Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როცა შენ დაიბადე, წამოვიდა თოვლი

10 ოქტომბერი 2017

მეორე წერილი გმირს

„უბრძანებს მათ შენთვის

და უფლის ანგელოზები გატარებენ ხელით

რომ ქვას ფეხი არ წამოკრა.

ტერმინატორი მოვა შენს სახსნელად ავი თვალისგან მომავლიდან".

როდესაც შენ დაიბადე

წამოვიდა თოვლი საბჭოთა რაკეტები

სერავდნენ სტრატოსფეროს

უზარმაზარი კომპიუტრები ითვლიდნენ ვარსკვლავებს.

მამაშენის პისტოლეტით დასდევდი პეპლებს სათამაშო მოედანზე.

არაფერი შეცვლილა.

შენ გამზადებდნენ მარსის კოლონიზატორად.

უცხო ქალაქში გიხაროდა ცივი ყავა

მოგვიანებით.

ნათხოვარ რადიოში

ვუსმენდით შენი ფეხის ნაბიჯებს

სველ ასფალტზე.

წარსულის უზარმაზარი კომპიუტერებივით ვითვლიდით ვარსკვლავებს

არ ვმაზავდით სატელევიზიო რეკლამებს

ჩუმად ვსაუბრობდით მეზობლებთან ვყიდულობდით წამალს გამოგვქონდა

წიგნები ბიბლიოთეკიდან.

ნესტიან კორპუსებზე

ვჩხაპნიდით შენს სახელს.

გახსენებდით ძილის წინ

როცა ვწვებოდით ერთად განთიადზე ამაყად და უაზროდ

იდგნენ

ანტენები.

მილიონი ვერსია არსებობს

იმის თუ რატომ არ მოხვედი

ან სად წახვედი

და ყველა სწორია.

ამბობენ რომ

ანთებულ ფანჯრებს ღამის ქალაქში

შენ კითხულობდი როგორც ინსტრუქციებს

შემდეგი ნაბიჯებისთვის

და იქნებ ვიღაცამ არია ეს ტექსტები?

ან იქნებ ვიღაცას დროზე ადრე ჩაეძინა,

დროზე ადრე გაეღვიძა,

დაავიწყდა ტელეფონის ნომერი, მობეზრდა თამაში?

ამბობენ, რომ შენ თავი გაწირე

ჩვენი ცოდვების და სახელმწიფო ეკონომიკისთვის

და იქეცი ნავთობის ულევ მარაგად

რომელიც ეს-ესაა ამოხეთქავს

კახეთის მოსაწყენ უდაბნოებში.

არავინ იცის.

იმასაც ამბობენ, რომ

შენ და სინათლის სხივები უკვე მერამდენე წელია

სწავლობთ აბონენტების სიას

წინასწარ დასახოცი მოციქულების ამოსაცნობად.

ჩემი ნომერია 276 69_.


როგორმე ძილის ტექსტი

სველი ძილიდან მსუბუქი ყვირილით გამოღვიძებული

ნუ იყურები გასაწმენდი ფანჯრიდან

ქალაქის სიღრმეში.

მოდუნებული სიამოვნების დეტექტორებს

ნუ აამოძრავებ

სახლის ტარაკნების ანტენებივით - კედლის მიკროსკოპული ნაპრალებიდან.

ყოველი შენი მოძრაობა, აჩქარებული გულისცემა ამ უცხო საწოლში:

იწვევს უცნობ მანქანათა საეჭვო გადაადგილებებს ბნელ ჩიხებში,

უეცარ უსიამოვნო სატელეფონო ზარებს მძინარე კორპუსებში,

ავტომატურ აფდეითებს უცხო სოციალურ ქსელებში,

ათასი სახეობის [ჯურის] სიზმრებისა და სიამოვნებების, ნახმარი ტექნიკისა და მოყვასთა სხეულების იაფად გადამყიდველთა გააქტიურებას

ქალაქის რუკის ზერელედ შევსებულ ტერიტორიებზე.

ნუ წრიალებ ჰაბლის ტელესკოპივით

მოუქნელი. ნუ ხმაურობ.

საწოლი შენი ერთადერთი დედაა

[ა] საზეიმო ფერების განთიადამდე [ბ] დაკუჭული გაზეთისფერ გათენებამდე

Choose one.

ნუ ეძებ ჩართულ ტალღას

რომელიც წაგიღებს,

მხოლოდ საკუთარი შიშინით დაიმშვიდე ის ხელი, ტუჩები,

გენეტიკური რეპროდუქციის ზონები.

