Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავ-გადასავალი

06 ნოემბერი 2017

„ჩემი არგუმენტი სტილია.“

ტექსტი

განზოგადება მეცნიერების მთავარი მიზანია და მეცნიერის მთავარი მტერი. ოდესმე ალბათ გაარკვევს ფიზიკა სივრცისა და დროის არსს, ნათელს მოჰფენს მათ ფუნდამენტურობას ან, პირიქით, ემერგენტულ ბუნებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი იმასაც დაადგენენ მეცნიერები, თუ რა არის ის ძირეული რეალობა, რომლიდანაც სივრცე ან დრო ან ორივე მათგანი წარმოიშობა, და იმასაც გაიგებენ, თუ რა განაპირობებს და განსაზღვრავს ამ წარმოშობას, ემერგენციას. მანამდე კი, ვიდრე დროისა და სივრცის ბუნება ბოლომდე არ გაირკვევა, შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს ბიოლოგიის ორი დიდი პრობლემის დამაჯერებლად მეცნიერული გადაწყვეტა. ცხადია, ვგულისხმობ სიცოცხლის წარმოშობისა და ცნობიერების პრობლემებს.

მანამდე კი ბურთი და მოედანი ჩვენ დაგვრჩენია, ფანტაზიორებს, რომელთა შორის განსაკუთრებით ამპარტავანი და ამბიციური ტიპები თავის თავს ფილოსოფოსებს უწოდებენ.

სივრცე არ არსებობს. დრო არ არსებობს. რაც ჩვენ სივრცე გვგონია, სინამდვილეში ის არის აკრძალვა. სივრცეში აკრძალულია ერთსა და იმავე ადგილზე ერთზე მეტი საგნის ყოფნა-მოთავსება. ჩემს მაგიდაზე რომ ყავის თეთრი ჭიქა დგას, მის ადგილზე და მასთან ერთად მეორე, მწვანე ჭიქა იდგეს, შეუძლებელია. ხოლო ის, რაც ჩვენ დრო გვგონია, სინამდვილეში არის სივრცის მიერ აკრძალულისთვის ნების დართვა. მართლაც, დროში შესაძლებელი ხდება ერთსა და იმავე ადგილზე ერთზე მეტი საგნის ყოფნა-მოთავსება, ოღონდ(!), ასე ვთქვათ, ერთმანეთის შემდეგ. მას თუ ავიღებ ან საკმარისად გადავაადგილებ, თეთრი ჭიქის ადგილზე, ესე იგი, მის შემდეგ სრულებით ნებადართული იქნება მწვანე ჭიქის დადგმა.

(უსაგნო საუბარი რომ არ გამომივიდეს, ახლა სწორედ ასე მოვიქცევი, მოვიტან მწვანე ჭიქას, ცხადია, ისევ ყავით სავსეს და მივუჩენ ზუსტად იმავე ადგილს, ზუსტად იმავეს, რომელზეც ჯერ კიდევ დგას თეთრი, უკვე დაცლილი, რომელსაც სამზარეულოსკენ ხელს გავაყოლებ... ასეც მოვიქეცი და ახლა განვაგრძობ.)

რადგან სივრცე არის - მოიცავს, წარმოადგენს, გულისხმობს და სხვა - ზემოხსენებულ აკრძალვას, დრო კი თავისებურად, მაგრამ აშკარად ნებადართულს ხდის სივრცის მიერ აკრძალულს, ამიტომ ლოგიკური თვალსაზრისით ჯერ სივრცე უნდა იყოს და მხოლოდ მის შემდეგ - დრო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გარემომცველ სამყაროში ერთმანეთისგან განუყრელი სივრცე და დრო ანუ სივრცე-დრო არის აკრძალვის ჩარჩოში ჩასმული ნებართვა. მართლაც, იმისთვის, რომ რაღაც აკრძალული ნებადართული გახდეს, ჯერ უნდა იყოს აკრძალვა, როგორც ფონი, რომელზეც რამე შეიძლება დაიხატოს და, რომლის გარეშე ვერც ვერაფერი დაიხატება.

