციულ ბირთვში, რომლის მენტალური მიტოზის ერთ-ერთი შვილობილია ცნობიერება. კოგნიტური დისონანსი, შინაარსების აშკარა შეუთავსებლობა კი ისეთი რამაა, რასაც ადამიანის, ზოგადად, ცხოველის არაცნობიერი გონება, როგორც ცნობილია, ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს, რადგან ბიოლოგიური მიზნების მისაღწევად ცოცხალ არსებას აუცილებლად სჭირდება თავისი თავისა და სასიცოცხლო გარემოს შესახებ საკმარისად მწყობრი, არაწინააღმდეგობრივი ანუ კოჰერენტული სურათის ფლობა.

ასე რომ, ცნობიერების რაღაცნაირი არამატერიალურობა კულტურის მიერ შექმნილი და დამუშავებული წარმოდგენაა, რომელიც ათასწლეულების შემდეგ მეცნიერებამ, კერძოდ, ნეიროლოგიამ ნაწილობრივ მაინც დაადასტურა, როცა აღმოაჩინა, რომ ადამიანის ტვინში მიმდინარე ელექტროქიმიურ პროცესებში არაფერია მათზე ნაკლებად ფიზიკური ანუ ცნობიერების მსგავსი. სწორედ ასე გახდა შესაძლებელი ცნობიერების გადაქცევა თანამედროვე მეცნიერების უდიდეს პრობლემად, რომელთან გამკლავებას მეც კი რატომღაც ვცდილობ მოაზროვნე და ცივილიზებული სამყაროსგან საიმედოდ დამალულ ამ ქვეყანაში.

ახლახან დაბეჭდილ წიგნში მაქს ტეგმარკი წერს, რომ ფაქტობრივი მონაცემების თანახმად გრძნობის ორგანოებიდან ჩვენი ტვინი ყოველ წამს იღებს კოლოსალური რაოდენობის - 107 , ათი მეშვიდე ხარისხში, ბიტ - ინფორმაციას, რომლის მხოლოდ იოტისოდენა ნაწილი, სულ რაღაც ათიდან ორმოცდაათ ბიტამდე ინფორმაციას აღვიქვამთ ცნობიერად. ეს გულისხმობს, რომ ინფორმაციის დამუშავება, რომელსაც ჩვენ ცნობიერად აღვიქვამთ არის მარტოოდენ აისბერგის წვერი. ვშიშობ, მაქს ტეგმარკისთვის რამდენადმე მოულოდნელად გამოსადეგი გახდება ცნობიერებასთან დაკავშირებული ეს აისბერგის მეტაფორა, თუ დავუშვებთ, რომ აისბერგის წვერი მხოლოდ იმით კი არ გამოირჩევა, რომ ოკეანეში ჩაძირულ ყინულის უზარმაზარ მასასთან შედარებითაა დაუჯერებლად მცირე, არამედ იმით, რომ სწვდება და ეხება სამყაროს ჭერს, ფიზიკური სამყაროს სირთულის ჭერსა და მაქსიმუმს. თუმცა კეისარს კეისრისა, ჰქონდეს ტეგმარკს თავისი მეტაფორა, რადგან ასე დანახული ცნობიერება აისბერგის წვერზე მეტად მოგვაგონებს კარიატიდას, რომელიც დგას არაცნობიერი გონების, ტვინის თვალუწვდენელი სირთულის საძირკველზე, კეფით კი სამყაროს სახურავს ეხება. ვინ იცის, როგორ ატირდება ხოლმე იქ ცივი ქარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ამერ-იმერი ქუთაისში

ღვინოვ, კახურო! ამას წინათ ერთმა ინტერნეტმედიამ ჩვენს ოჯახზე სტატია გამოაქვეყნა, ვაზისა და ღვინის სიყვარულით დედაქალაქიდ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

სოლიდარობის მასტერკლასი

17 მაისს დემონსტრაციას ვატარებთ. მთავარი მესიჯი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიება და საქმეების შე ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

როგორ გვაღარიბებენ აფთიაქები

1. გავრცელებული ცრურწმენის საპირისპიროდ, საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნე ...

მეტი

^