Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“დევის“ ნიშნობა

01 ნოემბერი 2017

დიდი დღეა დღეს.  ბევრი საინტერესო სასიამოვნო და უსიამოვნო ამბავი მოხდება. 1 თვის წინ დავბრუნდი მოედანზე და ოჯახს გადაჩვეულს მატჩის შემდეგ მოედნიდან „სახლში წასვლა“ მაქვს გადაწყვეტილი. „დევები“ მამხნევებენ და მეუბნებიან, რომ არ ღირს უარის თქმა და წინ ბევრი კარგი თამაში მელის.  მაგრამ პასუხი მზად მაქვს: „ვეღარ ვქაჩავ, კიბეებზე ასვლა მიჭირს თამაშის შემდეგ“...

29 ოქტომბერი  ჩვენი მეგობრების მიერ ახლად შექმნილი რაგბის გუნდის „სოხუმის“ გამარჯვებებით დაიწყო. 10 წლამდელთა სარაგბო ფესტივალზე ბიჭებმა სამი თამაშიდან ორი მოიგეს. წარმოვიდგინე, როგორ მიდიან სახლში  დასვრილი ფორმებით და დაჟეჟილი კუნთებით - ამაყები, თავდაჯერებულები და, რაც მთავარია, გამარჯვებულები. რამხელა ემოცია მიაქვთ  და როგორ უყვებიან თამაშის ამბებს მშობლებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მათი ემოციების გულწრფელად გაზიარება...  გულგრილი დამოკიდებულებით შეიძლება ჩემპიონი „ჩაძიროთ“; სწორი მიდგომით კი შესაძლებელია, საშუალოდ ნიჭიერი ჩემპიონად აქციო. და ეს მარტო რაგბის არ ეხება, ზოგადად ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ და ობიექტურ გულშემატკივრობას.  

 დღეს მეც თამაში მაქვს. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ტალახიანი არ დავბრუნდები - მატჩი ხელოვნურ საფარზეა. დაჟეჟილობა იქნება უხვად. შედეგს რაც შეხება, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. მთავარი კი თამაშისგან სიამოვნების მიღებაა. ჩვენთან მოთამაშეების რაოდენობა  თითქმის გულშემატკივრების რაოდენობას უტოლდება და ჩემი გულშემატკივრის „ადგილი“ მუდამ თავისუფალია.  

 სპორტში არასდროს იცი, როდის რა მოხდება. თუმცა ორივე გუნდმა ვიცით, რომ პირველივე წუთებზე „ცქიტო“, იგივე „ზაგესა“ ლელოს დადებს. მოწინააღმდეგის ოცდაორმეტრიანში  ბურთს იღებს, ცრუ მოძრაობებით ცდება პოტენციურ მბოჭავებს, და ძელებს შორის ნახტომით დებს ლელოს.. ცქიტოს გულშემატკივრის „სკამი“ დაკავებულია. იქ ქეთი ზის და სწორედ ქეთის „სკამთან“ ცქიტო მუხლს იდრეკს (ზუსტადაც მუხლს იდრეკს) და ქეთის ხელს სთხოვს. ქეთი მოულოდნელობისგან იბნევა, იღიმის. ამ დროს შეძახილები წყდება... ქეთი თანახმაა.

 ვბრუნდებით მოედნის ცენტრში რომანტიზმით და ღიმილით აღსავსენი. ძალიან ძნელია რაგბისთვის საჭირო ხასიათზე გადართვა - „მოდი შენი ჭირიმე“, „აბა გავატაროთ“, „არა ბოჭვას როგორ გაკადრებთ“ და ა.შ. - არ გამოვა.  კი - სამოყვარულო ლიგაა, კი 30-წუთიან ტაიმებს ვთამაშობთ, კი - შერკინებაში არ ვაწვებით, მაგრამ აქ ყველა ბოლომდე იბრძვის და თავს არ ზოგავს. ბურთი რამდენჯერმე მივიღე, ცუდად არ ვმოძრაობ, კონტაქტის შემდეგ ბურთს არ ვუფრთხილდები და ვკარგავ. მოწინააღმდეგე გუნდი (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ) კარგად გვიტევს და პირველ ტაიმს ვაგებთ.

 შესვენებაზე „გველესასგან“ რჩევებს ვიღებ და თამაშის მობრუნებაზე ვფიქრობ. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მე მინდა, ხელისშემშლელ ფაქტორებს მოედანზე რა დალევს. მეორე ტაიმში „ხმელოს“ პასს ვერ ვიღებ და ვცდილობ, ფეხით გავაჩერო ჩემკენ წამოსული ბურთი, აჭრილი ვარ. „ხმელოს“  რჩევას ისე ვერ ვიგებ, როგორც საჭიროა და შეცვლაც არ აყოვნებს.

 თამაში წავაგეთ. თუმცა მესამე ტაიმზე არავინ გლოვობს, სწორედ იმიტომ, რომ აქ თავმოყრილ ადამიანებს რაგბი მხოლოდ შედეგის გამო არ უყვართ და ოვალური სამყაროს ხიბლი კარგად ესმით. ყველას რაღაცა სტკივა, ყველა დაჟეჟილია დ ყველა ბედნიერი. ყველაზე ბედნიერები კი „ცქიტო“ და ქეთი არიან. დღეს მათთვის გამორჩეული დღეა. თამაშზე  მოსული შეყვარებულები სახლში სულ სხვა სტატუსით ბრუნდებიან.

 ლუდით გვარიანად მთვრალი მეც სახლში ვბრუნდები, მაგრამ „სოხუმის“ პატარა მორაგბეებისგან გასხვავებით, არც ტალახიანი და არც გამარჯვებული, თუმცა მოტივირებული.  თამაშები 2018-ში განახლდება, მანამდე უამრავი დრო მაქვს ფორმაში ჩასადგომად, „ჯანზე მოსასვლელად“, ჩემი გულშემატკივრის „სკამის“ შესავსებად და  იმ „სკამზე“ მჯდომებთან გამარჯვებით მისასვლელად.

„სახლში წასვლას“ ყოველთვის მოვასწრებ...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^