ფანჯრიდან დანახული თვითმფრინავების მონოტონური ციმციმი

წარმოსახვით საჰაერო რელსებზე - საუკეთესო მულტფილმია ახალი ძილისთვის,

აეროპორტში ღამის მთეველთა სახეები - საუკეთესო სედატივია ხელახალი ძილისწინ.

მოწყენილი დოკუმენტალისტიკა, შენი ვიდეოთვალებისა და აუდიოყურების დაბალი ხარისხით - მოუსვენარი ღამის რბილ ფირზე.

და ვინც არ უნდა შეეცადოს

შენი გულისცემის გამოწვევას ქალაქის ქუჩებში -

ნეონის ჩირაღდნები ასწიოს მაღლა პირველყოფილი სიხარულით,

იფიქროს, რომ დაგატყვევა, როგორც ტრასაზე გადამრბენ კურდღელს ატყვევებენ მონადირეთა ფარნები -

შენ არ აყვები.

გამოიცვლი სველ მაისურს, რომ არ გაცივდე და როგორმე დაიძინებ.

ზუსტად.

როგორმე ძილი! - არის შენი პასუხი ყველა კითხვაზე.


დუმილის აღთქმა

როცა ადამიანებს არაფერი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი

ისინი ძირითადად ლაპარაკობენ ამინდზე, მოსალოდნელ აპოკალიფსზე,

სხვა ადამიანებზე, მაგ. პრეზიდენტზე.

მოსაწყენად ეწევიან სიგარეტს

ღიღინებენ უეცრად აკვიატებულ ნაწყვეტებს უცნობი სიმღერებიდან,

იყურებიან მაღლა მარჯვნივ, დაბლა და მარცხნივ,

მზერით აშტერდებიან შემთხვევით არჩეულ საგნებს, მტვერს ფეხსაცმელზე, ყავის ლაქებს მაგიდაზე, ტარაკნებს კედელზე...

როგორც საბჭოთა დროინდელი რუსი ჰიპნოტიზიორები – კამერის ობიექტივს,

რომლის იქით სხვა ქალაქში დგას ბავშვი

და ტირის –

     დაშინებული

                  დაჟინებული მზერით

                                    ლურჯი ეკრანიდან.

როდესაც როგორც იქნა ეს ადამიანები იშლებიან

და ცალ-ცალკე მიდიან სხვადასხვა მიმართულებით

ერთ-ერთი მათგანი ასე ფიქრობს მეორეზე:

რა უცნაური ადამიანია ეს მეორე

რამდენი ათასი სიტყვა ვისწავლე დაბადებიდან,

რამდენი ათასი კომბინაცია დამილაგებია ცხოვრების მანძილზე,

რამდენი ათასი საათი მუშაობდა ჩემი პირის აპარატი, ბიოკომუნიკაციის ეს მინი-ქარხანა

ზღვის ტალღებივით მოუსვენარი ენა ეხეთქებოდა კბილებს,

ყელიდან ჰაერის გამოტუმბვით,

ხორხის ვიბრაციებით ვქმნიდი ბგერებს, წნევით ვაპობდი ჰაერის რიფებს,

ვყეფდი და ვხაოდი,

ვლუღლუღებდი და ვმარცვლავდი,

ვგალობდი და ვჩურჩულებდი, რომ

მეთქვა სხვებისთვის ყველა სიტყვა რაც მისწავლია,

ამას კი ვერაფერი ვუთხარი..

დღეიდან მე არ ვილაპარაკებ.

Words:250, characters: 2043

ამ ტექსტის ნაცვლად აქ შეიძლება ყოფილიყო

ნებისმიერი სხვა ტექსტი.

ანბანის ასოების კომბინირება - უსასრულოდ ბევრი ტექსტის საშოა,

ამიტომაც ასეთი უსაშველო და მოსაწყენია პოეზია.

ამ ტექსტის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო:

ამ ლოკალური ცის ქიმიური შემადგენლობა -

ჩამოწერილი მეცნიერული პედანტურობით,

აქ შეიძლება ყოფილიყო

ჩემი დნმ-ის კოდი - უსასრულო როგორც კოსმოსი,

გაუგებარი როგორც უძველესი ტომების მკვდარი ენები,

დაურედაქტირებელი, როგორც მოულოდნელი განრისხება,

როგორც ჩვენი უბნების არა-სატელევიზიო საღამოები,

როგორც პირველი შემთხვევითი სექსი, როცა ინსტინქტურად მიცოცავ პარტნიორის სხეულზე და გაოცებული ხარ საკუთარი მოძრაობებით.