ეს კი ნიშნავს, რომ არსებობს აუცილებელი და შეუქცევადი, ერთი ძირითადი „მიმართულება“ სივრციდან დროისკენ, როგორც აკრძალვიდან ნებართვისკენ მიმავალი, მაგრამ არა პირიქით. მართლაც, დაუკვირდი, რომელიმე „პირველყოფილ“ ქაოსში ან ანტიკურ აპეირონში შეუძლებელია ნებართვის შემოტანა და ნებადართულის გამოცალკევება, რადგან არ არსებობს აკრძალვის საერთო, გლობალური(!) ფონი. იმისთვის, რომ ქაოსიდან რამენაირი კოსმოსის წარმოშობა დაიწყოს, აუცილებელია ამკრძალავი პირველადი აქტი, პირველი აკრძალვა. მხოლოდ დაწესებული საერთო აკრძალვის ფონზე შეიძლება „შემდეგ“ ნებართვის აღმოცენება, წარმოშობა, ემერგენცია. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ დრო იწყება სივრცეში და არა პირიქით.

ეს შეიძლება აღმოჩნდეს ბანალურობამდე მარტივი, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო დაკვირვება: სივრცე თვითონ ექვემდებარება თავისივე აკრძალვას, რომელიც ამბობს, რომ თუ სივრცე სადმე წავა, მხოლოდ დროში, რომ სივრცეს ერთადერთი გზა აქვს, დროისკენ მიმავალი გზა. ფონი სხვაგან ვერსად წავა, თუ არა მასზე გამოხატულში. მაგრამ ეს გზა, ეს მიმართულება ცალმხრივია, იგი მოჭრილი აქვს დროს, რომელიც ვერ დაბრუნდება სივრცეში. სხვა სიტყვებით, ვერაფერი, რაც დროში არსებობს და იმყოფება, ვერ დაბრუნდება მხოლოდ სივრცეში, საიდანაც მოდის და, რომელშიც დაიწყო მისი არსებობა.  

მომიტევოს დიდმა ჰერაკლიტემ, მაგრამ სინამდვილეში ანუ, როგორც ჟარგონზე იციან თქმა, რეალობის ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს არავითარი ცვალებადობა. ილუზიაა ცვალებადობა, რომელშიც ერთგულად ვატარებთ ცხოვრებას და არც კი ვეჭვობთ, რომ ის მხოლოდ გვეჩვენება, რადგან არასწორად აღვიქვამთ სინამდვილის საძირკველს. მაგრამ ესაა ჩვენი უნებლიე და, გარკვეული აზრით, გარდაუვალი შეცდომა, როგორიც არის გათენებიდან დაღამებამდე ცაზე მზის მოძრაობის აღქმა, როცა სინამდვილეში ჩვენ ვბრუნავთ დედამიწის ღერძის გარშემო. იმის ცოდნა, რაც სინამდვილეში ხდება, არანაირად არ ცვლის მზისკენ მიმართულ ჩვენს „პირველყოფილ“ გრძნობად აღქმას. თუმცა სწორედ ამ ცოდნას ემყარება თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარება, რომელსაც მრავალი მანამდე არნახული რამ მოაქვს ჩვენი გონებისა და, კერძოდ, გრძნობადი აღქმისთვის.

