Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ იცავს „ნენსკრა ჰიდრო“ დათვებს და კალმახებს და ცრუობს დასაქმებულებთან

02 ნოემბერი 2017

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სვანეთში, ნენსკრაჰესის მშენებლობას გულისხმობს. პროექტს სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს. სწორედ ამ კომპანიის საკადრო პოლიტიკის შესახებ მინდა გიამბოთ, რომლის „მსხვერპლი“, სამწუხაროდ, მე აღმოვჩნდი. მინდა აქვე გითხრათ, რომ სს „ნენსკრა ჰიდროს“ მთავარი ინვესტორი არის სამხრეთ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია - K-Water, რომელიც ასევე დღევანდელ რეალობაში საქათველოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

მშენებლობის დასაწყებად სს „ნენსკრა ჰიდრო“ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხარდაჭერას საჭიროებს. მათ შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის ინვესტირების ბანკი (EIB). კომპანია კვლევებითა და ანგარიშებით ცდილობს, დააჯეროს, ე.წ. „ლენდერები“ (ანუ გამსესხებლები), რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას ისინი მინიმალურ ზიანს მიაყენებენ ბუნებას და მზად არიან, დაიცვან როგორც სვანეთის ტყეებში მობინადრე მურა დათვები, ასევე ნენსკრას და ნაკრას მდინარეებში მოცურავე კალმახები. კომპანია თავს დებს ფლორისა და ფაუნის დაცვაზე, თუმცა ამავდროულად ძალიან ადვილად არღვევს საქართველოს მოქალაქის შრომით უფლებებს.

„ნენსკრა ჰიდროს“ განცხადება კომუნიკაციის სპეციალისტის ვაკანტური პოზიციის შესახებ მე 2017 წლის ივლისში jobs.ge-ზე აღმოვაჩინე. 2006 წლიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ვმუშაობდი, ბოლო 7 წელი კომუნიკაციების ოფიცრად, ამიტომ განცხადებაში ჩამოთვლილი სამუშაო მოთხოვნები ჩემთვის უცხო არ იყო. ასევე, სამუშაო ადგილად მითითებული „თბილისი, მარჯანიშვილის 6“ სრულიად მისაღები იყო ჩემთვის. ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორიდან სრულიად ახალ სექტორში გადასვლა და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ვაკანსიას. გავაგზავნე ჩემი მონაცემები და მალევე დამიკავშირდნენ. სამი გასაუბრებისას ყოველ ჯერზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად სამუშაო ადგილის შესახებ ვსვამდი კითხვას და ვიღებდი დამაჯერებელ პასუხს, რომ ვაკანსია თბილისში მყოფ კომუნიკაციების სპეციალისტზე იყო გამოცხადებული.

აგვისტოს ბოლოს მეილით შემატყობინეს, რომ კომუნიკაციების სპეციალისტად მე შემარჩიეს. მეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“  ჩემი სხვა სამსახურში გადასვლის გადაწყვეტილების შესახებ განვაცხადე და 2017 წლის 1 სექტემბერს წასვლის შესახებ განცხადებაც დავწერე.

ჩემი პირველი სამუშაო დღე „ნენსკრა ჰიდროში“ 8 სექტემბერს დაიწყო (ალბათ, ძალიან ბევრმა დრომ უნდა გაიაროს ამ დღის გახსენებაზე უსიამოვნო შეგრძნებები რომ აღარ დამეუფლოს). გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქეთრინ გარსიამ მაცნობა, რომ ჩემმა პოზიციამ ცვლილება განიცადა და ახლა ითვალისწინებს რეგულარულად, თვეში სამი კვირა ჭუბერში და 1 კვირა თბილისში ყოფნას. კომპანიამ არსებითად შეცვალა ჩემი სამუშაო პირობა, რაც არ გაუჟღერებია არცერთ ინტერვიუზე და გამაგებინა მაშინ, როცა სამსახურიდან წამოსული ვიყავი და მათ წინადადებას თუ არ დავთანხმდებოდი, ფაქტობრივად, უმუშევარი ვრჩებოდი. კომპანიამ თითქოს ჩიხში მომამწყვდია. ჩვენ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თეთრზე შავად წერია, რომ ჩემი სამუშაო ადგილი არის თბილისში, მარჯანიშვილის 6 ნომერში. სამაგიეროდ, ხელშეკრულებაზე დართული საქმიანობის აღწერა უკვე განსხვავებული იყო იმისგან, რაც კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაში ეწერა.

ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, როცა კომპანიის მიერ გამოცხადებული და შეპირებული თბილისის ოფისის ნაცვლად ჭუბერის ტყეში მოწყობილ სამშენებლო ბანაკში აღმოვჩნდი, სადაც უნდა მეცხოვრა კონტეინერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ უდიერად მომექცა კომპანია. გარდა იმისა, რომ შეუთანხმებლად გამამწესა ყოველთვიურად ჭუბერში სამყოფად, საჭიროდაც არ ჩათვალა დეტალურად აღეწერა ის სექტორი, რომლის შესახებაც მე, როგორც არასამთავრობო სექტორში მომუშავემ, არაფერი ვიცოდი. კომპანიის მენეჯმენტს მივმართე თხოვნით, თვეში ერთ კვირამდე შეემცირებინათ ჩემი ჭუბერში ყოფნა. ამ თხოვნაზე მივიღე მტკიცე უარი, ამიტომ იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება და სამსახურიდან წამოვსულიყავი.

მინდა, ჩემი ცუდი გამოცდილება გაფრთხილებად მიიღოს მკითხველმა და არ ჩათვალოს, რომ თუ დამსაქმებელი უცხოელია, უსიამოვნებას არ უნდა ელოდოს. ჩემ შემთხვევაში, „ნენსკრა ჰიდროს“ წარმომადგენებმა ცხადად მაჩვენეს,  რომ დათვს და კალმახსაც მხოლოდ იმიტომ ელოლიავებიან, რომ „ლენდერების“ კეთილგანწყობა სჭირდებათ. იმ სფეროში კი, სადაც მათ არავინ აკონტროლებთ, ადამიანის გაცურება და მისი ცხოვრების მკვეთრად შეცვლა არც არაფრად მიაჩნიათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^