Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრძენიც ცდება და შემოქმედიც - მხოლოდ მომავლის თვალებია ღია…

06 ნოემბერი 2017

“Мудрый Кончаловский:
Те, кто не исполняет обязанности, не могут иметь права. Посмотрите на китайскую цивилизацию, на христианскую цивилизацию − там прежде всего обязанности. Когда человек получает все права, он, грубо говоря, теряет человеческий облик. Что такое обязанности? Это культура! На мой взгляд, либеральная европейская мысль ведет к пропасти только потому, что она фетишизировала права. Это путь в ад. Я, в этом смысле, мракобес и ватник.

Глобализация уничтожает суверенитет государств…”

„ბრძენი ანდრეი კანჩალოვსკი:

მათ, ვინც არ ასრულებს ვალდებულებებს, არ შეიძლება, ჰქონდეთ უფლებები. შეხედეთ ჩინურ ცივილიზაციას, ქრისტიანულ ცივილიზაციას — იქ ყველგან უპირველეს ყოვლისა ხედავთ ვალდებულებებს. როცა ადამიანს ყველა უფლებას ანიჭებ — ის კარგავს ადამიანის სახეს. რა არის ვალდებულებები? ეს არის კულტურა! ჩემი აზრით, ევროპული ლიბერალური აზროვნება მიემართება უფსკრულში, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ფეტიშამდე აიყვანა უფლებები. ეს არის გზა ჯოჯოხეთში. ამ მხრივ, მე ბნელეთის მოციქული ვარ ნამდვილად და გოიმი.

გლობალიზაცია ანგრევს სახელმწიფოს სუვერენიტეტს... “

კი კონჩალოვსკი ნამდვილად „ბრძენია“... ოღონდ, — ჟილ დელეზის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ბრძენი, ემპირიული გამოცდილების ხარჯზე „აქ და ახლა“ გარემო/სიტუაციების ალღოამღები ადამიანია — რომელსაც არაფერი ესაქმება „უცნობ მომავალთან“ და მის ისტორიის მიღმიერ სუნთქვასთან.

სწორედ ამიტომ ბრძენი კონჩალოვსკი განუწყვეტლივ რეფლექსირებს ისტორიას და ჰგონია, რომ წარსულის მაგალითებში უნდა იყოს რაღაც „პანაცეა“ — ყველას და ყველაფრის გადამრჩენი ჭეშმარიტება... :

მისი სიბრძნე კაცობრიობის ისტორიაში ჩაქსოვილი  „გადარჩენა/დაფუძნების” მიზნითაა გაუცნობიერებლად დატყვევებული და ამ მიზნის განხორციელებისთვის ისტორიის ეპისტემებში გაცხადებულ მეთოდებზეა ბრმად იმედდამყარებული. ამიტომ ვერც კი ამჩნევს, რომ ადამიანი დღეს სწორედ ისტორიის ამ ინსტინქტური მიზნის („გადარჩენა/დაფუძნება“) გადაძლევისთვის იბრძვის და ამის შესაძლებლობას  ტექნოლოგიები ჰქმნის.

ასეთი სიბრმავის გულუბრყვილო გულწრფელობაში ბატონ კანჩალოვსკის პროგრესულადაც კი მიაჩნია საკუთარი აზროვნება და მას ენთუზიაზმით აცხადებს.

სინამდვილეში კი მისი ნააზრევი — არც კომუნისტების იდეა/გაგებებისგან არის განსხვავებული დიდად („ვინც არ შრომობს, ის არ ჭამს“ :), არც რუსულ მართლმადიდებლურ თეზას გასცდენია და არც ალექსანდრე დუგინის იდეოლოგიური სიბეცე/სიბნელისთვის გაუსწრია დროში (დუგინს რომ შეადარო, ალბათ, გაგიჟდება, არადა,  ზუსტად მასავით ბრძანა, რომ ლიბერალურ აზროვნებას მიჰყავს ჯოჯოხეთში...) :):)

კანჩალოვსკიმ სრულიად ვერ დაინახა, რომ ისტორიის წრე გაირღვა. ეს ჯერ არნახული გარღვევა განახორციელა მოწინავე, გლობალური საზოგადოებების ავანგარდის ეკონომიკურ/მორალურ/ტექნოლოგიურმა მზაობამ...