აქ შეიძლება ყოფილიყო მხურვალე ლოცვა, სარეკლამო ტექსტი,

ნაწყვეტები კლასიკოსების რომანებიდან,

საპოლიციო ოქმი, ესეები რევოლუციაზე... მნიშვნელობა არ აქვს,

მაგრამ ამ ყველაფრის ნაცვლად აქ არის ეს:

თვითმფრინავების კვალს ვაკვირდებოდი ცის მონიტორზე, თეთრ ზოლებს მივყვებოდი თითით გაუჩინარებამდე,

ვმკითხაობდი ამ კვალზე, როგორც ყავაზე მკითხაობდნენ დედაჩემის დაქალები მისტიური სახეებით პატარა პროვინციულ ქალაქში,

რომელსაც უმცირესი ღრუბელიც ტბორავს წვიმით და მანქანას ჯობია გყავდეს - ნავი, კატერი უკეთესია,

უპატრონო საფლავებიდან კუბოები იშვერენ კუთხეებს ქვიშაში ჩაძირული გემებივით - დაუქნიე ხელი მისალმების ნიშნად,

ძროხები ძოვენ სკოლის და მერიის ეზოებში - დაუძახე „მუუუ", იცინე, შეიმეცნე ანარქიზმის საფუძვლები.

გოგოები კითხულობენ რუსული მოდის ჟურნალებს და მათი მომავალი საქმროები ეწევიან ადგილობრივ მარიხუანას ინდუსტრიალიზაციის ფანტომურ ნანგრევებში,

სადაც ცა

გავდა ცარიელ ლურჯ თეატრს

ვარსკვლავური ომების მოლოდინში - მთელი ბავშვობა.

ასეთი მოლოდინი ყოველთვის ფარულ სიხარულს და კმაყოფილ ღიმილს აღძრავს

პოტენციური მაყურებლების გულებში,

ვინაიდან მოახლოებულ არს დასასრული

მათი „უძირო ბიოლოგიური სევდის"

ვინაიდან ომი და აპოკალიფსები

უფასო ბილეთებია

ჯადოსნური დღეების, წარმოუდგენელი ორგაზმების და რადიოთრიფების -

პრაქტიკულ სემინარებზე,

რომლებიც ისევ და ისევ შემთხვევითი, მშიერი სექსით მთავრდება შემთხვევით პარტნიორთან

და განვითარების ბიძგს აძლევს ბრმა ევოლუციას.

„სიყვარული" და „მონატრება" პროგრამის ნაწილია ცვლადების დასარეგულირებლად,

სიკვდილის დასავიწყებლად.

ეგოს ნარკოტიკული ანტივირუსი მარტოობის ტროიანების გასანადგურებლად.

+++

პლანეტის მკვდარი თანამგზავრი

როგორც

ბეტონის დამტვერილი მარგალიტი

როგორც ხარვეზებიანი gif

ასეთი ჩანს მთვარე დასკოჩილი ფანჯრებიდან.

საწოლზე  ვწევართ

ტურისტებივით საოკეანო კრუიზში

და მობილურის ფერმკრთალ შუქზე

ვათვალიერებთ

სამყაროს დაბადებისას გადაღებულ პოლაროიდებს,

AM სიხშირეებზე ვუსმენთ დიდი აფეთქების ემბიენთს

რბილი კოცნებით ვისველებთ ტუჩებს

ერთმანეთის გულს ვიგებთ რბილი მინეტებით

ვმეგობრდებით

ასე თენდება

ჩემს მარსივით წითელ სისხლში

   ნარჩევი ფორმულებია

             მენდელეევის სიზმრისეული სისტემიდან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

მეც

პირველად მსგავსი შემთხვევა თინეიჯერობისას, მეტროში მქონდა. როდესაც ვაგონში შესვლისას, სიხალვათეში ვიღაცის ხელი ჩემს უკან ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

„ჩვენი თამაში" - მეგობრული ბურთით - რედ ...

რატომ მეგობრული? - პასუხს კითხვისას მიიღებთ რაგბი ჩემს ცხოვრებაში ლიტერატურიდან შემოვიდა. 2014 წელი. აკა მორჩილაძის წი ...
13 ოქტომბერი
13 ოქტომბერი

სილამაზე, როგორც სასჯელი

ჩვენი ნება და არჩევანია გვჯეროდეს და ვამტკიცოთ, რომ სილამაზე აბსოლუტურია; რომ ის სამყაროს გადაარჩენს; რომ ის მიუღწეველი ...

მეტი

^