Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ა ნ გ ე ლ ო ზ ე ბ ზ ე (და მათი ამოცნობის ჩვენს უუნარობაზე)

23 ოქტომბერი 2017

ალბათ გაგონილი გექნებათ უცნაური აზრი იმის შესახებ, რომ - ინტერნეტის, ანუ გლობალური გონის (რომელიც - რასობრივი, კერძო/პოლიტიკური, სოციალურ/ეკონომიური, ეთნიკური და ასევე ყოველგვარი ტერიტორიალურობისგან განწმენდილი, იერარქიულ/სუბორდინირებულობის მიღმა მდგომი და თავისი ბუნებით რიცომული მოვლენაა)¬ შექმნის მოტივაციის მთავარ წყაროდ 50-60-იანების ახალგაზრდული მოძრაობები ითვლება - ზოგადად მესამე სივრცე და მისი მკვიდრები. რომ დავაკონკრეტო - ინტერნეტის გაჩენა განაპირობა ამ პერიოდის ახალგაზრდების გამრღვევი ცნობიერების ფორმამ და მისმა ყოველგვარ საზღვრებს გამოთავისუფლებულმა, სულიერი ერთობისკენ და მთლიანობისკენ დაუოკებელმა სწრაფვამ - რისი შემოტანაც პირველად მოხდა სამყაროში.

დასავლეთს ზოგადად ახასიათებს უეცარი და უცნაური (და სწორედ ამიტომ უსერიოზულესი) ანალიზ/დასკვნები სოციალურ მოვლენა/ფენომენების წარმოშობის მიზეზების შესახებ და ეს, ზემოთ მოყვანილი დასკვნაც სწორედ ასეთებს განეკუთვნება. დიდი და ძალიან სერიოზული დოკუმენტური ფილმია დადგმული ამ კონცეფციასთან და მის ანალიზთან კავშირში, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. დასავლეთის კრიტიკული თეორიისთვის ასევე დამახასიათებელია ამ სიღრმისეული მიზეზების მალული, დამატებითი და არაპირდაპირი განვითარების ფორმების ამოცნობის გამოცდილება და ნიჭი.

მოკლედ ინტელექტუალურ ინტუიციას დასავლეთს ვერ დაუწუნებ.

მაგრამ ასეთი ანალიზების სერიოზულობა საუნივერსიტეტო/აკადემიურ დონეზე არსებობს. აკადემიური ტერიტორიის მიღმა კი, მაგალითად, ჟურნალ/საგაზეთო კულტურული ტექსტის (კრიტიკის) დონე, დასავლეთში, სამწუხაროდ, დაბალია (ნუ აქ ქართული საგაზეთო კრიტიკის დონე სათვალავში არ არის, რასაკვირველია).

ასევე წაუკოჭლებს ვულგარული კინოკრიტიკაც - მედიის დისკურსში ფილმის გზავნილების კრიტიკული წაკითხვა  ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას!

ფილმის გზავნილი ზოგადად მხოლოდ მასის ცნობიერების შესაძლებლობიდან იკითხება და აუტანლად ტრივიალურია (პრაქტიკულად უკლებლივ ყველა რევიუ, მეტრის - ბატონ როჯერ ებერტის რევიუების ჩათვლით).

სწორედ ასეთი დაბალი დონის კრიტიკის მსხვერპლი გახდა უნიჭიერესი რეჟისორის, გას ვან სენტის (ფილმ „Elephant”-ის დამდგმელი) 90-იანების შუა პერიოდის ფილმი „Tu Die For~ (ქართულად ალბათ - „რას შეეწირო”), რომელიც სწორედ „ინფორმაციის ეპოქისა” და ინტერნეტის დაბადების წინაპერიოდს და ფენომენს ეხება. ეს ფილმი უსასრულოდ ღრმაა, მომავლის ხედვის აღტყინებით სავსე და სწორედ ამიტომ, როგორც ეს ცხოვრებას სჩვევია და „აქაური” ნორმაა - სწორედ ეს ნიჭიერი აღტკინება ეჩეხება ფილმში აწმყოს სრულ და მომავლის ხედვის დრამატულ უუნარობას. ასეთი შეჯახება ყოველთვის ტკივილით სავსე აბსურდ/მახინჯურ შედეგში იჩენს თავს და მხოლოდ ასეთი მახინჯი ფორმით რჩება ადამიანის მეხსიერებასა და ისტორიაში. რეალური და კეთილშობილებით აღსავსე დრამა კი, ამ ყველაფრის უკან, უხილავად რჩება.