მაგრამ ცაზე მზის ხილული მოძრაობა ილუზიაა და არა ჰალუცინაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ არა რამე ობიექტურად არარსებულს, არამედ რაღაცას არასწორად აღვიქვამთ, უფრო ზუსტად, არასწორ წარმოდგენას ვიქმნით თვალით დანახულის თაობაზე. ასევე არ უნდა იყოს ჰალუცინაცია ის ყოვლისმომცველი, ჩვენ გარშემო და თავად ჩვენში აშკარად და არაორაზროვნად, თუმცა სხვადასხვა სიმძაფრითა და სისწრაფით გადაშლილი ცვალებადობა, რომელიც არა ერთხელ გამხდარა ფილოსოფიის, რელიგიისა და მეცნიერების საფიქრალ-საზრუნავი. ფანტაზიორებმა რაღა დავაშავეთ, რომ ვერ გავეკაროთ იმავე მორევს, ან მერე რა, რომ ჩემი არგუმენტი სტილია?

ასე ცვალებადი, შეუსვენებლად დაუდგრომელი, ვინ იცის, დროსა და სივრცეში უსასრულოდ განფენილი ჩვენი სამყარო, მთელი ეს სამყარო აკრძალვის ფონზე წარწერილი ნებართვაა. გრაფიტია ეს ყველაფერი, როგორც ქუჩების კედლის მხატვრობა, ქალაქის ხელისუფლების მიერ აკრძალული და მხატვრის მიერ თავისთვის ნებადართული. ამიტომ დროებითია გრაფიტი, მალე წაშლიან ხოლმე.

თუ ცვალებადობა მხოლოდ ილუზიაა და არა პირწმინდად ჰალუცინაცია, ჩვენი სუბიექტური აღქმა-გაგების მექანიზმების გარდა მის საფუძველში ძევს რაღაც სრულებით ობიექტური ვითარება.

მაგრამ აქვე შევნიშნავ, რომ ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს საგანი არის რაღაც სივრცეზე უფრო ფუნდამენტური, თითქოს საგნების მიმართ აწესებდეს სივრცე აკრძალვას, ხოლო დრო ნებართვას გასცემდეს. ვფიქრობ, უფრო ეკონომიური იქნება, ვივარაუდოთ, რომ საგანი ისევეა გარკვეული აკრძალვის მიერ დადგენილი, როგორც სივრცე, რომელშიც ეს საგანი არსებობს და გვხვდება. როგორც ვხედავთ,  დასაზუსტებელია, თუ რას ნიშნავს, რომ სივრცე არის მეორადი მის მიერვე დადგენილი აკრძალვის მიმართ. მაშინ რა შეიძლება ითქვას ასეთ აკრძალვაზე, რომელიც არა მარტო მოდის სივრციდან, არამედ კიდეც განსაზღვრავს მას? ამ აკრძალვის დასახასიათებლად უნდა მოვიშველიო ფიზიკოსებისთვის კარგად ნაცნობი კონცეპტი - „სივრცისებური, სივრცის მაგვარი“. ასევე მოვექცევი ნებართვას, რომელსაც დრო გასცემს, მაგრამ რომელიც (თურმე) თვითონ განსაზღვრავს დროს. შესაბამისად, უნდა ვისაუბროთ „დროის მაგვარ, დროისებურ“ ნებართვაზე, რომელიც სივრცეში, უფრო ზუსტად, სივრცის ფონზე ქმნის და წარმოშობს დროს.

ვიდრე სინამდვილეში არსებულზე გადავიდოდე, ცოტა ხნით შევჩერდები ერთ შედარებით კონკრეტულ ილუზიაზე, რომელსაც ყოველი ბედნიერება და უბედურება ისე მოაქვს ადამიანთან, როგორც ბეჭდის ბუდეს ობოლი თვალი, თეთრი თუ შავი. აწმყოზე მოგახსენებ. აწმყოს როგორ შეელევი, როგორ გადაულოცავ მას მეორადი, უხარისხო რეალობის ანუ მცდარი ილუზიების სამფლობელოს, როცა ერთადერთი რამ, რასაც უშუალოდ განიცდი, ფიქრობ და აღიქვამ არის სწორედ რომ აწმყო და აწმყოში. მის გარეშე ვერ წარმოგიდგენია არსებობა და, ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. თუ და რამდენადაც აწმყო შეიძლება იყოს ილუზია, მაშინ და ამდენადვე ილუზორული ყოფილხარ შენ, ყოფილა თითოეული ჩვენგანი. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეამოწმოს, რომ ადამიანის ცნობიერება განუყრელია აწმყოსგან. ცნობიერების გარეშე, ცნობიერად აღქმის გარეშე კი რაც ვართ, მოგეხსენება.

