Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მორბენალის მარტოობა გრძელ დისტანციაზე

23 ოქტომბერი 2017

შეიძლება ვიმკითხაოთ ან ვიდავოთ, ნიშნავს თუ არა ექსფეხბურთელ კალაძის წარმატება საზოგადოების რუმს-მიჭირხვნას, თუმცა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საუბრის მთავარი თემა მაინც ალეკო ელისაშვილის 17 პროცენტია. ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კეთილხმოვანია თუ ბოღმიანი; პოზიტიური თუ აკვიატებული. მთავარი მაინც პრეცედენტია. 

თბილისის ჰამქრის უსტაბაშმა, თითქმის უფულო და უპარტიო ადამიანმა, დედაქალაქში საარჩევნო ხმების დაახლოებით მეხუთედი მიიღო  (პლუს ცალკე აღებული „დროშა ვერ დაკიდენ“ კაცი ქუთაისში, დამოუკიდებელი შარაშენიძე ოზურგეთში და ასევე უპარტიო ნოზაძე ხაშურში), რაც საარჩევნო ნიჰილიზმის ფონზე დადებით მოლოდინს აჩენს. მოკლედ, დამღლელი და ერთფეროვანი პარტიული მესიჯებისგან თავდასაცავად, ხალხი დამოუკიდებელი და გაბედული კანდიდატების მცდელობას მაინც ამჩნევს, რაც მნიშვნელოვანია.

როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ელისაშვილმა საკუთარი მხარდამჭერებისა და შელახულ-გაცვეთილი პარტიების ხმების ნაწილის გარდა, მერყევი  და შუაშისტი ელექტორატის ხმებიც მიიზიდა, რაც ჯამში ცოტა არ არის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი პარტიების ცვეთამედეგობა გაცილებით ნაკლებია. მას ისიც დაეხმარა, რომ სრულიად განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხი არჩევნების წინ ყოვლისმომცველმა ნიჰილიზმმა უფრო გააერთიანა, ვიდრე შეხედულებების სიმყარემ და ეს ნიჰილიზმი პარადოქსული ფორმით ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმაში გამოვლინდა.

დადებითი როლი შეასრულა იმანაც, რომ ალექსანდრე ჰამქროსანი არ ასოცირდებოდა მყარ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, სისტემასთან, პოზიციასა და განწყობებთან. მრავალი ბრალდების მიუხედავად  („ფარული ქოცი“,  „მიშას კუდი“, „ბიძინას ფოსტალიონი“, „ქანქარა შუაშისტი“ და ა.შ), მან მაინც მოახერხა დარჩენილიყო ჭორებისა და სუსის  მიერ სულელურად აგორებული სკანდალების მიღმა და ცალკე.

ოპოზიციის დიფერენცირებისა და დანაწევრების ფონზე, „მარტოხელა მონადირეების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ ჯუნგლებში მხოლოდ მზარდი და მარდი დასაწყისია. თუმცა ლოგიკურია შეკითხვა - სად და როგორ აპირებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას მარტოხელა ელისაშვილი? ან აპირებს თუ არა საერთოდ? ვინ არის დღეს მისი ამომრჩეველი და როგორ გადანაწილება მომავალში მის მიერ მიღებული ხმები. მით უმეტეს, რომ ხმა ასე ვთქვათ, ამომრჩევლის „კაპიტალია“ და როგორც სურს, ისე დააბანდებს მომავლისა თუ წარსულის პოლიტიკოსებში.

მთავარია, ვინ უფრო კარგად დააჯერებს ამომრჩევლს, რა არის საჭირო კონკრეტულ და მოცემულ ვითარებაში. რაც ნიშნავს, რომ ალეკო ელისაშვილს უკვე შევცლილი პოლიტიკური ლადშაფტის გამო პასუხისმგებლობაც მართებს. თუ ის არ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას და პარტიას, ან რაიმე საზოგადოებრივ გაერთიანებას შექმნის, მაშინ მიღებული ხმების დაცვაც მოუწევს და ახალი იდეების გენერირებაც. არა აქვს მნიშვნელობა მანამდე ვინ სად იყო; მთავარია, რამდენად გაჰყვება მას ასეთი ჭრელი, უცნაური, პარადოქსული და რიგ შემთხვევაში ანტაგონისტი ელექტორატი.

არც ის არის გამორიცხული, რომ  ოდესღაც საგულდაგულოდ  „გაკრეფილი შუას“ ანასხლეტ-შეწებებულმა ელექტორატმა, რომლებიც ყველა უპარტიო რჯულის ხალხთან შეერთდნენ და უკაპიკო ალეკოს ყულაბაში 17 თეთრი ჩააგდეს (სხვაგან თუ არა, „კარფურში“ ხო, იძლევიან 2 თეთრიანებს?), მომავალში ძველი თბილისის ხიბლი ვეღარ დაინახონ. მით უმეტეს, თუ ელისაშვილი ბრძოლის გაგძელებაზე უარს იტყვის. ოპოზიციური ამომრჩეველი ხომ უფრო მოტივირებულია?.. თანაც მარტო თბილისის  ისტორიის საგანგებო ცოდნა და გულწრფელობა არ არის საკმარისი თბილისის მერობისათვის.

საინტერესოა, როგორი იქნება მორბენალის მარტოობა მომავალ, გრძელ დისტანციაზე. ან როდემდე გაძლებს და გაუძლებს მარტო? 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^