სამწუხაროა, მაგრამ უმთავრესად ესაა - „რეალობას მოწყვეტილი მგზნებარების ბედი” და ასე ტრანსფორმირდება ის წაგებული ცხოვრების ნანგრევებად…

ხსენებულ ფილმშიც ფარული გზავნილის მიღმა - ანუ ჟურნალ-გაზეთების წარმოდგენებით, ფილმი მედიის „ყალბი სამყაროს ხიბლით” გასულელებული ქალის სოციალურ დრამა/ტრავმაზეა! თუმცა, ასეთი დავიწროებული გაგების პირობებშიც კი, ფილმი, თავისი მაღალი მხატვრული ღირებულებების გამო, მაინც შთამბეჭდავად იყურება და ნიკოლ კიდმანის და ჰოაკინ ფენიქსის წარმოუდგენელი პროფესიონალიზმითა და ნიჭით ბრწყინავს!

ამ ფილმის  უხილავი გზავნილი (ხშირად ასეთი გზავნილები ფილმის რეჟისორის მიღმაც კი ფორმდება), უნიკალური და უკომპრომისოა და „ელან ვიტალის” (ბერგსონი:  სასიცოცხლო ენერგია) გამტარ ანგელოზზე სიმბოლურ თხრობას წარმოადგენს.

ნიკოლ კიდმანის გმირის, სიუზანნეს სტოუნის შებყრობილობა მედიის ფენომენით, ადამიანში გაცხადებული მომავლისადმი ინტუიციური მგზნებარე ლტოლვაა, რომელიც რაღაც მეექვსე, ან შეიძლება სულაც მერვე გრძნობით განიცდის, თუ საით მიდის და რაში უნდა დამთავრდეს ინფორმაციით დღევანდელი ხიბლი/ეიფორია მომავალში... თუ რა უზარმაზარ გადახსნილ სამყაროს გვპირდება ეს ახალი ერა, სადაც ყველა ადამიანი ისევე იქნება გამონათებული და ყველაფრის ცენტრი, როგორც ისტორიულად ერთეულები იყვნენ მხოლოდ. აქ ენდი ვორჰოლის, სწორედ ფილმში აღწერილი ისტორიული პერიოდის დროს გამოთქმული აზრი მახსენდება: „მომავალში თხუთმეტი წუთით უკლებლივ ყველა სუპერ ვარსკვლავი იქნება”. ენდის ამ მტკიცებულებაში სიტყვა „ვარსკვლავი” ჯერ კიდევ ხელოვნური შუქით ანათებს, მაგრამ მისი ინტუიცია გრძნობდა, რომ მომავალი სწორედ უკლებლივ ყველა ინდივიდის სინათლე/გამონათების, „ქვეყნად ცენტრში დგომის” მდგომარეობაა.

ფილმში ეს მომხიბლავად ეგზალტირებული ახალგაზრდა ქალი, მთელი თავისი პატარა ძალებით, მაგრამ უზარმაზარი ნება/ჟინით, მიილტვის ამ ახლად დაწყებული მომავლის (საინფორმაციო ეპოქის) ნაწილად გახდომისკენ:  ტოტალური ინფორმაციის გამაერთიანებელი სინათლის, ანუ ერთიანი უნივერსალური გონის ბრდღვიალა აურში შეღწევისკენ. სიუზენნეს ეს სიდიადე უკლებლივ ყველასთვის სურს. მისი შინაგანი მოთხოვნაა, რომ ეს უსხეულო სამყარო ყველას თვითგამოხატვის საშუალებად იქცეს. რაღაც მომენტში იგი თავითონ სვამს ნაივურ კითხვას: თუ ყველა მონაწილე იქნა, მნახველი ვინღა იქნება? - იგი ინტუიციურად და აურატიულად გრძნობს მომავალს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ესმის, რომ მომავალი -„პერფორმერის" და მნახველის ბინარულობას აუქმებს!

მომავლის სიაშკარავეში შეღწეული სიუზანნეს ინტუიცია მას უნიკალურ მობილიზების ძალებს სძენს და ასევე გარემოსთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარ მიზანდასახული ვულკანურობით (როგორც მას მეუღლე ახასიათებს ფილმში) აჯილდოებს; რაც ასე განასხვავებს მას ყველა სხვა, მისი შემყურე ადამიანისგან.

ფილმში, სიუზანნეს ანგელოზური ბუნების ორი მტკიცებულებაა - საიდანაც ამ ნატურის ნამდვილი, ანუ სიღრმისეული შინაარსი იკითხება. ერთი, როდესაც ჰოაკინ ფენიქსის გმირი, თინეიჯერი ჯიმი, სრული თაყვანისცემით თვალებში ამბობს მასზე - „ის წმინდაა” (ჯიმი გრძნობს სუზანნეს „წმინდა შეპყრობილობას”); და მეორედ, როდესაც ისევ ჯიმი, უკვე პოლიციის დაკითხვაზე რაღაც გასაოცარ, ტკივილნარევ, გაუგებარი პროტესტის სახით აცხადებს  - „ჩვენ ხომ გვიყვარდა ერთმანეთი”.