დღევანდელი ესეს კონტექსტში ალბათ ვიტყოდი, რომ ცნობიერება არის რაღაცნაირად ბიოლოგიის ენაზე გადათარგმნილი დრო ანუ ნებართვა, რომელიც არაცნობიერის, როგორც ამავე ენაზე გამოთქმული სივრცის ანუ აკრძალვის ფონზეა გაცემული და მასზე დაცემულიც სინათლის სხივივით.

მაგრამ ეს გულისხმობს, რომ ბიოლოგია, სისასტიკითა და სიბინძურით პირთამდე სავსე ცოცხალი ბუნება, მიკრობიდან დაწყებული და ადამიანით დამთავრებული, განსაკუთრებით კი ცნობიერების მქონე ყოველი ცოცხალი არსება თავისებურად იმეორებს და განასახიერებს მთელ ფიზიკურ სამყაროს, თუნდაც უსასრულოს. რადგან ცოცხალ არსებებს შორის მხოლოდ იგია უდავოდ, დადასტურებულად ცნობიერი, ამიტომ ადამიანზე მაინც შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს ისეთ შაირს, რომელიც მოკლედ ამბობს მთელი სამყაროს გრძელ სიტყვას. მოკლედ, კარიკატურაა ადამიანი, არაცოცხალი ფიზიკური სამყაროს კარიკატურაა მთელი ცოცხალი ბუნება, სიცოცხლე და ყველა არსება. ამას სულაც არ ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ ბიოლოგიური ორგანიზმები, განსაკუთრებით კი ადამიანის ტვინი, სწორედ რომ სირთულით გამოირჩევიან ფიზიკურ სისტემებს შორის. კარგი კარიკატურაც და მოსწრებულად ნათქვამი მოკლე შაირიც ხელის გაწაფვას, განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს.

წლების წინ ჩემს არა-მეცნიერებას და, როგორც მაშინ მეგობარმა ამიხსნა, არც-ფილოსოფიას დავარქვი ორთოფიზიკა (სწორი ფიზიკა). მოკლედ რომ გითხრა, ორთოფიზიკა არის ფანტაზიორობა იქ და მანამდე, სადაც და ვიდრე ჯერ არ მოსულა ფიზიკა და სხვა პატიოსანი მეცნიერებები. ამასთანავე, ორთოფიზიკა ცოტა უდიერად უპირისპირდება საუკუნოვანი მედიდურობით დატვირთულ მეტაფიზიკას, არა უშავს. ზემოთ დასმული მოკრძალებული კითხვა - რა არის ნამდვილი სინამდვილე, ყოველგვარი ილუზიებისგან თავისუფალი ფუნდამენტური რეალობა? - სათანადოდ თავმდაბალ პასუხს სთხოვს სწორედ ორთოფიზიკას. რადგან სინამდვილის საძირკველში არ არსებობს არც სივრცე და არც დრო, არ არსებობს არც საგანი და არც აწმყო, არ ვარსებობთ არც შენ და მე, არამედ ეს ყველაფერი ილუზიებია ანუ აღმოცენებული შეცდომები, ამიტომ ისღა გვრჩება გასაგონად, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ბოლო, უკიდურეს კანდიდატებს - სივრცისებურ აკრძალვას და დროისებურ ნებართვას. გული მიგრძნობს, რომ ეს არც ისე ცოტაა. მაგრამ დღეს ვიკმაროთ, თავგადასავალი არსად წაგვივა, ოღონდ მას ჩვენ თვითონ არ დავემალოთ და.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^