„ადამიანს“ დღეს ფუნდამენტურად ახალი არსება ანაცვლებს. ეს ჩანაცვლება იწინასწარმეტყველა ფუკომ, რომელმაც „ადამიანის სიკვდილი“ გამოაცხადა — ანუ ადამიანის იმ იდეალის, რომელსაც ამკვიდრებდა „განმანათლებლობა“. პროცესი, რომელიც დღეს მოინიშნება, უახლოეს მომავალში კონკრეტულიც გახდება და ძალიან მალე ჩამთავრდება კიდევაც. მოკვდა სწორედ ის ადამიანი, რომელსაც არეგულირებდა და ფორმას სძენდა „ვალდებულებები/შრომა“, ანუ „განმანათლებლობის“ მიერ გაცნობიერებული და კანონად ქცეული — ინდივიდის სრული ვალდებულებრივი დამოკიდებულება საზოგადოების წინაშე (კანჩალოვსკის მიერ ნახსენებ აღმოსავლეთთან კავშირში საქმე ბევრად უფრო ჩახვეულია, ვიდრე მას ეს წარმოუდგენია). ახალი ადამიანი კი, სრულიად სხვა მოთხოვნით, ბაზაზე აღმოცენდება (არა ვალდებულებრივზე), ჩვენი აწმყო კულტურისთვის უცნობი პერსპექტივებისა და მიზნების ბაზაზე!

ტრადიციულ, ანუ „გადარჩენა/ფეხმოკიდების“ კულტურის წიაღში, მაგალითად შუა საუკუნეებში, ადამიანის, როგორც ინდივიდის, ბიოლოგიური გადარჩენის პრობლემა დრამატული იყო. ამიტომ პირადი გადარჩენის ინსტინქტი ადამიანში უძლიერესად იყო წარმოდგენილი, რის გამოც იგი ცხოველის დონეს პრაქტიკულად ვერ სცდებოდა. ამ პირობის გამოისობით, ინდივიდის მიერ საზოგადოებრივი ვალდებეულებების მოთხოვნების შეგნება და შესრულება გადარჩენის ინსტინქტის დაძლევის (ანუ გაადამიანურების)  ერთადერთი საშუალება იყო. ამიტომაც, ვალდებულებრიობა საზოგადოების წინაშე კულტურასთან ზიარების ყველაზე ქმედითი მეთოდი იყო და, ალბათ, ერთადერთი საშუალებაც. ამიტომ იყო ისტორიული ადამიანისთვის გარედან შემოტანილი ვალდებულებების გატარება ასე უსაშველოდ მნიშვნელოვანი (რაც კანჩალოვსკის დღესაც გაადამიანებ/გაკულტურების ერთადერთ შანსად მიაჩნია).

მაგრამ ინდივიდუალური ეგზისტენციალური გასაჭირი ისტორიულად მთავრდება. დღეს თითოეული ადამიანის ცხოვრებას ეგზისტენციალური საშიშროება აღარ ემუქრება — რობოტიზაცია ამთავრებს „გადარჩენის ისტორიის“ ფსიქოლოგიის არსებობას! ამიტომ ასევე მთავრდება საერთო/საზოგადოებრივზე ზრუნვაც, როგორც კულტურული ადამიანის გაფორმების მექანიზმი — ის ბუნებრივად ვეღარ ნარჩუნდება, ინდივიდი დუხჭირით გაწეწილი აღარ არის და მასში ბიოლოგიური ეგოიზმი მთავარ მამოძრავებელ ძალას აღარ წარმოადგენს და ამასთან საზოგადოებრივი ვალდებულებებით ბრძოლა აღარ არის საჭირო.  

ანუ ქრება შეგნებული ცხოვრების პირველი დღიდან უკლებლივ ყველა ჩვენგანის „ვალდებულებრივი ტერორი“ — ოჯახში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, სამსახურსა და ა.შ. ჩვენ ამ ტერორის შვილები ვართ და აქამდეც ასე ვზრდით ჩვენს შვილებს: — ტერორის მსხვერპლად, იმისდა მიუხედავად, რომ გარემოებები იცვლება და ალბათ სულ მალე ჩვენთვის სრულიად უცნობი სიტუაცია დაიმკვიდრებს ადგილს.