მაგრამ სიუზანნეში ჩასახლებულ ანგელოზს არ შეუძლია შეჩერდეს ადამიანურ გრძნობებზე - მასში ანგელოზის მისია იმდენად მაღალია და მისი შეპყრობილობა ისეთი ხარისხისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური გრძნობების სრული გამტარია, ასეთი ტიპის გრძნობების მიმართ არა აქვს არანაირი სისუსტე და სენტიმენტი. თავის აღტყინებულ/ირაციონალურ სრბოლაში მოუხელთებელი მომავლისკენ, მას ადამიანური განცდები არასდროს ამუხრუჭებს.
ფილმში, ჯიმის მიერ სიუზანნეს მეუღლის მკვლელობა სიმბოლურია, ეს შემომსვლელი დრო კაცობრიობის ისტორია/ტრადიციას ჰკლავს. სიუზანნეს მეუღლეს სურს, რომ მამის ტრადიციის გამგრძელებელ/გამაუკეთესებელი გახდეს - რესტორნის ბიზნესი გააფართოვოს, განაახლოს.  სიუზანნე კი სწორედ მაცხოვრის იმ ხმალს ატარებს, რომელიც, როგორც მაცხოვარმა თქვა, შვილს და მამას ჰყოფს. აქ, ფილმში კი, ეს ხმალი მომავლის მოღალატე შვილს (რომელიც მამას აეწება) და მომავლის ერთგულ ცოლს აცალკევებს. ჩვენი ანგელოზისთვის (სიუზანნესთვის)არც ახალი დროის პიონერი გამტარი ადამიანები წარმოადგენენ რაიმე ღირებულებას (ჯიმი და მისი მეგობრები). კი, მათში და მათი ხელებით ხორციელდება მომავალი, მაგრამ ისინი ამ ახალი დროების შინაარსის მატარებლები არ არინ - ისინი მხოლოდ ფუნქციურ/გამტარი ჭანჭიკ/აღმსრულებელი ელემენტები არიან, ანუ პრაქტიკულად უფასური - სიუზანნეში ჩასახლებული ანგელოზისთვის, რასაკვირველია.

ფილმის ბოლოს, ამ უკომპრომისო, ცეცხლოვან ატაცებულ გიჟ-ანგელოზს, შურისძიების მიზნით კი არ კლავენ, მას წყალში ყინავენ, და ეს, ულამაზესი სიმბოლური ფიგურაა ფილმში - ისე როგორც დღეს გაყინული ჰყავთ ბევრი ადამიანი, ვინც მომავალს ასეთი ფორმით ელოდება!

ყინულის კუბოსგან განსხვავებით, სიუზანნეს გაყინულ მდინარეში ეკუთვნის ძილი -  რომლის წყლებიც ჯერ არ დაძრულა, მაგრამ გაზაფხულზე ჩქეფა/დინების სილაღედ და დაუოკებელ თამაშებად იქცევიან - სადაც ყველა ტალღა ერთმანეთს უცინის და ეპრანჭება - როგორც საკუთარი თავის ანარეკლს სარკეში; რახან ყველა ტალღა, როგორც წყლის შვილი, ერთიანია წყალში!

ასე რომ, უნდა ვიცოდეთ! მდინარე ჯერ კიდევ გაყინულია, მაგრამ  დინებადი ცნობიერება თავის მომავალს ელოდება…

ამ სტატიის მნიშვნელობა არ არის ამ კონკრეტული ფილმის ფარული, ან სულაც უცნობი შინაარსის გამჟღავნება. მთავარი სარგებელი იქნება თუ ჩვენ ეს სტატია გაგვიცხადებს, რომ შინაარსი, ნარატივი, რომელიც ზედაპირზეა, ადვილად იკითხება და დამაჯერებელია, ხშირად იმის მატარებელი არ არის, რაც ამ დონეზე ფილმში ცხადდება. გმირის ფსიქოლოგიის უცნაური დეტალები, არაორდინალური და არა ტიპური ქცევის ფორმები, ასეთივე უცნაური შინაარსის გამოთქმული აზრი, ან სულაც ანტურაჟის, ან ვინმეს ჰაბიტუსის უცნაური დეტალი, შეიძლება უეცრად გახდეს ჩვენთვის კარი ფილმის სრულიად სხვა შინაარსში, სხვა გზავნილში შესაღწევად! და, ასე ამოკითხული სათქმელი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფერებითა და ბრწყინვალებით წარმოსდგეს ჩვენ წინაშე - ვიდრე ფილმის წამყვანი ნარატივის მიყოლით მიღებული შთაბეჭდილება/წვდომა. ამიტომ ყოველთვის ეძიეთ ის შინაარსი, რომელიც თავისით, თქვენი ინტუიციისა და ცოდნის დაძაბვის გარეშე არ გეძლევათ - იქნება ეს კინო, წიგნი თუ სამყარო… 

 P.S.

ფილმის ბმული: http://net.adjara.com/Movie/main?id=4621

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^