სწორედ ამ ახალი გარემოებების გამო მთავრდება ადამიანი/ინსტინქტ/ცხოველი და იბადება ახალი ადამიანი მოთამაშე/შემოქმედი. თავისუფალი შემოქმედება კი გარედან შემოტანილ ვალდებულებაზე არ დგას! ამიტომ მომავალში დარჩება მხოლოდ ჩემი შინაგანი ვალდებულება საკუთარი თავის განხორციელების მიმართ, გარედან შემოტანილი ვალდებულებები კი წაიშლება.

კანჩალოვსკის შიში, რომ ადამიანი სახეს დაკარგავს მისთვის უფლებების მინიჭების გამო, მოდის იქიდან, რომ განახლებულ ადამიანს და მის მომავალს (რაც აღვწერე) ვერ ხედავს. კანჩალოვსკიმ და მისმა თაობამ კონტრკულტურების წვლილი ახალი ადამიანის შექმნასა და სულიერ აღზრდაში საერთოდ ვერ გაიგო და ვერ გააცნობიერა. კანჩალოვსკისა და მისი თაობისთვის კონტრკულტურა საზოგადოებაში რაღაც ჭეშმარიტი ღირებულებების არარსებობის წინააღმდეგ პროტესტად აღიქმებოდა, ეს ჭეშმარიტებები კი სადღაც წარსულში მოიაზრება. მათ გამოეპარათ, რომ კონტრკულტურამ ზოგადად ისტორიის მიღმიერი ახალი ადამიანის გააფორმება დაისახა მიზნად, ფასულობების მიღმა არსებული არსების, რადგან ჩვენი ფასეულობები „გადარჩენა/დაფუძნების” ინსტინქტის პროდუქტია და სწორედ ამ სისტემას ებრძოდა კონტრკულტურა და მას წარსულისკენ არასდროს გაუხედია! კონტრკულტურის მიერ ინდოეთით ხიბლი, იქ შიშველი ონტოლოგიური ტერიტორიების (განგზე შიშველი იოგის ცნობიერების) არსებობითაა განპირობებული და არა ჭეშმარიტების რაიმე უძველესი ფორმით, რომელსაც ინდოეთის კონტექსტში არავინ იძიებდა.

დღეს დასავლეთში არ არსებობს სტუდენტი და ახალგაზრდა, ვისთვისაც კონტრკულტურის მოტანილი იდეალები რამდენადმე მაინც არ ჰქონდეს გათავისებული. რამდენად შეუძლიათ მათ ამ იდეალების ცხოვრებში გატარება, სხვა საკითხია; — მოწინავე სახელმწიფოებიც კი ჯერ არ არიან მზად იმისთვის, რომ ასეთი გატარების სრულფასოვანი შესაძლებლობა და გარანტიები შექმნან,  მაგრამ ეს უახლოესი მომავლის ამბავია.

არატერიტორიალურობა, მატერიალურ და მოხმარებითზე მინიმალური დამოკიდებულება, სკეპტიციზმი პოლიტიკისა და არსებული სახელმწიფო აპარატების მიმართ, უცნობი მომავლის სრული იმედი და ნდობა და მისი არა გამოყენებით/მოხმარებით ასპექტში ხედვა — ესაა ის იდეალები, რომელიც მესამე სივრცემ მოიტანა და დღეს კაცობრიობის პროგრესული ნაწილის მახასიათებლად იქცა.  ასეთი ორიენტაციის მქონე ადამიანს არ სჭირდება ვალდებულებების მოხვევა, რადგან მისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ ზოგადი სწორედ მის მიერ გაფართოებული ტერიტორიაა.

უეჭველია, გარკვეულ დრომდე, გარედან თავსმოხვეული ვალდებულებების თავზე აღება ინდივიდის მიერ მაღალი კულტურის ნიშანი იყო. როგორც ვთქვით, სანამ ეს ვალდებულებები სასარგებლო საქმეს აკეთებდა ინდივიდისა და საზოგადოების  „გადარჩენა/ დაფუძნების“ საქმეში (ვალდებულებებს სხვა მისია არასოდეს ჰქონდა), მაგრამ, როცა ინდივიდი თავისუფლდება, იგი არც ძალას და არც დროს, თავის ეგზისტენციურ გატანას ან საზოგადოების გადარჩენას აღარ ახმარს — სულ მალე იგი მხოლოდ თავის შემოქმედებით რეალიზაციაზე იმუშავებს (ვალდებულება თავისი სულიერი პოტენციის წინაშე — ზუსტად ასე ცხოვრობდნენ ადამიანები აშამებში - ცნობიერების თვალსაზრისით, ყველაზე მოწინავე საზოგადოებრივ წარმონაქმნებში).

ისე რომ, კანჩალოვსკის მიერ მოხმობილი ანაქრონისტული, გარედან თავსმოხვეული ვალდებულებები დღეს მხოლოდ ხელის შემშლელია ახალი ცნობიერების ფორმის კვლევა/მოძიება/გაფორმებაში!

დღეს გაცხადებული და ადამიანისთვის მინიჭებული უ ფ ლ ე ბ ე ბ ი სწორედ ასეთი ახალი ცხოვრების წესს იცავს!

ადამიანი დღეს სწორედ თავის სულიერ პოტენციასთან ვალდებულებებით იზრდება და სულიერდება, რაკი ეს „საკუთარი“ აღარ ეკუთვნის „მატერიალურ ტერიტორიას“, ანუ „საკუთარი“ გადარჩენა/დამკვიდრების ინსტინქტის პროდუქტი აღარ არის. სწორედ ასეთია სამყაროს მომავლის პროსპექტი - რომელიც უფსკრული კი არა, უსასრულო შესაძლებლობების გადახსნილი სივრცეა...

კანჩალოვსკის „ჩარჩენილობას“ მისი სამეტყველო აპარატის შემადგენლებიც უჩვენებს — ცნება „ჯოჯოხეთი“, რომელიც მან იხმარა დღევანდელობის კონტექსტში - მართლაც „ჯოჯოხეთურ“ სიგიჟე/სიბეცედ ჟღერს! :) :)

დიახ, გლობალიზმი (ნუ გერევათ კოსმოპოლიტიზმში) სამომავლოდ პრინციპულად გააუქმებს სახელმწიფოს სუვერენობას, მაგრამ(!) არა ერების თვითმყოფადობას — ეს ცხადია! ეროვნულმა თვითმყოფადობამ ინდივიდების თავისუფალ/შემოქმედებითი თამაშებით სწორედ საკუთარ/განუმეორებელი ტემპერამენტ/აურატიული თავისებურებების მანიფესტაციები უნდა შესძინონ დინებად დროს და ზღვარმოშლილ ტერიტორიულობას.

კანჩალოვსკი უსაშველოდ ჩაიჭრა, რაც მისი თაობისთვის ძალიან დამახასიათებელია (ასეთი პოზიციებით, იგი თავისი ძმისგან შორს არ წასულა) — რახან თავისი წარმოდგენებით კულტურაზე, ჭეშმარიტებასა და მომავალზე სრულიად ჩარჩენილია ისტორიული დროის ფასეულობებში და მომავლის მიერ უკვე გაცხადებულ მექანიზმებს ვერ ხედავს. მისი წარმოდგენები დღეს ნამდვილად ანაქრონისტულია და არანაირი სიცოცხლე/ქმედითობა არ გააჩნია!

ისე რომ (ხუმრობით, რასაკვირველია), თავს სწორი დასკვნა გამოუტანა, კი: — ის „ბნელეთის მოციქული და ნამდვილად გოიმია („ვატნიკი“)...“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ჩემი, შენი და ჩვენი ღმერთი

აღდგომა იყო. მაშინ დედამ პირველად მომიყვა ქრისტეზე და მითხრა: „ხალხმა ჯვარს აცვა სიყვარულისთვის. ეგონათ დაამარცხეს ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ერეკლეს ციხე ნავთლუღში - ათწლიანი ძებნის ...

 „ლიბერალის“ რედაქციას დროდადრო ბლოგების დაწერას შევპირდი. იმასაც შევპირდი, რომ პირველ რიგში საკრებულოშ ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ოპიუმი ხალხისთვის“, ანუ - „ჯვარს აცვი ი ...

„რელიგია ოპიუმია ხალხისთვის“. კარლ მარქსი რას შეიძლება ნიშნავდეს რელიგიურობა კაპიტალისტურ ეპოქაში და როგორ ...

მეტი

^